ფეხბურთი მხოლოდ სპორტი არ არის
„ბრენერი-ვილახი-ვენეცია-ავტობანი - „SR 11“ ანუ, რას ნიშნავს ფეხბურთი იტალიელისთვის: იმ წელს, ზუგდიდის დამოუკიდებელ უნივერსიტეტს გერმანულენოვანი, სამართლისა და ეკონომიკის ფაკულტეტის აკრედიტაციის გასავლელად წიგნადი ფონდის კომპლექტაციის დადასტურება სჭირდებოდა. ის გერმანიაში, „ევროპის ხალხთა გამაერთიანებელი ჰუმანიტარული ორდენის ჩორდონ Bleu du Saint Ecprit“ ნორდრაინ ვესტფალიის წარმომადგენლობის მიერ გამოცხადებული აქციის მონაწილეებს კარგა ხნის მოგროვილი ჰქონდათ და მხოლოდ მისი ტრანსპორტირება იყო საჭირო. ხუთასამდე წიგნის ფოსტით გამოგზავნა საკმაოზე ძვირი ჯდებოდა, ამიტომ გადავწყვიტეთ, გვეყიდა ისეთი მანქანა, წიგნებსაც რომ წამოიღებდა - წიგნები ზუგდიდის უნივერსიტეტს, მანქანა კი, „საქართველოს, ომის ვეტერან, ინვალიდ და მარტოხელა ქალთა კავშირ „მარიამს“ გადაეცემოდა საჩუქრად.
„სამხრეთ ტიროლის“ დედაქალაქ ბოცენში დაგეგმილზე დიდ ხანს მომიწია ყოფნამ, სადაც სამხრეთ ტიროლის თავისუფლების ჯგუფ „ანდრიას ჰოფფერის“ წევრებთან მქონდა წინასწარ დაგეგმილი შეხვედრა და მოხსენება. იქვე გაირკვა, რომ მოხსენებას „ასი წლის შემდეგ, სამხრეთ ტიროლის ბედგაზიარებულ აფხაზეთზე“ ნაჩქარევად ვერ გავაკეთებდი და შემოდგომისთვის გადავდეთ. ასე გავუდექი გზას ვილახის გავლით ვენეციისკენ.
მგზავრობას, ე. წ. „Baustelle“-ები (საგზაო სამუშაოები) ართულებდა. მიუხედავად ყველაფრისა, თითქმის ხუთასკილომეტრიანი გზა დროზე გავიარე, „VENEZIA“ გახშირდა საგზაო ნიშნებზე. დრო საკმარისზე მეტი მრჩებოდა, როცა „SR 11“ ავტობანის მაჩვენებელი შევნიშნე.
ამ ფიქრებში ვიყავი, როცა ტელეფონის ზარმა გამომაფხიზლა. იტალიაში საქართველოს საკონსულოდან ბატონი სოსო დანელია მირეკავდა. მომიკითხა, - ხომ კარგად მგზავრობ, ვენეციაში რომ ჩახვალ, შეგეხმიანებიო. გზა განვაგრძე, მაგრამ ეტყობა, მოჭარბებულმა ყურადღებამ მომადუნა და სანამ ფიქრებში გემიდან ვენეციაში ფოტოაპარატით გადასაღები ობიექტების გეგმას ვალაგებდი, თვალის დახამხამებაში გავცდი პორტისკენ მიმავალი ავტობანის „SR 11“-ის გადასახვევს. სიმწრისგან ისე დავამუხრუჭე, ერთი წიოკობა ატეხეს ჩემ უკან მომავალმა მანქანებმა, მაშინვე „ავარიული“ ჩავრთე და უკიდურეს მარჯვენა რიგში გადავდექი. უმალ მივხვდი, გაჩერებას აზრი არ ჰქონდა, რამდენიმე წუთის შემდეგ პირველი გზის მაჩვენებელიც გამოჩნდა, რომელიც ავტობანიდან უახლოესი უკან დასაბრუნებელი გასასვლელის 50 კილომეტრში არსებობას მაუწყებდა, რაც ჩემთვის გემზე დაგვიანებას ნიშნავდა.
უკან ვერ ვბრუნდები, ბედს მინდობილმა გზა განვაგრძე. არ ვიცი, რამდენი ვიარე, საგზაო პოლიციის მანქანის ციმციმა შევნიშნე ავტობანის მარჯვენა მხარეს, გზის კიდეს სარემონტო სამუშაოები ტარდებოდა. მეც „ავარიულები“ ჩავრთე და პირდაპირ მივაჭერი პოლიციელებს. მაქანიდან გადმოსული რომ მნახეს, ხმამაღლა შემომძახეს: Halt, Zurück!
უსიტყვოდ დავემორჩილე ბრძანებას, მანქანაში დავბრუნდი და მორჩილად მივუჯექი საჭეს. როგორც კი მოვიდა პოლიციელი და ვინაობის მოხსენება დააპირა, ერთბაშად მივაყარე: ავტობან „SR 11“-ზე გადასახვევს გამოვცდი, ერთ საათში გემზე ასვლა მთავრდება, ქვეყნის დიპლომატიური სამსახურის დავალებით მნიშვნელოვანი ტვირთი მიმაქვს, თქვენს იქით გზა არ მაქვს, თუ მიშველით, საქართველოს ტელევიზიით გადაგიხდით-მეთქი მადლობას!
