გაბრექილი ლევანა

გაბრექილი ლევანა

ეგ ამას წინებზე დაემართა, დილით რო გაიღვიძა, თავი სულ სხვანაირ ყაიდაზე იგრძნო - უფრო ენერგიული გამხდარიყო, მუსკულებში სისხლის ჩქეფვას სულ სხვანაირად გრძნობდა, თავის ქალის შიგნიდანაც რაღაც უფრო სასიამოვნო ქავილს გრძნობდა. რა იყო ეს? რას მოასწავებდა ასეთი ცვლილება? მოგვიანებით მიხვდა, რომ „ვივამედის“ დილეგში დამწყვდეულმა წმინდა მიჰამ რაღაც დააბერტყა. ადგა, გაიზმორა, ამოიხვნეშა, აივნიდან თბილისს გახედა, თავი ყველაფრის ბატონ-პატრონად წარმოიდგინა. ჰმ... წარმოიდგინა კი არა, იგრძნო, შეიგნო, გაითავისა, რომ აწი წინ ვეღარავინ დაუდგებოდა, ვერც ბიძინა, ვერც ირაკლი, ვერც კახა და ვერც მამა ღმერთი. ახლა რაღა უნდა ქნას? რა უნდა მოიმოქმედოს? რა და... უპირველესად, ვადას დაუწესებს ამ არალეგიტიმურ ხელისუფლებას... რომელი თვე და რომელი რიცხვი სჯობს? ალბათ, 4 ოქტომბერი... დღე, როცა ბიძინას ეგონება, რომ გავიმარჯვეო და კოვზი ნაცარში ჩაუვარდება. გუშინწინ უთხრა თინიკო ბოკუჩავამ, ბიძინას ნაცარი არ აქვს, კოვზი რანაირად ჩაუვარდებაო? ეგ არაფერი, თვითონ მიუტანს ნაცარსაც, ნახშირსაც და კოვზსაც. თუ აბასთუმანშია, იქ აუტანს და კართან მიუყრის. როგოა ნათქვამი? ნაცარი იყოს და კოვზი ბაღდადიდან მოვაო, ხო? ეგ არი. ახლავე უნდა დაჯდეს და დაწეროს საგანგებო მიმართვა ძალოვანი უწყებებისადმი, დააწესოს უხვფულიანი ჯილდო, ვინც არ მიიღებს მონაწილეობას დარბევებში და გადმოვა აქეთ მხარეს. 
ლევანამ „ტაბურეტკა“ მიიცურა, ჩამოჯდომა სცადა, მაგრამ ჰოი, საოცრება, ვერ ჩამოჯდა, გეგონება, ორგანიზმში ნასოსით ჰაერი შეუშვიათ და დაუბერნიათო. ტელეფონს სწვდა, მკლავებიც ძლივს დაიმორჩილა, პეტო ცისკარიშვილს უნდა დაურეკოს, მაგასაც ჰქონდა მსგავსი შეგრძნებები ოდესღაც, უფრო სწორად მაშინ, პირველად დეპუტატი რომ გახდა და შესასვლელში დაცვა გაძუყნა, საბუთი რაზე მამთხოვეო? 
- ალო, პეტო, ლევანა ვარ, ბიჭო, ხაბეიშვილი... ჰო, თქვენი თანამებრძოლი, აბა, სხვა ლევანა ხაბეიშვილს იცნობ?
- კაი, ჰო, გეხუმრე, შე ჩემა! - მიუგო პეტომ.
- მისმინე, ადრე შენ რო დაგემართა რაღაცა, გეგონება ორგანიზმი რო დაგიბერეს ნასოსით, რა იყო ეგა, ექიმებმა რაო?
- კი, ტო, ყოფილა ეგეთი დაავადება, ბრექვას, ანუ გაბრექვას ეძახიან. რა იყო, შენც ეგრე ხარ?
- ჰო, რავი, „ტაბურეტკაზე“ ჩამოჯდომა ვცადე და ვერ ჩამოვჯექ.
- ეგ არი, მეც მიჭირდა ჩამოჯდომა. 
- მერე რა ქენი, რანაირად განიკურნე?
