პრეზიდენტი, რომლის მსგავსიც მსოფლიოს არ ახსოვს

პრეზიდენტი, რომლის მსგავსიც მსოფლიოს არ ახსოვს

აშშ-ის პრეზიდენტი იქ აღარ არის, სადაც არჩევნებამდე იყო. ახლა ხშირად არაადეკვატურია და სიტყვათა წყობაც არეული აქვს. ირანთან დატაკებამ მას უფრო გაურთულა საქმე - ეგონა, აიათოლას რეჟიმს რამდენიმე დღეში გადავტეხავო და მიიღო სრულიად საწინააღმდეგო, მთელი ირანი გაერთიანდა და თქვენ წარმოიდგინეთ, არც ბომბები უთავდებათ. წინა კვირას ტრამპმა განაცხადა, უფრო სწორად, მოგვილოცა, ირანში ომი დავასრულე, მთავრობა განადგურებულია, მომლაპარაკებელიც არავინ დარჩა, შეგიძლიათ მშვიდად დაიძინოთო. 
ჟურნალისტი - თქვენ განაცხადეთ, რომ ირანთან ომი დასრულებულია, მაგრამ ასე არ არის, როდის აპირებთ დასრულებას?
ტრამპი: ირანთანთან ომი მაშინ იქნება დასრულებული, როცა ამას ჩემი ტვინის ძვლები იგრძნობს!
ხედავთ? ტვინი კი არა, ტვინის ძვლები იგრძნობს და მერე კოჭებში გადავა. როდის იქნება ეს? იგრძნობს კი მისი ტვინის ძვლები იმას, რომ ომი უნდა დასრულდეს? ამ ეტაპზე საამისო პრესპექტივა არ ჩანს. ჯერ ისიც გასარკვევია, რატომ შევარდა ტრამპი ნეთანიაჰუსთან ერთად ირანში. თეთრი სახლის პრესმდივანმა ქეროლინ ლევიტმა, შეკითხვაზე, თუ რატომ დაესხა თავს ირანს შეერთებული შტატები, როცა ამის არანაირი საბაბი არ არსებობდაო, ასე უპასუხა - ჩვენი პრეზიდენტი ინტუიციით გრძნობდა, რომ ირანი თავს დაგვესხმებოდაო. ხან რჩება შთაბეჭდილება, რომ „მსოფლიო მბრძანებელს“ ხელქვეითებიც არაადეკვატური ჰყავს. 
მივყვეთ მოვლენებს, გავიხსენოთ, რა ხდებოდა წინა კვირას დონალდ ტრამპის კარზე, ისრაელსა და ირანში: აშშ-ის მთავრობამ 10 მილიონი დოლარი ჯილდო დააწესა მათთვის, ვინც ირანის ლიდერების შესახებ ინფორმაციას მიაწვდის, მათ შორის ქვეყნის ახალი უზენაესი ლიდერის, მოჯთაბა ხამენეის თაობაზე. მოიცადეთ და... აკი მისტერ ტრამპი ცოტა ხნის წინ აცხადებდა, ირანის ხელმძღვანელები ისე ამოვხოცეთ, მომლაპარაკებელიც კი აღარ დარჩათო? ესე იგი, ესეც ტყუილი აღმოჩნდა, ხომ? კი, ბატონო, მთავრობის 48 წევრი მოკლეს, მაგრამ მათი ადგილები ხომ სხვებმა დაიკავეს და უფრო ძლიერი აგრესია გამოავლინეს? თეირანში თითქმის ყოველდღე გამოდის ქუჩაში ასი ათასობით ადამიანი ხელისუფლების მხარდამჭერ აქციაზე. პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი უკვე დაცვის გარეშე დადის ხალხში, ხოლო უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელმა ალი ლარიჯანმა კიდევ ერთხელ გააფრთხილა ტრამპი, ირანელი ხალხის ნებას ვერ გატეხავ, ირანი ომს გამარჯვებამდე მიიყვანსო. 
იცით, ბოლოს საქმე სადამდე მივიდა? ირანი უარს აცხადებს ცეცხლის შეწყვეტაზე. ქვეყნის ლიდერები აცხადებენ, თუ ამერიკის შეერთებულ შტატებს სურს ცეცხლის შეწყვეტა, უნდა დაემორჩილოს ირანის მოთხოვნებს და შეასრულოს პირობები, წინააღმდეგ შემთხვევაში გაგრძელდება ისრაელის, ამერიკული ბაზებისა და საელჩოების დაბომბვა მთელ ახლო აღმოსავლეთში. რა პირობებს აყენებს ირანის ხელისუფლება? პირველი - ეს არის თავდაუსხმელობის გარანტია; მეორე - ბირთვული პროგრამის სრულად გაგრძელების უფლება; მესამე - აშშ-ის მიერ ირანისთვის მიყენებული ზარალის სრული ანაზღაურება, ანუ რეპარაციების გადახდა. ეს, ფაქტობრივად, ულტიმატუმია და საერთოდ არ ჰგავს დამარცხებულის პოზიციას. ალი ლარიჯანმა გააფრთხილა ტრამპი, ირანის ახალ სულიერ ლიდერზე ხელის აწევა არ გაბედო, წინააღმდეგ შემთხვევაში, შენი თავი მიწაზე გაგორდებაო.
