მირიან ყარაულაშვილი: ქვეყნის დესტაბილიზაციის სავარაუდო სცენარი

მირიან ყარაულაშვილი: ქვეყნის დესტაბილიზაციის სავარაუდო სცენარი

გვესაუბრება საინფორმაციო სააგენტო „იქს-ნიუსის“ დამფუძნებელი მირიან ყარაულაშვილი:

_ ოთხ ოქტომბერს არჩევნებია. ოპოზიცია მასშტაბურ პროტესტს, ხოლო პაატა ბურჭულაძე ორი მილიონი ადამიანის გამოყვანას გეგმავს. რა სცენარით ვითარდება მოვლენები? 
_ ფეისბუქ გერდზე სავარაუდო სცენარი აღვწერე. კარგი იქნება, თუ ვითარების უკეთ გაანალიზების მიზნით, მას „საერთო გაზეთის“ მკითხველიც გაეცნობა. 
საქართველოში დღეს მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შეფასება ცხადყოფს, რომ არჩევნების შემდგომი პერიოდისთვის მზადდება დესტაბილიზაციის სცენარი, რომელიც აშკარად ეფუძნება წარსულში უკვე გამოყენებულ პრეცედენტებს. ეს სცენარი ორიენტირებულია ძალადობრივ პროვოკაციებზე, ალტერნატიული ხელისუფლების ლეგიტიმაციის ილუზიის შექმნაზე და შემდგომი პოლიტიკური კომპოზიციის ჩამოყალიბებაზე, სადაც სხვადასხვა ფიგურებს განსაზღვრული როლები აქვთ.
პირველი ეტაპი უკავშირდება არჩევნების დღისა და მომდევნო დღეების პროვოკაციებს. სამიზნეებად განიხილება ცენტრალური საარჩევნო კომისია, მმართველი პარტიის ოფისი, „ქართული ოცნებიდან“ თბილისის მერობის კანდიდატის შტაბი და სხვა საკვანძო ობიექტები. მიზანია სამართალდამცველების ჩათრევა ძალადობრივ დაპირისპირებაში, ქაოსის გამოწვევა და საზოგადოებისთვის იმის ჩვენება, თითქოს სახელმწიფოს ინსტიტუციური სისტემა ჩამოშლის პირასაა.
ამ ვითარებაში გურამ აბსანძის ფიგურა გამოდის ცენტრალურ პოზიციაზე. „მარიოტ-თბილისში“ ამ თვის დასაწყისში გამართულ შეკრებაზე, სადაც 1991 წლის უზენაესი საბჭოს ყოფილი 25 წევრი შეიკრიბა, აბსანძე პრემიერ-მინისტრად გამოცხადდა. ეს გადაწყვეტილება ემსახურებოდა მხოლოდ სიმბოლურ ეფექტს — ლეგიტიმაციის შთაბეჭდილების შექმნას. მისი მიზანი იყო იმის ჩვენება, რომ თითქოს ქვეყანაში „კანონიერი მემკვიდრეობა“ აღდგა და ძველი პოლიტიკური მანდატი კვლავ ძალაში შევიდა.
შემდგომ ეტაპზე სცენარი ითვალისწინებს გიორგი გახარიას გამოჩენას. როგორც ყოფილი პრემიერ-მინისტრი და საერთაშორისო არენაზე ცნობადი ფიგურა, ის უნდა იქცეს „სტაბილურობის გარანტის“ სახედ. სწორედ აქ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მისი ბავშვობისა და ახალგაზრდობის კავშირებს აბსანძის ოჯახთან. გიორგი გახარია და გურამ აბსანძის ვაჟი ვალიკო აბსანძე არიან თანასკოლელები თბილისის მესამე ექსპერიმენტულ სკოლაში, რაც მათ შორის არა მხოლოდ მეგობრულ, არამედ კლანურ ურთიერთობებს ქმნის. ამ კავშირის შედეგია ისიც, რომ დღეს ისინი ერთიან პოლიტიკურ სცენარში წარმოჩინდნენ. ამ ქსელს კიდევ უფრო ამყარებს გიორგი გახარიას მამის, ზაურ გახარიას როლი, რომელიც წლების განმავლობაში ახლო ურთიერთობაში იყო და არის გურამ აბსანძის კლანთან.
