ზაურ ნაჭყებია: კოლექტიურ ღალატს ბოლო უნდა მოეღოს!

ზაურ ნაჭყებია: კოლექტიურ ღალატს ბოლო უნდა მოეღოს!

გვესაუბრება ჟურნალისტი, საავტორო გადაცემა „პოლიტიკური თერმომეტრის“  ავტორი და წამყვანი ზაურ ნაჭყებია:

_ ბატონო ზაურ, როგორ შეაფასებთ პოლიტიკურ პროცესს, რომელსაც საპარლამენტო არჩვნებიდან დღემდე თვალს ვადევნებთ?
_ ქართველმა ხალხმა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საკუთარი ნება გამოხატა. შედეგად ერთპარტიული პარლამენტი მივიღეთ, რადგან ოპოზიცია საკანონმდებლო ორგანოში არ შევიდა და საპარლამენტო საქმიანობაში მონაწილეობას ბოიკოტი გამოუცხადა. ცხადია, ეს თამაშის ნაწილია, თუმცა რამდენად გამართლებული - ეს სხვა საკითხია. 
ოპოზიცია 2024 წლის ოქტომბრიდან დღემდე გაიძახის, არჩევნები გაყალბდა და ხელისუფლება: პრეზიდენტი, პარლამენტი, მთავრობა არალეგიტიმურები არიან. არადა, რეალურად არ არსებობს დოკუმენტი, რომელიც არჩევნების გაყალბებას დაადასტურებს. თავის დროზე, ეუთო/ოდირმა არჩევნების შედეგები აღიარა. მიუხედავად ამისა, საქართველოში ახალი საპროტესტო ტალღა აგორდა. ამჯერად აქციები მინელებულია - ოპოზიცია კრიტიკული მასის შეგროვებას ვერ ახერხებს, რაც მას მიზნის მისაღწევად ესაჭიროება. როგორც გარე აქტორების, ასევე ნჯო-ების, პოლიტიკური პარტიებისა და მეინსტრიმული მედიის მიზანი ერთია - ხელისუფლების დამხობა და კრიმინალური ოპოზიციის კვლავ ქვეყნის სათავეში დაბრუნება. სამწუხაროდ, ქვეყანაში ძალიან ბევრი მოღალატე აღმოგვაჩნდა. ამდენად, საჭიროა ღალატის მუხლი დაუყოვნებლივ შევიდეს ძალაში. რაც შეეხება პარლამენტის მუშაობას, თუ დემოკრატიულ პროცესებზე ვსაუბრობთ, მაშინ ჯანსაღი ოპონირება აუცილებელია. 
მოახლოვდა 4 ოქტომბერი, თუმცა, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისგან განსაკუთრებულ ცვლილებებს არ ველოდები. გახსოვთ, ალბათ, თავიდან, ოპოზიციის სრული სპექტრი ამ არჩევნებს ბოიკოტს უცხადებდა, მერე, როგორც მოსალოდნელი იყო, პირობა ბევრჯერ შეიცვალა. ახლა გადაწყდა, რომ „ლელო“ და „გახარია საქართველოსთვის“ არჩევნებში  მონაწილეობას მიიღებენ. 
ექსპერტთა მოსაზრებით, ხმების 40%, რაც ოპოზიციამ საპარლამენტო არჩევნებში მიიღო, შეიძლება სწორედ ამ ორ პარტიაზე გადანაწილდეს! 
აქვე, მინდა ყურადღება ერთ საკითხზე გავამახვილო. გულწრფელად გეტყვით: გაოცებული და ცოტა დაშინებულიც ვარ. კერძოდ, როგორ შეიძლება საქართველოში მოსახლეობის 40% მხარს კრიმინალურ ოპოზიციას უჭერდეს?! რომელი მათგანია ოპოზიცია, კლასიკური გაგებით კი - პარტია?! რას ემსახურებიან, რამდენად იცავენ საზოგადოების და სახელმწიფოს ინტერესებს, აი, სწორედ აქიდან უნდა გამოვიდეთ. საოცარია, რომ ამომრჩევლის 40%, რომელიც საარჩევნო ყუთთან მიდის, მხარს კრიმინალურ ოპოზიციას, ანუ ხალხის, სახელმწიფოს მტრებს უჭერს. აი, ეს უფრო მაფიქრებს და არა ის, თვითმმართველობის არჩევნებში რამდენ პროცენტს აიღებს „ქართული ოცნება“, ან როგორ გადაინაწილებს პროცენტებს ე. წ. ოპოზიცია!