- ეგ დაავადება ქრონიკულია, ბოლომდე არ იკურნება, უბრალოდ პრეპარატ „ჭუჭუნატს“ მიიღებ და პერიოდულად მოგეშვება, ისეთი შეგრძნება გექნება, გეგონება დაგჩუტეს, მე კვირაში რამდენიმე დღე ისევ ვიბრიქები ხოლმე.
- ვააა, ესე იგი, მე გაბრექილი ვარ?
- მა რა ხარ, შე ჩემა? 
- როგორც არ უნდა ვიყო, გაბრექილი თუ დაჩუტული, ჩემი თავი მაინც სამშობლოს ეკუთვნის!
- ნუ, ეხლა, მაგაზე ვერ შეგედავები, მაგრამ დაჩუტულს ისევ გაბრექილი სჯობს, არის რაღაც რომანტიკული გაბრექვაში.
- ჰოდა, მაინც დავწერ, ძალოვნებს უნდა მივმართო!
- კარგი, რა, ამ ძალოვნებს რამდენჯერ უნდა მიმართო? ხომ ხედავ, არ ესმით, შე ჩემა!
- ახლა სხვანაირად უნდა მივმართო, დავახარბებ, დიდ ფულს შევთავაზებ, ოთხ ოქტომბერს ბიძინა ივანიშვილი უნდა გავაძევო საქართველოდან, კუდით ქვა უნდა ვასროლინო.
- ეგ შენი იდეაა?
- როგორ გითხრა... იდეა ჩემია, მაგრამ წმინდა მიხამ მოიწონა და მხარდაჭერასაც გამამიცხადებს.
- თუ წმინდა მიხამ მოგიწონა, მაშინ ჰო.
ლევანამ ტელეფონი გათიშა, საკუთარ თავთან მარტო დარჩენა მოისურვა. წინადადებები კარგად უნდა დაალაგოს, მიმართვა ეფექტური უნდა იყოს. როცა გამოაქვეყნებს, მთელი საქართველო ამაზე უნდა ლაპარაკობდეს. ერთი ეგ არი, ფეხზე მდგმოიარემ უნდა დაწეროს, ვერ ჩამოჯდება. უცებ ელიოზი გაახსენდა „ნატვრისხიდან“, ხეზე რომ იყო ჩამომჯდარი და ნატვრისთვალს ეძებდა, გენიალური რამე თქვა ელიოზმა, როცა ქვემოდან დაუცაცხანეს, ჩამო, არ ჩამაიფეხვოო. ისაო, ჩამოსძახა დამცაცხანებელს ელიოზმა: ვარდი უეკლოდ ვის მოუწყვეტნია, დალოცვილო? მოკლედ, უნდა დაიწყოს, ამ ქვეყანაში ყველა საკითხი უკვე მოსწრებაზეა... მიიივმააართააავ ძალოვააან უწყებებს... განსაკუთრებით განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ შეგვიძლია, ამაზე შევთანხმდეთ – 200 ათასი დოლარი უნდა მიიღოს ყველამ ჯილდოს სახით, ვინც არ მიიღებს მონაწილეობას ხალხის დარბევაში. ხედავთ, რა კარგად დაწერა? 200 ათას დოლარს მიიღებს ყველა, ვინც ხალხს არ დაარბევს. ჰმ... აბა, წარმოიდგინეთ, რამდენი დახარბდება ამ ფულს, განა 200 ათასი ქუჩაში ყრია? ისე, მართლა რომ მოსთხოვონ, მერე მტკვრის რომელ მონაკვეთზე უნდა გადახტეს? აქ რაღაც „შუტკაა“ მოსაფიქრებელი, წმინდა მიჰამ უთხრა, მიმარტვასი დაწერე, რომ მაგ ფულს მაშინ მოგცემთ, როცა ჩვენ მოვალთ ხელისუფლებაში-თქვა, ოღონდ მერე, როცა ჩვენს სარაიებს ავაშენებთ-თქვა. 
