ლალი მოროშკინა: სერიოზული ანტიკორუფციული გეგმის შემუშავების დროა!

ლალი მოროშკინა: სერიოზული ანტიკორუფციული გეგმის შემუშავების დროა!

გვესაუბრება პოლიტოლოგი, პროფესორი ლალი მოროშკინა:

_ ქალბატონო ლალი, ევროპარლამენტმა მორიგი რეზოლუცია დაამტკიცა. რა გავლენას ახდენს საქართველოს პოლიტიკურ პროცესებზე ევროსტრუქტურების დამოკიდებულება? 
_ როგორც ჩანს, განახლებულმა მთავრობამ ნარკოკარტელებს, რომლებიც ნაწილობრივ კორუფციული, ევროპული კლანებიდან იმართებიან, სერიოზული ზიანი მიაყენა. ეს სქემა არახალია. თავის დროზე, როცა ნარკობარონები ამერიკას აქცევდნენ, მათ მიერ წარგზავნილი დელეგატები სამთავრობო გუნდშიც იყვნენ და სხვაგანაც. ყველასთვის ცნობილია, თუ ომები, არეულობა იწყება, ეს ან იარაღის გაყიდვას უკავშირდება, ან ნარკოტიკების ბრუნვას. საქართველო როგორც ნარკოტრაფიკის ყველაზე დამოკლებული გზა, ცხადია, ყველა იმ პირისთვის, ვინც ბაზარზე შავ ფულს მოიპოვებს, საინტერესოა. არაერთხელ მითქვამს: როგორც კი ჩვენი ავტობანი გაიხსნება, საქართველოს მაშინვე საზარელი პრობლემები დაეწყება-მეთქი. 
პირველი პრობლემა ჩვენთვის ომში ჩართვის მოთხოვნის წაყენება იყო, რადგან ამით ავტობანს მაინც არანაირი ზიანი არ ადგებოდა. ისევე, როგორც რუსეთ-უკრაინის ომის დროს, ნავთობის მილებს არანაირი ზიანი არ მიდგომია და არც მიადგება. აი, ზუსტად ასევე, საქართველოში ომი გაჩაღდებოდა, დაინგრეოდა ქალაქები, გვეყოლებოდა უამრავი ლტოლვილი და გარდაცვლილი, მაგრამ ავტობანს _ გზას იარაღის და ნარკოტიკის აუცილებელი ბრუნვისთვის, არავინ შეეხებოდა.
მოგეხსენებათ, საქართველოს მთავრობამ ნარკოკარტელებთან ბრძოლის ახალი ეტაპი დაიწყო, ნარკოპოლიტიკა მკაცრდება. აქ საუბარი არ არის ვაკე-საბურთალოელ, ან ფონიჭალელ ნარკობარონებთან ბრძოლაზე, არამედ გაცილებით დიდი ინტერესი მათ მიმართაა, ვინც ზურგს უმაგრებს. შესაბამისად, როგორც კი საქართველო ამ ინტერესებს შეეხო, დაუნდობელი ომი გამოგვიცხადეს.
რეზოლუციები იქნება, თუ სხვა სახის კრიტიკა, რაც ევროპული სტრუქტურებიდან ჟღერდება, ვფიქრობ, საქართველოს წინააღმდეგ მიმართული ომია. დიახ, ჩვენ ევროსაბჭოს, კორუფციული ევროპარლამენტის პოლიტიკოსები გვეომებიან ყველა არსებული თუ არარსებული საშუალებებით. ეს არის ადამიანების დაშინება, შეკვეთილი გადაცემები მედიასივრცეში და სხვა. მიზანი სწორედ ეს არის _ მათ ამორჩეული ჰყავთ პოლიტიკოსები, რომელთაც მუდმივად წნეხის ქვეშ ამყოფებენ, გამალებული იერიში მიაქვთ ოჯახის წევრებზე. ეს ჰიბრიდული ომის ნაწილია. ის, რომ დღეს აქ პირდაპირი მნიშვნელობით ომი არ არის და თბილისის თავზე ბომბები არ ცვივა, როდი ნიშნავს, რომ იმ ადამიანების მიმართ, ვინც ანტიკორუფციულ სქემაში არიან ჩართულნი მიზანმიმართული მორალური, მატერიალური წნეხი არ ხორციელდება. ამ ომის მოგება ძალიან რთული იქნება.
