გასაგებია? - დაიხსომეთ
რას არ გაიგებს ადამიანი!
სასწაულად მეშინია ბანკთან საქმის დაჭერის, რომ იტყვიან, მხოლოდ „გამარჯობა“-„ნახვამდის“ ურთიერთობა მაქვს და არც ვიცი, ვისი რა არის, მაგრამ მამუკა ხაზარაძემ თვითონ მოინდომა, გამეგო მისი ვინაობა ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს და ამოვყავი კიდეც თავი „თი-ბი-სი ბანკის“ მიერ დაზარალებულ მოქალაქეთა აქციაზე თავისუფლების მოედანზე. შესაბამისად, უკვე მხოლოდ მე კი არა, ყველამ კარგად ვიცით, მამუკა ხაზარაძე ვინც არის, ასევე, გავიცანით მისი მეგობარი და ბიზნესპარტნიორი ბადრი ჯაფარიძე, რომელთან ერთადაც, ბანკირობასთან შეთავსებით დააფუძნა ოპოზიციური პარტია „ლელო“;
ისიც ვიცით, რომ იგი იყო „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ თანადამფუძნებელი და სურდა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარება, მაგრამ პროექტის მონახაზი სწორედ იმ ღრმა წყალში ჩაუვარდა და რომ მოსთხოვეს, პროექტი რა უყავიო, ხელები გაასავსავა, მე რა ვიცი, აგერ, ბიძინა ივანიშვილმა გადამიგდო წყალშიო და საქართველოს ისე უჩივლა, კომპენსაციის სახით, ლამის საქართველოს ბიუჯეტს, ოთხ მლრდ ლარს ითხოვდა. „ლელოს“ კონსორციუმმა ორი საარბიტრაჟო დავაც წააგო და 2024 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებიც. იფიქრა, ახლა რა ვქნაო და ცოტა გაბლატავება გადაწყვიტა, მის მიერ არალეგიტიმურად მიჩნეული პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე არ გამოცხადდა და ვირის აბანო ამჯობინა, მაგრამ ეტყობა, იქაური მენიუ არ მოეწონა და გადაიფიქრა ძველბიჭობა, შეწყალება მოუნდა. უცებ, დაჰკრა ფეხი და გაშპა. მერე გავიგეთ, რომ ბრიუსელის პროექტზე - „საქართველოს სახლი ევროპაში“ მუშაობდა.
ახლა, ბელგიური მედიის მიერ მოწოდებული ინფორმაციით ვიგებ, რომ თურმე „ხაზარაძეების ფონდმა“ ბრიუსელში, არტ-ნუვოს სტილის ისტორიული შენობა Aეგიდიუმ შეიძინა, სადაც პირველი ქართული მულტიფუნქციური, კულტურული სივრცე განთავსდება.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ცენტრი უმასპინძლებს სხვადასხვა ღონისძიებას, შეხვედრებსა და ფორუმებს და მისი მთავარი ამოცანა საქართველოს ევროპული იდენტობის გამოკვეთა და ევროპის პოლიტიკურ ცენტრში საქართველოს ხმის დაბრუნებაა.
„აეგიდიუმი“ იქცევა სივრცედ, რომელიც მჭიდროდ დააკავშირებს საქართველოს ევროპასთან, მის ისტორიულ ოჯახთან. აქ თავს მოიყრის საქართველო მთელი თავისი მემკვიდრეობით, ეროვნული ტრადიციებით, ისტორიით, კულტურითა და პოლიფონიური მრავალფეროვნებით. „აეგიდიუმი“ იქნება ყოველივე ქართულის და ყველა ქართველის შეხვედრის ადგილი ევროპის გულში“, - აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.
რაღაც მინდოდა მეთქვა, მაგრამ უცბათ თვალში მომხვდა „დიმიტრი ყიფიანი“ და ჩავყევი.
„სიმბოლურია, რომ ამ შენობას უკავშირდება ცნობილი ქართველი სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწის, დიმიტრი ყიფიანის შვილიშვილის, მეცნიერის, ბარბარე ყიფიანის სახელი, რომელიც XX საუკუნის დასაწყისში ბრიუსელში სწორედ ამ სივრცეში აწყობდა შეხვედრებს როგორც საქართველოს კეთილი ნების ელჩი ევროპაში.
ბარბარე ყიფიანი საქართველოს კულტურული ღირებულებების ერთ-ერთი პირველი გამავრცელებელი იყო, რომელსაც სჯეროდა, რომ საქართველოს მომავალი ევროპაშია.
„ეგიდიუმი არის ისტორიითა და ემოციებით აღსავსე ადგილი. ჩვენი სურვილია აღვადგინოთ ის ისე, რომ შევუნარჩუნოთ თავისი ავთენტური სული“, - განუცხადა ბელგიურ გამოცემა დჰნეტ-ს მამუკა ხაზარაძემ, რომელიც რამდენიმე თვეა, საქართველოში არ იმყოფება.
