იური პაპასქუა: განათლების რეფორმამ ტაძრამდე უნდა მიგვიყვანოს!
(გაგრძელება.
დასაწყისი იხ. „სგ“ N1)
გვესაუბრება ეკონომიკურ
მეცნიერებათა აკადემიური
დოქტორი, სსუ-ის პროფესორი
იური პაპასქუა:
კონცეფციაში ბევრი დეტალია მოცემული, რომელიც გულდასმით არის განსახილველი (საუნივერსიტეტო სწავლების 3+1 სისტემა, 12-წლიანი სწავლების 11-წლიან სწავლებამდე შემცირება, საკადრო პოლიტიკა და საშტატო განაკვეთები, რესურსების ოპტიმიზაცია, საუნივერსიტეტო ცენტრების შექმნა და სხვა). შეზღუდული ფორმატის გამო, ყველას ერთდროულად ვერ შეეხები და არგუმენტირებულად ვერ განიხილავ, თუმცა საჭიროა ყველა დეტალზე ყურადღების მიქცევა. შესაძლოა, ავტორიტეტულ რესპოდენტთან მიზანმიმართულად, მხოლოდ თემატური, ცალკეულ საკითხზე დიალოგის გამართვა. ამიტომაც შევნიშნე, რომ ამ პროცესში დარგის მცოდნე, გამოცდილი სპეციალისტები უნდა ჩაერთონ.
_ 90-იანი წლების მერე, საბჭოთა სწავლებიდან ახალ ეტაპზე გადავინაცვლეთ. ლომაიას მინისტრობიდან მოყოლებული, განათლების სისტემა მუდმივად რეფორმების გატარების რეჟიმშია. რა მოგვცა ამ დაუსრულებელმა რეფორმებმა, რაც დღემდე გრძელდება?
კარგი არაფერი - არასტაბილურობა, სისტემის მოშლა, სწავლების ხარისხის გაუარესება.. სწორად შენიშნეთ, საქართველოს დამოუკიდებლობის დეკლარირებიდან დაწყებული განუწყვეტელი და დაუსრულებელი რეფორმები მიმდინარეობს. ყველა მინისტრი ახალი ავანტიურით მოვიდა - ზოგმა სპეციალობები გააუქმა, გოგებაშვილის დედა-ენა მშობლიურობისგან გამოშიგნული სახელმძღვანელოთი ჩაანაცვლა, ზოგმა - სააკრეტიზაციო მოთხოვნები გაამკაცრა, პედაგოგთა გამოცდები შემოიღო, ზოგმა - შესვენებებზე მოსწავლეთათვის ვაშლების დარიგება დაამკვიდრა და კომბლეს ზღაპარი აითვალისწუნა, კომპიუტერული თამაშებით სურდა მოსწავლეებისთვის ცოდნის შეყვარება. ზოგი მოვიდა და წავიდა (მათი ნამოღვაწარის ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს). თქვენ ახსენეთ და მეც ამიტომ ვიტყვი: მინისტრებს შორის, ლომაია ყველაზე რეფორმატორი გამოდგა. მან „წარუშლელი“ კვალი დატოვა განათლებაში - ხელი მოაწერა ბოლონიის დეკლარაციას, რითაც საქართველო უმაღლესი განათლების ერთიან ევროპულ სივრცეს შეუერთდა. 12-წლიანი ზოგადი განათლება, ეროვნული სასწავლო გეგმა, ბაკალავრიატი-მაგისტრატურა-დოქტორანტურის სისტემა, ერთიანი ეროვნული გამოცდები მისი მინისტრობიდან მოდის. ლომაიას ეკუთვნის ქართული განათლების სისტემის დეცენტრალიზაცია, აგრეთვე სკოლების ოპტიმიზაციის პროგრამა, რომელმაც მაღალმთიანი სოფლები უსკოლოდ, უმასწავლებლოდ დატოვა და ხელი შეუწყო მათ დაცლას. მისი ნაქარბორბალი დღემდე მძიმე ტვირთად აწევს სისტემას და საქართველოს ახალგაზრდობის სწავლა-განათლებას. მოკლედ, მინისტრები იცვლებოდნენ და ცალკეული გამონათების გარდა, მათმა გაუაზრებელმა ახირებებმა განაპირობა განათლების სისტემის, მეცნიერებისა და მთლიანად სამეცნიერო პოტენციალის დეგრადაცია, მოსწავლეთა და სტუდენტთა პოლიტიკურ პროცესებში ჩართვა, თუმცა ასეთი ვითარება მხოლოდ მინისტრების დამსახურება არ არის. რეფორმები გარედან თავსმოხვეული, მართული სცენარით მიმდინარეობდა. დახმარებებისა და მხარდაჭერის იმედით, ხელისუფლება მადლიერებით დასთანხმდა საქართველოსთვის განვითარებადი ქვეყნის სტატუსის მიკუთვნებას და გულმოდგინედ ასრულებდა „მეგობარი“ დასავლეთიდან მიღებულ მითითებებს. მინისტრებს ამ პროცესში მიამიტური შემსრულებლების როლი ერგოთ და მათი პირადი ინიციატივები სამოქმედო გენერალური ხაზის კონტურებს გასდევდა.
