რამაზ საყვარელიძე: საქართველოს მომავალი - იყოს ჰაბი
გვესაუბრება პოლიტოლოგი, ფსიქოლოგი რამაზ საყვარელიძე:
– ბატონო რამაზ, რა გზა განვლო საქართველომ დამოუკიდებლობის დღიდან დღემდე?
– მრავლისმომცველი, საინტერესო შეკითხვაა. მოგეხსენებათ, საბჭოთა კავშირის პერიოდში, ხალხი 26 მაისის შესახებ სადღეგრძელოს წარმოთქმისას, სახლში ერთმანეთს ჭიქას ჩუმად უჭახუნებდა. ეს დღე გასაიდუმლოებული იყო. საინტერესო დეტალია ისიც, რომ დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი 1991 წლის 9 აპრილს გამოცხადდა, დამოუკიდებლობის მოპოვების დღედ კი მაინც 26 მაისი დარჩა. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ბევრი რამ ქაოტური იყო (ქართველებს იმპროვიზება, ქაოსი გვიყვარს), თუ ეს თარიღი – 26 მაისი ეძვირფასებოდათ, შეეძლოთ, აპრილიდან მაისამდე მოეცადათ და აქტი მერე გამოეცათ. აქვე ერთ მნიშვნელოვან ასპექტს შემოვიტანდი: წარსული დროის ნაცვლად, საკითხი ასე დავსვათ – არა ის, თუ რა მოხდა 26 მაისს, არამედ საინტერესოა, როგორი იქნება 26 მაისის მომავალი. სამწუხაროდ, ჩვენ 26 მაისზე წარსულში ვსაუბრობთ და არა მომავალში. ჩვენ 26 მაისის გასააზრებლად, მის მომავალზე საუბარი მეტად გვჭირდება, თან ასე განწყობასაც უფრო ავიმაღლებთ.
დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან, წარსულ 26 მაისებს სწორედ ის ახლდა, რომ ჩვენ აბსოლუტურად ყველაფრისთვის მოუმზადებელნი ვიყავით. კი ბატონო, ვიცოდით, რომ საბჭოთა კავშირიდან უნდა გამოვსულიყავით, რუსეთისგან მაქსიმალური დისტანცირება მოგვეხდინა, მაგრამ არ გავთვალეთ, თავად რუსეთი როგორ მოიქცეოდა. ემოციურ ხალხს ეს ახასიათებს – იმაზე ფიქრობს, თავად რა უნდათ, მაგრამ იმაზე, ვისთანაც საქმეს იჭერს, აღარ ფიქრობს. ემოციიდან გამომდინარე, ჩვენც ანალოგიური დაგვემართა. ემოციურობა კი იმით იყო გამოწვეული, რომ, პრაქტიკულად, დამოუკიდებლობის მიღება მოულოდნელი იყო, რისთვისაც მზად არ ვიყავით.
შედარებისთვის ბალტიისპირეთის მაგალითს მოვიყვან: მათ დამოუკიდებლობის მოპოვებამდე ბევრად ადრე, მოსკოვიდან დიდი მშენებლობებისთვის დაფინანსება მოითხოვეს, რათა თავისთან რაც შეიძლება მეტი სახსრები გადაეტანათ. ჩვენთან მარტო „ხუდონჰესის“ მშენებლობა იგეგმებოდა და ესეც გავაპროტესტეთ, ეკოლოგიას ზიანი მიადგებაო. შედეგად, მოსკოვმა გადმოსაცემად გამზადებული ფინანსური და მატერიალური სახსრები შეაჩერა. ეს ფრაგმენტიც კარგი ილუსტრაცია იყო იმის, რომ არ ვიცოდით, რა ხდებოდა. გავიძახოდით, საბჭოთა კავშირი იშლებაო, მაგრამ იქ ადამიანები ხომ რჩებოდნენ?! ისინი რას ეცდებოდნენ, არ უნდა გაეთვალათ?! დიახ, არ გათვალეს ის, რომ დაშლილ საბჭოთა კავშირში რუსეთი ისევ რუსეთად რჩებოდა და მიზანი ჰქონდა, პოსტსაბჭოთა სივრცეში დასავლეთიდან არავინ შესულიყო. ახლაც იგივეს აკეთებს, ჩვენიც და უკრაინის ომიც ხომ ამის დასტურია.