გახარიებისა და აბსანძეების ურთიერთობა სცილდება მხოლოდ მეგობრობას. ეს კავშირები კლანურ ხასიათს ატარებს, დაფუძნებულია საერთო ინტერესებზე და ნდობის მრავალწლოვან პრაქტიკაზე. სწორედ ამ საფუძველზე მათ სახელებს ერთობლივად გამოჰყავს დესტაბილიზაციის სცენარში მთავარი პოზიციები. გურამ აბსანძე განიხილება როგორც ისტორიული სიმბოლო და „ლეგიტიმაციის წყარო“, ხოლო გიორგი გახარია — როგორც თანამედროვე პოლიტიკური ფიგურა, რომელიც შეიძლება საერთაშორისო საზოგადოებას „მისაღებ სახედ“ წარედგინოს.
ამ სქემას ემატება კიდევ ორი პერსონაჟი, რომლებიც წარმოადგენენ სცენარის დამატებით შრეს. პაატა ბურჭულაძე გამოიყენება როგორც „საზოგადოებრივი კეთილსინდისიერებისა და კულტურის სიმბოლო“. მისი სახელი სცენარში იმგვარად არის ჩართული, რომ შექმნას შთაბეჭდილება ფართო საზოგადოებრივი თანხმობისა და „ეროვნული ერთობის“. ეს მიზნად ისახავს დესტრუქციული ძალების მხრიდან დამატებითი სოციალური მხარდაჭერის იმიტაციას.
სალომე ზურაბიშვილის როლი სცენარში უფრო კომპლექსურია. მისი ფიგურა განიხილება როგორც „გარე პოლიტიკური სახე“, რომელიც შეიძლება წარდგეს საერთაშორისო დონეზე, როგორც მოლაპარაკების შესაძლო არხი. ზურაბიშვილის ბიოგრაფია, მისი კავშირები საფრანგეთსა და ევროპულ პოლიტიკურ წრეებთან გამოიყენება იმ მიზნით, რომ „ალტერნატიულმა ხელისუფლებამ“ შეძლოს გარკვეული კომუნიკაციის დამყარება დასავლურ სტრუქტურებთან. ამგვარად, იგი სცენარში განიხილება, როგორც იმიჯური რგოლი, რომელიც შესაძლოა, სასარგებლო აღმოჩნდეს კრიზისის ლეგიტიმაციის მცდელობისას.
საერთო სურათში იკვეთება, რომ საქართველოში მიმდინარე სცენარი არ არის შემთხვევითი ინიციატივა. იგი წარმოადგენს წინასწარ გათვლილ, მრავალფენიან გეგმას, სადაც თითოეულ ფიგურას კონკრეტული როლი აქვს მინიჭებული. აბსანძეებისა და გახარიების ოჯახებს შორის ახლო მეგობრული და კლანური კავშირები უზრუნველყოფს შინაგან კონსოლიდაციას და ნდობას, რაც ამოქმედებს სცენარის ძირითად ბირთვს. ბურჭულაძის სახელი უზრუნველყოფს „საზოგადოებრივი თანხმობის“ სიმბოლურ დაფარვას, ხოლო ზურაბიშვილის ფიგურა — საერთაშორისო ასპარეზზე ლეგიტიმაციის მცდელობას.
