თამარ კიკნაძე: ჯინი ბოთლიდან ამოშვებულია...

თამარ კიკნაძე: ჯინი ბოთლიდან ამოშვებულია...

გვესაუბრება საერთაშორისო ურთიერთობათა მკვლევარი, პოლიტოლოგი თამარ კიკნაძე:

_ ქალბატონო თამარ, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტსა და თეთრ სახლში შეხვედრები გამართა. ურთიერთობების გადატვირთვა იწყება? 
_ კარგია, რომ მსგავსი შეხვედრები იმართება, თუმცა დღეს ამერიკას ჩვენთვის არ სცალია. ირან-ისრაელის ომი, რომელშიც თვითონაც არის ჩაბმული, მისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. ჩვენს ხელისუფლებას ნეიტრალური პოზიცია აქვს, რასაც მივესალმები. საქართველო სამშვიდობო ტერიტორია უნდა იყოს, რადგან ნებისმიერი სამხედრო მოქმედების დროს სამშვიდობო ზონის არსებობა აუცილებელია. თუ მშვიდობას შევინარჩუნებთ, ეს სასიკეთოდ წაგვადგება. ირანი ჩვენი მეზობელია, მიუხედავად იმისა, რომ მასთან საზღვარი არ გვაქვს. პრემიერ კობახიძის მიერ აიათოლა ჰამენეის დაღუპვის გამო სამძიმრის გამოცხადება კარგი ჟესტი იყო. 
_ ტრამპმა განაცხადა, რამდენიმე დღეში ირანის ცას სრულად გავაკონტროლებო.
_ ეს ჩვენი რეგიონია და მნიშვნელოვანია, თუ როგორ განვითარდება იქ მოვლენები. ირანი ხელწამოსაკრავი ქვეყანა როდია. მას მნიშვნელოვანი, კარგი გეოპოლიტიკური მდებარეობა აქვს. აღსანიშნავია, რომ ირანს სპეციფიკური, საკმაოდ რთული რელიეფი აქვს, სადაც 92 მილიონი მაცხოვრებელია. ამიტომ ამ ქვეყნის გაკონტროლება თუ გინდა, სახმელეთო ოპერაცია უნდა აწარმოო. როგორც ამბობენ, ამ საქმეში ერაყელი ქურთებისა და სხვა „ბოევიკების“ გამოყენებას აპირებენ, რომლებიც ფულისთვის ყველაფერზე წავლენ. ქვეყნის შიგნით მარტივი ვითარება არ არის, როგორც ამას გვიხატავენ, თითქოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა დემოკრატიული გარდაქმნისთვის იბრძვის. იქ შიიტური რელიგიაა, რომელიც მთელ რიგ ფაქტორებს განაპირობებს. 
ამერიკა ირანისგან საკმაოდ შორსაა. ისრაელი კი არის ახლოს, მაგრამ 9-მილიონიანი ქვეყანა 92-მილიონიან ერს როგორ უნდა შეებრძოლოს. ამიტომ იარაღის შორ მანძილზე მიწოდება, პროქსი ძალებით ბრძოლა მარტივი არ იქნება. მით უმეტეს, რომ ამერიკას ვიეტნამსა და ავღანეთში მწარე გამოცდილება აქვს. ირანი კი ბევრად რთული ქვეყანაა. ჩერჩილი ამბობდა, ომის დაწყება ჩვენზეა დამოკიდებული, მაგრამ დამთავრება _ არაო. რამდენად გაიწელება ეს ომი, ან რა შედეგებით დამთავრდება, არავინ იცის. გარკვეულწილად კი გამოიკვეთა, ვინ ომის მომხრეა და ვინ _ წინააღმდეგი. მსოფლიო წესრიგი იცვლება, რასაც თეორიის თანახმად, თან გლობალური ომი ახლავს. ვშიშობ, რომ გლობალური ომის ტენდენციები არ გამოიკვეთოს, რაც სახიფათო იქნება.
_ გარედან დაბომბვებით რეჟიმის ცვლილება რამდენად შესაძლებელია? ეს ხომ ირანელმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს?
_ თუ სახმელეთო ოპერაცია არ ჩატარდა და ქვეყნის ოკუპირება არ მოხდა, გარე დაბომბვებით რეჟიმს ვერ შეცვლი. ტრამპმა კი განაცხადა, რომ ირანში ხელისუფალის არჩევა ჩემ გარეშე არ მოხდებაო, მაგრამ საქმე ასე მარტივადაც არ არის. საერთაშორისო სამართალი ნიველირებულია და ბრძოლა ბუნებრივი გადარჩენის პირობებში მიმდინარეობს _ ვინც ძლიერია, ის გაიმარჯვებს.
_ რა რესურსი აქვს ირანს _ აშშ-ისა და ისრაელის დარტყმებს როდემდე გაუძლებს?