ამაში, თუ სრულად არა, ხელისუფლების ბრალეულობასაც ვხედავ. რას ვგულისხმობ?! - ქვეყანაში კონსტრუქციული ოპოზიციის ფორმირებას საშველი არ დაადგა. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან 13 წელი გავიდა და ამ დრომდე მთავარ ოპოზიციურ ძალად ისევ „ნაცმოძრაობა“ მიიჩნევა. ეს არამარტო ხელისუფლების, არამედ საზოგადოების ბრალიც არის. 
ჩნდება შეკითხვა: რატომ არ იქმნება ახალი კონსტრუქციული ოპოზიციური მოძრაობა?! - საქმე ის არის, რომ პარტიის შექმნას, ფორმირებას დიდი კაპიტალი სჭირდება. ივანიშვილის პოლიტიკაში შემოსვლამ კი კაპიტალზე მოთხოვნა ძალიან გაზარდა. რეალურად, უნდა ვაღიაროთ, რომ ფული ორ პოლიტიკურ მონსტრს - „ქართულ ოცნებას“ და „ნაცმოძრაობას“, ანუ  კრიმინალურ ოპოზიციას გააჩნია. მოგეხსენებათ, ერთ-ერთ ტელევიზიაში საავტორო პოლიტიკურ გადაცემას ვუძღვები. ჩემს რესპონდენტებს, რომელთაც სწორედ კონსტრუქციულ ოპოზიციაში მოვიაზრებ (ისინი გულანთებული ქართველები, საქმის პროფესიონალები არიან), ხშირად ვეკითხები: რატომ არ დგამენ ნაბიჯს ახალი, ჯანსაღი ოპოზიციური პარტიის შესაქმნელად? პასუხი ერთია: ფული არ გვაქვს და ცარიელი ხელებით ვის ვებრძოლოთო! 
მიუხედავად იმისა, რომ „პარტიების შესახებ“ კანონი არსებობს, ხელისუფლებას, თუ მოისურვებს, ნებისმიერ დროს შეუძლია ამა თუ იმ პარტიის საქმიანობა შეაჩეროს, ან საერთოდ არ დაარეგისტრიროს. არასდროს ვყოფილვარ ე. წ. „ალტინფო - კონსერვატორების“ ე. წ. ფანი, მაგრამ ყველამ ვნახეთ, რა პროცესს ჰქონდა ადგილი წინასაარჩევნოდ. თუმცა ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ კონსერვატორებმა გამოუსწორებელი შეცდომა დაუშვეს, როცა „პატრიოტთა ალიანსთან“ გაერთიანდნენ...
დამეთანხმებით, სახელმწიფოს საქმიანობა მაშინ არის სარგებლიანი, როცა მმართველ პარტიას კონსტრუქციული ოპონენტი ჰყავს. რადგან ასეთი პარტია არ არსებობს, მაშინ პასუხისმგებლობა სამოქალაქო საზოგადოებამ უნდა იტვირთოს, რომელიც, ჩვენდა სამწუხაროდ, ჩანასახშიც არ არსებობს. აი, ასეთ რთულ სიტუაციაში ვიმყოფებით: სამოქალაქო საზოგადოება არ გვყავს, კონსტრუქციული ოპოზიცია არ არსებობს და ვართ ამ აიწონა-დაიწონაში.
_ ხშირად მესმის, ქართველი ხალხი ბრძენია და შეცდომას აღარ დაუშვებსო. რა არჩევანი აქვს და რა ისწავლა ქართველმა ხალხმა ბოლო 33 წლის განმავლობაში?
_ გეტყვით პირდაპირ: ქართველმა ხალხმა ვერაფერიც ვერ ისწავლა! დიახ, ჩვენ ყველაზე მთავარი - ერთად ყოფნა, ანუ ერთობა ვერ ვისწავლეთ. ხელისუფლებაც ხალხისგან დისტანცირებულია. თუმცა, ადრეც ასე იყო. შევარდნაძის ხელისუფლების დროს ხალხის აქტიურობა, მეტ-ნაკლებად, იგრძნობოდა. დღეს ვინ აბარებს ანგარიშს ქართველ ხალხს?! სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი საკითხები ხალხთან მოთათბირების გარეშე წყდება. როცა გაუჭირდებათ, ხალხთან ურთერთობას მხოლოდ მაშინ იწყებენ. ასე და ამგვარად, დღეს ხალხის როლი ნულის ტოლია. 