რუსეთის სამხედრო დაზვერვის სავარაუდო კოორდინაცია ამ მთლიან სურათს აძლევს მოქმედების უნარს. ისტორიული პრეცედენტები (1991-1992 წ.წ., 2003 წ.) აჩვენებს, რომ მსგავსი სცენარები წარმატებით ხორციელდებოდა მხოლოდ გარე მხარდაჭერის პირობებში. სწორედ ამ მხარდაჭერის იმედით არის აგებული დღევანდელი სცენარიც, რომლის მიზანია საქართველოში ძალადობრივი დესტაბილიზაცია, ხელისუფლების არაკონსტიტუციური ცვლილება და ქვეყნის პოლიტიკური სტაბილურობის რღვევა.
ამ ვითარებაში ნათელია, რომ ქვეყნის უსაფრთხოებისთვის აუცილებელია ხელისუფლების მხრიდან დროული და მკაფიო რეაგირება. საჭიროა პრევენციული ღონისძიებების განხორციელება როგორც შიდა უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ისე საერთაშორისო პარტნიორებთან ეფექტიანი კომუნიკაციის მიმართულებით, რათა არ დაუშვას დესტრუქციული სცენარის რეალიზაცია.
_ ბოლო დროს, ჯო უილსონის მსგავსი კონგრესმენები აქტიურად საუბრობენ საქართველოს ხელისუფლების ჩინეთთან სტრატეგიული ურთიერთობების დამყარების საფრთხეზე _ ყოველივე საქართველოს ეკონომიკას ჩინურ ეკონომიკურ ინტერესებთან აახლოებსო. ჩინური ინვესტიციების მოზიდვას პირდაპირ მთავარ ბრალდებად გვიყენებენ.
_ სახელმწიფოს განვითარებაში, ზოგადად, ნებისმიერ საქმიანობაში წარმატების მიღწევის ერთ-ერთი მთავარი პირობა დივერსიფიკაციაა, რაც, თავისთავად, მრავალი მიმართულებით განვითარებას ნიშნავს. უილსონის ამ სიტყვებზე მეცინება, რადგან ის წინააღმდეგობაში მოდის მისივე პრეზიდენტის ქმედებებთან, რომელიც ამერიკის სავაჭრო, საინვესტიციო ურთიერთობებს სხვა ქვეყნებთან მრავალმხრივ ავითარებს. ტრამპი სულაც არ თაკილობს, სირიის დღევანდელი რეჟიმიდან დაწყებული, პაკისტანით დამთავრებული, ყველასთან ითანამშრომლოს, თუნდაც, ჩინეთთან. როცა სავაჭრო ტარიფების დაწესებაზეა საუბარი, ეს სულაც არ ნიშნავს ჩინეთთან სავაჭრო ურთიერთობის შეწყვეტას, პირიქით, ამ ტარიფების რეგულირება სწორედ სავაჭრო კავშირების განვითარების ტოლფასია. 
ვისურვებდი, საქართველომ სტრატეგიული ურთიერთობები ყველა მიმართულებით: აღმოსავლეთით, დასავლეთით, სამხრეთით, ჩრდილოეთით, სამხრეთ-დასავლეთით, ჩრდილო-აღმოსავლეთით განავითაროს. 
ჩვენმა პრემიერმაც აღნიშნა, რომ, თუკი ევროკავშირის წილი მსოფლიო ეკონომიკაში 2010-12 წლებში 30%-ზე მეტი იყო, დღეს განახევრდა და 17%-ს შეადგენს. თავიანთი წილი მსოფლიო ეკონომიკაში არასწორი პოლიტიკით, ეკონომიკური სვლებით გაანადგურეს. იგივე ითქმის აშშ-ზეც. სანამ ტრამპს პრეზიდენტად მეორედ აირჩევდნენ, აშშ სიკვდილის პირას იყო მისული. მისი თქმით, ამერიკა, ეს იყო გაციებული, ყოველგვარ სიცოცხლისუნარიანობას მოკლებული ორგანიზმი. დღევანდელი პარტნიორები არაბეთის ქვეყნები და სხვები მეუბნებიან, შენი მეორედ არჩევის მერე, აშშ-ის ეკონომიკა გამოცოცხლდაო, _ აღნიშნავს ტრამპი, ანუ, საკუთარ ქვეყანას ყველამ თავად უნდა მიხედოს. 