_ ირანი ნანოტექნოლოგიების მიხედვით, მსოფლიო ათეულში შედის. ვიმეორებ, ის მარტივად ხელწამოსაკრავი ქვეყანა არ არის. იქ ნამყოფი ვარ და განმაცვიფრა იმ ფაქტმა, რომ ინგლისურ ენას ბევრი ირანელი ფლობს. უნივერსიტეტში ლექციებს გამართული ინგლისურით კითხულობდნენ, განსხვავებით თურქეთისგან, სადაც ენას სათანადოდ სამინისტროშიც კი არ ფლობდნენ. ირანის უნივერსიტეტებში მაღალი ხარისხის სწავლებაა. მთელ რიგ დარგებში წამყვანი ადგილი უჭირავთ. გარდა ამისა, ირანს საკმაოდ განვითარებული სამხედრო ტექნიკა აქვს: დრონები, ბალისტიკური, ჰიპერხმოვანი რაკეტები და ა. შ. ჩრდილოეთ კორეის ხელმძღვანელმა კიმ ჩენ ინმა თქვა, ირანს ატომურ იარაღს მივცემო. სხვადასხვა წყაროებიდან ირკვევა, რომ მას ტექნოლოგიურად რუსეთიც ეხმარება და ჩინეთიც. ასე რომ, ირანი მარტო არ არის. 
_ კონფლიქტის გაფართოება და მასში ევროკავშირის ქვეყნების ჩართულობა რამდენად მოსალოდნელია?
_ საომარი მოქმედებები ბევრს არ მოსწონს. ამ საკითხზე ერთიანობა არც ევროპულ ქვეყნებშია. მაგალითად, ესპანეთმა აღნიშნული სპეცოპერაცია დაგმო. უნგრეთის პრემიერი ამერიკის სატელიტად მიიჩნევა. აქვე საინტერესოა, პარალელურად, რით გამოირჩევა ეს ომი _ აქ ბევრი ფიგურანტია, რომელთაც თავიანთი ინტერესები აქვთ. ზოგ შემთხვევაში ინტერესები ემთხვევა, ზოგში _ განსხვავდება, მაგრამ ამ ოპერაციებში მაინც მონაწილეობენ. 
ავიღოთ თუნდაც სპარსეთის ყურე, სადაც თითქმის ყველა ქვეყანაში ამერიკული ბაზებია განთავსებული. ახლახან დავბრუნდი კატარიდან, სადაც ძალიან მძიმე სიტუაციაა. იქ საჰაერო სივრცე დაკეტილია. სანამ იქ ვიყავი, ერთ დღეს გამოაცხადეს, რომ ირანიდან 65 რაკეტა და 12 დრონი იქნა გაშვებული. საჰაერო თავდაცვის სისტემამ 63 რაკეტა გაანეიტრალა, მხოლოდ დრონმა დააზიანა გარკვეული ობიექტები. გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნული საჰაერო თავდაცვის სისტემა ამ ქვეყნების კუთვნილებაა. ეს საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა, რომელიც აშშ-ისგან არის ნაყიდი და საკმაოდ ეფექტიანიც არის. თუმცა ეს არ არის ისეთი რესურსი, რომელიც არ გათავდება. 
მაგალითად, დუბაი მსხვილი ფინანსური ცენტრია. იქ ტურიზმი საკმაოდ ვითარდებოდა. გარდა ამისა, ეს ქვეყნები ნავთობპროდუქტების მწარმოებლებია. იგივე კატარში ე. წ. ფიქალის გაზის წარმოების ობიექტები დაიბომბა. ანუ პრობლემა აქაც შეექმნათ. გარდა ამისა, ამ რეგიონში ნავთობით მდიდარ ადგილებში, იგივე, საუდის არაბეთში, შიიტები ცხოვრობენ, რომელთაც ეს ვითარება არ მოსწონთ. იქ „ალჯაზირას“ არხს ვუყურებდი, სადაც ყოფილი პოლიტიკოსები, ექსპერტები უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ, ამერიკა ჩვენზე არ ფიქრობსო. ამ საომარმა მოქმედებებმა ისინი ცუდ დღეში ჩააგდო. ამერიკა ისრაელზე და მის ეროვნულ ინტერესებზე ფიქრობს, ამიტომ უკმაყოფილებები გამოითქვა. სიტუაცია მარტივი ნამდვილად არ არის და არც ისეა, თითქოს ამერიკა ამ ომს უპირობოდ მოიგებს. ჩემი აზრით, ბოთლიდან ჯინი ამოშვებულია და ეს რა შედეგებს მოიტანს, არავინ იცის.
_ ქალბატონო თამარ, ომის რკალი ფართოვდება და საქართველოს უახლოვდება. აგერ, აზერბაიჯანის ნახიჩევანის აეროპორტი დაიბომბა. ამ მხრივ რა საფრთხეები გველის?
_ რამდენადაც ვიცი, აზერბაიჯანმა ირანიდან თავისი დიპლომატები გაიწვია. თუმცა ირანულმა მხარემ გაავრცელა განცხადება, რომ დრონები მისი არ იყო. ვარაუდობენ, რომ შესაძლოა, ეს ისრაელიდან გაშვებული დრონები ყოფილიყო, რათა ომის გლობალიზება მოხდეს. 