როგორ ფიქრობთ, რა მოდელით უნდა ხდებოდეს სწავლება? საბჭოთა კავშირის დროს გერმანული მოდელი გვქონდა. მოქმედ მოდელს, რაც ზემოთ ახსენეთ, „ბოლონიის პროცესს“ ეძახიან, რომელსაც ამერიკაში უარყოფენ. რას გვთავაზობს ახალი კონცეფცია და თქვენ როგორ აფასებთ მას?
ვერ ვიტყვი, რომ საბჭოთა განათლების სისტემა ცუდი იყო. მე ამ სისტემაში მაქვს მიღებული განათლება და მისგან არაფერი დამკლებია. საბჭოური განათლების სისტემა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. მის ელემენტებს წარმატებით იყენებს ბრიტანეთის გაერთიანებული სახელმწიფო და სხვა ქვეყნებიც. აშკარაა, რომ კონცეფციის ავტორები იმ გამოცდილებიდან ცალკეული მიდგომის დაბრუნებას აპირებენ. ამაში ცუდი არაფერია. უნივერსიტეტების სპეციალობების მიხედვით დაყოფა (ტექნიკური პროფესიების, მედიცინის, სოფლის მეურნეობის, ზოო-ვეტერინარიის, საბუნებისმეტყველო სპეციალობების ერთად თავმოყრა, სამეცნიერო ცენტრების რეგიონებში გატანა) წარსული პრაქტიკის მოდერნიზებაა. ამას ემსახურება „ერთი ქალაქი - ერთი ფაკულტეტი“. ჩვენ თელავში, თბილისში, გორში, ქუთაისში, ახალციხეში, ზუგდიდში, ბათუმში გვაქვს უმაღლესი სასწავლო დაწესებულებები. თბილისის განაპირებში იყო განთავსებული ზოო-ვეტი და სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტები. მაგრამ რა მივიღეთ? სხვა ნეგატივებზე რომ არაფერი ვთქვათ, ამ „გეოგრაფიულმა დეკონცენტრაციამ“ სწავლის ხარისხი და საკადრო პოლიტიკა ვერ გააუმჯობესა, ვერც უმაღლესი სასწავლებლების მატერიალურ-ტექნიკური ბაზა გახდა უკეთესი და ვერც კურსდამთავრებულთა მოთხოვნადობა გაიზარდა. გამოდის, რომ დეკონცენტრაცია და ინსტიტუტების სპეციალიზაცია გარკვეული დონით უკვე გვაქვს და ეს სწავლების თვისობრივად განსხვავებულ სისტემას არ ქმნის. აი, ეს სწავლების თვისობრივად განსხვავებულ სისტემა წარმოდგენილ კონცეფციაში ნათლად არ ჩანს. შესაძლოა, ეს ჩემი არასათანადოდ განვითარებული უნარების ბრალიც იყოს, მაგრამ არც ისაა გამორიცხული, რომ ამ სწავლების თვისობრივად განსხვავებული სისტემას უფრო გასაგებად გადმოცემა სჭირდება. სავარაუდოდ, კონცეფციის დასრულებულ ვერსიაში გამოიკვეთება რა იგულისმება აქ და რისი გაკეთებაც იქნება განზრახული.
რა გვინდა ჩვენ, განათლების რომელი მოდელი მოგვერგება? _ მოდი, ამისთვის სხვა ქვეყნების გამოცდილებას გადავხედოთ.
ძალიან საინტერესო განათლების სისტემა აქვთ იაპონიას და ჩინეთს. დეტალურ აღწერას მთელი გაზეთიც არ ეყოფა. ამიტომ მოკლედ რომ შევაფასოთ, იაპონური და ჩინური მოდელები მკვეთრად ორგანიზებულ, სტანდარტზე ორიენტირებულ სისტემებს ქმნიან, რომლებიც მშვიდ, უსაფრთხო გარემოში კარგ შედეგს იძლევა. თუმცა, შედეგისა და პრაგმატიზმის საზღვრები ორივეს აქვს, ანუ კარგი შედეგის მისაღწევად მარტო სტრუქტურა არ კმარა - საჭიროა მოქნილობა, შემოქმედებითი უნარები და თანასწორობა.
საუკეთესო სისტემაა ფინეთში - თანასწორზე, სტუდენტების კეთილდღეობის ზრუნვასა და აზროვნების განვითარებაზე ორიენტირებული. იქ შეფასებები ნაკლებია, მეტია თავისუფლება.
საერთაშორისო კლასიფიკაციებში აღიარებული და მაღალი ხარისხის უნივერსიტეტები აქვს ბრიტანეთს, რაც სტუდენტებისთვის დიდ შესაძლებლობებს ქმნის. მაგრამ მიუხედავად ძლიერი უნივერსიტეტებისა, სკოლამდელი და საშუალო განათლების დონეზე არსებობს მნიშვნელოვანი უთანასწორობა - რეგიონებსა და ოჯახების სოციალურ-ეკონომიკურ ფენებში მკვეთრი სხვაობაა. განათლების ღირებულება ძალიან მაღალია და სტუდენტებისთვის სწავლის ხარჯი დიდია.
