შანხაის მშვიდობის სამიტი
გვესაუბრება საერთაშორისო
ურთიერთობების მკვლევარი,
პოლიტოლოგი თამარ კიკნაძე:
_ ქალბატონო თამარ, გასულ კვირას პეკინში შანხაის სამიტი შედგა. როგორ შეფასებთ მის მნიშვნელობას?
_ ძალიან საინტერესო სამიტი იყო, მხარეებს შორის საყურადღებო შეთანხმებები შედგა, რაც უპრეცედენტოა იმ ფონზე, რომ დღეს ინდოეთსა და ჩინეთს სადავო საკითხებიც აქვთ. შანხაის სამიტი საკმაოდ წარმომადგენლობითი იყო. პირველი პირები ხელმოწერილი შეთანხმებებით კმაყოფილნი დარჩნენ, რაც მათთვისაც მნიშვნელოვანია და სრულიად მსოფლიოსთვისაც. რაც მთავარია, სამიტი იმის დეკლარირება იყო, რომ იქ შეკრებილი ლიდერები იმ მილიტარისტული, საომარი რიტორიკის წინააღმდეგნი არიან, რასაც ევროპა ეწევა _ უკრაინის ომის გაგრძელების სურვილი, იარაღის მიწოდება და ის საომარი განწყობა, რაც რუსეთის წინააღმდეგ იგეგმება და შესაძლოა, გლობალურ ომშიც გადაიზარდოს. სამიტზე ხაზგასმით ითქვა, რომ მსოფლიოში საომარი მოქმედებები კი არა, არამედ მშვიდობიანი პროცესები უნდა წარიმართოს, რათა ამან ეკონომიკურ და სხვა სახის განვითარებას შეუწყოს ხელი.
დღეს ვითარება შეიცვალა _ მხოლოდ დასავლეთი აღარ არის ის სუბიექტი, რომელიც მსოფლიო წესრიგს და მიმდინარე პროცესებს განკარგავს. ამ ყველაფერმა აღმოსავლეთისკენ გადაინაცვლა. დააკვირდით, შანხაის სამიტზე რუსეთის პრეზიდენტი დიდი პატივით მიიღეს. იგი ერთ-ერთი ცენტრალური ფიგურა გახლდათ. შემდეგ შთამბეჭდავი აღლუმი გაიმართა, რაც შემთხვევითი არ იყო _ ბირთვული და სხვა სახის მოწინავე ტექნოლოგიური იარაღების დემონსტრირება პირდაპირ დასავლეთისთვის იყო განკუთვნილი.
დღეს ტრამპისა და ევროპის რიტორიკა ერთი და იგივე არ არის, რადგან აშშ-ის პრეზიდენტი პირიქით, საომარი მოქმედებების შეჩერებას ცდილობს, რასაც ევროპელი ლიდერები არ თანხმდებიან. ევროპელები ტრამპის სამშვიდობო შეთანხმებით უკმაყოფილონი არიან. მათი მოწოდებაა, უკრაინამ რუსეთის წინააღმდეგ ომი განაგრძოს, რაც საშინელებაა. წარმოიდგინეთ, ახლა, ფაქტობრივად, სამოქალაქო ომია, ყოველდღიურად ათასობით ადამიანი იღუპება, გენოფონდი ნადგურდება. ეს რიტორიკა, რაც დღეს ევროპას ომთან მიმართებით ახასიათებს, მიუღებელია. ასევე მიუღებელია ისიც, თუ როგორ იქცევიან საქართველოსთან დამოკიდებულებაში. ამიტომ შანხაის სამიტს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან ჩვენ მსოფლიო წესრიგის ფორმირებაში დასავლურ კონტურებს ვხედავთ. სამიტზე საუბარი იყო ფინანსური რეჟიმის ცვლილებაზეც, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია. ამას, ალბათ, ტრამპიც ემხრობა. დღეს ციფრულ საფინანსო რეჟიმზე გადასვლაზე საკმაოდ ბევრს საუბრობენ.
_ რა არჩევანი აქვს საქართველოს მაშინ, როცა ჩვენ მიმართ ამერიკის მხრიდან გამოკვეთილი პოზიცია არ ჩანს?