შევატყვე, ჩემი ემოციების მხილველ პოლიციელს გაკვირვებამ და ბრაზმა ერთად გადაუარა, გაიღიმა და გერმანულად მოაყოლა: Verdamtt, gib mir Reipass (ჯანდაბას, მომეცი პასპორტი).
პასპორტი, ჩემი სავიზიტო ბარათი და მანქანის საბუთები მზად მქონდა, მაშინვე ხელში მივაჩეჩე. გამომართვა, დახედა, სურათიანი გვერდი გადაშალა, ყურადღებით შეათვალიერა, მერე მე შემომხედა, „მერსედესის“ გერმანული ნომრები და მანქანის საბუთი ერთმანეთს შეადარა, ციმციმაანთებულ მანქანასთან მიბრუნდა, საბუთები თავის კოლეგას მიაწოდა, რაღაცა უთხრა, იმანაც საბუთები გადაათვალიერა, შემდეგ ჩემკენ მობრუნდნენ და ორივე გულიანად ახარხარდა. ამასობაში ჩემთვის რამდენიმე ძვირფასი წუთი გაილია, თვალწინ ბერძნული სანაოსნოს ბორანი „MINOAN LINES“ მელანდებოდა, ბოლო მანქანა რომ ადიოდა.
რამდენიმე წუთი გაგრძელდა ეს ამბავი. ეტყობა, ჩემი ნერვიულობაც იგრძნეს, ციმციმაანთებულ მანქანასთან მივიდნენ, ერთი საჭესთან დაჯდა, მეორემ ჩემკენ გამოიწია და გერმანულად შემომძახა: Folgen, Folgen! (მომყევით, მომყევით!)
სად მივყავდი, არც მიფიქრია, მთავარი იყო, დავიძარით და აქ სრულიად მოულოდნელი ამბავი მოხდა _ პოლიციის მანქანა გაჩერდა, ავტობანზე მომავალი მანქანების სიმცირეს დაელოდა, სავალი ნაწილი გადაკეტა და ახლა უკვე ხელით მანიშნა, მოგვყევიო! გერმანიაში ასეთი შემთხვევა წარმოუდგენელია, მაგრამ კარგად ვაცნობიერებდი, მე იტალიაში ვიყავი. ასე ვიარეთ მოძრაობის საწინააღმდეგო მიმართულებით ვენეციის პორტამდე. პორტში იმ დროს მივედით, როცა ბოლოსწინა მანქანა ადიოდა გემზე და დაინახა თუ არა, გემის კაპიტანმა ჩემი „მერსედესი“, რომლის ნომერი წინასწარ ჰქონდა გადაცემული, თვითონვე ახარა დატვირთვის ხელმძღვანელს, მოვიდა, მოვიდაო!
...იმ წელს ბოლო ხუთ წელიწადში მეორედ მოიგო „ევროპის ჩემპიონთა ლიგა“ იტალიის „მილანმა“!
დიდი სიხარული იყო ეს ამბავი იტალიისთვის, მილანელებისთვის კი საფეხბურთო მეორედ მოსვლა. რომ არა ეს ისტორიული შემთხვევა, მე და ჩემს „მნიშვნელოვან“ ტვირთს უეჭველად დაგვაგვიანდებოდა საბერძნეთისკენ მიმავალ გემზე. ყველაფერი ერთმანეთს დაემთხვა, მე კი წარმოდგენა არ მქონდა, რა ხდებოდა!
პასპორტი და მანქანის საბუთები გემის კაპიტანს გადავეცი, გაკვირვებული რომ მიყურებდა, პოლიციის ესკორტით მისულ დაგვიანებულ მგზავრს, რომელსაც დიდი პატივით მეპყრობოდნენ იტალიელი სამართალდამცველები და ბოლო წუთამდე არ მომშორებიან. დამშვიდობების დრო რომ მოდგა, თავაზიანი და თბილი მადლობა მოვახსენე ჩემს მასპინძლებადქცეულ პოლიციელებს და მივაყოლე, როგორ გადაგიხადოთ-მეთქი მადლობა, თქვენი ფასდაუდებელი თანადგომისთვის?
ერთმანეთს შეხედეს, გაიცინეს და გერმანულად კარგად მოსაუბრემ მე და სრულიად საქართველოს გადაგვიხადა მადლობა: თქვენ ნუ გაირჯებით, ჩვენ მილანელები ვართ, თქვენს მაგივრად კახი კალაძემ გადაგვიხადა მადლობა ორგზის „ლიგის“ ჩემპიონობით, მშვიდობიან მგზავრობას გისურვებთო!
გაოგნებული ვისმენდი, მილანელი ფეხბურთის „ფანების“ მიერ მოყოლილ, ზღაპარივით სასიამოვნო ისტორიას, რომელმაც გემზე არ დამაგვიანა და დაუვიწყარი მოგონება დამიტოვა, ერთ-ერთი, ჩემი ევროპული მოგზაურობიდან...
უფალს ვთხოვ: დაუბრუნე ქართველს საკუთარი გონებით აზროვნების ძალა და გაათავისუფლე იგი უცხოტომელთა გავლენისგან!
მხოლოდ ამის შემდეგ ეშველება ჩვენს სამშობლოს და ყველგან იკაშკაშებს ქართველთა ნაკვალევი!
დავით ქობალია
(იბეჭდება შემოკლებით)

