მსოფლიო კარის თამაშები
ირან-ისრაელის 12-დღიანი ომი დასრულდა.
ნამდვილად მისალოცი ამბავია მთელი მსოფლიოსთვის, რადგან, ფაქტობრივად, III მსოფლიო ომი იწყებოდა, რომელიც წლობით გაგრძელდებოდა და უამრავ მსხვერპლსა და ნგრევას მოიტანდა.
კი, მოსალოცი ამბავია, მაგრამ ტრამპმა რომ დალოცა მეომარი მხარეები, ახლო აღმოსავლეთი, აშშ და სრულიად მსოფლიო, მის ნაცვლად მე ვიგრძენი თავი უხერხულად _ რაც თავი მახსოვს, თუკი რამ ომი წამოწყებულა მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში, ყველგან აშშ-ის ხელი იყო გარეული და რაგინდ ნობელის პრემიაზე ოცნებობდეს პირადად ტრამპი, აშშ ერთი კაცი არ არის და არც ამერიკის მოქალაქეების სურვილი არ ნიშნავს არაფერს,
აშშ, რომელსაც მსოფლიო იცნობს, იმ შინაური ცხოველისა არ იყოს, არ მოიშლის იმას, რასაც მიჩვეულია. სწორედ ამიტომ, ტრამპი მშვიდობის მტრედიდან კლოუნად აქციეს _ განცხადება გააკეთებინეს, ისრაელი და ირანი ცეცხლის დაუყოვნებლივ და სრულ შეწყვეტაზე შეთანხმდნენო და ორივე მხარემ მაინც იგივე განაგრძო. ასევე, ირანი არ აპირებს ატომურ იარაღზე მუშაობის შეწყვეტას, ხოლო ქვეყნის შიგნით, გარე ძალების მიერ კვლავ მზადდება შიდა არეულობა, რათა ისლამისტური რეჟიმი ამ კრიზისის დროს მაინც შეცვალონ, ან, თუ მართლა დასრულდა მათ შორის შეიარაღებული კონფლიქტი, წამოწყებული ავანტიურა კონფლიქტის დასრულების შემდგომი კრიზის დროს მაინც დააგვირგვინონ.
შეკითხვები თავისთავად გროვდება.
ტრამპი აშშ-ის სათავეში ომებისა და კონფლიქტების მოგვარების გაცხადებული დაპირებით მოვიდა და მჯერა მისი ამ განწყობის, მაშ რა მოხდა?
ცალკეული ამერიკელი კონგრესმენისგან გავიგეთ, რომ კონგრესის თანხმობის გარეშე აშშ-ის პრეზიდენტი ომში მხარე ვერ იქნება; რომ ტრამპის იმპიჩმენტისთვის საფუძველი უნდა გახდეს ირანის ბირთვული ობიექტების დაბომბვა და ა. შ. მაშ, ვისთან შეათანხმა გზაკვალარეულმა ტრამპმა ირანზე მოულოდნელი თავდასხმა? ტრამპის ადმინისტრაციის ყველა სტრუქტურა და სახელმწიფო დეპარტამენტი ტრამპის კონტროლქვეშ უნდა იყოს, მაგრამ არის კი?
როდესაც ტრამპის ადმინისტრაციის წევრების დამტკიცება ხდებოდა სენატში, კანდიდატებმა ძლივს გადალახეს ბარიერი. ერთადერთი კანდიდატი მარკო რუბიო იყო, რომელმაც სენატორების 100%-იანი მხარდაჭერა მიიღო და ტრამპმა ეჭვნარევი ღიმილით ჰკითხა, როგორ მოახერხეო?
როდესაც დანაშაული ხდება, გამოძიების ხაზი ხომ ასე უნდა დაიწყოს: ვის აწყობდა? ჰოდა, ვისაც III მსოფლიო ომი აწყობს, ეს არის ის ყბადაღებული დიფ-სთეითი, მისი საცეცებით დაჭერილი ევროკავშირი და მისი გავლენის ქვეშ მომწყვდეული ქვეყნების ხელისუფლებები.
