კოგნიტური ტყვეები
როცა მე ჩემი თავანკარა ქართული ენა მაქვს, არ მიყვარს უცხო სიტყვების „ფრიალი,“ ამიტომ ამთავითვე განვმარტავ, რომ კოგნიტური უნარები, ფუნქციები და შესაძლებლობები ის გონებრივი შესაძლებლობებია, რომელთა წყალობითაც ადამიანი მოიპოვებს ცოდნას, შეუძლია მსჯელობა, ინფორმაციების მანიპულაცია _ შელამაზება, დამძიმება და ა. შ. მოკლედ რომ ვთქვათ, კოგნიტური უნარები მოიცავს აღქმებს, ყურადღებას, მეხსიერებას, სწავლას, გადაწყვეტილებების მიღებას, ენობრივ შესაძლებლობებს და არა თვით რისამე ძირფესვიან ცოდნას.
კოგნიტურ მეცნიერებაში შეიქმნა თეორიები იმაზე, თუ როგორ მუშაობს ტვინი და განისაზღვრა კოგნიტური ფუნქციონირება, ანუ აზრების დამუშავების უნარი. კოგნიცია, ძირითადად, უკავშირდება მეხსიერებას, მეტყველებას და ახალი ინფორმაციის ათვისების უნარს. ტვინს, ჩვეულებრივ, შეუძლია აითვისოს ახალი უნარები ღრმა ბავშვობიდან და შემდგომ, ასაკის ან დაავადების გამო, ზიანი მიაყენოს მის ფუნქციონირებას, მაგრამ თავდაპირველად, სწავლის და მეხსიერების უნარი თითქმის ყველა ადამიანს აქვს.
კოგნიტური პროცესები წარმოადგენს უმაღლეს ფსიქიკურ პროცესებს, რომელთა საშუალებითაც ხორციელდება ობიექტური სინამდვილის ფსიქიკაში ასახვა, კერძოდ და კონკრეტულად: ინფორმაციის მიღება, გადამუშავება, ცოდნად გარდაქმნა და გამოყენება. ეს პროცესებია: შეგრძნება, აღქმა, ყურადღება, მეხსიერება, ენა და მეტყველება, აზროვნება და პრობლემის გადაწყვეტა.
უმარტივეს მაგალითს ვიტყვი _ წინამდებარე ჩემს მოკლე ნაუბარს ბოლომდე ვერ ჩაიკითხავს ყველა _ პრობლემა აქვს ინფორმაციის მიღებასთან; ჩაიკითხა, მიიღო, მაგრამ ვერ გადაამუშავა ტვინში; მიიღო, გადაამუშავა, მაგრამ ცოდნად ვერ გარდაქმნა; ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ ბოლოს, ვერ გამოიყენა.
როდესაც პროცესების ჩამონათვალის ჯაჭვში სადღაც წყვეტა აქვს ადამიანს, ასეთი ადამიანი იმას რომ ვერ გაიგებს, ვთქვათ, ამ შემთხვევაში მე რას ვწერ მისთვის, ხოლო თუ რაღაც მომენტში საკუთარი თავი ეცნო, მე მომიძულებს, მაგრამ ვერც იმას ახსნის, რა დავუშავე _ სამწუხარო რეალობაა.
ათი წელია, ვაკვირდები ჩვენს საზოგადოებას და დიდი იმედით მოუთმენლად ველი, მასობრივად როდის წამოვა ის ჯანსაღი თაობები, რომელთაც ანოსოგნოსია არ ეჭირვებათ. ანოსოგნოსია ის მდგომარეობაა, როდესაც ადამიანი პარალიზებულია ტვინის მარცხენა ნახევარსფეროში არსებული დაზიანების გამო, თუმცა ამას ვერ აღიქვამს, რადგან დაზიანებულია ნერვი, რომელიც აღქმის სისწორეზეა პასუხისმგებელი. ჩაივლის ავადობა ანაქსიმენე-დანინგ-კრუგეს ეფექტი, მიილევიან ადამიანებიც, რომლებიც გადაჭარბებულად აფასებენ საკუთარ უნარებს და აღარ იქნება დღევანდელი სავალალო მდგომარება „რა კარგია უცოდინრობა, როცა ყველაფერი იცი“.