ტრამპი ასევე გაიჭედა ჰორმუზის სრუტეში, თავიდან ტრაბახობდა, გემები უსაფრთხოდ ივლიანო, მაგრამ როცა ირანმა ტანკერებს დაარტყა და არავინ დაინდო, ეგრევე რუსეთის ნავთობზე მოხსნა სანქციები. მიხვდა, მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასი 200 დოლარზე ავარდებოდა და რუსეთის გარდა, ყველგან კრიზისი დაიწყებოდა. თუმცა მისტერ ტრამპი დანებებას მაინც არ აპირებს, ის ისევ ილუზიების ტყვეობაშია და აცხადებს - მორჩა, ირანი თითქმის დასრულების პირასააო. შემდეგ კი ისეთ რაღაცას ამბობს, გეგონება უცებ გამოფხიზლდაო: „თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ირანს დაუყოვნებლივ დავასრულებთ. ბევრი ადამიანი ამბობს, რომ ომი უკვე მოგებულია. მათ საზღვაო ფლოტი აღარ ჰყავთ, საჰაერო ძალები აღარ ჰყავთ და ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები აღარ აქვთ. ამ ქვეყნის თავზე თავისუფლად ვმოქმდებთ. მე ირანში ისეთი ლიდერის ნახვა მსურს, რომელმაც იცის, რას აკეთებს და ქვეყნის აშენება შეუძლია. ჩვენ თეირანის ისეთ ნაწილებს შეგვიძლია დავარტყათ, რაც ირანის აღდგენას შეუძლებელს გახდის, მაგრამ, ეს არ გვსურს“.
ნახეთ, თურმე ბევრი ადამიანი ამბობს, რომ ომი უკვე მოგებულია. სად ამბობენ? წყაროზე? განა პრეზიდენტმა არ უნდა იცოდეს, ომი მოგებულია თუ წაგებული? ერთი ავღანეთშია მოგებული, შემდეგ ვიეტნამში და რა ვიცი, მალე ირანშიც მოიგებენ. არ არის მოგებული, აშშ ირანში გაიჭედა. ეს ქვეყანა ყველაზე რთულია იმ ქვეყნებს შორის, რომელიც კი აშშ-ს აქამდე დაუპყრია. ჯერ ერთი, ირანი ლამის 100-მილიონიანი სახელმწიფოა და მეორეც - იქ სულ სხვანაირი მენტალიტეტია.
ამ დროს რა დღეშია ისრაელი? ხალხი თავშესაფრებშია და იბომბება ქალაქები. ე.წ. რკინის გუმბათი საერთოდ არსებობსღა თუ არა, აღარავის ახსოვს. დღე და ღამე სირენების ქვეშ ცხოვრება როგორია? სულ თავშესაფარში ყოფნა როგორია? ერთხელ ხომ მაინც უნდა დამყარდეს ამ ქვეყანაში მშვიდობა? ისრაელის მიმართულებით ბომბებს უშვებს როგორც  „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“, ასევე „ჰეზბოლა“.
ჟურნალისტები კვლავაც დაჟინებით იმეორებენ ერთსა და იმავეს: რატომ დაიწყეთ ომი ირანთან, როცა ამის აუცილებლობა არ იყო? პასუხი ისევ სულელურია - მტკიცებულება არ გვაქვს, მაგრამ ვიცით, რომ ირანი კალიფორნიის შტატზე დრონებით თავდასხმას აპირებდაო. მტკიცებულება არ აქვთ, უბრალოდ, ტანით იგრძნეს, ტვინის ძვლებით მიხვდნენ და საერთოდაც, რა საჭიროა დოკუმენტი ან მტკიცებულება, როცა მსოფლიოს მბრძანებელი ხარ და შეგიძლია, რაც მოგეპრიანება, ის გააკეთო? პრობლემა ის არის, რომ თურმე ირანს ხელის შებრუნება სცოდნია, ერთს რომ შემოულაწუნებენ, მერე იქით ულაწუნებს, სადაც კი ხელი მიუწვდება. თუ ამ დრომდე ისრაელი ურტყამდა ირანელ მაღალჩინოსნებს, ახლა ირანმაც დაიწყო დარტყმები ისრაელის ლიდერების, მინისტრების, სამხედრო მეთაურების, პილოტების და დაზვერვის აგენტების კონკრეტული მისამართების მიხედვით. აკეთებს იგივეს, რასაც ირანში აკეთებენ აშშ და ისრაელი. რა მოხდება უახლოეს ხანში შიგ ისრაელსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში? ხომ არ დაიწყება ნადირობა მნიშვნელოვან ადამიანებზე? რა თქმა უნდა, ვინც მიძინებული ტერორისტული ორგანიზაციები გააღვიძა, იმათ უნდა ეშინოდეთ, რომ სადმე ჩაუსაფრდებიან. განა ეს კარგია? არა, ეს ძალიან ცუდია, მაგრამ როცა ასეთ ფართომასშტაბიან ომს აჩაღებ, ყველაფერი უნდა გათვალო. სხვათა შორის, როცა ისრაელმა ღაზას სექტორის დაბომბვა დაიწყო, გაცილებით მეტი მხარდამჭერი ჰყავდა, ვიდრე ახლა ჰყავს. ერთიც იყო, მაშინ ჯერ ისრაელს დაარტყეს, მძევლები აიყვანეს და ამის გამო მხარდამჭერებიც გამოუჩნდნენ, ახლა სულ სხვა სიტუაციაა, მთელმა მსოფლიომ ნახა, როგორ ჩააწვინეს 170 უდანაშაულო გოგონა სამარეში. 