ვიღაცამ თქვა, ჩინეთმა ირანში 400 მლრდ ჩადო, განზე როგორ გადგება, დაიცავსო. მე კი ვიტყვი, რომ 2003 წლიდან ვაშინგტონმა ახლო აღმოსავლეთში 12 ტრილიონი დოლარი ჩადო და ამ თანხის საზღაური არაფერი მიუღია, ხილულად _ 7000 დაღუპული ამერიკელი ჯარისკაცი, უამრავი დაჭრილ-დაინვალიდებული, ღია საზღვრები და ქაოსი დაიდო. აშშ-ის მთავრობამ ისრაელისთვის სამხედრო დახმარებაზე მინიმუმ 22 მლრდ დოლარი რომ დახარჯა 2023 წლის 7 ოქტომბრიდან 2024 წლის 30 სექტემბრამდე? _ როგორც ჩვენთან იციან თქმა, ტრამპს „ირანი ჩაუდეს“, მაგრამ ვფიქრობ, გარს შემოკრებილმა აქტიური ასაკის ახალგაზრდებმა „ივაჟკაცეს“ და აღარ განვითარდა სავალალო შედეგისკენ სვლა...
რა დავინახეთ და რას ვხედავთ ამ ომით?
ჩემი სუბიექტური აზრია: ერთმა კაცმა, ტრამპმა კი არა, აშშ-მა, რა ძალებიც მოიაზრება მის უკან და დაფარულად, სიტუაცია დატესტეს, აბა, შეძლებდნენ თუ ვერა ამ გზით მათთვის არასასურველ ირანის ხელისუფლების შეცვლას, თორემ კარგად იციან, რეალურად ვის აქვს „ატომი“ და არ იმჩნევენ, თუმცა ეჭვით ყველამ ვიცით. ჰოდა, ირანის პარლამენტმა დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან თანამშრომლობის შეჩერებას ითვალისწინებს. მათ ინსპექტორებს ირანში შესვლა აეკრძალებათ მანამ, სანამ ირანის ბირთვული ობიექტების უსაფრთხოება გარანტირებული არ იქნება. ის აღარ უთქვამთ, ჩემთან რასაც ეძებთ, ფრანგების ხელშეწყობით „ის“ ისრაელს რომ აქვს და არ იმჩნევთ, ეგ ამბავი როგორ არისო?
ტესტმა დამტესტავისთვის არასასურველი შედეგი აჩვენა. აღმოჩნდა, რომ ამერიკულმა მძლავრმა იარაღმა, რომელიც მსოფლიოში თურმე არავის აქვს, 90-მეტრიანი კლდის სიღრმე ვერ აიღო, ხოლო ისრაელის „რკინის გუმბათი“ კი, რატომღაც, გაირღვა და დაირღვა;
გაქრა მითი, რომ ისრაელი მსოფლიოში ერთ-ერთი ძლიერი სამხედრო ძალაა, ანუ ის აშშ-ის გარეშე არაფერს წარმოადგენს;
ამ დაპირისპირებამ აჩვენა, რომ რეგიონის გეოპოლიტიკური რეალობა ბევრად რთული და არაპროგნოზირებადი ყოფილა, ვიდრე ომისმოყვარე თეორეტიკოსებს მიაჩნდათ;
დაფეხვილმა ირანმა ეფექტურად გამოიყენა უპილოტო საფრენი აპარატები, სარაკეტო სისტემები, ასიმეტრიული სტრატეგია და მისი იერიშები იყო ზუსტი, კოორდინირებული და მრავალპლანიანი. უპილოტო საფრენი აპარატები, ბალისტიკური რაკეტები და კიბერშეტევები ისე იყო სინქრონიზებული, რომ ისრაელის თავდაცვის სისტემა ვერ განშტოვდა მრავალმხრივი საფრთხის წინააღმდეგ, ისრაელმა ვერ შეძლო სრულფასოვანი თავდაცვითი რეაგირება.
ამ პროვოცირებული პროქსი ომის დატესტვით დამტესტავმა გაიგო, რომ აშშ მზად არ არის, ისრაელის ხელით ფართომასშტაბიანი და ხანგრძლივი ომის წამოსაწყებად;
დონალდ ტრამპს „ომობანა“ მართლა არ უნდა, მას მხოლოდ ერთი ინტერესი აქვს _ სახელი, „კვლავ გახადოს ამერიკა ძლიერი“, ამიტომ, როგორც კი მსოფლიოში ნეგატიური განწყობა დაინახა, „ხელი დაიბანა“.
