ვლადიმერ პაპავა: ფასებს მოთხოვნა-მიწოდება ადგენს

ვლადიმერ პაპავა: ფასებს მოთხოვნა-მიწოდება ადგენს

გვესაუბრება ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა:

_ ბატონო ვლადიმერ, ხელისუფლებამ სურსათის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასების დასაწევად აქტიური მუშაობა დაიწყო. როგორ აფასებთ ამ პროცესს?
_ ზოგადად, ფასების პრობლემა თითქმის მსოფლიოს ყველა ქვეყანას აწუხებს. ერთია ფასები, მაგალითად, კომუნალურ მომსახურებაზე, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე, რომელსაც სახელმწიფო შესაბამისი ინსტიტუციების მეშვეობით არეგულირებს და მეორე _ ფასები, რომელიც უშუალოდ ბაზარზე დგინდება. ბაზარზე დადგენილ ფასებს გარკვეული პრობლემები ახასიათებს. კერძოდ, თუ ქვეყანა იმპორტდამოკიდებულია, იმპორტირებულ საქონელთან ერთად ინფლაციის იმპორტიც ხდება. სამწუხაროდ, საქართველოშიც ანალოგიური მდგომარეობაა, რაც ყველაზე მწვავედ ნავთობპროდუქტებზე აისახება. რაც შეეხება მედიკამენტებსა და სურსათს, მნიშვნელოვანია დროული შესწავლა, ხომ არ აქვს ადგილი კარტელურ გარიგებებს, რამდენად ობიექტურად და სამართლიანად ხდება ფასწარმოქმნა და ა. შ. ამ ყველაფერს ადრე სპეციალური ორგანო _ ანტიმონოპოლიური სამსახური იკვლევდა, რომელიც შესაბამისი კანონის საფუძველზე ფუნქციონირებდა. მოგვიანებით მას სახელწოდება შეეცვალა და კონკურენციის და მომხმარებალთა უფლებების დაცვის სააგენტო დაერქვა. ადრე ხაზგასმული იყო, რომ მუშაობა მონოპოლიების საწინააღმდეგოდ ხდებოდა, ახლა კი, პირიქით, კონკურენციის ხელშეწყობაზეა უმთავრესად ორიენტირებული. აღნიშნული ორგანო კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების თანახმად სწავლობს ბაზრებზე არსებულ ვითარებას, ადგენს ზარალს, იკვლევს, ადგილი ხომ არ აქვს კარტელურ შეთანხმებებს, გარიგებებს, მონოპოლიური მდგომარეობის გამოყენების შესაძლებლობებს და შესაბამის გადაწყვეტილებებს იღებს. ამიტომ საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ამ სფეროში არსებულ საერთაშორისო პრაქტიკაში ჯდება. 
_ ფასების კომისია უკვე შეუდგა მუშაობას. რა შედეგს ელით?
_ ხელისუფლებამ პრობლემის აღმოსაფხვრელად ორი _ სამთავრობო და საპარლამენტო კომისია შექმნა. გამორიცხული არ არის, საჭირო გახდეს საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება, რაც ფასების დარეგულირებას ხელს შეუწყობს. ამიტომ საპარლამენტო კომისიის შექმნა ლოგიკურია. კარგია, რომ სამუშაო პროცესი ბიზნესის წარმომადგენლებთან უშუალო კომუნიკაციის დამყარებით წარიმართება, რაც აბსოლუტურად სწორი მიდგომაა. ყველას გვაქვს განცდა, რომ ქვეყანაში მართლაც არის კარტელური გარიგებები, მაგრამ ერთია განცდა და მეორე _ ფაქტებზე დაფუძნებული ობიექტური სურათი. სწორედ ამისთვის შეიქმნა კომისია, რასაც მივესალმები. ვფიქრობ, კომისიის მუშაობის შედეგად ფასები დაიწევს, ოღონდ, სრული სიზუსტით ნამდვილად ვერ ვიტყვით, ფასების კლება რამდენად მასშტაბური იქნება.
_ როგორც აღნიშნეთ, იმპორტზე დამოკიდებული ქვეყანა ვართ. ადგილობრივი მწარმოებლების პირობების გასაუმჯობესებლად რა უნდა გაკეთდეს? ან, თუნდაც იმისთვის, რომ ადგილობრივ ბაზარზე პრიორიტეტი არგენტინიდან შემოტანილი ვაშლი არ იყოს?