რაც შეეხება საზოგადოების პოლიტიკურ კულტურას, კი ბატონო, ნამდვილად გაიზარდა, უფრო მეტი ვისწავლეთ, ობიექტური ხედვაც ჩამოგვიყალიბდა, მაგრამ ძალიან ინერტულები დავრჩით! ჩვენ ზემოთ ახალი ოპოზიციური ძალის შექმნაზე ვისაუბრეთ. ჯანსაღი ოპოზიციური პარტია სწორედ ხალხის წიაღიდან უნდა იშვას. მესმის, ამისთვის დიდი კაპიტალია საჭირო, რასაც ივანიშვილი, ალბათ, არც გაიმეტებს და სწორიც იქნება. რადგან ასეა, ახალი გუნდი სწორედ ხალხის წიაღიდან უნდა იშვას და თავად ხალხმა დააფინანსოს. თუ ამ შეგნებამდე არ მივედით, რეალური ოპოზიციური პარტია საქართველოში არასდროს შეიქმნება! რეალობაა ისიც, რომ ქართული ბიზნესი ახალი ოპოზიციური პარტიის ფორმირებაზე თავს არ შეიწუხებს, რადგან მას ხელისუფლებასთან ურთერთობები მშვენივრად აქვს დალაგებული. 
_ ოპოზიცია აცხადებს, 4 ოქტომბერს არჩევნები კი არა, რუსული სპეცოპერაცია ტარდებაო. რისთვის სჭირდება მას რუსული საფრთხობელას გამოყენება?
_ ეს, უბრალოდ, მათი ნარატივია. სინამდვილეში კი, დღევანდელ ოპოზიციას და მათ პატრონებს ახალი კოზირი გაუჩნდათ - ეს არის ვიზა ლიბერალიზაციის გაუქმება. რაც შეეხება ე. წ. რუსულ ნარატივს, ამაზე საუბარი უკვე სასაცილოც აღარ არის, - არავითარი რუსული ნარატივი ბუნებაში არ არსებობს. 
მოგეხსენებათ, ბოლო პერიოდში ევროკავშირში გაწევრიანების მსურველთა რიცხვი ძალიან შემცირდა. ეს თავად ევროკავშირის, იგივე კოლექტიური დასავლეთის პრობლემაა და არა საქართველოსი. დღედაღამ იმის ძახილი, რომ 4 ოქტომბერს რუსული არჩევნები ჩატარდება და თითქოს, საქართველო რუსული ნარატივებით ცხოვრობს, არასწორია. მე, როგორც პუბლიცისტი და პოლიტიკური გადაცემის ავტორი და წამყვანი ყოველთვის ვაყენებ საკითხს: საჭიროა რუსეთთან დაუყოვნებლივი დიალოგის დაწყება. ჩვენ იმის კი არ უნდა შეგვეშინდეს, ვინ რა იარლიყს მოგვაწებებს, არამედ საქართველოს ინტერესებზე უნდა ვიფიქროთ და არა იმაზე, ე. წ. პარტნიორები და აქაური მოღალატეები ჩვენზე რას იტყვიან.
_ ტრამპმა პუტინს „გონსმოსასვლელად“ ათდღიანი ვადა მისცა. როგორ გესახებათ მოვლენების განვითარება? 
_ ეს მაღალი დონის თამაშია, რა სცენარითაც დღეს მსოფლიო იმართება. ვფიქრობ, ტრამპი ამაოდ იმუქრება, რადგან მეორე მხარე, ანუ რუსეთი ასეთ მუქარებს ყოველთვის საქმით პასუხობს. პუტინი, დარწმუნებული ვარ, დაწყებულ „სპეცოპერაციას“ წარმატებით განაგრძობს ისე, რომ რუსეთს ყურებზე ხახვსაც კი ვერ დააჭრიან. ყველამ ვიცით, რუსეთის მთავარი კოზირი ბირთვული არსენალია. რუსეთის პრეზიდენტი კი პირდაპირ აცხადებს: თუ რუსეთი არ იქნება, მსოფლიო ჭირსაც წაუღიაო. ეს ნიშნავს, რომ იგი უკან არაფერზე დაიხევს! 