საქმეში რუსეთი და ჩინეთი ჩაერთვნენ.
ერთადერთი, ვინც ამ დღეებში სარგებელი მიიღო, რუსეთი აღმოჩნდა _ ნავთობზე ავარდნილმა ფასებმა ერთ კვირაში ერთი წლის მოგება დაუდო. ამასთანავე, ირანს ღიად უთხრა, ჩემ გარეშე არაფერი ხარ, მაგრამ გადაგარჩინე, რადგან მე ვთქვი, რომ არ გაქვს ატომი, მაგრამ გექნება ჩემგან გამზადებული და ცინცხალიო;
ისრაელს უთხრა, ძალიანაც ნუ გააჩმახებ, თორემ, როგორც შეგიქმენით სახელმწიფო, ისე გაგიქრობო;
ზელენსკის უკრაინას უთხრა: ხომ ხედავ, აღარ ხარ მოდაში, ჩაიარა შენმა მატარებელმა და არესტოვიჩის გათვლისა არ იყოს, ახლა რასაც ვითხოვ, იმას გავაორმაგებ და ისე წავიღებ იმას, რაც ჩემია და ვიღაცებს თავისი ჰგონიათო.
ზოგადად კი ყველას უთხრა: ახლა ოთხი დღე არ მცალია, ჩინეთში მივდივარ სტუმრად, სის და მე სასაუბრო გვაქვს, დანარჩენს მერე გაიგებთო.
ეს 12-დღიანი ომი, გერმანიის კანცლერის მერცის სიტყვებით, „ისრაელი ჩვენს ბინძურ საქმეს აკეთებს“, რა საჭირო იყო, რა იგულისხმა მერცმა? ადამიანებმა მხოლოდ „ბინძური საქმე“ გაიგეს, თუმცა არ ჩაძიებიან, განაზოგადეს, მარტივად გადაატარეს და გააიგივეს იმასთან, რომ გამიზნული აგრესიული პოლიტიკით გამოწვეული ადამიანური მსხვერპლი სიბინძურეა.
არაფერს ვამტკიცებ, რასაც ვხედავ, იმას ვამბობ: როგორც ერაყში არ იყო, ისე არ არის ირანშიც „ის“, რის გამოც წამოიწყო ეს ამბავი, შესაბამისად, ირანი არ არის მთავარი სამიზნე! სამიზნე ჩინეთია და კიდევ, რადგან აღნიშნულ რეგიონში და არა მხოლოდ, ეჭვქვეშ დგას ე. წ. დასავლეთის იმპერიის შენარჩუნების საკითხი აშშ-ის უპირატესობით.
ირანის „გადემოკრატება“, ანუ ლიბერალი „თავიკაცის“ ირანის სათავეში მოყვანა, კოლექტიურ დასავლეთს გზას გაუხსნის არეულობისთვის შუა აზიაშიც და ჩინეთის ალყა განუზრახავთ?
ჩინეთის განვითარების სოციალისტური მოდელი დიდ საფრთხეს უქმნის მათ კაპიტალისტურ მოდელს და ეცილება მსოფლიო ჰეგემონიაში გამანადგურებელი ომებისა და სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევის გარეშე, მხოლოდ ეკონომიკური და სოციალური განვითარებისა და საკუთარი ხალხის კეთილდღეობის გაზრდით? _ ასე როგორ შეიძლება?!
„საბჭოთა გადმონაშთს“ კარგად მახსოვს ბევრი რამ, უპირველესად ის, რომ ე. წ. დასავლეთის სამიზნე ვიყავით ყველა „საბჭოელი“ და დაამარცხეს კიდეც უკვე ჩამყაყებული სსრკ, მაგრამ ახლა ჩამყაყებული სსრკ-ის ნაცვლად არასასურველად ძლიერი რუსეთის ფედერაციაა, ეცადნენ რუსეთის დესტაბილიზაციით ჩინეთზე ზეგავლენის მოხდენა, მაგრამ „რაღაც, ისე ვეღარ გამოდის“ _ ამიტომ, ახლა რუსეთთან საქმის დალაგების დროა.