ასეთ რთულ ვითარებაში განსაკუთრებული მნიშვნელობა საზოგადოების ინფორმირებას აქვს, რადგან ვიზალიბერალიზაციის შეჩერებით გამოწვეულმა შანტაჟმა მოსახლეობა მოულოდნელი დარტყმის ქვეშ არ დააყენოს. ადამიანებმა უნდა გაიგონ, რომ ჩვენ რეალურად ომში ვართ და სწორი არჩევანი გააკეთონ. მათ მეტი ინფორმაცია უნდა მივაწოდოთ: ვინ გვებრძვის და რატომ არის საქართველოში ნარკოტიკების ასეთი მიმოქცევა, ვინ დაუშვა ეს თავის დროზე და სხვა. როგორც კი ნარკოკარტელებს უფლებები შეეზღუდათ, მომენტალურად საქართველოს განადგურებაზე გადავიდნენ. სანამ ეს პრობლემები არ მოგვარდება, საქართველოს, კავკასიის წინააღმდეგ ომი გაგრძელდება. დააკვირდით, აზერბაიჯანში ერთი დღე სიმშვიდე რომ არის, მეორე დღეს უცებ რაღაც ხდება. ასევეა სომხეთშიც. ანუ მათი მიზანია, სრულიად კავკასია ომში ჩაითრიონ. ჯერჯერობით, ამის განხორციელება ფართო მასშტაბში არ გამოსდით. 
აქვე ერთ საკითხზე გავამახვილებ ყურადღებას: სამწუხაროდ, ჩვენთან იდეოლოგია სათანადოდ არ მუშაობს. ანუ, წესით, დილიდან საღამომდე ყველა სამთავრობო მედიასაშუალება, ნორმალური პრესა, რომელიც მიუკერძოებელია და მათ ჯიბეში არ ზის, ვინც საქართველოს ომი გამოუცხადა, საზოგადოებას დამარცვლით უნდა უხსნიდეს, თუ რა ძალასთან გვიწევს ბრძოლა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ერთ დღეს შეიძლება საქართველოში ყველაფერი დაიხუროს და უბედურების ზონად გამოვცხადდეთ. ამის თავიდან ასაცილებლად სერიოზული მუშაობაა საჭირო.
ვფიქრობ, ახლა დადგა დრო სერიოზული ანტიკრიზისული პროგრამა შემუშავდეს, საბჭო შეიქმნას, რომელიც ანტიკრიზისული მენეჯერებით დაკომპლექტდება და მოსალოდნელ დიდ უბედურებას ქვეყანას თავიდან ააცილებს. თუ ამისთვის ევროპელი ლობისტების ჩართვა გახდება საჭირო, ასეც უნდა მოვიქცეთ.
ყველამ ვიცით, რომ ლობისტურმა კომპანიებმა საქართველოს წინააღმდეგ არაერთი შეკვეთილი სტატია დაწერეს, მაგრამ ხანდახან საჭიროა, ეს საშუალება ჩვენც გამოვიყენოთ. ლობიზმი სწორედ ახლა უნდა გამოვიყენოთ, რადგან ჩვენ მეტი დადებითი იმიჯი, საზოგადოებისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდება გვჭირდება.
მით უმეტეს, ახლა, როდესაც საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის სხდომები თეა წულუკიანის ხელმძღვანელობით დასასრულს უახლოვდება. ორი დღის წინ გამოკითხვაზე მეც ვიყავი. ეს პროცესი ძალიან კარგია, მაგრამ ჩემი აზრით, აუცილებელია ყველა მასალა სხვადასხვა ენებზე _ ინგლისურად, გერმანულად, ფრანგულად ითარგმნოს და სასწრაფოდ ევროსტრუქტურებს დაეგზავნოთ, ასევე, ევროპულ ლობისტებს. იმიტომ, რომ მომდინარე ჰიბრიდულ ომთან გამკლავეება, რაც საქართველოს წინააღმდეგ არის გამოცხადებული, მხოლოდ შიშველი ხელებით და რწმენით, რომ არაფერს ვაშავებთ და რას გვერჩიან, რთული იქნება. 