_ ინვესტიციებს რაც შეეხება, საქართველოდან მიწვეულმა მომხსენებლებმა განაცხადეს, რომ ჩინეთთან ურთიერთობა ამერიკის ეკონომიკურ და ბიზნესწრეების ინტერესებს რეგიონში ხელს უშლის და ავიწროებსო. მეტიც, ზურაბიშვილმა აღნიშნა, ვაშინგტონისთვის ამერიკელი გადასახადის გადამხდელების მიერ საქართველოში განხორციელებული ინვესტიციების განიავება მიუღებელი უნდა იყოსო.
_ გაკვირვებული ვარ ამ ქალისმსგავსი არსების ქცევით. არადა, რომ ჰკითხო, თავისუფალ სამყაროში დაიბადა და განათლებაც იქ მიიღო. ამ დროს, ბოლშევიკურად აზროვნებს. საქართველოს ჩინეთთან ურთიერთობა კი არ უშლის ხელს ან ავიწროებს აშშ-ის ინვესტიციებს, არამედ, აშშ-სა და ჩინეთის ეკონომიკებს შორის კონკურენცია მთელ პლანეტაზე ვრცელდება. ეს არ ნიშნავს, რომ მათ შორის ომია ან ერთმანეთის ჩაძირვას, განადგურებას ცდილობენ. ერთი მათგანიც რომ განადგურდეს, განვითარება შეწყვიტოს და ტექნოლოგურ თუ სხვა წარმატებებს ვეღარ მიაღწიოს, მისი მოწინააღმდეგე, ბუნებრივად, ყოველგვარ სტიმულს, განვითარების მოტივაციას დაკარგავს და ისიც იგივე გზას დაადგება. ქვეყნების ეკონომიკებს მხოლოდ ჯანსაღი კონკურენცია ავითარებს. თუკი საქართველოს ტერიტორიაზე ზუსტად ასეთი კონკურენტული ბრძოლა გაჩაღდება არამხოლოდ აშშ-ისა და ჩინეთის ეკონომიკებს, არამედ სხვა ქვეყნებს შორისაც, ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ, პირიქით, ეს ქვეყნის განვითარების ერთ-ერთი სტიმული, მოტივაცია და ინდიკატორი იქნება. 
_ ზოგიერთი კონგრესმენი პრობლემას ხედავს იმაშიც, რომ ხელისუფლებამ შავი ზღვის პორტი ჩინურ კომუნისტურ პარტიას გადასცა, რომელიც, თითქოს, ამერიკელ ხალხთან კონფრონტაციისთვის ღიად ემზადება. 
_ ჩინეთის კომუნისტური პარტია ქვეყნის წარმმართველი ძალაა. დიახ, ჩინეთი კომუნისტური პარტიის მიერ იმართება ისევე, როგორც აშშ _ რესპუბლიკური პარტიის მიერ. ასევე საფრანგეთი და ევროპის ბევრი ქვეყანა ზოგი ლიბერალური, ზოგიც სოციალისტური მიმართულების პარტიების მიერ იმართება, აქ გასაკვირი არაფერია. თუ ასე უნდათ, რომ ჩინეთის სახელმწიფოს დასახელებას ნეგატიური ელფერი შესძინონ, ბარემ ისიც თქვან, რომ ეს მაო ძედუნის შექმნილი ქვეყანაა, აქვე არც დენ სიაოპინის ხსენება დაავიწყდეთ და ა. შ. რა თქმა უნდა, ჩინეთის კომუნისტური პარტია წარმმართველი ძალაა, მას კონკურენტი არ ჰყავს. შედეგიც სახეზეა _ ჩინეთი დღეს ტექნოლოგიურად ერთ-ერთი განვითარებული ქვეყანაა.
