ელიზბარ ჯაველიძე: ჩვენ პატარა კი არა, მცირედი ერი ვართ, რომელიც დღითიდღე ძლიერდება!

ელიზბარ ჯაველიძე: ჩვენ პატარა კი არა, მცირედი ერი ვართ, რომელიც დღითიდღე ძლიერდება!

გვესაუბრება მწერალი, აკადემიკოსი ელიზბარ ჯაველიძე:

– ჩემი ახალგაზრდობის პერიოდში, ევროპისკენ მივილტვოდით, რადგან გვეგონა, იქ დემოკრატია, თავისუფლება იყო. ღამეებს ვათენებდით, რომ „ამერიკის ხმისთვის“ მოგვესმინა. გვეამაყებოდა, რომ ისეთი ქვეყანა არსებობდა, როგორიც ამერიკაა და იქ შეკედლებულები თავისუფლებას უნდა ვზიარებოდით. მოგვიანებით, გადავაფასე ყველაფერი და მივხვდი, რომ ამერიკაში თავისუფლება კი არ არის, არამედ ეს არის ქვეყანა, რომელსაც სურს, ჰეგემონი იყოს და მსოფლიო მართოს. ევროპამაც იგივე გადმოიღო. წიგნში „ვახ-მე, ჩემო მამულო“ ეს პრობლემა მწვავედ წამოვწიე. მე თუ მკითხავთ, ამ უწიგნურ ევრობიუროკრატებს ხელისუფლებამ პასუხი არც უნდა გასცეს. 
იქამდე მივიდნენ, რომ ჩვენი ქართული ეროვნული ტელეარხების დასანქცირება დაიწყეს. დღეს მე „ტელეიმედის“ და „პოსტვ“-ის გარდა, არცერთ სატელევიზიო არხს არ ვუყურებ, თვალიც კი არ შემივლია, ისე მიშლის ნერვებს მათი არაობიექტურობა, უვიცობა. თანაც, ჟურნალისტებმა წესიერად ქართულად მეტყველებაც არ იციან. გაიძახიან: სახელმწიფოს მხრიდან ასე და ისე ხდებაო. რა მხრიდან, რის მხრიდან, სირცხვილია ასეთი უცოდინრობა. ასე უნდა წერდეს და საუბრობდეს ჟურნალისტი?!
ახლა ის ვიკითხოთ, ოპოზიცია როგორი გვყავს. სამწუხაროდ, ჩვენ დღეს ოპოზიცია არ გვყავს. ოპოზიციონერობა არ ნიშნავს, თუ არ ამირჩევ, მოგსპობ და გაგანადგურებო. ოპოზიციამ პოზიციას რჩევები უნდა მისცეს, თუ ხელისფლებას რაიმე შეეშლება შეუსწოროს და არა დღედაღამ ქვეყნის ნგრევაზე ფიქრობდეს. მათ მე, საერთოდ, ხალხს არ ვუწოდებ. ამ არსებებს არ უყვართ თავიანთი ქვეყანა, დედა, მამა, შვილი, არც ერთმანეთი.
– ბატონო ელიზბარ, 26 მაისი ქართველი ერისთვის მნიშვნელოვანი დღეა. რადიკალებმა სცადეს, ეროვნული დღესასწაული რადიკალიზმში გადაეზარდათ. 
– დღეს ეს ქუჩის მაწანწალები თავგამოდებით გვიმტკიცებენ, ევროპა გადაგვარჩენსო. მათ, სინამდვილეში, ევროპა კი არა, არამედ საქართველოს, ქართველი ხალხის დაღუპვა უნდათ. სირცხვილია, როცა ეს ხალხი 26 მაისს ბევრი ადამიანის გამოყვანას აანონსებდა და ამით გვემუქრებოდა. პირადად მე, მივიჩნევ, რომ ამ მაწანწალების ფეხის ხმას აყოლილ ადამიანებს, ღირსება დაკარგული აქვთ. ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ უნდა შევიგნოთ, რომ დამკვეთი ევრობიუროკრატიაც და მათი დავალებების უტყვად შემსრულებელნიც, ევროპელები კი არა, საქართველოს მტრები არიან. მათ სურდათ 26 მაისს – ქართველი ერისთვის ამ უმნიშვნელოვანეს დღეს – საკუთარი თავი ბოლომდე წარმოეჩინათ. მათ „გმირობებს“ ხომ ისედაც ყოველდღიურად ვხედავთ. მთელი უბედურება ის არის, რომ ამ უსამშობლოებმა არც კი იციან, რატომ არის ქართველი ერისთვის 26 მაისი მნიშვნელოვანი. ეს რომ იცოდნენ, ამ დღეს ასე არ დააკნინებდნენ. უფრო სწორად, ამ დღეს კი არა, საკუთარ თავს არ დააკნინებდნენ და მასხრად არ აიგდებდნენ. 