ზოგადად და რეალურად, ე. წ. დასავლეთში შემუშავებული ყველა „მოდელი“, ლიბერალური იქნება თუ კონსერვატული, მხოლოდ და მხოლოდ ერთს, ეკონომიკურ პლატფორმას ემსახურება _ ანგლოსაქსურ ჰეგემონიას, ოლიგარქიულ იმპერიას!
რამდენჯერ რამდენ ვინმეს გვითქვამს, მათ შორის მეც _ ხალხო, ამ ცალკეული პარტიებისა და ცალკეული პირების ინტერესების გამო რომ გამოკინკილდებით რუსთაველზე, ხალხს ეხვეწებით, გამოდითო და ხელში არაფერი გრჩებათ თავების დაკარგვის გარდა, აბა, სოციალური და ეკონომიკური პირობების გამო გამოდით, ხალხს ხვეწნა არ დასჭირდება, თავისით გამოვიშლებით-მეთქი. არა! ერთადერთი შემთხვევა იყო, როდესაც ხვეწნა-მუდარის გარეშე კოვიდფაშიზმის წინააღმდეგ საპროტესტოდ გავერთიანდით.
პირადად მე არ მეხება, რადგან მუდმივად იმაზე ვდავობ და ვითხოვ, რაც ჩემი სამშობლოსთვის აუცილებელია, საჭიროა და სასწრაფოდ შესასრულებელია, მაგრამ არ მაქვს ტრიბუნა, თანამდებობა და ა. შ. სახელმწიფოებრივი ძალა _ სხვებს მოვუწოდებ, ეს ნიშა ვისაც უკავია, რომ წინა პლანზე დააყენონ სოციალურ-ეკონომიკური გარდაქმნები ისე, როგორც ეს ჩინეთში იყო და არის, ამაზე იდავონ, ამაზე გამართონ დებატები, ამაზე მიიღონ ქვეყნისთვის სასიკეთო გადაწყვეტილებები და არა ვიღაცის რაღაც იდენტობებზე და ყურით მოთრეულ მსგავს თემებზე, მაგრამ, როგორც აღვნიშნე, ამისი მოთხოვნილება, სამწუხაროდ, არავის აქვს... ისღა დამრჩენია ვიფიქრო, რომ მსოფლიო კარის თამაშებში საქართველოს თავისი „საქართველოს კარის თამაშები“ აქვს...
რუსეთის პრეზიდენტმა რომ განაცხადა, ირანის წინააღმდეგ არაპროვოცირებული აგრესიის აქტი განხორციელდა, რასაც გამართლება არა აქვსო და „როიტერსმა“ ინფორმაცია გაავრცელა, აიათოლა ჰამენეიმ ვლადიმირ პუტინს წერილი გაუგზავნა, სადაც უკმაყოფილება გამოთქვა რუსეთის მხარდაჭერის დონითო, ეს გვერდზე გადავდოთ _ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი რომ ჩავიდა რუსეთში და პუტინს შეხვდა, გამიკვირდა, არათანაბარ დონედ აღვიქვი ირანელი მინისტრი და რუსეთის პრეზიდენტი. მათი საუბრის შინაარსის შესახებ ოფიციალურად რა გვითხრეს, ნაკლებად საინტერესოდ მიმაჩნია, ის უფრო მაინტერესებს, რაც არ გვითხრეს.
ერთი შეხედვით ასე იყო, რომ ირანსა და რუსეთს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობა განელდა, თუმცა რატომ, სერიოზულ და მნიშვნელოვან საკითხს ვერ ვიხსენებ.
ისრაელ-ირანის დაპირისპირებამ წამომიშალა ფიქრები, თორემ ირანი მხოლოდ ირანელი ქალების თბილისის ქუჩებში მოზღვავებაზე მახსენდებოდა...
ახლა მოსკოვის ქმედებებზე, პუტინის პრესსპიკერ პესკოვისა და მედვედევის ირაზროვან ფრაზებსა და სიტყვებზე გამიჩნდა ჩამოყალიბებული ეჭვი, რომ ირანი და რუსეთი დანარჩენ მსოფლიოს გვაყურებინებენ მსოფლიო კარის თამაშების ერთ-ერთ სერია-სეზონს, რეალურად კი კლასიკური გეოპოლიტიკური სტრატეგიის ნიმუშს ვხედავთ, რომელსაც ტერმინი „ნისლის პოლიტიკა“ მიესადაგება. ეს არის ის შემთხვევა, როდესაც გაცილებული ცოლ-ქმარი ვითომ მხოლოდ საერთო ბავშვების გამო რომ ეკონტაქტებიან ერთმანეთს, მაგრამ ნაცოლარი „რატომღაც“ ფეხმძიმედაა ყოფილი მეუღლისგან.
