პოლიტიკაში დაკარგულები
„ნაციონალებმა“ წლობით ნალოლიავები ნომერი დაკარგეს. ამიერიდან 5 მათი სიამაყე აღარ იქნება. მარტო „ნაციონალებმა“ არა, ნიკუტა გვარამიას და ნიკანორ მელიას ე. წ. გაერთიანებამაც („კოალიცია ცვლილებებისთვის“) დაკარგა ნომერი 4. მართალია, „ნაცების“ ბეჯითმა „გამპრავებელმა“ ინგა გრიგოლიამ დაასკვნა, ნომერი და სახელი ბრძოლის ჟინსა და მიზანს არ განსაზღვრავს, ეგ მარტო „ქოცებს“ ჰგონიათ ასე, მაგათი მოგონილი თეორიააო. მიკვირს, ეს ქალი მგონი, ერთ დროს პოლიტიკაშიც იყო და 2012-ში კენჭსაც იყრიდა, პარლამენტში უნდოდა მოხვედრა. კარგად არ მახსოვს, მაშინაც ეგეთი უგერგილო და ჩლუნგი იყო თუ ბოლო დროს დაემართა ეგრე? ალბათ, მაშინაც ეგეთი იყო, თორემ არ მგონია, ადამიანი ასე რადიკალურად შტერდებოდეს. ნომერსა და სახელს ნამდვილად აქვს მნიშვნელობა, თუ ეგრე არ არი, ზოგიერთმა ე. წ. პოლიტიკოსმა რატომ გადაიკეთა სახელი და გვარი? რა გინდათ, ჩამოვთვალო? არ ჩამოვთვლი, ისედაც ზეპირად იცით. როგორც ჩანს, გრიგოლიამ არ იცის, მიხეილ სააკაშვილმა რამდენი იჩალიჩა, რომ ნომერი 5 მიეღო. რაც შეეხება პარტიის დასახელებას - „ნაციონალური მოძრაობა“ ვიღაცას წაართვა - კაცი, რომელსაც ამ დასახელების პარტია ეკუთვნოდა, წლების განმავლობაში უჩიოდა სააკაშვილს, წამართვა, მომპარა, მიითვისაო, მაგრამ ვერაფერი გააწყო. ან კი რას გააწყობდა, როცა სააკაშვილი უკვე ე. წ. პრეზიდენტი იყო? კარგი, სააკაშვილს დავანებოთ თავი, ამ ქალს ერთხელაც არ გასჩენია შეკითხვა, რატომ თამაშობენ, მაგალითად, ფეხბურთელები მუდამ თავიანთი საყვარელი ნომრებით? რატომ ამოიჩემა ხვიჩა კვარაცხელიამ შვიდიანები? რამდენიმე დღის წინ წავიკითხე ერთ-ერთ სპორტულ გვერდზე, გიორგი მიქაუტაძე ლიონში ისევ 69 ნომრით ითამაშებსო, გუნდში 9 და 10 ნომრები გათავისუფლდა, შესთავაზეს, მაგრამ უარი თქვაო, მე 69-ით უფრო მეტს მივაღწევ, ჩემთვის ეს ძვირფასიაო. რატომ არის ძვირფასი, რატომ არ თმობს? იქნებ, 10-იანით უფრო მეტს მიაღწიოს? არა, ეს მისთვის რწმენაა, ფსიქოლოგიური მომენტია, უფრო მეტი თავდაჯერებულობაა. ინგას ამდენი არ ესმის, ინგასთვის ეს წარმოუდგენელია, რწმენა, ფსიქოლოგიური მომენტი და თავდაჯერებულობა „ქოცების“ მოგონილი ჰგონია. პატარა ლევან სანიკიძე, რომელიც მამამ ნაადრევად გაწირა, ძალიან შორს მიდის და უფრო მეტ უვიცობას ამჟღავნებს:
„როდესაც ამ ქვეყანაში დემოკრატიული არჩევნები ჩატარდება, 5-იანი დაუბრუნდება მის პატრონს, იქამდე კი „ქართული ოცნება“ თავის რუსულ სპეცოპერაციაში 5-იანს ვის მიანიჭებს, ცოტა არ იყოს და ფეხებზე გვკიდია“.
ხედავთ? გუბაზიჩს 5-იანი ფეხებზე ჰკიდია, როცა ის მამამისთან ერთად დემოკრატიულ არჩევნებს ჩაატარებს, 5-იანი პატრონს დაუბრუნდება. უვიცია-მეთქი, 5-იანის პატრონი „ნაცმოძრაობა“ და მიხეილ სააკაშვილი ჰგონია.