_ ამ კუთხით ბევრი ფაქტორია გასათვალისწინებელი. ცალკე უნდა განვიხილოთ სოფლის მეურნეობის განვითარება. ერთ-ერთი სერიოზული პრობლემა მარცვლეული კულტურების განვითარებაა. სამწუხაროდ, ამ მხრივ, დიდწილად, იმპორტზე ვართ დამოკიდებულნი. მაგალითად, ხორბლის იმპორტის 95%-ზე მეტი ერთი ქვეყნიდან _ რუსეთიდან შემოდის. რა თქმა უნდა, დივერსიფიკაცია არამარტო იმპორტის განხორციელებაში, არამედ ადგილობრივი წარმოების განვითარებაშიც საჭიროა. დიახ, უმნიშვნელოვანესია, რომ საქართველომ სოფლის მეურნეობის განვითარება შეძლოს, რათა ჩვენი მოთხოვნილების ადგილობრივი წარმოებით დაკმაყოფილებას მაქსიმალურად შევეცადოთ. 
რაც შეეხება მრეწველობას, ამ კუთხით ავადსახსენებელ კომუნისტურ პერიოდში საინტერესო მდგომა არსებობდა. საქართველოს ყველა რეგიონში, დაახლოებით, 130-140 საშუალო და მცირე ზომის საწარმო იყო, რომლებიც, ძირითადად, ადგილობრივი რესურსების გადამუშავებაზე იყვნენ ორიენტირებულნი და კადრებიც ადგილობრივი ჰყავდათ. აი, ამის ხელშეწყობა უნდა მოხდეს. მთავრობას ამ მიმართულებით რამდენიმე პროექტი აქვს, მათ შორის, „აწარმოე საქართველოში“, რომლის კიდევ უფრო მეტად მიზანმიმართული წარმართვაა საჭირო. მაგალითად, მე არ ვიზიარებ იმას, რომ ამ პროექტის ფარგლებში ისეთი ბიზნესი ფინანსდება, რომელიც ტურიზმთან არის დაკავშირებული: სასტუმროები, კვებითი ობიექტები. ამას სპეციალური სახელმწიფო მხარდაჭერა არ სჭირდება, რადგანაც ის საკუთარი რესურსებითაც განვითარდება. მივესალმები, თუ ეს პროექტი საქართველოს რეგიონებში არსებული ნედლეულის, მასალების გამოყენებაზე იქნება კონცენტრირებული, რაც, ამავდროულად, პროექტში ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობას გამოიწვევს. შედეგად, სწორედ ამ ჩართულობით გამოწვეული ინკლუზიური ეკონომიკური ზრდა გვექნება.
მთავრობას ადგილობრივი წარმოების განვითარებაში, განსაკუთრებით სოფლად, მეტი ინიციატივები მართებს. ის, რომ ვაშლი არგენტინიდან შემოდის, ჩვეულებრივი ამბავია. ეს ყველგან ხდება, მაგრამ მას ბაზარზე კონკურენციას ქართული ვაშლი უნდა უწევდეს. 
_ ხშირად ისმის შეკითხვა, რატომ არ აისახება მოსახლეობის კეთილდღეობაზე მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპი. ეს ინკლუზიური ეკონომიკის არარსებობას უკავშირდება?
_ საქმე ის არის, რომ მოსახლეობაზე ეკონომიკური ზრდა ადეკვატურად მხოლოდ იმ შემთხვევაში აისახება, როცა ინკლუზიური ეკონომიკური ზრდა გვექნება, როცა მეტი ქარხანა აშენდება, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდება. სწორედ ეს იქნება ინკლუზიური ეკონომიკური ზრდა მოსახლეობის ჩართულობით. ის ეკონომიკური ზრდა, რაც ახლა გვაქვს, სამწუხაროდ, ინკლუზიური არ არის, მაგრამ ზრდა ფიქსირდება ეროვნულ ანგარიშთა საერთაშორისო მეთოდოლოგიით, რაც საერთაშორისო სტანდარტებითაა მიღებული. ამიტომ საერთაშორისო სავალუტო ფონდიც და მსოფლიო ბანკიც საქართველოში შექმნილ სიტუაციას დადებითად აფასებენ. 
_ მწარმოებელი ყოველთვის მეტ მოგებაზეა ორიენტირებული. რამ უნდა აიძულოს იგი, რომ პროდუქტზე ფასი დაწიოს?
_ კანონმდებლობით გარკვეული ჩარჩო უნდა შეიქმნას, რომელიც ამ სფეროს დაარეგულირებს, სხვაგვარად ეს საქმე ვერ გადაწყდება. ყოველთვის მთავრობა ხომ არ ეტყვის ბიზნესის ზოგიერთ წარმომადგენელს, რომ ხარბი არ იყოს და ფასი დაწიოს. როცა კანონი, რეგულაცია იქნება, რომელიც, მაგალითად, ფასნამატის ჭერს განსაზღვრავს, ან კარტელურ გარიგებებს შეზღუდავს, თავისთავად, ფასებიც დაბლა დაიწევს.
_ დღგ-სა და მოგების გადასახადის შემცირება რამდენად მართებული იქნება? 