თითოეული მათგანის მიერ წარმოთქმულ ფრაზებში პწკარებშუა იკითხება, რომ ამ ორ ქვეყანას, ირანსა და რუსეთს საერთო მასშტაბური და სტრატეგიული კავშირ-ინტერესები აქვთ, რაც, შეიძლება, ყველაფერი იყოს, მათ შორის უმნიშვნელოვანესი: სადაზვერვო ინფორმაციების გაცვლა, უახლესი სამხედრო ტექნოლოგიების მიწოდება, დასავლური გავლენების დაბალანსება, ენერგეტიკული და სატრანსპორტო დერეფნები და ა. შ. უმთავრესი _ მრავალპოლუსიანი მსოფლიოს ფორმირება.
თვალნათელია, რომ რუსეთი და ჩინეთი ერთიანი ძალებით ცდილობენ აშშ-ის დრონახელთები მსოფლიო წესრიგის დაშლას. რატომაც არ და ვერ? ოდესღაც ძლიერი საბჭოთა კავშირის დანგრევა თუ ყოფილა შესაძლებელი, რატომ ვერ დაინგრევა ამერიკის სისხლისმოყვარე წესრიგი? _ აწყობაა რთული, თორემ დანგრევა არც თუ ისე რთული ყოფილა... დემოკრატიისა და ხალხთა გათავისუფლების სახელით იმდენი სისხლი მიუტანა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში „კეთილმა ძია სემმა“ ყველას, რომ ასეთი ფინალი გარდაუვალად ჩანს.
რუსეთისა და ჩინეთის კოორდინირებული მოქმედებები და ერთმანეთთან 3-4-დღიანი სტუმრობები აშკარად აჩენს იმის კონტურებს, რომ მათ მიერ დახაზულ ახალ მსოფლიო წესრიგში ირანი არის ტაქტიკური ფუნდამენტის მთავარი ლიბო და მასზე დაშენდება ახალი არქიტექტურით განსაზღვრული მსოფლიო _ ირანი, თავისი ანტიამერიკული პოზიციითა და გეოგრაფიული მდებარეობით, ბუნებრივი მოკავშირეა რუსეთისა და ჩინეთისთვის ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის გავლენის შესასუსტებლად, ხოლო სიღრმეში, შუა აზიისკენ აშშ-ისთვის ბარიკადად.
ტრამპის ადმინისტრაციამ იფიქრა, დროულად მივხვდით, ირანთან ომი რომ ხაფანგი იყო, მაგრამ ახლა რაღა ვქნათო და მოიფიქრა, ირანს 30 მლრდ-ზე მივცემ წვდომას, რათა შექმნას სამოქალაქო ბირთვული პროგრამა ურანის გამდიდრების გარეშე, შევარბილებ სანქციებს და გაყინულ 6 მილიარდსაც განვბლოკავო. ცხადია, დეტალები თეთრ სახლში საიდუმლოდ განიხილეს.
რა „ამერიკული სიკეთე“ დაატყდა ირანს?
სი ძინპინი და პუტინი ამერიკისთვის არასასურველად „ახლობლობენ“, ამიტომ აშშ-მა მოიფიქრა, რომ სცადოს, იქნებ, ირანზე სანქციების მოხსნით ნავთობი რომ გაიაფდება, ჩინეთმა რუსეთის ნაცვლად მისგან იყიდოს ნავთობი და მათი მეგობრობა შეარყიოს. ჩინეთი არჩევანის წინაშე დადგება _ ირანის იაფი ნავთობი თუ რუსეთთან მეგობრობა? აქაც ერთი დიდი „მაგრამ“ არის ცუდად გამოჩხერილი _ ჩინეთს ესმის, რომ რუსეთის გარეშე აშშ-ს ვერ გაუმკლავდება და მასთან უთანხმოების ჩამოგდება აშშ-ის ინტერესებშია. ცხადია, ამის შესახებაც ისაუბრებენ სი და პუტინი, ხოლო რა გადაწყდება, მალე ვნახავთ.
