მალხაზ ბეგიაშვილი: უახლოეს ხანში სიღნაღის ხელახალი რეაბილიტაცია დაიწყება

მალხაზ ბეგიაშვილი: უახლოეს ხანში სიღნაღის ხელახალი რეაბილიტაცია დაიწყება

მალხაზ ბეგიაშვილი - სიღნაღის მოქმედი მერი. ეს კაცი აქაურებისთვის არ გახლავთ ციდან ჩამოფრენილი, სოფელ ძველ ანაგაში დაიბადა, 
გაიზარდა და აქ აპირებს სიცოცხლის ბოლომდე ცხოვრებას. 
მან კარგად იცის, რა უნდათ სიღნაღელებს, რაზე ფიქრობენ, 
რაზე ოცნებობენ, რა აწუხებთ, რა სტკივათ. ის მეორედ გახდება სიღნაღის მერი, ჯერ ერთი, კონკურენტი, ფაქტობრივად, არ ჰყავს და რომც ჰყავდეს, ასეთ მუშა ხელმძღვანელს ვერაფერს დააკლებს.

- ბატონო მალხაზ, მოდი, პრობლემებით დავიწყოთ, მე ვიცი, რომ სიღნაღის მუნიციპალიტეტში ბევრი რამ გაკეთდა - გზები, სკვერები, განათება, წყალი, თუმცა დარჩა პრობლემებიც. რა არის ის, რის გაკეთებაც პირველ ეტაპზე ვერ მოასწარით?
- რაღაც გამოკვეთილი პრობლემა რომ ყოფილიყო, ასე არ არის, მაგრამ, რა თქმა უნდა, ზოგადი პრობლემები, რაც რეგიონშია, არსებობს. ალბათ, იცით, ბოლო წლების განმავლობაში მთელი მუნიციპალიტეტი მოიცვა სასმელი წყლის პროგრამამ. ყველა სოფელში თითქმის ერთდროულად დაიწყო მშენებლობა. ამის გამო შიდა სასოფლო გზები დაზიანდა და გადავედით ამ გზების მოწესრიგებაზეც. ამას გამოკვეთილად იმიტომ ვამბობ, რომ ეს ყველგან ერთდროულად მოხდა. მეორე მნიშვნელოვანი საკითხი იყო სპორტული ინფრასტრუქტურის ჩამორჩენა, ჯანმრთელი ცხოვრების სტიმული რომ ყოფილიყო ახალგაზრდებისთვის, ასეთი ინფრასტრუქტურა ჩვენ არ გვქონდა. სიღნაღი იყო გარეგნულად მომხიბლავი, ლამაზი, მაგრამ შინაარსობრივად დაცლილი. კარგია, „სიყვარულის ქალაქი“ რომ გქვია, მაგრამ ეს იგივე იყო, ადამიანს სული რომ არ ჰქონოდა. ჩვენ გვინდოდა, სიღნაღი ისეთივე მომხიბლავი და დასამახსოვრებელი ყოფილიყო შინაგანად, როგორიც გარეგნულად იყო. გეოგრაფია გვაქვს უნიკალური, ისტორია არანაკლები და არქიტექტურა გადასარევი, ახლა უნდა გვეპოვა ნიშა, რომელიც ჰარმონიაში მოვიდოდა მის გარეგნობასთან. 
- სხვათა შორის, მე მქონდა და ახლაც მაქვს შეგრძნება, რომ ტურისტი მოდის ქალაქ სიღნაღში და არ ჩამოდის სოფლებში, ანუ შუაგულ ქიზიყში. არადა, არანაკლებ საინტერესო ისტორია გვაქვს ქვემოთ, ალაზნის ველზე. ბოლო-ბოლო, ვენახები გვაქვს უნიკალური.