_ ამ მოსაზრებას პრინციპულად არ ვიზიარებ, რადგან ამით ბიუჯეტს შემოსავლები დააკლდება და ქართული სახელმწიფო იზარალებს. საქართველოში საგადასახადო სისტემა ისედაც საკმაოდ ლიბერალურია, განაკვეთები დაბალია. ერთი რამ უნდა გვახსოვდეს, თუ, მაგალითად, მოგების ან დამატებული ღირებულების გადასახადის განაკვეთს შევამცირებთ, ამით ფასები კი არ შემცირდება, არამედ, მეწარმეები უფრო მეტ მოგებას მიიღებენ. ამიტომ გადასახადების გაუქმებით ფასები არ მცირდება. უნდა გვახსოვდეს, რომ ფასებს მოთხოვნა-მიწოდება ადგენს. თუ, მოთხოვნა-მიწოდებაში გარკვეული წონასწორობა არსებობს, გადასახადს თუ გავაუქმებთ, ეს წონასწორობა კი არ დაირღვევა, უბრალოდ, მეწარმე მეტ მოგებას მიიღებს. ამიტომ, პრინციპულად სხვა მიდგომაა საჭირო. კერძოდ, კარტელური გარიგებები მაქსიმალურად უნდა გამოირიცხოს და კონკურენციას უნდა შეეწყოს ხელი, რაც, სხვა თანაბარ პირობებში, ფასების შემცირებას გამოიწვევს. ასე რომ, გადასახადების შემცირების საკითხს სიფრთხილით უნდა მივუდგეთ.
_ ფასებზე ზემოქმედება ეროვნულ ბანკზეც ხომ არის დამოკიდებული... 
_ ეროვნული ბანკი მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს. მაგალითად, მან საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ლარის გაცვლითი კურსის დასტაბილურება შეძლო. ეს ნიშნავს, რომ იმპორტირებული საქონელი ადგილობრივ ბაზარზე ლარის გაუფასურების გამო არ ძვირდება, რაც მნიშვნელოვანი შედეგია. მაგრამ ფასების დასაწევად ყველაზე მთავარი გზა, ბაზარზე მიწოდების გაზრდაა. ეროვნული ბანკი კი უშუალოდ მიწოდებას ვერ გაზრდის. მას თავისი ინსტრუმენტებით მხოლოდ მოთხოვნის მოთოკვა შეუძლია. პრაქტიკულად, გაცვლითი კურსის სტაბილურობა შენარჩუნებულია. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი საბანკო პროცენტის შემცირების მიმართულებით გადასადგმელი ნაბიჯებია. აი, აქ უკვე ეროვნული ბანკის კომპეტენცია, მისი ამ სფეროში ჩართულობა, საკმაოდ მნიშვნელოვანია, რათა საპროცენტო განაკვეთმა დაიწიოს და განსაკუთრებით ხელმისაწვდომი გახდეს ისეთი დარგებისთვის, როგორებიცაა სოფლის მეურნეობა და მრეწველობა. ფასებთან დაკავშირებული პრობლემები მაშინ გადაიჭრება, როცა ადგილობრივ ბაზარზე მეტი მწარმოებელი გაჩნდება.
_ ეკონომიკურმა ზრდამ, წინა წლის დეკემბერთან შედარებით, 7,2% შეადგინა. ეკონომიკის მდგრადი, სტაბილური განვითარება რამდენად შენარჩუნდება?
_ საქართველოს პერსპექტივა ძალიან მიმზიდველია. ეს საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის პროგნოზებია, რომლებიც მიკერძოებული ორგანიზაციები არ არის. ყველა აღნიშნავს, რომ საქართველოში მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპია, რაც, ასე თუ ისე, სტაბილურად ნარჩუნდება. მაგრამ ჩვენ საკმაოდ რთულ სამყაროში ვცხოვრობთ. ძნელია პროგნოზირება, ხვალ ან ზეგ რა მოხდება. რეგიონში მძიმე ვითარებაა. ჩვენ გარშემო ბევრი პრობლემაა და თუ ყოველივე დადებითად არ გადაწყდა, შეიძლება პროგნოზებიც შეიცვალოს. რაც შეეხება წმინდა ეკონომიკურ ფაქტორებს, საქართველოს ეკონომიკაში არ არსებობს რაიმე მკაფიოდ გამოხატული მოვლენა, რაც პესიმისტური დასკვნის გაკეთების საშუალებას მომცემდა ეკონომიკური ზრდის შემცირების თაობაზე. თვითონ ეკონომიკის გარდა, ეკონომიკაზე სხვა ბევრი ფაქტორი მოქმედებს, მათ შორის, პოლიტიკური _ ის დაძაბული ვითარება, რაც მთელ მსოფლიოსა და რეგიონშია. იმედი ვიქონიოთ, რომ მშვიდობას ალტერნატივა არ ექნება.

ესაუბრა
თამარ შველიძე