ამ ფონზე აღარავის ახსოვს უკრაინა, მაგრამ კარგად ახსოვთ საკუთარი ქვეყნები ფინეთს, ესტონეთს, ლატვიას, ლიეტუვასა და პოლონეთს. ხუთივე ქვეყანა ევროატლანტიკურ ალიანსშია, მაგრამ როგორც „თჰე თელეგრაპჰ“-ი წერს, ყველა მათგანმა გამოაცხადა ოტავას კონვენციიდან გასვლის შესახებ, რომელიც ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების გამოყენებას კრძალავს. თურმე, ამ გაქანებული მსოფლიო კარის თამაშების დროს, ეს გაჭირვებულები რუსეთთან საზღვრის გასწვრივ ტერიტორიების დანაღმვას ეშურებიან.
უშურველი ღიმილი მომეძალა _ საბჭოთა მხატვრული ფილმი „კავკასიელი ტყვე ქალი“ გამახსენდა, „კასმიჩესკი კარაბლი ლეტაიუტ ა ტი მნე დვადცატპიატ ბარანოვ გავარიშო“, _ დრონების ეპოქაში რუსეთის გასწვრივ საზღვარი უნდა დავნაღმოთო _ მოდი და, ნუ გაგეცინება. კალინინგრადის ამბავი როგორ იქნება, ნეტავ?
მთლიანობაში კი, უკრაინაში ზალუჟნის თუ მოიყვანენ პრეზიდენტად მშვიდობის დამამყარებლად, ნატო-რუსეთის ომიც დასრულდება გაყოფილ-განაწილებულ-გადანაწილებული უკრაინით: აშშ-ს უკრაინული სიმდიდრეები, რუსეთს _ ტერიტორიები, რუსეთთან შესაძლო ომით დაფეთებულ ევროკავშირს _ მშვიდი ძილი და, ეგებ ამ ხუთ გაჭირვებულსაც აღარ მოუწიოთ საზღვრის დანაღმვა და კალინინგრადის გამო თავისტკივილი...
გლობალურ კონფლიქტს ავცდით, ანუ III მსოფლიო ომის დაწყებას და ამ მსოფლიო დონის დაძაბულობაში ნიკოლ ფაშინიანისა და გარეგინ II-ის დაპირისპირების ამბავი ისევ წამოტივტივდა. ალბათ, დიდი სტრესის შემდეგ მსოფლიოს გამხიარულება გადაწყვიტეს _ სომხეთის კათალიკოსის პრესმდივანმა განაცხადა, რომ ფაშინიანი წინადაცვეთილია, ანუ იუდეველიაო. ფაშინიანის პასუხმაც არ დააყოვნა, მან „ტელეგრამზე“ გამოაქვეყნა მიწვევა, სადაც წერს, რომ ეპატიჟება გარეგინ II-ს თავის წარმომადგენელთან ერთად, რათა დაუმტკიცოს, რომ წინადაცვეთილი არ არის. სპეცრაზმი გაემართა ეჩმიაძინისკენ და შეაღწია კიდეც შიგნით _ როგორ მეცნობა სცენარი...
მსოფლიო კარის თამაშებს რამდენად გადაწონის „სომხეთის კარის თამაშები“, სამხიარულოდ მაგდენსაც განვსჭვრეტდი, უბრალოდ, ძალიან მეცინება და აზრებს ვერ ვალაგებ... სომხებს არ ეცინებათ, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ ხვდებიან, რაც მათ თავს ხდება...
ზოგადად, რაც შეეხება 12-დღიან „მსოფლიო კარის თამაშებს“, ასეთი საკვირველი ომი ჯერ არ გამიგია, არათუ მენახოს _ ყველამ ერთად გაიმარჯვა: ირანმა, ისრაელმა, აშშ-მა, რუსეთმა, ჩინეთმა.
ვინ დამარცხდა? _ ვინც ამ თამაშებს შეეწირა და სტატისტიკაში ჩაიწერა, როგორც „ვითომც აქ არაფერი“...
ასეთია „მსოფლიო კარის თამაშები“ და მისი წესები...
მაია ჭელიძე