აშშ-სა და ჩინეთს შორის, რაც მთავარია, ჯანსაღი კონკურენციაა. ფაქტია, დღეს პლანეტის ტექნოლოგიურ თუ სამეცნიერო განვითარებას სათავეში ეს ორი ქვეყანა უდგას. რაც შეეხება შავი ზღვის ღრმაწყლოვან პორტს, რაზეც უილსონი და რიგი კონგრესმენები წუხან, ჩინეთის კომუნისტური პარტიისთვის არავის გადაუცია. საკონტროლო პაკეტს _ 51%-ს სახელმწიფო ფლობს, მართვის ყველა სადავე საქართველოს მთავრობის ხელშია. 49%-ს ჩინური კომპანია მფლობელობაში თავად დაიტოვებს თუ ვინმეს მიყიდის, მისი პრეროგატივაა. თუმცა, შესაძლოა, ეს უფლება შეზღუდულიც ჰქონდეს. ფაქტია, საერთაშორისო კონკურსი ჩატარდა და ჩინურმა კომპანიამ გაიმარჯვა, მასში რამდენი კომუნისტია და რამდენი არაპარტიული, საქართველოს ხელისუფლება ამას ვერ დათვლიდა. მთავარია, ის ძლიერი, განვითარებული კომპანიაა, რომელსაც მსგავსი პროექტების განხორციელებაში დიდი გამოცდილება აქვს. ჩვენთვის მთავარია, წარმატებას მივაღწიოთ.
_ „მეგობარი აქტის“ არმიღება საქართველოსთვის აშშ-სთან ურთიერთობების გადატვირთვის სიგნალი ხომ არ არის?
_ მე თუ მკითხავთ, ამ არეულ საერთაშორისო პოლიტიკაში, სადაც ვერ გაიგებ, რა გადაწყვეტილების მიღება სჯობს, დღეს საქართველო ყველაზე კარგ სიტუაციაშია. მთავარია, საქართველოს დიპლომატიურმა კორპუსმა იმ მითითებების და სტრატეგიების განხორციელებისთვის იმუშაოს, რაც ხელისფლებას აქვს არჩეული. დიპლომატიური აქტიურობა მაღალ ნიშნულზე უნდა იყოს. ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ყოველი შეხვედრის თუ სატელეფონო საუბრის შესახებ ხმამაღლა იყვირონ და პრესკონფერენციები მართონ. არც ღია წერილებით საუბრის მომხრე ვარ. ჩემი აზრით, ერთი წერილი საკმარისი იყო. საერთაშორისო ურთიერთობების განვითარება ღია საუბრებით, წერილებით არ ხდება. 
აქვე, მინდა ყურადღება უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხზე გავამახვილო, რაზეც საქართველოში დამახინჯებული წარმოდგენა აქვთ. უვიზო მიმოსვლა მხოლოდ ტურისტებზე ვრცელდება. მაგრამ თუ რომელიმე მოქალაქეს სურს, ევროპაში ისწავლოს ან ბიზნესსაქმიანობა აწარმოოს, მან ან სამუშაო ვიზა უნდა აიღოს, ან სასწავლო. რაც შეეხება უვიზო მიმოსვლის გაუქმებაზე მუქარას, ეს ხელისუფლებაზე გათვლილი შანტაჟია. 
_ ბატონო მირიან, კალაძის შტაბის გახსნის დღიდან აქციები არ წყდება, თანაც შემაძრწუნებელი ლანძღვა-გინება ისმის. საით მიდის პროცესი?