საქართველოს დამოუკიდებლობა 1918 წელს გამოცხადდა. სხვათა შორის, მაშინ ყველა როდი იყო თანახმა, დამოუკიდებლობა მიგვეღო. თუმცა, საქართველოს ეროვნული გმირის მიხაკო წერეთლისა და სხვათა მიზანი იყო, რომ ქართველები დამოუკიდებელნი ყოფილიყვნენ, რაც კიდევაც შევძელით. მართალია, ცოტა ხნით, მაგრამ ქართველებმა მაშინ დამოუკიდებლობის მოპოვება მოახერხეს. 
დამოუკიდებლობა თითოეული ქართველისთვის სანუკვარი იყო, მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა კავშირის დროს პარტოკრატია ცდილობდა, ამ დღეს ჩვენთვის მნიშვნელობა დაეკარგა, თავისუფლების წყურვილის ცეცხლი მაინც ყველა ქართველის გულში იყო, ვისაც განათლება, ჭკუა ჰქონდა. ზვიად გამსახურდია, მერაბ კოსტავა და სხვანი თავისუფლებისთვის მებრძოლი ადამიანები იყვნენ. ჩვენ თანატოლები ვიყავით. მათ მითხრეს: ჩვენი მიზანია საქართველო გათავისუფლდეს და დამოუკიდებლობას მივაღწიოთო. ეს იყო მათი უმთავრესი პრინციპი. 
26 მაისთან დაკავშირებით ერთ ისტორიას გავიხსენებ: იმ პერიოდში „ლიტერატურული საქართველოს“ მთავარი რედაქტორი ვიყავი და ახალგაზრდებში დიდი ავტორიტეტი მქონდა. მაშინ „ლიტერატურული საქართველო“ ერთადერთი გაზეთი იყო, რომელიც ეროვნულ პოზიციებზე იდგა და ყველაფერს აშუქებდა. ახალგაზრდები ჩემთან მოვიდნენ და მითხრეს: გვინდა, 26 მაისს ქუჩაში გამოვიდეთ და ნება დაგვრთეთო. მათ შევთავაზე, ღონისძიება ქუჩის ნაცვლად თეატრში გავმართოთ-თქო. ცეკას მდივანს, გურამ ენუქიძეს დავუკავშირდი და ვუთხარი: ბავშვებს დღესასწაულის აღნიშვნა სურთ და იქნებ, ადგილი გამოუყოთ-მეთქი. ღონისძიების ჩასატარებლად ჟურნალისტთა სახლის დარბაზი დაგვითმეს, სადაც ორასი ადამიანი ეტეოდა. თუმცა, ახალგაზრდები რომ მოვიდნენ, უკანა რიგებში 50 ადგილი უკვე დაკავებული დახვდათ, ალბათ, ხვდებით, ვის მიერაც. ბავშვებმა ეს ადამიანები რომ დაინახეს ქუჩაში გავიდნენ. მაშინ ირაკლი ბათიაშვილიც იქ იყო, რომელმაც დაიძახა: ქუჩის მსვლელობა გავმართოთო. გურამ ენუქიძე მოვიდა და მთხოვა, ახალგაზრდები უკან დამებრუნებინა, თუმცა, ეს უკვე შეუძლებელი იყო. ისინი გარეთ გავიდნენ და გარე სამყაროში პირველად, შეძახილი: „თავისუფლება საქართველოს!“ სწორედ მაშინ გაისმა. ეს წამები ჩემთვის საამაყოა, რადგან ეს ახალგაზრდობა საქართველოს სიყვარულით იწვოდა, თავის სამშობლოს აღმერთებდა. დღეს ინგლისური ენა თუ არ იცი, ქართველად არ მიგიჩნევენ. მაშინ ინგლისური პოპულარული საერთოდ არ იყო. მე გერმანულს ვსწავლობდი. მეცნიერება უფრო გერმანულ ენაზე იქმნებოდა. 
მერე ცხვრის ტყავში გახვეული მგელი – ამერიკა რომ შემოვიდა, საქმე იქამდე მივიდა, რომ დღეს უმაღლეს სასწავლებლებში დისერტაციებს ინგლისურ ენაზე იცავენ, ისე დიპლომს არავინ მოგცემს. ეს სააკაშვილმა დააწესა. სამშობლო არც მას აინტერესებდა და არც შევარდნაძეს. ორივე კარიერისტები იყვნენ. შევარდნაძე გვამებზე გადადიოდა, რათა დაწინაურებულიყო.
– ბატონო ელიზბარ, დღევანდელი ახალგაზრდობისთვის 26 მაისს რა დატვირთვა აქვს? 