ქართული ოპოზიცია ხელისუფლებას მუდმივად ბრალს სდებს, საქართველო პოლიტიკური რადარებიდან გაქრაო. ძალიან კარგი, თუ ამ ვითარებაში რადარებიდან გავქრით. ჩვენ ნეიტრალური პოზიცია უნდა დავიჭიროთ. მაგალითად, ბოლო დროს აზერბაიჯანის პოლიტიკა არ არის ისეთი, როგორიც ადრე, როცა ე. წ. ტრიმერის ფუნქციას ასრულებდა და თავის ქვეყანაზე იყო ორიენტირებული. ახლა, როგორც ამბობენ, აზერების უკან ინგლისი დგას. ალიევი ძალიან ჭკვიანი პოლიტიკოსია და იძულებულია, ისეთი ზომები მიიღოს, რაც მისი ქვეყნის კეთილდღეობას არ წაადგება. იგივე შეიძლება ითქვას სომხეთზეც.
რაც შეეხება საქართველოს, ის, ჯერჯერობით, ნეიტრალურ პოლიტიკას აწარმოებს და ეროვნულ ინტერესებს იცავს. ღმერთმა ქნას, ასე გაგრძელდეს. სულაც არ გვინდა ამ პოლიტიკურ რადარებზე ეპიცენტრში ყოფნა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ სომხეთში, აზერბაიჯანსა და თურქმენეთში აშშ-ის სპეცრაზმი გადმოსხეს. ჩვენ ნაკლებად უნდა ჩავერთოთ და შიდა სიმშვიდე შევინარჩუნოთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ამ ფონზე ჩვენთან ზოგი პოლიტიკოსი, სამხედრო ექსპერტი რა განცხადებებსაც აკეთებს, ეს საკუთარი ქვეყნის მიმართ მტრული მიდგომაა. იმიტომ, რომ ძალიან საშიში ვითარებაა, გარშემო ბევრი საფრთხეა. დღეს ჩვენს ირგვლივ ყველაფერი ცეცხლის ალშია, ამიტომ, უპირველესად, ქვეყნის შიგნით სიმშვიდე და კარგად აწონილი პოლიტიკა გვჭირდება, რათა საფრთხეში არ გავეხვიოთ.
_ ამ კუთხით ახლა ამერიკასთან ურთიერთობის მოგვარება პირიქით, ხომ არ დაგვაზარალებს?
_ ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, მოვლენების განვითარებას დაველოდებოდი. ვიმეორებ, ჩვენ რეგიონის ქვეყანა ვართ. ამერიკა შორსაა, თუმცა მასთანაც კარგად უნდა ვიყოთ და ირანთანაც. სამშვიდობო კუნძული თუ გავხდებით, გადავრჩებით. 
_ ბოლოს, გვითხარით, რა გავლენას მოახდენს რუსეთ-უკრაინის ომზე ირანის ომი?
_ ზელენსკი აცხადებს, რომ ამერიკას დრონების განეიტრალებაში დაეხმარება. ამ ომში ყველას თავისი ინტერესები აქვს: ამერიკას, ინგლისს, რომელზეც ამბობენ, რომ ისრაელის უკან დგას. კისინჯერი გარდაცვალებამდე ამბობდა, ისრაელი თავისი არსებობის უკანასკნელ წლებს ითვლისო. ეს მაშინ, როცა აშშ-ის პრეზიდენტი ევანგელისტია და ის უფრო მეტად ქრისტიანი სიონისტია, ვიდრე ებრაელები. აქ საკრალურ მომენტებს დიდი მნიშვნელობა აქვს. ისრაელში ოფიციალური ფონდი არსებობს მესამე ტაძრის მშენებლობისთვის. 
სპარსეთის ყურის ქვეყნები ე. წ. აბრაამის ხელშეკრულების შემდეგ, ფაქტობრივად, ისრაელის სატელიტები გახდნენ. საინტერესოა, როგორ გადალაგდება ეს ძალები. აბრაამის ხელშეკრულებაზე მიერთებაზე განაცხადი ყაზახეთმაც გააკეთა. რუსეთი მოვლენების განვითარებას თვალს ადევნებს, ამ ომს არ ეთანხმება. ჩინეთიც პოზიციას მოკრძალებულად გამოხატავს. ორმუზის სრუტეში ბევრი სახმელეთო ტვირთი გადის, მთლიანი ბრუნვის 20% და ასევე, დიდი რაოდენობით ნავთობი, რაზეც ფასი ავარდა. გარდა ამისა, დოლარის კურსი გაიზარდა, ოქრო გაძვირდა, რაც დიდ რყევებს გამოიწვევს. გეოპოლიტიკური, გეოეკონომიკური ვითარება ჩვენს თვალწინ იცვლება. საომარი მოქმედებები გლობალური ცვლილებების ფონზე ხდება. შედეგები ტექტონიკურია. 

თამარ შველიძე