ლევანა ჩაფიქრდა, უნდოდა, ტექსტი უფრო დამაჯერებელი გაეხადა... ჰო, დაიმახსოვრეთ, 200 ათას დოლარს მიიღებს ყველა ჯილდოს სახით საქართველოს მოქალაქეებისა და ქვეყნისთვის გაწეული სამსახურისთვის, ვინც იარაღს უბრალოდ არ ისვრის. დააგდეთ ეგ გაზის იარაღი და როგორც კი იქნება სახელმწიფო და არა ბიძინა ივანიშვილის კანტორა, 200 ათას დოლარს მიიღებთ. საიდან მოვიტანთ ამ ფულს? - ისევ ამოუტივტივდა თავში ლევანას შეკითხვა. არ არი პრობლემა, გადახედეთ, რიჟვაძე, ლილუაშვილი, გომელაური – რამდენია ამოსაღები ბიუჯეტისთვის. თქვენ მიიღებთ ამ ჯილდოს, 200 ათასი დოლარი არის ნახევარ მილიონ ლარზე მეტი, წარმოგიდგენიათ? ასევე მე ძალიან ბევრი ინფორმაცია მაქვს - ცხადია, მაქვს ბევრი მასალა, ოღონდ არა მარტო მე, მასალები სხვადასხვა მიმართულებით არის დაცული. ჟონავს ადამიანის წამების ვიდეოები – როცა არბევდნენ და არაადამიანურად ეპყრობოდნენ. ბიძინა ივანიშვილი რომ გიჟდებოდა ამაზე და გომელაურს თვალები რომ უცვიოდა, ნახე, რა მაგარიაო და კობახიძე-მდინარაძე ჩატებში რომ დაათრევდნენ, ეს რა მაგარია, ნახე, რა მაგრად ურტყავსო. ურტყავს თუ ურტყამს? ნეტავ, რომელია სწორი ფორმა? სვავს თუ სვამს? ჯანდაბას, რომელიც არ უნდა იყოს სწორი, აქ მთავარი მაინც 200 ათასი დოლარია, ამ ფულის გულისთვის რომელი პოლიციელი არ მიატოვებს სისტემას? ჰა, ჰა, ჰა! - გადაიხარხარა უცებ ლევანამ, ბიძინა ივანიშვილი უნდა დატოვოს მარტო, მაგას შვილებიც არ დაელაპარაკებიან. ჰო, შემდეგ წერილი ასე უნდა ვითარდებოდეს: მივმართავ სხვა თანამშრომლებსაც, 200 ათასი დოლარი იმასაც უნდა მივცეთ ჯილდოს სახით, ვინც სისტემას ამხელს. 
ეს არ არის სიტყვების რახარუხი. თუ არადა, 4 ოქტომბერს, როცა გავისტუმრებთ ამ ხელისუფლებას, ვინც გონს მოეგება, ხომ კარგი და ვინც არ მოეგება, ისინი ძალიან ინანებთ - ითანამშრომლეთ ქართველ ხალხთან!
მორჩა, ეგ არი, ბოლოს მუქარაც საჭიროა, ვინც გონს მოეგება, იხეირებს, ვინც არ მოეგება - იზარალებს, ანუ ინანებს. აი, დედა მოუააააა, ძაან მაგარი მიმართვა გამოიდა, კობახიძე და მდინარაძე აეროპორტამდე ვერ მიასწრებენ, სამგორის მეტროსთანვე დაადებენ ბორკილებს. ბიძინამ შეიძლება გაასწროს, მაგას კერძო „ვერტალიოტი“ ჰყამს. თუმცა ეგეც არ არი პრობლემა, ვიღაცას კიდე დავპირდებით 200 ათას დოლარს და ქვემოდან ესვრის. 
ლევანას აღტაცება სახეზე შეაშრა, უცებ ტელეფონმა დარეკა. ეკრანს დახედა, არ დაიჯერა, იქ „წმინდა მიხა“ ეწერა. ტელეფონი ფრთხილად აიღო, მოეფერასავით. ფეხზე უნდა წამომდგარიყო, მაგრამ გაახსენდა, რომ უკვე იდგა და ვერც კი ჯდებოდა.
- ალო, შენო უწმინდესობავ, გისმენ და გემორჩილები მთელი რუდუნებით, - ჩაიდუდუნა მან.
- ხაბე, შე ვირიშვილო, რას შვრები? - გაისმა იქითა მხრიდან.
- დავწერე, ჩემო უწმინდესობავ.
- აააააახხხხყყყ! - გაიცინა თავისებურად წმინდა მიხამ.
