თორნიკე ბაღათურია: სამხრეთ კავკასიის ქვეყნები ერთად უნდა ვიყოთ
გვესაუბრება საზოგადოებასთან ურთიერთობის მაგისტრი თორნიკე ბაღათურია:
– ბატონო თორნიკე, ევროკავშირთან საქართველოს ურთიერთობა კვლავ აქტუალურია. კალასი წუხს, საქართველოს მთავრობა ევროკავშირში გასაწევრიანებლად რეალურ ნაბიჯებს არ დგამსო. ახლახან, პრემიერმა ევროკავშირის უმაღლესი რანგის ლიდერებს მიმართა და დანიაში მომხდარ ფაქტზე რეაგირებისკენ მოუწოდა. საით მიდის ევროპა?
– კოლექტიური კაია კალასების პოლიტიკა ჩვენ მიმართ, ცხადია. გაიძახიან, ხელისუფლებამ ევროკავშირთან დასაახლოვებლად ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგასო. ესეც ერთი დიდი ფარსია. ახლახან მარტა კოსმა კავკასიის ქვეყნებად სომხეთი, აზერბაიჯანი და თურქეთი მოიხსენია, რაც ნიშნავს, რომ უნდათ, შუა დერეფნის პროექტიდან ამოგვაგდონ, თუმცა არაფერი გამოუვათ. თეორიულად შეიძლება დავუშვათ, რომ თურქეთის გავლით შემოვლითი სატრანზიტო გზა გაკეთდეს, მაგრამ ეს ჩვენ ვერაფერს დაგვაკლებს, მაქსიმუმ, ტვირთების 10-12% მოგვაკლდეს. ძირითადი დატვირთვა მაინც შუა დერეფანს ექნება, რადგან ის უსაფრთხოების, სტაბილურობის გარანტიაა. არანაკლებ მნიშვნელოვანია შუა დერეფნით ჩინეთის დაინტერესება.
დიახ, პრემიერმა ევროკავშირის ქმედებებს ზუსტი შეფასება მისცა და მათ წარსული ისტორია შეახსენა. კობახიძემ ყურადღება დეგრადირებულ ევროპულ ღირებულებებზეც გაამახვილა. ახლა ევრობიუროკრატია, ღირებულებები უკუსვლისკენ, სრული ფსკერისკენ მიდის.
ისინი ორმაგი სტანდარტებით მოქმედებას არასდროს შეეშვებიან. საქართველოში არსებული გრანტიჭამიებიც ხომ ამით სულდგმულობენ. დანიაში სამართალდამცავებმა მოსახლეობა „ბიტებით“ სცემეს, უფლებამოსილებას გადააჭარბეს და არავის დაუგმია. ჩვენთან კი, პოლიციელებს ლამის ცეცხლი რომ წაუკიდეს, შენობებს ქვები, პიროტექნიკა ესროლეს, ეს მშვიდობიანი აქცია ყოფილა!!! 171 პოლიციელი დაშავდა, მაგრამ ევრობიუროკრატებს არ უთქვამთ, მომიტინგეებმა კანონი დაარღვიესო. დანიის მაგალითის შეფასება ქართველმა ჟურნალისტებმა ფიშერს, ჰერჩინსკის სთხოვეს, რომლებიც კითხვის მოსმენისას უკანმოუხედავად გაიქცნენ. ამ დროს, ჩვენ გვმოძღვრავენ, სიტყვის თავისუფლებას ზღუდავთო. კი ბატონო, მოსახლეობას მართლაც სურდა ევროკავშირში გაწევრიანება, მაგრამ ბოლო ხუთი წელია, ევრობიუროკრატებმა თავიანთი არასწორი საქციელით საკუთარ რეიტინგს ძირი გამოუთხარეს. შედეგად, იქ გაწევრიანების მსურველთა პროცენტულობამ საგრძნობლად იკლო.
– ფიშერმა განაცხადა, საქართველომ ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე, მოლდოვას და უკრაინას საკუთარი თავი მოსწყვიტაო. მოლდოვამ ეს გზა საკუთარი სახელმწიფოს გაუქმების და სხვასთან მიერთების ხარჯზე აირჩია, უკრაინამ კი – ტერიტორიების დათმობის სანაცვლოდ. ჩვენ რა გზას ვირჩევთ?