მოდი, სამართლებრივი თვალსაზრისით ავხსნათ, რატომ მოუვიდათ „ნაცებსა“ და ნიკუტას ეგეთი ძალზედ უსიამოვნო მარცხი? ესე იგი, ამ ორმა სუბიექტმა ცესკო-ს მიმართა რიგითი ნომრების გამოყენებაზე, მაგრამ არ მიმართა არჩევნებში მონაწილეობის თაობაზე. რიგითი ნომრები უნდათ, არჩევნებში მონაწილეობა - არა, ხომ არის ეს ვირობა და ეშმაკობა? ამიტომაც ცესკო-ში ეს ნომრები წილისყრაში გაათამაშეს და შეხვდა სულ სხვას, 5-იანის მფლობელი გახდა პარტია „ჩვენი გაერთიანებული საქართველო“. ამ პარტიის თავმჯდომარე გოჩა ცოფურაშვილი ამბობს, რომ მათთან გაერთიანებული არიან გონიერი და პროფესიონალი ადამიანები, სადაც მიდის ფიქრი, რომ ყველაფერი იყოს ორიენტირებული მოსახლეობაზე. მე არც ამ პარტიის შესახებ მსმენია ადრე რამე, არც გოჩა ცოფურაშვილზე, მაგრამ მისი საუბრიდან ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, დიმიტრი გელოვანიც მათთან უნდა იყოს.
რაო? ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს ბოიკოტიო? „ქართული ოცნება“ მარტო უნდა დავტოვოთო? არ გამოუვიდათ ე. წ. მთავარ ოპოზიციონრებს სერიოზული პროვოკაცია, ცესკო-ს ინფორმაციით, არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 17-მა პარტიამ შეიტანა განაცხადი. ერთმა, ორმა და სამმა კი არა, ხალხო, 17-მა, საიდანაც 14 უკვე დარეგისტრირდა. რა ბოიკოტი, რის ბოიკოტი და რომელი ატმი კურკა? ზემოთ მოგახსენეთ, საარჩევნო ნომერი (4) ნიკუტას ე. წ. კოალიციამაც დაკარგა. გირჩი ჯაფარიძის, ჰელენ ხოშტარიას და ნიკუტას კოალიცია არ გაიშვა შიბლიანის გადასახვევამდე, მაგრამ მაინც.
არ გაინტერესებთ, რომელი პარტიები მონაწილეობენ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში? აგერ არის სია, მეც ძალიან მაინტერესებს:
„ქართული ოცნება“, „ძლიერი საქართველო – ლელო“; „გახარია საქართველოსთვის“; „გირჩი“; „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“; „კონსერვატორები საქართველოსთვის“; „მამული, ენა, სარწმუნოება“; „სახალხო ხელისუფლება“; „საქართველო“; „მემარცხენე ალიანსი“; „ქართველი ერთობა“; „მწვანეთა პარტია“; „ჩვენი გაერთიანებული საქართველო“; „თავისუფალი საქართველო“; „მესამე გზა“; „საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია“; „დემოკრატთა ალიანსი“.
რაღა დაგიმალოთ და მე პირადად აქედან ნახევარიც არ მეცნობა, მაგრამ თითქმის ნახევარი ხომ მეცნობა? ხაზარაძე-გახარია გასაგებია, იაგო ხვიჩიას „გირჩიც“ გასაგებია, ეგ ტიპი მანასეა - ხან ისეა, ხან ასეა... შემდეგი ვინ არი? ოოო... ირმა ინაშვილისა და დავით თარხან-მოურავის „პატრიოტთა ალიანსი“, ესენი ბოლო დროს ისე „უტევდნენ“ ხელისუფლებას, მეგონა, საერთოდ უარს იტყოდნენ არჩევნებზე, მაგრამ არა, იციან მაგათ ქიციც და ქიცმაცურიც, თუ ალაგ-ალაგ თავიანთი ხალხი გაიყვანეს, არა უშავს, ეგეც ფულია და როგორც მოგეხსენებათ, ფული კარგი რამეა. ახლა არ დამიწყოთ, ფული ხელის ჭუჭყიაო, ადამიანს აფუჭებსო და ეგეთი რაღაცები. ხელის ჭუჭყი რაც არი და ადამიანს რაც აფუჭებს, ეგ ჩემზე უკეთესად იცით, თუ ადამიანი ნორმალურია, იმას ვერც ფული აფუჭებს და ვერც სახრე, ფული ისევ გაფუჭებულებს აფუჭებს და ათახსირებს. შემდეგი ვინ დარეგისტრირდა? „კონსერვატორები საქართველოსთვის“, თუ არ ვცდები, ესენი „ალტინფოელები“ უნდა იყვნენ. კი, ბატონო, ხელოვნურ ინტელექტთან გადავამოწმე და დამიდასტურა, რომ ზუსტად ეგენი არიან. სიაში შემდეგ მოდის „მამული, ენა, სარწმუნოება“, ეს გახლდათ ცხონებულ გურამ შარაძის პარტია, ცოტა ხნის წინ მეცნიერებმა გაააქტიურეს და როგორც ბატონმა გივი სიხარულიძემ ბრძანა ტელევიზორში, საპატიო თავმჯდომარეობა მას შესთავაზეს. თავიდან სიხარულიძე გახარებული იყო, დამაფასესო, მადლობას იხდიდა, მაგრამ მოგვიანებით თქვა - მე საქართველოდან მივდივარ, არ შემიძლია, მაგ ტვირთს ვერ ვზიდავ, სულ კარგად ბრძანდებოდეთო. მე პირადად საქართველოდან გივი სიხარულიძის წასვლა ვერ წარმომიდგენია, ალბათ, აქ სხვა მიზეზია, ბატონმა გივიმაც კარგად იცის ქიცი-ქიცმაცურის თეორია და პრაქტიკა.