- ჰო, მართლა დავწერე, ძაან მაგარი გამოიდა, მთელი დუნია დააღებს პირსა 24 საათზე მეტი არ დაჭირდება იმას, რომე კობახიძე და მდინარაძე იხვეწებოდნენ, აეროპორტში გაგვიხსენით გზაო. მინიმუმ 100 ათასი ადამიანი გამოვა გარეთ. პაატა პაპა ამბობს, 200 ათასი იქნებაო, მაგრამ ხო იცი, მე რეალისტი ვარ. მოკლედ, უნდა დავორგანიზდეთ და დავგაზოთ.
- ჰოოო... დაორგანიზების დროს დაგაზვა მნიშვნელოვანი კომპონენტია.
- ივანიშვილმა „გადასკოჩა“, პირი აუკრა ქოცებს, თორემ შენ გგონია, მაგათ სიამოვნებთ არაევროპიულობა? სრულიად საქართველო უნდა გამოვიდეს ქუჩაში და შუა გზამდე მიყვანილი საქმე ბოლომდე დავასრულოთ.
- მეც დავწერე ჩემი გადამწყვეტი სიტყვა, წაგიკითხო?
- რა თქმა უნდა, ჩემო სუყველაყავ.
- მხარს ვუჭერ ლევან ხაბეიშვილის ინიციატივას, ივანიშვილის სადამსჯელო ორგანოების წარმომადგენლებს გადავუხადოთ 200 ათასი დოლარი, თუ ისინი გადმოგვცემენ რეჟიმის საქმიანობაზე მასალებს - ასევე, მათ, ვინც დადებს იარაღს. ხომ იცით, მე დანაპირებს ყოველთვის ვასრულებ. როგორია, მოგწონს?
- მაგარია, ყველაზე მეტად ფინალი მომეწონა: „მე დანაპირებს ყოველთვის ვასრულებ“.
- ეგ ეგრეა და რა ვქნა?
- შენო უწმინდესობავ, ერთი შენიშვნა შეიძლება?
- რა თქმა უნდა, მე ხომ სულით პლურალისტი ვარ.
- ლევანის წინ „მაგარი“ რომ ჩაამატო, უკეთესი არ იქნება? სიტუაციას უფრო არ გაამძაფრებს?
- გენიოსი ხარ, ხაბე, ჩავამატებ და იქნება „ძაან მაგარი ხაბე“.
- დიდი მადლობა, საქმეს სჭირდება, თორემ ხო იცი, ეგეთი პატივმოყვარეც არ ვარ.
- ბიჭო, შენზე ინფორმაცია მომივიდა, გაიბრიქაო.
- ჰო, რავი, „ტაბურეტკაზეც“ ვეღარ ვჯდები.
- ეგ კარგია, ჩვენ ახლა გაბრექილი ხალხი გვჭირდება, ბიძინა ივანიშვილს სხვანაირად ვერ დავამარცხებთ, შენ რა გგონია, მე არ ვარ გაბრექილი?
- ვააა, შენცა, კაცო?
- ეჰ, მე ჯერ კიდევ მაშინ ვიბრიქებოდი, როცა პრეზიდენტად ვმუშაობდი, გაბრექილობა ერთგვარი უპირატესობაა, ეს სულ სხვანაირი მოწოდებაა.
- მართალი ხარ, მე ახლა სულ სხვანაირი ვარ, სულ აღმაფრენას განვიცდი და მზად ვარ, აქეთ გორასა წიხლი ვკრა, იქით გორას კიდე ძვრა ვუყო.
- ეგ არი, სწორედ ეგ გვჭირდება ოთხი ოქტომბრისთვის.
ტელეფონი გაითიშა. ლევანას ტანში ჟრუანტელმა დაუარა, ესიამოვნა, რომ მის გარშემო უმეტესობა უკვე გაბრექილი იყო. არადა, ამდენი არ იცოდა. ისე, ტექსტში უნდა ჩაამატოს, რომელი პოლიციელიც გაიბრიქება, იმას 300 ათასი დოლარი გადაეცემა ჯილდოდ. ეგ არი, უნდა ჩავთვალოთ, რომ ბრძოლა მოგებულია, 5 ოქტომბერს თქვენ სხვა საქართველოში გაიღვიძებთ.

ნოველა რეალურ ფაქტებზე 
დაყრდნობით დაწერა 
გელა ზედელაშვილმა