– მეც სწორედ ამის თქმა მინდოდა. ევროკავშირის გზაზე მოლდოვასა და უკრაინის მსგავსი მსვლელობა ნამდვილად არ გვჭირდება. სანდუმ პირდაპირ თქვა: რუმინეთს შევუერთდებით და ევროკავშირში ასე უფრო მარტივად შევალთო. თანაც დნესტრისპირეთის გაყინული კონფლიქტიც არაფრად ჩააგდო. წარმოიდგინეთ, ჩვენმა ხელისუფლებამ რომ თქვას: მოდი, საფრანგეთს შევუერთდეთ და აფხაზეთი, სამაჩაბლო დავივიწყოთო. ხალხი უმალ კაბნეტებიდან გამოათრევს. ასე რომ, სანდუს არჩეული გზა ევროინტეგრაციისკენ არ გვჭირდება. რაც შეეხება უკრაინას, თუ ვინმე კიდევ ვერ ხვდება, რა გზას ადგას ეს ქვეყანა, საშველი აღარ ყოფილა. ყველაზე მეტად უკრაინელი ხალხი დაიჩაგრა, რომელიც უსამართლო ომში იმყოფება. მილიონ-ნახევრამდე უკრაინელია დახოცილი, თანაც ახალგაზრდები, რომელთაც ერი უნდა გაამრავლონ. 20 მილიონი უკრაინელი ემიგრაციაშია. ზელენსკიმ რაც თავის ქვეყანას დამართა... თუმცა უკრაინა არც არის მისი ქვეყანა. ამას მისი ეროვნების გამო არ ვამბობ. ზელენსკის ქვეყნის სიყვარულის განცდა საერთოდ არ აქვს.
– როგორ ფიქრობთ, ევროპა რუსეთთან დაპირისპირებისთვის ემზადება? ვინ იქნება პირველი მსხვერპლი?
– აქამდე ვფიქრობდი, რომ რუსეთ-უკრაინის ომი ნელ-ნელა დასასრულს უახლოვდებოდა, მაგრამ ვითარება ყოველდღიურად იცვლება. ახლაც, ყველაფერი რადიკალურადაა შეცვლილი. დიდი შანსია, ევროპაში ომი გაჩაღდეს. დიახ, ეს რეალურია. მეტიც, ომის გაჩაღების საფრთხე რეგიონშიც არსებობს. დასავლეთი ძალიან გააქტიურებულია, რასაც ევროპის პოლიტიკური სამიტის სომხეთში ჩატარებაც მოწმობს, სადაც მაკრონიდან დაწყებული, სტარმერით დამთავრებული, ყველა ევროპელი ლიდერი იმყოფებოდა. მაკრონმა აღნიშნა, გიუმრის ბაზის პრობლემა უნდა მოვაგვაროთო. ნეტავ, როგორ აგვარებს? – იჯარის ხელშეკრულება 2044 წელს სრულდება. რუსეთი თავისი ნებით არსაიდან არ გავა. მეორე მხრივ, სომხეთმა უკრაინასთან ხელშეკრულება გააფორმა, რის მიხედვითაც, სომხეთში უკრაინული დრონები უნდა აწარმოონ, რითაც რუსეთის ტერიტორიებს ბომბავენ. ეს რუსეთის წინააღმდეგ მორიგი სახიფათო პროვოკაციაა. რამე რომ მოხდეს, ეს ასახვას საქართველოზეც ჰპოვებს. ფაშინიანმა, რუსეთი უძლიერესი სახელმწიფოა და მისი ინტერესები უნდა გავითვალისწინოთო. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სამხერთ კავკასიის ქვეყნებიდან, რუსეთზე ყველაზე მეტად დამოკიდებული სომხეთია. ფაშინიანის რიტორიკა ახალი პროვოკაციების მანიშნებელია. აქვე, ბალტიისპირეთიც რისკის ფაქტორია. რუსეთის ერთ-ერთი გავლენიანი ფიგურა, კარაგანოვი ამბობს, ტაქტიკური იარაღი უნდა გამოვიყენოთ, მაგალითად, „ორეშნიკი“, რომელსაც ევროპის ერთ-ერთ ქვეყანას დავარტყამთ, რათა მივახვედროთ, რომ უნდა გაჩერდნენო. თუ მაინც არ გაჩერდებიან, მერე ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს ვისვრითო, რომელიც ჰიროსიმასა და ნაგასაკიში გამოყენებულზე სამჯერ უფრო დიდია. უმრავლესობა სწორედ ამას ემხრობა, ხალხი ამ ომით დაიღალა. კარაგანოვის სიტყვებს ბევრი იმეორებს: როგორც ჩანს, ევროპელებს დაავიწყდათ, რომ ატომი არსებობსო. ეს სახიფათო თამაშია. მოვლენების ამგვარი განვითარება მთელი მსოფლიოსთვის სახიფათო იქნება. შესაძლოა, რუსეთმა გერმანიას, მის სამხედრო სამრეწველო კომპლექსს – „რაინმეტალს“ დაარტყას.