_ კახა კალაძის საარჩევნო შტაბის გახსნის საღამოზე მეც ვიყავი. 60 წელს გადაცილებული კახელი კაცი ვარ და მე რომ გინება გამიკვირდება, წარმოგიდგენიათ, იქ რა ხდებოდა?! თანაც, ასმაგად გასაგიჟებელია, როცა გინებას ქალისგან ისმენ. შეხედავ, ქალის ფიგურა აქვს, მაგრამ ვერ გაიგებ, ქალია, ეშმაკია, თუ რაღაც გაურკვეველი არსება, რომელსაც, უბრალოდ, ქალის ფორმა აქვს. არ შეიძლება, ოჯახში გაზრდილმა გოგონამ პირიდან ასეთი უწმაწური სიტყვები ამოუშვას. იქ იგინებოდნენ არამხოლოდ 15-16 წლის ასაკის გოგონები, არამედ ჩემი ტოლი ქალბატონებიც. ახლა რომ მითხრათ, გაიმეორეთ, რა სიტყვებით იგინებოდნენო, ვერ გავიმეორებ. განა იმიტომ, რომ არ მახსოვს, არამედ მრცხვენია. არ ვიცი, ამ პრობლემას რა ეშველება. ალბათ, სახელმწიფომ ამ მიმართულებით სპეციალური ღონისძიებები უნდა შეიმუშავოს. ამას ერთი-ორი წელი არ ეყოფა, ორი თაობა მაინც უნდა გავიაროთ, რომ ამ უბედურებას დავშორდეთ. მე ისე გავიზარდე და ვიცხოვრე, ქალისგან ასეთი უშვერი გინება არასდროს მსმენია.
რამდენიმე დღის წინ გაჟღერდა ინფორმაცია უკრაინიდან საქართველოში ასაფეთქებელი ნივთიერება ჰექსოგენის შემოტანის შესახებ, სადაც ქართულმა გვარებმაც გაიჟღერა. ეს სწორედ ჩემ მიერ ზემოთ აღწერილი სცენარის ერთ-ერთი მიმართულებაა. ამიტომ, დასახელებული ქართველების ამ დანაშაულში მონაწილეობა არ გამკვირვებია. 
ოპოზიციის განზრახვა, მიზანი იმ სცენარის ესკალაციაა, რაც 2004 წელს უკრაინაში განვითარდა. შემდეგ, 2014 წლის _ მაიდნის სცენარის განვითარება, რამაც ბევრი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. აი, ეს უნდათ, რომ აქ სისხლი დაიღვაროს. გახსოვთ, ერთი კვირის წინ აქციაზე ვიღაც მამაკაცი ავტომატით რომ მივიდა. ვინ უნდა დამარწმუნოს, რომ ეს კაცი კოლექციონერია. ნორმალური ადამიანი აქციაზე იარაღით რატომ უნდა მიხვიდე. ე. ი. რაღაცას აპირებს, ვარჯიშობდა, აინტერესებდა, შეიტანდა თუ არა იარაღს დაუბრკოლებლად, წესრიგის დამცველებს თუ გამოეპარებოდათ. ამას ყოველდღე აკეთებენ. შტაბთან რომ იგინებიან, იფურთხებიან, ბანერს საღებავს ასხამენ, ამით რეპეტიციას გადიან, თუ როგორ უნდა მოადუნონ ვიღაცის ყურადღება, იმოქმედონ მის ფსიქიკაზე. ეს უკვე დაწერილი სცენარები, ინსტრუქციებია, რაც ბოლო 25 წელია, ვითარდება. ამ სცენარებს დღეს შედეგი აღარ მოაქვს. ხალხი მიხვდა, სად სიმართლეა და სად _ სიყალბე. ქართველი ხალხის სიბრძნის მჯერა. რაც შეეხება ბურჭულაძეს, მისგან ასეთი ქმედებები არ მიკვირს, გადახედეთ ამ კაცის ბიოგრაფიას, მის საბჭოთა კავშირისდროინდელ წარსულს, როგორ მოხვდა საბჭოთა მომღერალი დასავლეთის სცენაზე, როგორ განვითარდა მისი კარიერა, რომელ ქვეყანაში მუშაობდა ბოლო წლებში და მიხვდებით, რომ მისი ქცევა ლოგიკურია, გასაკვირი არაფერია. იგი საქართველოს რიგითი გამყიდველია, რომელიც მოწოდებულია, ის დავალება შეასრულოს, რაც ჩვენი ქვეყნის მტრულმა სამსახურებმა დაავალეს. 

თამარ შველიძე