ეს ყველა თბილისელმა იცოდა - გვახსოვდეს ძველი თბილისელები!

ეს ყველა თბილისელმა იცოდა - გვახსოვდეს ძველი თბილისელები!

არის ისტორიები, რომლებიც არ უნდა დაიკარგოს....
ჭადრაკის ისტორიაში მეცხრე მსოფლიო ჩემპიონი, ტიგრან ვართანის ძე პეტროსიანი დაიბადა თბილისში. მსოფლიო პირველობის მატჩებში სძლია მიხაილ ბოტვინიკს და ბორის სპასკის. პეტროსიანი 1948 წლამდე თბილისში ცხოვრობდა, 1950-იანი წლებიდან - მოსკოვში. იგი იყო სსრკ და საერთაშორისო დიდოსტატი _ „წვრილმანები“ აღარ ჩამოვთვალე.
ამბავი, რომელსაც გავიხსენებ, სხვადასხვა წყაროდან შეკრებილია, მაგრამ თავდაპირველი წყარო ვინ არის, ჩემი კოლეგისგან, თამაზ ჩიქვანაისგან გავიგე, რომელსაც, თავის მხრივ, გადამდგარმა პოლკოვნიკმა აშოტმა, მე კი – კრიმინალურმა ავტორიტეტმა, ცხონებულმა, გია კახიანმა მიამბო.
ცნობილი იყო, რომ მთელ მსოფლიოში გაფანტული სომხები ტიგრან პეტროსიანს უძვირფასეს საჩუქრებს უგზავნიდნენ და ერევანში მთავრობის მიერ ნაბოძები ფეშენებელური ბინა უამრავი ძღვენით იყო სავსე. ყველაზე ძვირფასი საჩუქარი ტიგრან პეტროსიანს თბილისელმა სომხებმა მიუძღვნეს. მათ უზარმაზარი ფული შეკრიბეს და ცნობილ იუველირს სამველ გევორქიანს ჭადრაკის დაფა დაამზადებინეს. დაფა ინკრუსტირებული, შავ-თეთრი ფერის უძვირფასესი მარმარილოსი იყო, უზარმაზარი ფიგურები კი ბაჯაღლო ოქროსგან ჩამოსხმული და თითოეული მათგანი ლალით, ფირუზითა და ბრილიანტით იყო მოოჭვილი. ოცდათორმეტი საჭადრაკო ფიგურის საერთო წონა 3 კილოგრამი და 200 გრამი იყო, 66 ცალი ძვირფასი თვალი კი 100 კარატს აჭარბებდა. მაშინდელი შეფასებით, ამ უძვირფასესი საჩუქრის ფასი მილიონ ხუთასი ათას მანეთს აღემატებოდა. გასული საუკუნის სამოციან წლებში ეს კოლოსალური თანხა იყო.
ტიგრან პეტროსიანი მთელ სომხეთში ხელშეუხებელ პიროვნებად ითვლებოდა და მისი სახლი ერევანში თითქმის სულ ღია იყო. 1971 წლის აგვისტოში ტიგრან პეტროსიანი ლონდონში იმყოფებოდა, სადაც საერთაშორისო საჭადრაკო ტურნირში მონაწილეობდა, მისი ოჯახის წევრები კი ზღვაზე ისვენებდნენ და სახლი, ფაქტობრივად, ცარიელი იყო. ერთ დილას, პეტროსიანის სახლში დასალაგებლად მისულმა მოსამსახურემ აღმოაჩინა, რომ მარმარილოს დაფაზე გაშლილი ოქროს ფიგურები სადღაც გამქრალიყო. მოსამსახურემ მილიცია გამოიძახა, საღამოს კი უკვე მთელმა სომხეთმა იცოდა, რომ „ტიგრან-მეფე“ გაქურდეს...
საბჭოთა სომხეთის მთელი მილიცია ფეხზე დადგა, იმედი ჰქონდათ, რომ ტიგრან პეტროსიანის ლონდ-ონიდან დაბრუნებამდე გახსნიდნენ დანაშაულს და ძვირფას ჭადრაკს პატრონს დაუბრუნებდნენ, თუმცა, დიდი ძალისხმევის მიუხედავად, ქურდის კვალზე გასვლა არ მოხერხდა და მილიციამ ნაცადი ხერხი გამოიყენა _ გადაწყდა, რომ დახმარებისთვის „შავი სამყაროს“ წარმომადგენლებისთვის მიემართათ.
იმ პერიოდში ერევნის ციხეში რვაწლიან სასჯელს იხდიდა ცნობილი ქართველი კანონიერი ქურდი მერაბ ჯიქია, მეტსახელად „პეშკა“ _ იგი ერევნელი „ცეხავიკის“ გაქურდვისთვის იყო გასამართლებული და უკვე ორი წელი არ გამოჰყავდათ სამარტოო საკნიდან. ასეთი მკაცრი რეჟიმი კი იმიტომ დაუწესეს, რომ ნაქურდალი ნივთების ადგილსამყოფელს არ ამხელდა და, საერთოდ, არც დანაშაულს აღიარებდა.