– რადგან სომხეთი ვახსენეთ, წინა კვირას იქ ევროპის პოლიტიკური სამიტის ჩატარების მერე, აქაური რადიკალები ალაპარაკდნენ, რომ საქართველო ფუნქციას კარგავს, სამხრეთ კავკასიაში პოლიტიკურ ლიდერობას სომხეთი ირგებსო. რეალობა როგორია?
– მარტა კოსი და სხვები ქმნიან ამინდს, თითქოს საქართველო მოვლენების ეპიცენტრი აღარ არის და რეგიონულმა ცენტრმა სომხეთში გადაინაცვლა, რაც გეოგრაფიულადაც შეუძლებელია და გეოპოლიტიკურადაც. საქართველო ყოველთვის კავკასიის ცენტრი იყო. კი ბატონო, აზერბაიჯანს ბუნებრივი რესურსები გააჩნია, მაგრამ ჩვენ გარეშე ხომ ვერ გაყიდის. სომხეთს ზღვაზე გასასვლელიც კი არ აქვს. ასე რომ, მთავარი აქტორები ჩვენ ვართ.
– ახლახან პრემიერი ბაქოში მყოფებოდა, სადაც ჩვენსა და აზერბაიჯანს შორის ისტორიული მნიშვნელობის ხელშეკრულებები გაფორმდა.
– ეს ვიზიტი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია. სამხრეთ კავკასიაში არსებული სამი ქვეყანა: საქართველო, აზერბაიჯანი და სომხეთი ერთად უნდა ვიყოთ და სწორი, ერთიანი საგარეო პოლიტიკა ვაწარმოოთ. ერთად ყოფნით უფრო გავძლიერდებით. ასევე, უნდა ვეცადოთ, სომხეთ-აზერბაიჯანს შორის ვითარება დასტაბილურდეს. ბაქოში ვიზიტის ფარგლებში, ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო მონაკვეთის ექსპლუატაციაში შესვლას მოეწერა ხელი, რაც კიდევ ერთი კარგი ნიშანია იმისა, რომ სამხრეთ კავკასიის ქვეყნები ერთად უნდა ვიყოთ. სამიტიც წინასაარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი ნაწილი იყო. სტარმერი სომხეთში რომ ჩავიდა, ხალხი გადაირია.
სომხეთშიც ეს ვითარებაა. იქ გამართული სამიტიც ამის მაჩვენებელია – ფაშინიანს, რომელიც მაკრონთან ერთად ქუჩებში დასეირნობდა, რეიტინგი აეწია, რაც დიდი ფარსია. არჩევნების მოახლოებასთან ერთად, რუსეთი, სავარაუდოდ, სომხეთზე ზეწოლას უფრო გაზრდის, რათა ხალხში მეტი პროტესტი გაჩნდეს. ფაშინიანი, ალბათ, გაიმარჯვებს, მაგრამ ის შეიძლება საბოლოოდ მიახვედრონ, რომ ცუდ თამაშს თამაშობს.
თამარ შველიძე
გასაგებია? - დაიხსომეთ
რას არ გაიგებს ადამიანი!