მე ვახსენე, რომ ბრიტანეთმა საბჭოთა კავშირის განათლების სისტემის ელემენტები გამოიყენა. იქ სწავლების წარმატების ერთ-ერთი განმსაზღვრელი სწორედ ესაა. მოდი, ვნახოთ, რა მოხდა სინამდვილეში? - ეს მე თქვენს კითხვაზე პასუხს გამიადვილებს და მარტივად მიმიხვდებით, რის თქმასაც ვაპირებ.
განათლების საბჭოთა მოდელი ცენტრალიზებულ, სახელმწიფოებრივად იდეოლოგიზირებულ პრაქტიკას ეფუძნებოდა - მიზანი მასობრივი განათლება, დისციპლინა და ტექნიკური კადრების მომზადება იყო. ბრიტანული სისტემა კი ისტორიულად, ელიტურ სკოლებსა და უნივერსიტეტებზე (მაგ. ოქსფორდი, კემბრიჯი) იდგა, სადაც თავისუფალი აზროვნება და ჰუმანიტარული განათლება ფასდებოდა. განსხვავება არსებითია: საბჭოთა სისტემა - მასობრივი და ინდუსტრიულ საჭიროებებზე მორგებული; ბრიტანული - კლასობრივი და აკადემიურ ტრადიციებზე დაფუძნებული. კონკურენტული დაპირისპირების გადასაწყვეტად, ბრიტანეთმა საბჭოთა მოდელის დისციპლინა და ლოგიკური სტრუქტურიზაცია აიღო, მაგრამ არა მისი იდეოლოგია. 1970-იანებიდან მოყოლებული ბრიტანეთის განათლება გადაიქცა კლასიკური ჰუმანიტარული ტრადიციისა და საბჭოთა სტილის ძლიერი საბუნებისმეტყველო სკოლის, აგრეთვე ცენტრალიზებული მოდელით შთაგონებული სახელმწიფოს მიერ დაწესებული ეროვნული სტანდარტებისა და უნივერსიტეტებისთვის თავისუფლების შენარჩუნების ჰიბრიდად. ეს ნაზავი ძალიან წარმატებული გამოდგა: შედეგად, ბრიტანეთი გახდა ქვეყანა, რომელსაც ჰყავს ძლიერი მეცნიერები და კვლევითი უნივერსიტეტები, მაგრამ ამასთან, შეინარჩუნა კრიტიკული აზროვნებისა და თავისუფალი განათლების კულტურაც. აი, რა მოხდა: ბრიტანეთმა გააზრებულად გამოიყენა საბჭოთა სისტემის ძლიერი მხარეები (საგნობრივი სიღრმე, მეცნიერული დისციპლინა, სტრუქტურიზაცია), გაფილტრა და გარდაქმნა საკუთარი ტრადიციების შესაბამისად. გადაიღო არა სისტემა, არამედ პრინციპი და ისიც დემოკრატიულად მოდიფიცირებული ფორმით - მოახერხა, რომ წესრიგი და შემოქმედება თანასწორად თანაარსებობდნენ. სწორედ ასეთი მიდგომა გვჭირდება ჩვენ!
პოზიციის მეტი არგუმენტირებისთვის, ბევრი მაგალითის მოხმობა კიდევ შეიძლება. მაგრამ საკმარისია, რომ შევნიშნოთ: ეს სისტემები, აგრეთვე სხვა ქვეყნებში მოქმედი პრაქტიკა ერთმანეთისგან განსხვავებულია. მათი წარმატება განპირობებულია მხოლოდ ამ ქვეყნებისთვის დამახასიათებელი კონკრეტული ფაქტორებით, მიზნით, ამოცანებით, მათი სწორად გადაწყვეტის უნარითა და ალღოთი. საუკეთესო სისტემა დამოკიდებულია მრავალ ცვლადზე (რესურსები, კულტურა, პოლიტიკა, ეკონომიკა) და უპირველესად, ამ ფაქტორების სწორი გათვლებით უნდა დაიწყო. ამაზეა დამოკიდებული რა შეიძლება მივიღოთ ახლო მომავალში და რას უნდა შევეჭიდოთ პერსპექტივაში.
ამ პოზიციიდან, საქართველოსთვის ოპტიმალურად წარმომიდგენია განათლებისა და მეცნიერების განვითარების შერეული მოდელი, რომელშიც თავს მოიყრის საბჭოთა სისტემის სტრუქტურული სიზუსტე, ბრიტანული წესრიგისა და შემოქმედების თანასწორად თანაარსებობა. სავსებით მისაღებია ხელისუფლების კურსი: განათლებისა და მეცნიერების განვითარებაში სახელმწიფოს როლის გაძლიერება, უნივერსიტეტებისა და სკოლების ფუნქციური ავტონომია, ერთიანი სტანდარტი, მაგრამ მოქნილი რეალიზაცია.
თამარ შველიძე
(დასასრული იქნება)