მივყვეთ სიას... დანარჩენი პარტიებიდან ცნობილი გახლავთ მხოლოდ „მემარცხენე ალიანსი“ და „მწვანეთა პარტია“. პირველის მესვეურები არიან სოსო შატბერაშვილი და კახა ძაგანია, რომლებიც თავის დროზე წარმატებული ლეიბორისტები იყვნენ, მაგრამ მას შემდეგ, რაც შალვა ნათელაშვილმა ფარულად მილიონები აკეთა და კახა ძაგანიას დედას ასევე ფარულად ფულიც კი მიაპროცენტა, წამოვიდნენ. აი, ხედავთ, ვის აფუჭებს ფული? ისევ გაფუჭებულს!
რაც შეეხება „მწვანეთა პარტიას“, ალბათ, იცით, მისი მარად მწვანე თავმჯდომარე გახლავთ ბატონი გია გაჩეჩილაძე, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა 2012 წელს პარლამენტში შეიყვანა და ორ „კრუგზე“ ატარა, მაგრამ იმის ნაცვლად, მადლობა ეთქვა, ბოლოს მაინც გაქსუებულ სალომე ზურაბიშვილთან მიგორდა და ჩიქორთული ქართულით დაწერილ „ქარტიაზე“ ხელი მოუწერა. „მწვანეთა პარტიამ“ 2014 წლის ადგილობრივ არჩევნებში მიიღო 0,63%, ხოლო 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში - 0,07%. მაგარი მაჩვენებელია, არა? წესით, როცა პარტია უკვე ნულ პროცენტებზეა გადასული, მისმა თავმჯდომარემ კი უნდა დაიხუროს ქუდი და სახლში წავიდეს, მაგრამ კაცია და გუნება, იმონაწილეოს ყველა არჩევნებში, ჩვენი რა მიდის? ამ შემთხვევაში, უმადურობას რომ არ ჰქონდეს ადგილი, ხმასაც არ ამოვიღებდი.
სხვათა შორის, სანამ ამ წერილს დავასრულებდი, ბატონმა ლევან მამალაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ პარტია „სახალხო ხელისუფლება“ (№14) მისი დაფუძნებულია და თურმე ეს არის ახალი პოზიცია. ვნახოთ, რას იზამს ბატონი ლევანი, იგი უდავოდ გონიერი ადამიანია და ზოგიერთივით არ გამოაცხადებს, გამიშვით, გამატარეთ, უმრავლესობით მოვდივართო. ასეა, ამ „გამიშვით, გამატარეთ“ ძახილმა ბევრი „პერსპექტიული“ პოლიტიკოსი დაღუპა და ზოგიერთი სახლშიც კი დასვა. როგორც ლევან მამალაძემ მითხრა, თვითონ არ არის ამ პარტიის თავმჯდომარე, ხელმძღვანელი პროფესორი მარინა ქურდაძეა, წევრები არიან ემზარ კვიციანი, ჯემალ სეფიაშვილი, დავით ქანთარია და სხვები. როდესაც ლევან მამალაძემ ამ პარტიის სამოქმედო გეგმა გამოაქვეყნა, მე პირადად გამიჩნდა რამდენიმე შეკითხვა და შევთანხმდით, რომ „საერთო გაზეთის“ ერთ-ერთ მომდევნო ნომერში ამაზე ვისაუბრებთ. მოკლედ, დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას და წარმატებები ვუსურვოთ ყველას, ნაცების, გნაცებისა და შმაცების გარდა.
გელა ზედელაშვილი