სასწაულად მეშინია ბანკთან საქმის დაჭერის, რომ იტყვიან, მხოლოდ „გამარჯობა“-„ნახვამდის“ ურთიერთობა მაქვს და არც ვიცი, ვისი რა არის, მაგრამ მამუკა ხაზარაძემ თვითონ მოინდომა, გამეგო მისი ვინაობა ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს და ამოვყავი კიდეც თავი „თი-ბი-სი ბანკის“ მიერ დაზარალებულ მოქალაქეთა აქციაზე თავისუფლების მოედანზე. შესაბამისად, უკვე მხოლოდ მე კი არა, ყველამ კარგად ვიცით, მამუკა ხაზარაძე ვინც არის, ასევე, გავიცანით მისი მეგობარი და ბიზნესპარტნიორი ბადრი ჯაფარიძე, რომელთან ერთადაც, ბანკირობასთან შეთავსებით დააფუძნა ოპოზიციური პარტია „ლელო“;
ისიც ვიცით, რომ იგი იყო „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ თანადამფუძნებელი და სურდა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარება, მაგრამ პროექტის მონახაზი სწორედ იმ ღრმა წყალში ჩაუვარდა და რომ მოსთხოვეს, პროექტი რა უყავიო, ხელები გაასავსავა, მე რა ვიცი, აგერ, ბიძინა ივანიშვილმა გადამიგდო წყალშიო და საქართველოს ისე უჩივლა, კომპენსაციის სახით, ლამის საქართველოს ბიუჯეტს, ოთხ მლრდ ლარს ითხოვდა. „ლელოს“ კონსორციუმმა ორი საარბიტრაჟო დავაც წააგო და 2024 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებიც. იფიქრა, ახლა რა ვქნაო და ცოტა გაბლატავება გადაწყვიტა, მის მიერ არალეგიტიმურად მიჩნეული პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე არ გამოცხადდა და ვირის აბანო ამჯობინა, მაგრამ ეტყობა, იქაური მენიუ არ მოეწონა და გადაიფიქრა ძველბიჭობა, შეწყალება მოუნდა. უცებ, დაჰკრა ფეხი და გაშპა. მერე გავიგეთ, რომ ბრიუსელის პროექტზე - „საქართველოს სახლი ევროპაში“ მუშაობდა.
ახლა, ბელგიური მედიის მიერ მოწოდებული ინფორმაციით ვიგებ, რომ თურმე „ხაზარაძეების ფონდმა“ ბრიუსელში, არტ-ნუვოს სტილის ისტორიული შენობა Aეგიდიუმ შეიძინა, სადაც პირველი ქართული მულტიფუნქციური, კულტურული სივრცე განთავსდება.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ცენტრი უმასპინძლებს სხვადასხვა ღონისძიებას, შეხვედრებსა და ფორუმებს და მისი მთავარი ამოცანა საქართველოს ევროპული იდენტობის გამოკვეთა და ევროპის პოლიტიკურ ცენტრში საქართველოს ხმის დაბრუნებაა.
„აეგიდიუმი“ იქცევა სივრცედ, რომელიც მჭიდროდ დააკავშირებს საქართველოს ევროპასთან, მის ისტორიულ ოჯახთან. აქ თავს მოიყრის საქართველო მთელი თავისი მემკვიდრეობით, ეროვნული ტრადიციებით, ისტორიით, კულტურითა და პოლიფონიური მრავალფეროვნებით. „აეგიდიუმი“ იქნება ყოველივე ქართულის და ყველა ქართველის შეხვედრის ადგილი ევროპის გულში“, - აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.
რაღაც მინდოდა მეთქვა, მაგრამ უცბათ თვალში მომხვდა „დიმიტრი ყიფიანი“ და ჩავყევი.
„სიმბოლურია, რომ ამ შენობას უკავშირდება ცნობილი ქართველი სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწის, დიმიტრი ყიფიანის შვილიშვილის, მეცნიერის, ბარბარე ყიფიანის სახელი, რომელიც XX საუკუნის დასაწყისში ბრიუსელში სწორედ ამ სივრცეში აწყობდა შეხვედრებს როგორც საქართველოს კეთილი ნების ელჩი ევროპაში.
ბარბარე ყიფიანი საქართველოს კულტურული ღირებულებების ერთ-ერთი პირველი გამავრცელებელი იყო, რომელსაც სჯეროდა, რომ საქართველოს მომავალი ევროპაშია.
„ეგიდიუმი არის ისტორიითა და ემოციებით აღსავსე ადგილი. ჩვენი სურვილია აღვადგინოთ ის ისე, რომ შევუნარჩუნოთ თავისი ავთენტური სული“, - განუცხადა ბელგიურ გამოცემა დჰნეტ-ს მამუკა ხაზარაძემ, რომელიც რამდენიმე თვეა, საქართველოში არ იმყოფება.
ვაიიი, შენ შეგჭამოს დამშეულმა ლურჯმა მელამ, ხაზარაძე უტიფარო, მღლეტელო და ცრუვ!
არ გაუვიდათ ილეთი ბიჭებს და გამომივიდნენ ახლა საქართველოზე გულდამწვარი მეცენატები!