- სწორია, ამდენი ტურისტული ნაკადი მოდის, სიღნაღი ამ მხრივ ყველა მუნიციპალიტეტს აჭარბებს, მაგრამ ამას არეგულირებს აგროტურიზმი. თუ გადავხედავთ თელავს, ყვარელს და სხვა რაიონებს, იქ უფრო მეტად არის განვითარებული შატოები, საოჯახო სასტუმროები, რესტორნები და ასე შემდეგ. ჩვენ ამ ნაწილშიც ვფიქრობდით განვითარებას და წინსვლა ნამდვილად გვაქვს, მაგრამ ჯერ ისეთი ვერა, როგორიც, მაგალითად, თელავშია. ამ მხრივ საკმაო სამუშაოა. ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა იყო მიწისქვეშა და მიწისზედა კომუნიკაციების მოწესრიგება. როდესაც სიღნაღს ე. წ. რეაბილიტაცია ჩაუტარეს, მაშინ არავის გაუთვალისწინებია, არც არავის უფიქრია, გრძელვადიან პერსპექტივაში როგორ დაიტვირთებოდა ეს ქალაქი. სანიაღვრე და საკანალიზაციო სისტემები ერთმანეთშია არეული. მთავრობაში საკითხი დაყენებულია, ყველა საქმის კურსშია, უახლოეს ხანში უნდა დავიწყოთ სიღნაღის ხელახალი რეაბილიტაცია. ამ ეტაპზე მიდის განხილვა, რა როგორ იქნება. 
- ეგ კარგი საქმეა, ძალიან გამახარეთ. რაც შეიძლება ბევრი უნდა ვილაპარაკოთ ამ საკითხზე.
- რა თქმა უნდა, ეს საჭიროა... თუ არ მოხდა ხელახალი რეაბილიტაცია, ბევრ რამეს ვერ გავაკეთებთ, გარე განათების გაკეთებაც კი გვიჭირს, კვეთები ისეა ჩალაგებული და ისე უხარისხოდ არის გაკეთებული, რემონტის საშუალებას არ იძლევა.
- ეს „ნაციონალების“ საქმენი საგმირონია, თუ კომუნისტების დროინდელია და მოძველდა?
- არა, „ნაციონალების“ დროს გაკეთდა, ხომ იცით, მაგათთვის მთავარი ფასადი იყო, იმაზე არავინ ფიქრობდა, ათი ან ოცი წლის მერე ამ ქალაქს რა პერსპექტივა ექნებოდა. ახლა, ვისაც კი სასტუმრო აქვს, ყველგან გააკეთეს საცურაო აუზები, ბაზარი ითხოვს და ეს ამხელა სიმძიმე ხომ სისტემას აწვება? მე სულ ვამბობ, როდესაც ხელახალი რეაბილიტაცია დაიწყება, ყველაფერი ისე უნდა გავაკეთოთ, რომ ტურისტული სეზონი არ დავაზიანოთ, ან არ დავაპაუზოთ. 
- ალბათ, ეგ გვიან შემოდგომით ან ადრე გაზაფხულზე უნდა გაკეთდეს, როცა სიღნაღი შედარებით დაცლილია.
- კი, ალბათ, ასე იქნება და გარეუბნებიდან უნდა დავიწყოთ. მთავარია, მობილიზებული იყოს ყველა და თანმიმდევრულად გავწეროთ სამუშაოები. რა გითხრათ, არის სტანდარტული პრობლემები, მაგრამ გპირდებით, ყველაფერს მივხედავთ. 
- რთველი დაიწყო, რა ხდება, ვინმე ხომ არ გვყავს უკმაყოფილო?
- წლევანდელი რთველი ყველაზე საუკეთესოა. ამ ეტაპზე სახელმწიფომაც გაბედული ნაბიჯი გადადგა, დოტაცია მიდის პირდაპირ ყურძნის მწარმოებელთან და არა მეღვინესთან. ადრე სახელმწიფო აფინანსებდა ღვინის მწარმოებლებს და ამ ფულით ყიდულობდნენ ყურძენს, ახლა სიტუაცია შეიცვალა. ამასთან, მინიმალური ზღვარიც გამოიკვეთა, ერთ კოლოგრამ თეთრ ყურძენზე 1 ლარი და 20 თეთრია. 
- აქ ცოტა დეტალურად განვმარტოთ... ესე იგი, გლეხი მიდის ქარხანაში, აბარებს ყურძენს და ფულს იძლევა ვინ? 
- ყურძნის ჩაბარებიდან 20 სამუშაო დღეში გლეხს თანხა ერიცხება ბანკში. არსებობს მობილური ჯგუფები, თუ ხარისხზე გლეხს სადავო ექნება, შეისწავლიან და პრობლემა არ იქნება. ამ ეტაპზე არანაირი შეფერხება არ არსებობს და ვფიქრობ, რთველი ასეც ჩაივლის. წელს ორგანიზება ადრე დაიწყო და ამან დადებითად იმოქმედა. ერთი ეგ არის, რომ ჩვენს მუნიციპალიტეტში ღვინის კერძო ქარხნები არ არსებობს, ეს ჩვენთვის მინუსია. სულ ვლაპარაკობ, თავის დროზე ერეკლე მეორემ სიღნაღი თავისუფალ ეკონომიკურ ზონად გამოაცხადა, ჩამოასახლა ხელოსნები, გაათავისუფლა გადასახადებისგან, ამის შემდეგ იქცა სიღნაღი ქალაქად, მანამდე იყო მხოლოდ კოშკები და კედლები. 