ბუნებრივია, ჩნდება შეკითხვა: ვინ ეხმარება ირანს იარაღით და დაზვერვით? თავიდანვე ითქვა, რომ ირანს ეხმარებიან რუსეთი და ჩინეთი. ეს აშკარად ჩანს, რომ არა რუსეთი და ჩინეთი, ირანი ამდენზე ვერ გაქაჩავდა, ამხელა წინააღმდეგობას ვერ გაუწევდა. აქ დონალდ ტრამპს ისევ ორაზროვანი პასუხი აქვს: „მგონია, პუტინი ეხმარებათ, მაგრამ უკრაინაში ჩვენც ხომ იგივეს ვაკეთებთ“?
აპა არააა? თან თვითონვე აღიარებენ, რომ თუ ირანს რუსეთი ეხმარება, არ არის პრობლემა, უკრაინაში ხომ ჩვენც იგივეს ვაკეთებთო? გამოდის, პუტინს სრული უფლება აქვს, იგივე გააკეთოს. ამ დროს ჯამბაზი ზელენსკი, უკრაინის ვადაგასული პრეზიდენტი აშშ-ს დახმარებას სთავაზობს - ჩვენ მზად ვართ, ირანული დრონებისა და რაკეტების ჩამოგდებაში დახმარება აღმოგიჩინოთო. არ ვიცი, შეიძლება კოკაინის ყნოსვამ იცის ასე გამოთაყვანება, მაგრამ ამას თავში ჭანჭიკებიც კაი გვარიანად აქვს მოშვებული, ტიპმა აღარ იცის, ცხვირი სად უნდა ჩაყოს. საკუთარი ქვეყანა ბოლომდე გააპარტახა და ახლა ირანთან საომრად ემზადება. სხვათა შორის, ირანის ხელისუფლებამ უკვე განაცხადა, რომ უკრაინა მისი სამიზნეა. რა თქვა ამაზე დონალდ ტრამპმა? ამ შემთხვევაში ალფრედოვიჩი სრულიად ადეკვატური აღმოჩნდა: „უკანასკნელი ადამიანი, ვისგანაც დახმარება გვჭირდება, ეს არის ზელენსკი, მას ურჩევნია, სასწრაფოდ დადოს შეთამხმება პუტინთან, სანამ ჯერ კიდევ არის შესაძლებელი, თუ უკვე არ არის დაგვიანებული“!
დონალდ ტრამპი ნაწყენია - მე თქვენი ნობელის პრემია საერთოდ აღარ მჭირდებაო, რომც მეხვეწოთ, აღარ მივიღებო. ნწუ, ნწუ, ნწუ... კაცმა 10 ომი დაასრულა, თუ ირანს მოუგო, ეგ მე-11 იქნება, ბოლო-ბოლო, რა გახდა ერთი ჟანგიანი „მენდალი“? ვნახოთ, რას იზამს ბატონი ტრამპი, როგორ განავითარებს მოვლენებს. სანამ ამ წერილს დავასრულებდი, უკვე მოასწრო მორიგი განცხადების გაკეთება - ჩემნაირი პრეზიდენტი არა მხოლოდ ამერიკას, ევროპასაც კი არ ახსოვსო. დიახ, დიახ, სწორედაც რომ ასეა. ასეთი პრეზიდენტი მსოფლიოს არ ახსოვს. 
ბოლო ცნობების თანახმად, „ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ განაგრძობს ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს დევნას, რათა და მოკლან. ისრაელი რომ შარშია, ამას ვხედავთ, მაგრამ აშშ-ც არანაკლებ შარშია. 

გელა ზედელაშვილი