ვაიიი, შენ შეგჭამოს დამშეულმა ლურჯმა მელამ, ხაზარაძე უტიფარო, მღლეტელო და ცრუვ!
არ გაუვიდათ ილეთი ბიჭებს და გამომივიდნენ ახლა საქართველოზე გულდამწვარი მეცენატები!
შეურცხვეს სინდის-ნამუსის მატარებელი ულვაში, მაგრამ სად აქვს ერთი ღერი მაინც!
ახლახან ამოვქექე 2025 წლის 19 მაისის ინფორმაცია, სადაც ბატონმა ზურაბ ქადაგიძემ მოკლედ ჩამოაყალიბა და გასაგებია, რასაც აარსებს, რანაირად და რა ფულით: „როდესაც მართლმსაჯულების ოკუპაციით (უკრაინის და ალბანეთის მაგალითი);
არჩევნების გაუქმების ბერკეტებით (რუმინეთის მაგალითი);
რევოლუციის მოწყობის მცდელობით;
ხელისუფლების მაღალჩინოსნების დასანქცირებით;
სოციალური აფეთქების პერსპექტივითა და ათასი ინსინუაციის წყალობით, ხელისუფლებას ვერ ცვლი, რჩება ბოლო გზა – ეკონომიკური ექსპანსია!
„ბლექ-როკი” რასაც წარმოადგენს, ჩემი ახსნა აღარ სჭირდება.
არც იმას სჭირდება ახსნა, „საქართველოსა“ და „თიბისი” ბანკები, რა მასშტაბის ქონებას ფლობენ.
რატომ გადაუფორმა ნახევარი საქართველო ამ ორ ბანკს სააკაშვილმა, ცალკე თემაა, თუმცა დღეს, ამ ქონების განმკარგავი, ამ ბანკების მმართველი საბჭო კი არა, არამედ ზემოხსენებული “ბლექ-როკია”. დიახ, პოლიტიკურ ოკუპაციას თუ ვერ მოახერხებს „დიიფ სთეითი“, ეკონომიკური ექსპანსიით ეცდება საწადლის მიღწევას.
ასე რომ, არსად გამქრალა რევოლუციის, გადატრიალებისა და ომის საფრთხე, უფრო სხვა სახით შეეცდება გავლენების მოპოვებას და ჩემი აზრით, უფრო გათვლილ-გაზომილი მეთოდებით, რასაც, სამწუხაროდ, უფრო მეტი ეფექტი ექნება.
ამიტომ, რისკია, ნებისმიერი ბიზნესი ამ ორ ბანკს დაუკავშიროთ ინვესტორებმა და საქმოსნებმა, რადგან ნებისმიერ დროს, გამოგიყენებენ საზარბაზნე ხორცად და ვიდრე თქვენს კაპიტალს მათ ანდობთ, დიდი დაფიქრება გმართებთ.
და მეორე - ყველამ იცოდეთ, ვისაც პრეტენზია გაქვთ საპროცენტო განაკვეთებისა და შემოთავაზებული კაბალური პირობების გამო, არც „თიბისი“ და არც „საქართველოს ბანკი“, ქართული საზოგადოებრივი ინტერესებიდან აღარასდროს იხელმძღვანელებს.
ისინი მხოლოდ “ბლექ-როკის” ნების აღმსრულებლები იქნებიან.
როდესაც დასჭირდებათ, ისე „გაგატყავებენ“, წამითაც არ დაფიქრდებიან.
ყოველთვის ვამბობდი, რომ სააკაშვილზე დიდი ნაძირალა, ის ბანკირები და ბიზნეს-პერსონები არიან, ვინც ნაციონალურ რეჟიმს ემსახურებოდა და ახლაც ემსახურება.
სააკაშვილმა თუ სახელმწიფო სუვერენიტეტი „აგენტოკრატიას“ დაუქვემდებარა, ეს ბანკები და ბიზნესმენები ქვეყნის ეკონომიკურ ექსპანსიას უწყობენ ხელს!“
დაიხსომეთ! კომპანია „ბლექ-როქმა,“ რომელსაც აშშ-ის პოლიტიკური ისტებლიშმენტის ნაწილი „დიფ-სთეითის“ მთავარ ინსტრუმენტად მოიხსენიებს, „თი-ბი-სი ბანკის“ 5,02%-იანი წილი შეისყიდა. კომპანია ასევე, „საქართველოს ბანკის“ მეწილეთა სიაში 6,1%-ით მეორე ადგილს იკავებს. ასე რომ, თუ უცბად გაგატყავებენ, „ქართულ ოცნებას“ ნუ მიადგებით, შენი ბრალია და შენვე მიშველეო!
მაკა
ჯაყელი