მაშინ უკვე ადვილად გაითავისებენ ანაქსიმენეს დიდ და პატარა წრესაც. აღარ დასჭირდებათ ახსნა, რომ პატარა წრე არის ის ცოდნა, რაც გვქონდა, ხოლო დიდი წრე არის ის ცოდნა, რაც ახლა გვაქვს. თუ ცოდნას ვიძენთ, ჩვენი ცოდნის საზღვრები იზრდება. ყველაფერი, რაც წრის გარეთ არის, უცოდინრობაა. რაც უფრო ფართოა ცოდნის წრე, მით მეტი შეხება აქვს არცოდნასთან. შესაბამისად, მეტი შეკითხვა და ეჭვი ებადება ადამიანს, აქედან გამომდინარე კი უფრო უღრმავდება საკითხებს... _ კი, თუ ანიოსოგნოსია არ სჭირს და არც კოგნიტური პროცესების ჯაჭვში აქვს წყვეტა...
როგორ მინდა, ყველამდე მივიტანო ის, რისი თქმაც მინდა...
ხომ გსმენიათ „კოგნიტურ ომზე“?
თუ არ გსმენიათ, ეს არის ომი თქვენი ცნობიერის წინააღმდეგ!
კოგნიტური ომი ფართო მასშტაბით ქვეყანათაშორისია, მცირე მასშტაბით _ თქვენს წრეში და საკმაოდ წარმატებულიც არის ის, ვინც ამ ომს აწარმოებს!
ათი წელია, რაც ადამიანების კოგნიტურ უნარებს ვაკვირდები-მეთქი, მაგრამ მეხსიერებამ იმ დროიდან ამომიგდო „ძვირფასი მაგალითები“, რაც მახსოვრობა მაქვს, მაგრამ იქიდან რომ მოვყვე, ძალიან გამიგრძელდება, ამიტომ მოკლედ და შეძლებისდაგვარად მარტივად ვიტყვი: კოგნიტური ომი მომართულია თქვენი ქვეცნობიერის ფორმირებიკენ, რომ თქვენ წაგერთვათ რაციონალური გადაწვეტილების მიღების უნარი და ყალბი ემოციების მძევალი გახდეთ.
ფართო მასშტაბით, დღეს საქართველოსა და მისი მოსახლეობის წინააღმდეგ სწორედ ასეთი კოგნიტურ ომს აწარმოებენ ამ ომში მოგებით დაინტერესებულები: როგორც გარე, ისე ადგილობრივი პოლიტიკური და საზოგადო სექტორის წარმომადგენლები, დაქირავებული მედია, რაღაც ლიდერები, რომლებიც თვით ამ კოგნიტურმა ომმა შვა _ გვარ-სახელების ჩამოთვლას რა აზრი აქვს, ან ამდენი ბალასტის ჩამოთვლაზე რატომ მოვცდე...
კოგნიტური ფსიქოლოგია მეტაფორული ხასიათისაა. როდესაც კოგნიტური მოდელების შექმნა დაისახეს მიზნად, მთავარი ამოცანა იყო, უკეთ გაგვეგო ის, რასაც დავაკვირდით _ მოდელები ეფუძნება დაკვირვების შედეგად გაკეთებულ დასკვნებს, მაგრამ იმდენად რთული და მრავალწახნაგოვანი სფეროა, რომ ფორმულები უძლური აღმოჩნდა.
ფორმულები კი არა, ხან რბილად ვცდილობ, ავუხსნა ვინმეს, ან ხისტად, პირდაპირ ვახლი, მაგრამ საშველს ვერ ვპოულობ, რადგან ორ სასწაულ უკიდურესობას ვაწყდები, ან ვერ ვაგებინებ, რასაც ვუხსნი და აბეზარი მწერივით მიშორებენ, ან რაღაც ნაპერწკალს ვუნთებ და კონფლიქტური სიტუაციისკენ ვუბიძგებ.
ხომ ლოგიკურია, _ თუ არსებობს კოგნიტური ომები და კოგნიტური მძევლები, იარსებებენ კოგნიტური ტყვეებიც. არადა, ნამდვილად არიან, მრავლად ვხედავ ჩემ გარშემო, მაგრამ თუ ვინმეს ვეტყვი, რომ ის კოგნიტური ტყვეა, იმას კი არ ჩაუღრმავდება, რატომ არის ტყვე, როგორ დატყვევდა და როგორ დაიხსნას თავი, არამედ შეურაცხყოფად იღებს და მიიღებს ყოველთვის, მე კი მტრად ჩამთვლის. ამიტომ თქვენ თვითონ განსაზღვრეთ, ხართ თუ არა კოგნიტური ომის მძევალი, ტყვე, რამენაირი მსხვერპლი.
როგორ?