როგორც კი გაისმა, საქართველო და უკრაინა ნატო-ში უნდა გაწევრიანდნენო, რუსეთი უმალ საომარ მოქმედებებზე გადავიდა. ჩვენთან რუსეთის ბაზების მშენებლობით კი ნატო-ს ბაზებს პატარა საქართველოში კარი ეხურებოდა. 2008 წლის აგვისტოს ომით რუსეთმა აქ ნატო-ს ბაზების მშენებლობის საკითხი მოხსნა. რუსეთის ქმედება არც ამ შემთხვევაში გავთვალეთ და შედეგიც შესაბამისი დადგა. აფხაზეთისა და ოსეთის კონფლიქტები, ერთ-ერთი მექანიზმი იყო, რათა აქ დასავლეთი არ შემოსულიყო. მერე ამას 2008 წელს განხორციელებული შეტევაც დაემატა და, საბოლოოდ, საქართველოში ბაზები რუსეთმა გააკეთა. ბალტიისპირეთის მაგალითი შემთხვევით როდი ვახსენე – ისინი ბევრად ადრე დაფიქრდნენ, რა მოხდებოდა, თუკი საბჭოთა კავშირი დაინგრეოდა, რაზეც საუბარი 80-იანი წლებიდან იყო. სწორედ მაშინ შეიქმნა „რუსთაველის საზოგადოება“, „სახალხო ფრონტი“, მოგვიანებით, „მრგვალი მაგიდა“.
მახსოვს, „რუსთაველის საზოგადოების“ თავმჯდომარის, მარიკა ლორთქიფანიძის მოადგილე ვიყავი, როცა უნივერსიტეტში საქართველოს მომავლის თემაზე ღონისძიება გაიმართა და სიტყვა მეც მომცეს. ჩემ წინ ნოდარ ნათაძე, მერაბ მამარდაშვილი და სხვა მოაზროვნენი ისხდნენ და არა „ჯოს, ჯოს“ დამძახებლები. საკუთარ ლოგიკაზე დაყრდნობით, დამსწრე საზოგადოებას მოვახსენე, როგორ ვხედავდი საქართველოს მომავალს – რომ ის უნდა იყოს ჰაბი, საკვანძო წერტილი ევროპასა და აზიას შორის. ოღონდ, ეს მხოლოდ ტრანზიტს არ ნიშნავს, არამედ საქართველოში ისეთი დასავლური საწარმოები უნდა იყოს, რომლებიც საკუთარ პროდუქციას აღმოსავლეთის ქვეყნებში გაასაღებენ, რადგან ჩვენგან აღმოსავლეთისკენ გზა გადის. მამარდაშვილი მომიბრუნდა და მითხრა: რუსეთისგან დამოუკიდებლობა საერთოდ არ გიხსენებიაო. ეს თავისთავად იგულისხმებოდა. საინტერესო ის არის, რომ ჩემი მოხსენება ერთი მარცვალი იყო მთელ იმ პროცესში თუ როგორი უნდა ყოფილიყო საქართველო. ეს ერთი მარცვალიც ვერ აიტანეს და პროცესების ისევ ქაოსისკენ წაყვანა უნდოდათ. მერე მარიკა ლორთქიფანიძის ინიციატივით, უფრო ფართომასშტაბიანი ანალოგიური შინაარსის ღონისძიება ჩატარდა თუ როგორი უნდა ყოფილიყო დამოუკიდებელი საქართველოს ეკონომიკა. შეხვედრას ზვიად გამსახურდიაც ესწრებოდა, რომელმაც განაცხადა: ბალტიისპირეთი ჯერ ეკონომიკურ დამოუკიდებლობას ირჩევს და მერე – პოლიტიკურს. ჩვენ, პირიქით, ჯერ პოლიტიკური დამოუკიდებლობა უნდა გამოვაცხადოთ და ეკონომიკურზე მერე ვილაპარაკოთ. ეს შეხვედრა არაფრისმომცემია და ვინც ჩემს აზრზე ხართ, გამომყევითო. ნახევარი დარბაზი გაჰყვა. ღონისძიებაზე დარჩენილებიდან, იზა ორჯონიკიძემ კაკო ბაქრაძეს მიმართა: თქვენი შეხედულება გაგვიზიარეთო. ბაქრაძემ თქვა: თავადაც გაოცებული ვარ, მთელი ცხოვრება საქართველოს დამოუკიდებლობაზე ვოცნებობდი და არასდროს მეგონა, ამის თუ შემეშინდებოდაო. ეს თქვა, მაგრამ მაშინ არც იცოდა, რა იყო საშიში დამოუკიდებლობაში. ზვიადის მიერ აკადემიურ აზროვნებაზე ხელის აკვრამ და „ვაშა, ვაშა“-ს ძახილით რაუნდის მოგებამ, კაკო ბაქრაძეს დამოუკიდებლობის შიში გაუჩინა, რაც მოგვიანებით კიდეც გამართლდა.