_ რატომ არის ასეთი მოზღვავებული ინტერესი საქართველოს ომში ჩართვაზე, თუნდაც ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან, რომელთაც ისრები პირდაპირ ჩვენსკენ გადმოაქვთ? 
_ დაინტერესება ისევ და ისევ ის ავტობანია, რომელიც საქართველოზე გადის. ზოგჯერ ვფიქრობ, სჯობდა, საერთოდ არ აშენებულიყო და ისევ იმ ძველი გზით გვევლო... ჩვენი მთავარი ამოცანა, ისევ და ისევ საინფორმაციო შტურმის დაწყებაა. კი ბატონო, დაგვიანებულია, ადრე უნდა დაგვეწყო, მაგრამ ისიც მესმის, რომ ჩვენ იმდენ უკეთურებას ვუმკლავდებით, რთულია პატარა საქართველოს მთავრობა, რომელსაც მთელი მსოფლიო ემტერება, ასე მარტო იდგეს და როგორც ბოლო ფორ-პოსტი, ქრისტიანობას კბილებით იცავდეს. ზოგჯერ სურვილი მიჩნდება, საქართველოს დიდი ზეწარი გადავაფარო და გარეშე თვალისგან დავიცვა, მაგრამ სამწუხაროდ, ჩვენ უკვე ამ ჰიბრიდულ ომში ვართ.
ის, რომ ომი _ აქ ბომბების წვიმა თავიდან ავიცილეთ, ეს უპირველესად, ივანიშვილის ძალიან დაბალანსებული პოლიტიკის შედეგია, მაგრამ ახლა ერი და ბერი უნდა გაერთიანდეს, რასაც ჯერ ვერ ვატყობ. ხალხში გასვლაა საჭირო და მასთან მოსალოდნელ საშიშროებაზე საუბარი. ნუ დავივიწყებთ, რომ ჩვენთან ტყვიების ზუზუნი არ ისმის, მაგრამ რეალურად იმ ომში ვართ, რაზეც ზემოთ მოგახსენეთ. რაც უფრო მალე გავაგებინებთ მოსახლეობას, რომ ომი დაწყებულია, რაც უკვე 35 წელს ითვლის, ცხარე ფაზა კი ორი წლის წინათ დაიწყო, მით უკეთესი იქნება. მოდი, ვეცადოთ, ამ ცხარე ომის ფაზის დროს სამშობლო არ დავკარგოთ. ვფიქრობ, სწორად ახსნილი ვითარება ყველას ყურამდე მივა და რეალურად გადარჩენის შანსი მოგვეცემა. 
_ ქალბატონო ლალი, ევროპიდან მუდმივად საქართველოს დასჯის მოწოდებები გაისმის, მაშინ საერთო მიზნები რა გვაქვს?
_ დიახ, მუდმივად მუქარა, ჩვენი დასჯაა დღის წესრიგში, მაგრამ ვინ ითხოვს ამას? _ ევროპის კორუმპირებული ჩინოვნიკები. ისინი, ვინც დღეს გამალებული გვემუქრებიან და „დემოკრატიის უკუსვლის“ გამო თითს გვიქნევენ, წარმავალი პოლიტიკოსები არიან. დრო ჩვენ წინააღმდეგ მუშაობს. პრემიერს არაერთხელ უთქვამს, რომ ევროპისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ. მაგრამ დღეს ევროსტრუქტურებს პოლიტიკიდან წარმავალი ხალხი განაგებს, როგორიც, მაგალითად, ურსულა ფონ დერ ლაიენია. რა თქმა უნდა, ამ ვითარებაში თმენა, ლოდინი, რთულია, რადგან, რაც დრო გადის, სანქციები მკაცრდება. ახლა საქართველოს საბანკო სისტემის სვიფტიდან გათიშვითაც დაგვემუქრნენ. ასეთ შემთხვევაში, სარეზერვო ვარიანტზე _ ჩინურ ბანკებზე გადავინაცვლებთ. თუმცა, სვიფტიდან გათიშვას არ ველი. ეს არც „საქართველოს ბანკის“ და „თი-ბი-სის“ ინტერესში არ არის. „ბლექ როკი“ მათი მეწილეა და საკუთარ ბანკებს ხომ არ გაანადგურებენ.