დადებითი შედეგი ვერც დიდმა სომხურმა ქურდულმა „სხოდკამ” გამოიღო, პეტროსიანის ბინის ქურდი ვერც მათ აღმოაჩინეს. თითქმის ყველა იმედი გადაწურული იყო, როდესაც პოლკოვნიკ აშოტ ვართანიანს „ადინოჩკაში“ გამომწყვდეული „პეშკა“ გაახსენდა. ვართანიანი, სომხეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატში მუშაობდა და კარგად იცნობდა „პეშკას”. სწორედ მისი „წყალობით“ იყო „პეშკა“ სამარტოო საკანში მოთავსებული _ რადგან მისი „გატეხვა” ვერ შეძლო, ამგვარად უხდიდა სამაგიეროს.
ვართანიანი სომხეთის შინაგან საქმეთა მინისტრს კაბინეტში ეახლა და ჭადრაკის ფიგურების დაბრუნების საქმეში „პეშკას” ჩართვა ურჩია. მოკლედ რომ ვთქვათ, მინისტრმა უთხრა, თუ გაიქცა, შენ ჩაგსვამ კამერაში მის ნაცვლადო.
აშოტ ვართანიანი მინისტრის კაბინეტიდან პირდაპირ ციხეში მივიდა, „პეშკას“ საკანში მიაკითხა და ოქროს ფიგურების დაბრუნების საქმეში დახმარება სწორედაც რომ სთხოვა.
„პეშკამ“ სამი პირობა წამოუყენა: აქედან რომ გავალ, მილიცია „კუდზე“ არ უნდა დამაჯდეს; აქედან საქართველოში უნდა გავემგზავრო და, კიდევ, ასი მანეთი უნდა მასესხოო. ყველაფერი ისე შესრულდა, როგორც „პეშკამ“ მოითხოვა, მაგრამ, ერევნიდან, საქართველოს ნაცვლად – ბაქოში წავიდა. იქ თავის ძველ „პაძელნიკს“, შემდგომში ცნობილ ავტორიტეტს, მაშალა ალიევს მეტსახელად „ალის“ მიადგა და უთხრა, თუ ერევანში, პეტროსიანის სახლიდან ოქროს ჭადრაკი შენ მოიპარე და თუ ჩვენს ძმობას პატივს სცემ, ძმურად გთხოვ, დააბრუნოო. 
ხომ გეუბნებოდი, მოვიპარავ-მეთქი, მაგრამ შენთვის მიჩუქნია, დაუბრუნე პატრონს, მაგრამ, ჯობდა, რომ ჩვენ შეგვერგო ეს ფული. ზეგ უკვე გადადნობას ვაპირებდი, ძვირფასი თვლები კი ცალკე უნდა გამეყიდაო, - უთხრა „ალიმ“ მერაბს.
ას მანეთსაც ესესხა მერაბი „ალის“ და მეორე დღეს ერევანში დაბრუნდა. რომ შებინდდა, „პეშკა“ ტიგრან პეტროსიანს სახლში მიადგა ოცდათორმეტივე ფიგურით. თხოვნა არაფერი იყო, გარდა ერთი პარტია თამაშისა. მეტოქეებმა „სიცილიური დაცვა“ გაითამაშეს და ნახევარსაათიანი საჭადრაკო პარტია ყაიმით დასრულდა. პეტროსიანმა ხელი ჩამოართვა „პეშკას“, სპილოს ძვლისგან გაკეთებული მინიატურული ჭადრაკი უსახსოვრა, დიდი მადლობა გადაუხადა და გამოაცილა.
შუაღამე სრულდებოდა, როდესაც „პეშკა“ პირდაპირ შინაგან საქმეთა სამინისტროში მივიდა პოლკოვნიკ აშოტ ვართანიანთან, ასი მანეთი დაუბრუნა და უთქვამს: ყველაფერი რიგზეა. ეს ჭადრაკი კი თავად ჩემპიონმა მაჩუქა. შემინახეთ და, „სროკიდან“ რომ გამოვალ, უკან დამიბრუნებთო. 
„პეშკა“ საკანში დააბრუნეს. სამი დღის შემდეგ კი, ტიგრან პეტროსიანის ძალისხმევის შედეგად, ქართველი კანონიერი ქურდი მერაბ ჯიქია ციხიდან გაათავისუფლეს.
ხომ ვითომ არაფერია, ერთი ისტორიაა, მაგრამ ჩემთვის არის თბილისური ურთიერთობა, რომელიც ცალკე ფენომენი იყო...

მაკა ჯაყელი