შეურცხვეს სინდის-ნამუსის მატარებელი ულვაში, მაგრამ სად აქვს ერთი ღერი მაინც!
ახლახან ამოვქექე 2025 წლის 19 მაისის ინფორმაცია, სადაც ბატონმა ზურაბ ქადაგიძემ მოკლედ ჩამოაყალიბა და გასაგებია, რასაც აარსებს, რანაირად და რა ფულით: „როდესაც მართლმსაჯულების ოკუპაციით (უკრაინის და ალბანეთის მაგალითი);
არჩევნების გაუქმების ბერკეტებით (რუმინეთის მაგალითი);
რევოლუციის მოწყობის მცდელობით;
ხელისუფლების მაღალჩინოსნების დასანქცირებით;
სოციალური აფეთქების პერსპექტივითა და ათასი ინსინუაციის წყალობით, ხელისუფლებას ვერ ცვლი, რჩება ბოლო გზა – ეკონომიკური ექსპანსია!
„ბლექ-როკი” რასაც წარმოადგენს, ჩემი ახსნა აღარ სჭირდება.
არც იმას სჭირდება ახსნა, „საქართველოსა“ და „თიბისი” ბანკები, რა მასშტაბის ქონებას ფლობენ.
რატომ გადაუფორმა ნახევარი საქართველო ამ ორ ბანკს სააკაშვილმა, ცალკე თემაა, თუმცა დღეს, ამ ქონების განმკარგავი, ამ ბანკების მმართველი საბჭო კი არა, არამედ ზემოხსენებული “ბლექ-როკია”. დიახ, პოლიტიკურ ოკუპაციას თუ ვერ მოახერხებს „დიიფ სთეითი“, ეკონომიკური ექსპანსიით ეცდება საწადლის მიღწევას.
ასე რომ, არსად გამქრალა რევოლუციის, გადატრიალებისა და ომის საფრთხე, უფრო სხვა სახით შეეცდება გავლენების მოპოვებას და ჩემი აზრით, უფრო გათვლილ-გაზომილი მეთოდებით, რასაც, სამწუხაროდ, უფრო მეტი ეფექტი ექნება.
ამიტომ, რისკია, ნებისმიერი ბიზნესი ამ ორ ბანკს დაუკავშიროთ ინვესტორებმა და საქმოსნებმა, რადგან ნებისმიერ დროს, გამოგიყენებენ საზარბაზნე ხორცად და ვიდრე თქვენს კაპიტალს მათ ანდობთ, დიდი დაფიქრება გმართებთ.
და მეორე - ყველამ იცოდეთ, ვისაც პრეტენზია გაქვთ საპროცენტო განაკვეთებისა და შემოთავაზებული კაბალური პირობების გამო, არც „თიბისი“ და არც „საქართველოს ბანკი“, ქართული საზოგადოებრივი ინტერესებიდან აღარასდროს იხელმძღვანელებს.
ისინი მხოლოდ “ბლექ-როკის” ნების აღმსრულებლები იქნებიან.
როდესაც დასჭირდებათ, ისე „გაგატყავებენ“, წამითაც არ დაფიქრდებიან.
ყოველთვის ვამბობდი, რომ სააკაშვილზე დიდი ნაძირალა, ის ბანკირები და ბიზნეს-პერსონები არიან, ვინც ნაციონალურ რეჟიმს ემსახურებოდა და ახლაც ემსახურება.
სააკაშვილმა თუ სახელმწიფო სუვერენიტეტი „აგენტოკრატიას“ დაუქვემდებარა, ეს ბანკები და ბიზნესმენები ქვეყნის ეკონომიკურ ექსპანსიას უწყობენ ხელს!“
დაიხსომეთ! კომპანია „ბლექ-როქმა,“ რომელსაც აშშ-ის პოლიტიკური ისტებლიშმენტის ნაწილი „დიფ-სთეითის“ მთავარ ინსტრუმენტად მოიხსენიებს, „თი-ბი-სი ბანკის“ 5,02%-იანი წილი შეისყიდა. კომპანია ასევე, „საქართველოს ბანკის“ მეწილეთა სიაში 6,1%-ით მეორე ადგილს იკავებს. ასე რომ, თუ უცბად გაგატყავებენ, „ქართულ ოცნებას“ ნუ მიადგებით, შენი ბრალია და შენვე მიშველეო!
მაკა ჯაყელი