ეს ისტორია იმიტომ გავიხსენე, რომ ისევდაისევ, მომავალზე ფიქრია საჭირო. სწორედ ამ წარსულმა დაგვანახა, რომ მომავლისკენ დაუფიქრებლად ნაბიჯების გადადგმა, შეიძლება, დამღუპველი აღმოჩნდეს. დღესაც მგონია, რომ 26 მაისის მომავალი ანუ, საქართველოს მომავალი არის, იყოს ჰაბი. აქვე ერთ ძალიან საინტერესო ამბავს გავიხსენებ: დამოუკიდებლობის გამოცხადების პერიოდი იყო, სამოქალაქო ომი სრულდებოდა, თბილისი ჩაბნელებული იყო და ქალაქში თოფის გასროლის ხმა ისმოდა, როცა აქ იაპონელების ჯგუფი ჩამოვიდა. ხელისუფლების წარმომადგენელმა ჰკითხა: რისთვის ჩამოხვედით, აქ რას აკეთებთო. ქვეყნის პოტენციალი გვაინტერესებდა და დავრწმუნდით, რომ საქართველოს დიდი პოტენციალი აქვსო, – მიუგეს იაპონელებმა. ჩვენ გავიკვირვეთ, ასეთი დასკვნა რაზე დაყრდნობით გამოიტანეთო. იაპონელებმა შეკითხვით გვიპასუხეს: ჩვეულებრივი ჯიხური, სად უკეთესად ივაჭრებს, გზაჯვარედინზე თუ შუა გზაზეო და განაგრძეს: თქვენ გზაჯვარედინზე ხართ და თუ ქვეყნის საქმე კარგად წავა, ძლიერ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდებითო. მეც მგონია, რომ ეს „ჯიხური“ ჩვენი მომავალია.
– ხშირად გაისმის, დამოუკიდებლობა ქაღალდზე გვაქვს, ვერც მოსამართლე დაგვინიშნავს ჩვენს ჭკუაზე და ვერც კანონები მიგვიღია, ჩვენს სუვერენიტეტსაც უტევენო.
– კარგი კუთხით დასვით შეკითხვა, რადგან, რაც ჩამოთვალეთ, სწორედ ეს ყველაფერი მიუთითებს, რომ ჩვენ რეალურად დამოუკიდებლები ვართ. ისევ ჯიხურამდე მივედით. იაპონელებმა იცოდნენ, რომ საქართველოს ისეთი მდებარეობა აქვს, მისი გაკონტროლება დიდ ხეირს მოუტანდათ. ყველა იმპერია იმიტომაც გვიტევდა, რომ საქართველოზე სტარტეგიული თვალსაზრისით კონტროლი მოეპოვებინათ. დღევანდელმა დღემ სტრატეგია გვერდზე გადადო და წინა პლანზე ეკონომიკა წამოვიდა, რამაც ეს გზაჯვარედინი უფრო მნიშვნელოვანი გახადა. ამ გზაჯვარედინიდან ხეირი რომ დიდია, დღესაც ამიტომ გვიტევენ. ამიტომ საქართველოს ადგილმდებარეობაზე კონტროლის მოსაპოვებლად, იმ ხალხის ჩამოცილება სურთ, ვინც მათ წინააღმდეგობას უწევს. აი, რატომ უნდათ ასე ხელისუფლების ცვლილება. რეალურად, მათ აქ დემოკრატია არ აინტერესებთ. დემოკრატიაზე პრეტენზია სააკაშვილის დროს, იმ ცხრა წლის განმავლობაში საერთოდ არ ჰქონიათ. ახლა კი წარამარა დემოკრატიის უკუსვლას ახსენებენ. რეალურად, დემოკრატია კი არა, ჯიხური, გზაჯვარედინი აინტერესებთ. უფრო სწორად, უნდათ, რომ ეს შუქნიშანი თავად აკონტროლონ – მისი ჩართვა-გამორთვა მათ ხელში იყოს. ამის სურვილი, ერთი მხრივ, ევროპას, მეორე მხრივ კი, რუსეთს აქვს. რუსეთი ბოლო ხანებში შედარებით ჭკვიანად