რადგან ამერიკა, რუსეთი და უკრაინა ვახსენეთ, გვერდს ვერ ავუვლი ერთ გარემოებას. მხედველობაში მაქვს წვრთნები, რომელიც საქართველოში ნატო-ს ეგიდით ტარდება. როცა ვხედავთ, რა მოხდა უკრაინაში, როგორი ფეთქებადსაშიში სიტუაციაა დღეს სამხრეთ კავკასიაში, ასეთ დროს განა შეიძლება, ჩვენ ცეცხლს ვეთამაშებოდეთ და საქართველოში ნატო-ს წვრთნებს ვატარებდეთ?! ვინმემ ჰკითხა ქართველ ხალხს, ეს ახლა რამდენად საჭირო იყო?! ზემოთაც ვახსენე, ხელისუფლება ხალხს არ ეთათბირება-მეთქი. ესეც ამის ნათელი მაგალითია. სხვათა შორის, ამ წვრთნების მიმართ საზოგადოებას ძალიან ნეგატიური დამოკიდებულება აქვს.
_თქვენ ახსენეთ, რომ ევროკავშირში გაწევრიანების მსურველთა რიცხვი იკლებს. ახლახან, შვედეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, ევროკავშირში გასაწევრიანებლად უკრაინამ ერთნაირსქესიანთა ქორწინება უნდა დააკანონოსო. ბუნებრივია, ჩვენც იგივეს მოგვთხოვენ...
_ საქართველოს მთავრობას ვერაფრით დავუკარგავ იმ გაბედულ გადაწყვეტილებას, რაც ორი ძირითადი - „გამჭვირვალობისა“ და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონების მიღებას ეხება. ეს მეორე კანონი კატეგორიულად გამორიცხავს შვედეთის პრემიერის სურვილებს, ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაშვების შესახებ. მისი განცხადება არც იყო საჭირო - ისედაც ვიცოდით და ვიცით, საით მიემართება დღევანდელი მსოფლიო, რა უქნეს ევროპას, როგორ მოიმწყვდიეს მუჭში ევროკავშირი. 
სხვათა შორის, ანტიდისკრიმინაციული კანონი, რომელიც მიგვაღებინეს, სწორედ აქეთკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი იყო. დღეს კი გვემუქრებიან: ზემოთაღნიშნული კანონები უკან გაიწვიეთ, თორემ უვიზო მიმოსვლას შეგიჩერებთო! წარმოვიდგინოთ, სასწორის ერთ პინაზე საქართველოს სუვერენიტეტი დევს, ხოლო მეორეზე - ევროკავშირში გაწევრიანება და ვიზა ლიბერალიზაციის შენარჩუნება. დღეს უვიზო მიმოსვლის შეჩერება მათი კოზირია. დაუშვებელია სულით ქართველმა არჩევანი ევროკავშირის სასარგებლოდ გააკეთოს მაშინ, როცა ვიცით, რა მოთხოვნებსაც გვიყენებენ. არადა, ჯერ ევროკავშირში გაწევრიანებულიც არ ვართ. წარმომიდგენია, თუ წევრი გავხდებით, რა ელის საქართველოს მომავალს. 
_ და ბოლოს, კახა კალაძის მერობის კანდიდატად წარდგენას როგორ აფასებთ?
_ კალაძის წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ იმის თქმა, რომ იგი უალტერნატივო კანდიდატია, ცოტა განმარტებას საჭიროებს. უალტერნატივო, ანუ შეუცვლელი მხოლოდ უფალია. კი ბატონო, კალაძე შეიძლება იყოს უნარიანი ხელმძღვანელი, მაგრამ ასეთი იარლიყის მიწებება, რბილად რომ ვთქვათ, უხერხულია. თუ „ქართულ ოცნებაში“ კალაძის შემცვლელი არ მოიძებნება, „ქართული ოცნების“ და მთლიანად საქართველოს საქმეც, ცუდად ყოფილა.
თუ ობიექტური ვიქნებით, კალაძეს, ოპოზიციის სახით, ალტერნატივა მართლაც არ ჰყავს, რადგან ოპოზიცია ისედაც დისკრედიტებული, ფაქტობრივად, განადგურებულია. ამდენად, „ქართულმა ოცნებამ“ ვინც უნდა დააყენოს, ყველა გაიმარჯვებს. იგივე შედეგი იქნება, თუ ქართველ საზოგადოებას თავისი არჩევანი ექნება. ვისურვებდი, თბილისისა და სხვა ქალქის მერების, ასევე, არჩევითი ორგანოების, საკრებულოების არჩევა-არარჩევა არა პარტიების, არამედ ქართველი ხალხის ნებაზე იყოს დამოკიდებული. 

თამარ შველიძე