_ დღეს რა ნიშნულზეა ამერიკასთან ჩვენი ურთიერთობა?
_ ჯერჯერობით, ურთიერთობის გადატვირთვა ადგილიდან არ დაძრულა. დრო კი ჩვენ წინააღმდეგ მუშაობს, რადგან ხალხი დაიღალა, გამოიფიტა. ხელისუფლებას საზოგადოების პულსზე უნდა ედოს ხელი. ქვეყნის გულშემატკივრებს უნდა გავუფრთხილდეთ. ვისთვისაც სულ ერთია, აქ ომი იქნება თუ არა, მას საქართველოსთვის კეთილისმსურველად ვერ მივიჩნევთ. ზუსტად ეს ადამიანები მუშაობენ ქვეყნის ჩამოშლაზე. ამიტომ ვიმეორებ ამდენჯერ, რომ საკუთარ ხალხთან კომუნიკაცია მნიშვნელოვანია. ყოველთვის მირჩევნია, საფრთხეს მომზადებული შევხვდეთ. საერთოდ, ქართულ ხასიათში დევს, ბოლო მომენტამდე ყურს არ ვიბერტყავთ და მერე დავფაცურდებით ხოლმე. საკუთარ ქვეყანაზე, ხალხზე ჩვენვე უნდა ვიფიქროთ.
დააკვირდით, მილიონ 200 ათასი ამომრჩეველი რეზოლუციის შემქმნელებისთვის საერთოდ არ არსებობს. მათთვის ხალხი მხოლოდ ნაცების აქტივისტები და ისინი არიან, ვინც რუსთაველის გამზირზე სეირნობენ. ჩვენ ვინ ვართ? 
_ ოპოზიცია თვითმმართველობის არჩევნებზე ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის ჩამოსვლას ითხოვს...
_ ამაზე პრემიერმა, როგორც ყოველთვის, შესანიშნავად უპასუხა: ოპოზიციამ ჯერ ეუთო-ს შარშანდელი დასკვნა აღიაროს და მერე მოვიწვევთო. აბსოლუტურად ვეთანხმები _ თუ საპარლამენტო არჩევნების დროს დასკვნა დაიწუნეს, ახლა რიღასთვის სჭირდებათ ეუთო/ოდირის დაკვირვება?! 
_ ახლახან ევროპარლამენტის დეპუტატების ერთმა ჯგუფმა _ „პატრიოტები ევროპისთვის“ არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობის შესახებ ვებგვერდი აამოქმედა, სადაც ხელმისაწვდომია ინფორმაცია, რომელ ქვეყანაში რომელი ნჯო რა რაოდენობის გრანტით დაფინანსდა ევროომისიის მიერ. ჩვენი ნჯო-ებისთვს გაცემული თანხები საკმაოდ შთამბეჭდავია...
_ დიახ, ყველაფერი გაცხადდა, ინფორმაცია გვაქვს, ახლა მოქმედების დროა. კი ბატონო, ისიც კარგად ვიცით, რომ მთავრობა რაც უფრო ხისტად იმოქმედებს, მით მეტი მტერი გაუჩნდება. მაგრამ ბრძოლა დაწყებულია და უკან დასახევი გზა აღარ არის.
_ ბოლოს გვითხარით, თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ მწვავე შემოდგომას ელით?
_ თუ მხარეებს შორის სწორი კომუნიკაცია არ მოხდა, დიახ, იმაზე უარესსაც ველოდები, რაც შარშან საპარლამენტო არჩევნების შემდეგ იყო. 
თამარ შველიძე