- ერეკლემ სომხები ჩამოასახლა...
- დიახ, ამით გაამაგრა სიღნაღი, ააღორძინა წარმოება, ხელოსნობა. ხან ვხუმრობ ხოლმე, მაგრამ მთლად სახუმაროც არ არის, თავის დროზე წნორი იყო სავაჭრო ცენტრი, აზერბაიჯანის ქალაქებიც კი აქედან მარაგდებოდა. 
- ბატონო მალხაზ, გადავიდეთ საკითხზე, რომელიც ჩემს ინტერესებშიც შედის, მაგრამ მოსახლეობის ინტერესი უფრო დიდია _ სიღნაღის მუნიციპალიტეტში გაზეთები არ მოდის, ამხელა რაიონში პრესა არ ვრცელდება, რა ვქნათ?
- ამ საკითხზე სიღნაღში რამდენიმეჯერ მკითხეს, წნორშიც არის ეს მოთხოვნა. შეიძლება ცენტრში რამე ადგილი გამოვნახოთ და იქ გაიყიდოს. მოთხოვნა დიდია. 
- იცით, ხალხი რას ფიქრობს? აბა, ეს რა ქვეყანაა, როცა გაზეთებიც კი არ მოდის ჩვენამდეო. ადამიანები მიჩვეულები იყვნენ პრესას და პრესის გარეშე დარჩნენ, ისინი ძალიან განიცდიან. მე არ მეგონა, ამდენი მკითხველი თუ იყო სოფლებში.
- მე მაინც ვფიქრობ, რომ გაზეთების რედაქციებმა უნდა გამონახონ რაღაც გამოსავალი.
- საოცარი ის არის, რომ პრესა თელავში იყიდება, გურჯაანში იყიდება, ყვარელში იყიდება, დედოფლისწყაროში იყიდება, მხოლოდ სიღნაღის მუნიციპალიტეტია გამონაკლისი. 
- არ ვიცი, მაშინ მერიამ უნდა იყიდოს და ჩამოიტანოს სიღნაღამდე. სანამ მამაჩემი ცოცხალი იყო, სპეციალურად ვყიდულობდი და მიმქონდა, გაზეთებით ცოცხლობდა. პრესას თავისებური ხიბლი აქვს, მეც მიყვარს გაზეთის სუნი. 
- კიდევ ერთი პრობლემა, ამას წინებზე მოსახლეობა ჩიოდა, წნორში მშვენიერი პარკი გააკეთეს და არც დენია, არც შადრევნები მუშაობსო.
- ეგ პრობლემა მოგვარდა, ახლა პარკში განათებაც არის და შადრევანიც მუშაობს. მე ამ პარკის მოდერნიზება მინდა მომავალი წლიდან, ისედაც კარგია, მაგრამ შინაარსობრივად დასახვეწია. 
- თუ მშვიდობიანად არ დაგვამხეს, გამარჯვების შემთხვევაში რით დაიწყებთ?
- არ ილევა ჩვენს ქვეყანაში ფულზე გაყიდული „პატრიოტები“, მაგრამ მადლობა ღმერთს, რომ ცოტანი არიან, მიზანს ვერ აღწევენ. ჩემი უპირველესი მიზანია, დავნერგოთ ჯანსაღი ცხოვრების წესი _ დღევანდელ ახალგაზრდობას ეს სჭირდება. სპორტული კომპლექსი ავაშენეთ, ისეთი კალათბურთის დარბაზი გვაქვს, რომ ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს, საერთაშორისო მატჩების ჩატარებაც შეიძლება. გვაქვს ჭიდაობის დარბაზი. უნდა გავაკეთოთ საცურაო აუზი თავისი ინფრასტრუქტურით. იქნება კრივისა და ჭიდაობის დარბაზები, ჩოგბურთის და ასე შემდეგ. გეგმები გვაქვს, საკმაოდ მასშტაბური პროექტია. 
- გისურვებთ წარმატებებს.
- გმადლობთ.

ესაუბრა 
გელა ზედელაშვილი