_ ამაში ცუდი არაფერია, რადგან ისეთი პროცესები მიდის, ჩვენ, რაც შეიძლება, ჩრდილში უნდა ვიყოთ. წინა ხელისუფლებების პირობებში, საქართველო ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე არ იქცეოდა და მივიღეთ კიდეც 2008 წლის ომი. ზოგისთვის რომ გეკითხა, საქართველო პოპულარული გახდა, აგერ ჩვენს ამბებს „სი-ენ-ენ“-ზე გადმოსცემენო. იმასაც ხომ გააჩნია, რის ხარჯზე იხვეჭ პოპულარობას _ უბედურებით, რაც 2008 წლის ომმა მოგვიტანა?! ამიტომ, ჩემი აზრით, ხელისუფლება საგარეო პოლიტიკის წარმოების კუთხით ჭკვიანურად იქცევა _ მსოფლიოში მტკივნეული პროცესები მიდის და ჩვენი ზედმეტი ჩაბმა და აქტიურობა საჭირო არ არის. ერთი ამბავია ატეხილი, ტრამპმა ყაველაშვილს წერილზე პასუხი არ გასცაო. ძალიანაც კარგი, თუ არ გვიპასუხა. ვფიქრობ, ეს უფრო რიტორიკული წერილი იყო, რომელიც იმაზე მუთითებდა, რომ თანამშრომლობისთვის მზად ვართ. გავიაზროთ, რომ ახლა მსოფლიო გადანაწილების პროცესი მიდის, ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ და გლობალურ პროცესებზე დიდი ზემოქმედება არ შეგვიძლია.
_ ბოლო დროს ოპოზიციურ არხებზე გახშირდა საუბარი იმის შესახებ, თითქოს საქართველო რეგიონში ამერიკის ინტერესების პოტენციურ საფრთხედ იქცა.
_ ზოგადად, ამ ოპოზიციას ქართულ ძალად არ განვიხილავ. ისინი „პატრონების“ ინტერესების გამტარებელნი არიან, რასაც ეროვნულ ინტერესებთან საერთო არაფერი აქვს. იმასაც ამბობენ, რომ თურმე, სომხეთი და აზერბაიჯანი რეგიონის საყრდენი არიან, საქართველო კი _ არა. რეალურად, საქმე სულ სხვაგვარადაა. ამას რომ მიხვდე, კარგად უნდა გააანალიზო, ამ პროცესს საფუძვლად რა უდევს. ალიევი საკმაოდ ჭკვიანი, გამოცდილი, ადეკვატური ადამიანია და ამიტომ არ მგონია, რუსეთის წინააღმდეგ მიმართული რიტორიკა მისი სურვილით ხდებოდეს. ალიევის უკან დგანან ძალები, რომლებიც მას ასე მოქმედებას აიძულებენ. როგორც ამბობენ, ეს ძალა არის ინგლისი _ „დიფ სთეითის“ ის ნაწილი, რომელიც მას აიძულებს, რუსეთის წინააღმდეგ იმოქმედოს.
დღევანდელი სიტუაცია მეორე მსოფლიო ომის წინ არსებულ მდგომარეობას მაგონებს, როდესაც ინგლისის და აშშ-ის ინტერესები გაიყო და ისინი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ამის საპასუხოდ, ამერიკის მაშინდელმა პრეზიდენტმა რუზველტმა ვექტორი შეცვალა და შედეგად, საბჭოთა კავშირი და აშშ დაახლოვდნენ. ინდუსტრიული რევოლუცია, რომელიც მაშინ მოხდა, სწორედ ამერიკულ ტექნოლოგიებთან, ინვესტიციებთან არის დაკავშირებული. ახლაც დაახლოებით იგივე სიტუაციაა. ტრამპმა ამერიკის სათავეში მოსვლისთანავე, პუტინთან ურთიერთობის დალაგების გზების ძიება დაიწყო, რადგან, გვინდა თუ არა, რუსეთი უზარმაზარი, მდიდარი (მთელი მენდელეევის ტაბულა იქ არის თავმოყრილი) ქვეყანაა. გარდა ამისა, ტექნოლოგიების თვალსაზრისით, იქ საკმაოდ ბევრი ჭკვიანი ადამიანია და არც ის არის დამალული, რომ აშშ ამ „ტვინებს“ ყიდულობს. აშშ-ის ტექნოლოგიების უკან საბჭოთა კავშირში გაზრდილი ძალიან ბევრი მეცნიერი დგას.
გარდა ამისა, ამჟამად ამერიკას დაღმავალი ციკლი აქვს და ტრამპმა არაორდინარულად უნდა იმოქმედოს. მაგალითად, კისინჯერისთვის, ამერიკის, ჩინეთისა და რუსეთის სამკუთხედში, რუსეთისა და ჩინეთის ალიანსი მიუღებელი იყო. სხვათა შორის, თავის დროზე ამერიკელებმა ჩინელებს ე. წ. ჩიმერიკას შექმნა შესთავაზეს. ანუ იმაზე შეთანხმება, რომ ეს ორი ქვეყანა მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს განსაზღვრავდა. მაგრამ ჩინელებმა შემდეგი პრინციპით უარი განაცხადეს _ რა შეიძლება იყოს ამერიკასთან მტრობაზე უარესი? _ რა თქმა უნდა, მათთან მეგობრობაო. დიახ, ამ პრინციპით იმოქმედეს და ურთიერთობა რუსეთთან ამჯობინეს. თუმცა, ამერიკისა და ჩინეთის ინტერესები ისეა გადახლართული, უნდათ თუ არა, ურთიერთობების დალაგება მაინც მოუწევთ. ისინი ეკონომიკურად ერთმანეთთან მჭიდრო კავშირში არიან. რაც შეეხება რუსეთს, ამერიკასთან ვაჭრობის კუთხით, მომგებიან პოზიცაშია. იმედია, ეს პოლიტიკური ვაჭრობა ისე დამთავრდება, რომ მთელ მსოფლიოს წაადგება და სამშვიდობო პროცესების საწინდარი იქნება.