უპირველესად საკუთარი თავისგან გაქცევას ნუ შეეცდებით იმის გამო, რომ საკუთარი ქვეცნობიერივე გარცხვენთ, გმირულად დაუდექით საკუთარ თავს და აღიარეთ, რომ კონკრეტული რაღაც არ მოგწონდათ, მაგრამ თქვენ თავადვე დათრგუნეთ საკუთარ თავში ამ კონკრეტული რაღაცისადმი კრიტიკული აზროვნება, თქვენი მხრიდან ადეკვატური აქტიური ნება და მიღებული გადაწყვეტილება, ყურით მოთრეული გამამართლებელი სიტყვებით გაამართლეთ ის, რაც ან ვინც არ მოგწონთ. შეძელით როგორმე ეს ერთხელ და ყოველ მომდევნო ჯერზე გაგიადვილდებათ ბრძოლა.
კოგნიტურ მსხვერპლებს საშინლად აშინებთ სიტყვა „შიში“, რადგან ქვეცნობიერი შიგნიდან უძალიანდებათ. წუხს ქვეცნობიერი, რომ მისი მფლობელი ჭურჭელი არაფრის გამო ტყვედ ისე ჩავარდა, რომ თვითონვე ვერ მიხვდა. ამ დროს ჭურჭელი უარესად ფრთხება, რადგან ვერ ხვდება, რა ხდება მის თავს, თუმცა ქვეცნობიერი კარნახობს, როგორ მოიქცეს, მაგრამ მას ის გაორება ცალკე აშინებს, შეუცნობელი შიში _ ცალკე და უფრო მეტად ეფლობა კოგნიტური ტყვეობის ჭაობში _ კოგნიტურ მეომრებს სწორედ ეს უნდათ თქვენგან!
სხვას რომ არ შევეხო, ამიტომ საკუთარ თავზე ვიტყვი _ ცნობილი მხატვრის წიგნის გამოცემაში ვიღებდი მონაწილეობას და აღვნიშნე, რომ, რადგან აბსტრაქციის სიდიადეს ვერაფრით ჩავწვდი, ვერც ვერასოდეს მოვიწონებდი. კინაღამ გამატყავეს, როგორ გაბედე და ეს როგორ თქვიო. მე ჩემსაზე ვიდექი, _ მერე რა, რომ „დიდი მხატვარი“ ყოფილა, ჯერ ამიხსენით, რაშია ეგ სიდიადე, იქნებ, მეც გავიგო-თქო, მაგრამ ვერ ამიხსნეს; იგივე მოხდა „დიდი მწერლის“, „დიდი პოეტის“, „დიდი მუსიკოსის“, „უბადლო მომღერლის“, „მაგარი ჟურნალისტის“, „განუმეორებელი მოქანდაკის“ ა. შ. ნებისმიერი სფეროს წარმომადგენლის შემთხვევაში _ ვერ ჩამიგდებენ ტყვედ ვერც კოგნიტური მეომრები და ვერც კოგნიტური ტყვეები, რადგან არ მივცემ იმის საშუალებას, რომ თვითონ იყვნენ აქტიური დომინანტები და მე ვიყო პასიური დამკვირვებელი.
ამას არ ჰქვია „სხვის ჭკუაზე არ გავივლი“, ამას ჰქვია საკუთარი თავის დასაბუთებული ფლობა, თუ რამე მომწონს _ უშურველად გამოვხატავ, თუ არ მომწონს, კონკრეტული პირისადმი პატივისცემის გამო, შეიძლება, დავდუმდე და არ ვთქვა, რომ არ მომწონს, მაგრამ არ მომწონდეს და ავჭყლოპინდე, რა კარგია-მეთქი, ეს გამორიცხულია. ეს მხოლოდ კოგნიტური ტყვეების დამახასიათებელი თვისებაა.
ხათრს და პატივისცემას ნუ აურევთ კოგნიტურ ტყვეობაში... თუ გერევათ, პროცესების ჯაჭვის წყვეტაში ბმა აღადგინეთ...
ასე რომ, მე კი ნუ გამიჯავრდებით, რატომ მიხვდა, რომ დაშინებული ტყვე ვარო, გამოუტყდით საკუთარ თავს, რომ კოგნიტური ტყვე ხართ, იბრძოლეთ ტყვეობიდან გაქცევისთვის და მყისიერად იგრძნობთ, რომ რაღაც მძიმე მოგწყდათ ქვეცნობიერიდან!
. შ. რომ შევატყობ, რომ ადამიანი კოგნიტური ტყვეა, მასთან ნებისმიერ თემაზე დავას ვწყვეტ. ასე მოიქეცით თქვენც, ამით კონფლიქტებს აირიდებთ...
თუ ჯერ კიდევ არ ხართ კოგნიტური მსხვერპლი, გაერიდეთ კოგნიტურ მეომრებს _ როგორ ამოიცნოთ, უკვე იცით.
მაკა ჯაყელი