არის, რადგან მისი ტანკი ჩვენგან ერთი საათის სავალზეა და შეუძლია, ნებისმიერ დროს დაძრას. თუმცა, ეს არ აწყობს, რადგან უკრაინის ომის ფონზე, აგრესორად გამოჩნდება. ამიტომ რუსეთისთვის გაცილებით ხელსაყრელი ამ საქმის დასავლეთის ხელით გაკეთებაა. ისევე, როგორც „ვარდების რევოლუციის“ დროს, რუსეთი ჩრდილში გადავიდა და საქმე ამერიკის სახელით გაკეთდა. ზოგმა ქართველმა ჟურნალისტმა ისიც არ იცოდა, რომ ივანოვი იყო ჩამოსული, იმდენად მიეკერა ეს რევოლუცია ამერიკის სახელს. სინამდვილეში, რუსები ამერიკას შეუთანხმდნენ (აბა, საქართველოს გამო ხომ არ იჩხუბებდნენ), რომ შევარდნაძე, რომელიც მათთვის ყელში გაჩხერილი ძვალი იყო, გადაეგდოთ.
დღესაც ანალოგიური ხდება – რუსეთს არ უნდა საქართველოზე თავდამსხმელის როლი იტვირთოს არა იმიტომ, რომ დასავლეთი აყაყანდება (ამას ისედაც შეჩვეულია), არამედ მას ჩინეთის ეშინია. ეს უკანასკნელი საქართველოზე ტვირთების გატარებას აპირებს და ამაში ხელი თუ შეეშლება, რუსეთს ყურს აუწევს. ყაზახეთში რუსეთის სამშვიდობოები რომ შევიდნენ, ჩინეთმა ეს საქმე ტელეფონით მოაგვარა – მოსკოვში დარეკა, 24 საათში სამშვიდობოები გაიყვანეთო და ასეც მოხდა. ამიტომ ჩინეთთან დაჭიდება რუსეთისთვის შარია. მას ურჩევნია, აქ გადატრალება ქართველმა „პატრიოტებმა“ და ევროპამ მოახდინონ.
– „პატრიოტებმა“ 26 მაისს აქცია მოაწყვეს. ამით რისი ჩვენება სურდათ?
– იგივესი, რისი მცდელობაც წინა 26 მაისებს ჰქონდათ – სიტუაციის იქამდე მიყვანა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ძალა იხმაროს და მერე მსოფლიოს წინაშე თქვან, შეხედეთ, ხელისუფლებამ მშვიდობიანი მოსახლეობა დაარბიაო. აქეთ ევროპა ატეხს ხმაურს და ხელისუფლებასთან მებრძოლ ჯგუფს დააფინანსებს. ეს თეზისებად გაწერილი სცენარია – „ქართულ ოცნებას“ როგორმე თავი გავალახინოთ, მერე ვიდეოები ევროპელებს ვანახოთ და ისინიც დაგვაფინანსებენო. თუ ხელისუფლება შეცდომას დაუშვებს და მათზე ხელს აღმართავს, მაშინ ამ სცენარს განახორციელებენ. ბოლო დროს კი გადათქვეს, რევოლუციის მოწყობას არ ვაპირებთო, მაგრამ გამორიცხული არ არის, უცებ დაიძახონ, რევოლუცია გვინდაო. მათ მყარი არც სცენარი აქვთ და არც რიტორიკა.
ზემოთ გზაჯვარედინის მნიშვნელობაზე ყურადღება სწორედ ამიტომ გავამახვილე. მაშინ იაპონელები ამ მნიშვნელობას მიხვდნენ, მიხვდა ევროპაც და რადიკალი „პატრიოტები“ ვერ ხვდებიან, რომ დესტაბილიზაციის შექმნით საქართველოს გზაჯვარედინის წელში გამართვის პერსპექტივას ხელს უშლიან?! ევროპას ამ შუქნიშანის მორღვევა აწყობს, რადგან ასე ეს შუქნიშანი ხელში შეიძლება თავად ჩაუვარდეს.
თამარ შველიძე