სამწუხაროდ, დასავლეთი მუდმივად ცდილობს საქართველოში სიტუაციის არევას _ ხან ომში ჩაბმას გვთავაზობენ, ხან არჩევნების შემდგომ რევოლუციების მოწყობას, მაგრამ რესურსი არ ჰყოფნით, კრიტიკულ მასას ვერ აგროვებენ. იმედი მაქვს, რომ ჩვენი სპეცსამსახურები შესაბამისად მუშაობენ და დესტრუქციული ქმედებების პრევენციას ახდენენ.
_ ქალბატონო თამარ, ზოგიერთები საზოგადოებას აჯერებენ, რომ ზანგეზურის დერეფნის გახსნით საქართველო ფუნქციას კარგავს. როგორია რეალობა?
_ ჯერ ერთი, არ მგონია, რომ ზანგეზურის დერეფანს მომავალი აქვს, რადგან ირანი და რუსეთი დერეფნის გახსნის წინააღმდეგია. ავიღოთ პაშინიანი, რომელიც იგივე სააკაშვილია. თუმცა კი, ყარაბაღის პრობლემის ამგვარი გადაწყვეტა, სომხეთისთვის უკეთესია, რადგან მაშინაც, როდესაც ეს დაპირისპირება დაიწყო, აღნიშნულმა პროექტებმა იმის გამო, რომ იქ სიმშვიდე არ იყო, საქართველოზე გაიარა და სომხეთი წაგებული დარჩა. ამ მხრივ, ყარაბაღის საკითხის გადაჭრა, სომხეთისთვის კარგია. მაგრამ სომხეთში დღეს არსებული ვითარება, იგივე სამღვდელოებასთან დაპირისპირება, სახარბიელო არ არის. სომხეთში ისევე, როგორც საქართველოში, რელიგიურ ფაქტორს დიდი დატვირთვა აქვს. სასულიერო პირებთან დაპირისპირების, მძიმე ურთიერთობების უკან, გარკვეული ძალა დგას. თუმცა, ტრამპს ჰქონდა მცდელობა, ინგლისი გაენეიტრალებინა. ეს არ არის ცუდი. აქ ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რაზე მოილაპარაკებენ ეს ძალები. ჯერჯერობით, მიუხედავად ამ რიტორიკისა, ზანგეზურის დერეფნის ამოქმედებას უახლოეს მომავალში ვერ ვხედავ.
_ ხელისუფლებამ ევროკომისიას ვრცელი საპასუხო წერილი გაუგზავნა, სადაც მათი რეკომენდაციების შესრულებაზე მზაობა დაადასტურა.
_ ევროპა ვიზალიბერალიზაციის გაუქმებით იმუქრება, რაც ქვეყანაში ვითარების არევისა და ელექტორატის განწყობებზე ზემოქმედების კიდევ ერთი მცდელობაა. მნიშვნელოვანია, კარგად გავაანალიზოთ, რის საპირწონედ გვთავაზობენ ვიზალიბერალიზაციას და რატომ გვაშანტაჟებენ. პრემიერმა განაცხადა, რომ ამის სანაცვლოდ ომში ჩართვას გვთავაზობდნენ. ომში ჩაბმის შემთხვევაში, ქართული სახელმწიფო შეიძლება საერთოდ აღარ ყოფილიყო. უკრაინა 44-მილიონიანი, უზარმაზარი ტერიტორიის მქონე ქვეყანაა და ვხედავთ, რა დღეშიც ჩააგდეს. ჩვენს განადგურებას ორი-სამი დღე ეყოფოდა და როგორც სახელმწიფო, აღარ ვიარსებებდით. ოფიციალურად, პოლიტიკური გადაწყვეტილებები ევროკავშირში კონსესუსის გზით მიიღება. ვიცით, რომ სულ ცოტა, ორი ქვეყანა _ უნგრეთი და სლოვაკეთი ჩვენთვის ვიზის გაუქმების წინააღმდეგი იქნება. მაგრამ თუ ევროკავშირი ამ გადაწყვეტილების მიღებას მაინც შეძლებს, პრობლემას ვერ ვხედავ _ საკონსულოებში მივალთ და ვიზებს ავიღებთ ისევე, როგორც ამერიკის ვიზას ვიღებთ.
თამარ შველიძე