– 26 მაისი ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავასთვის ბედნიერების, სიხარულის წამები იყო. ამ დღეს მთელი საქართველო ზეიმობდა. დღეს ამ რადიკალებს, ვითომ ოპოზიციას და მათ პატრონებს უფლება არ აქვთ არათუ იზეიმონ, არამედ საერთოდ, 26 მაისზე ილაპარაკონ, ქართულ მიწაზე იცხოვრონ, რადგან ისინი საქართველოს მტრები არიან. 
მთავარი პრობლემა კიდევ ის არის, რომ დღეს ქართველთა შემცირების საკითხი დგას, უცხოელების აქ დამკვიდრებით თუ კიდევ სხვა ფორმებით. ხელისუფლება ქვეყნისთვის ბევრ სასიკეთო საქმეს აკეთებს. ზედმეტი დემოკრატიულობის გამოჩენა მტრის მიმართ არ ივარგებს. 
ადრე თამაზ წივწივაძე ამბობდა, ლოზუნგების ქვეყანა ვართო. ახლა ჯარიმების ქვეყანა გავხდით. მართალია ხელისუფლება ბეწვის ხიდზე გადის, თუმცა პრინციპულობა არ უნდა დაკარგოს. ევრობიუროკრატების ბრალდებებზე პასუხის გაცემა შედეგს არ მოგვიტანს. რადიკალები გვარწმუნებენ, ევროპა დაგვიცავსო. უკვე ხომ ვნახეთ, გასაჭირის ჟამს როგორაც დაგვიცვეს, – ამერიკამ პამპერსები გამოგვიგზავნა. 
მე დღესაც „ქართული ოცნების“ პოლიტიკის გამტარებელი და მხარდამჭერი ვარ. მახარებს ისიც, რომ ილიასეულ ტრიადას: „ენა, მამული, სარწმუნოება“, მყარად იცავენ. საქართველოზე ამბობენ, პატარააო. არა, ბატონო, ჩვენ პატარა კი არა, მცირედი ერი ვართ და დღითიდღე ვძლიერდებით. სამწუხაროდ, დემოგრაფიის კუთხით სერიოზული პრობლემები გვაქვს: დღეს გაცილებით მეტი ადამიანი კვდება, ვიდრე იბადება. ჩვენ მომავალ თაობას განვითარების კუთხით ხელი უნდა შევუწყოთ. მრავალშვილიან ოჯახებს უნდა მივხედოთ. ერი უნდა გამთლიანდეს. საოცრად ამაყი ვარ იმით, რაც პატრიარქის დაკრძალვაზე ვიხილე. ასეთი ერთსულოვნება აქამდე არასდროს მინახავს. მთელი ქართველი ერი ერთად იდგა. თუნდაც, ავიღოთ ოჯახის სიწმინდის დღე – 17 მაისი, რა დროსაც ქუჩაში ზღვა ხალხი გამოვიდა. თუ რწმენაში არ გავძლიერდით, მამულს არ მოვუარეთ, გადავშენდებით და ჩვენს სამშობლოს სხვები დაეპატრონებიან.
ყველა ზემოჩამოთვლილი პრობლემა განათლების სისტემის გაუმართაობას უკავშირდება. მადლობა ღმერთს, ხელისუფლებამ რეალური რეფორმის გატარება დაიწყო. ჩემი აზრით, განათლების სისტემას მაშინ ეშველება, როცა განათლების სამინისტროდან ლომაიას აჩრდილი გაქრება. 
მიხარია, რომ ამჟამად განათლების სამინისტროს ღირსეული, წესერი ქართველი კაცი გივი მიქანაძე ხელმძღვანელობს, რომელსაც ბავშვებიც უყვარს და მასწავლებლებიც. სამწუხაროდ, დღეს ყველა სფეროში აქვთ კუდი მიხუინებს დატოვებული. დღემდე დედაუნივერსიტეტში ნაცების მომხრე სამასამდე პროფესორ-მასწავლებელია. 
ღიად ვაცხადებ: ჩვენ არავის დახმარების იმედი არ უნდა გვქონდეს, არც ევროპის, არც ამერიკის და არც ვინმე სხვისი. ჩვენი სამშობლო თავად უნდა დავიცვათ. ქვეყნის შიდა და გარე მტრებს ქვეყნის არევა სურთ, რისი კიდევ ერთი მაგალითიც 26 მაისი იყო. აქციაზე თავების დათვლას რომ აპირებდნენ, ეს სასაცილოც აღარაა. არ მესმის, როგორ გაბედეს, ქართველი ერისთვის უმნიშვნელოვანეს დღეს ამ ცირკის მოწყობა. ერმა მათ ყოველ უღირს ნაბიჯს ღირსეული პასუხი უნდა გასცეს.

თამარ შველიძე