საგამოძიებო კომისიის კვალდაკვალ

საგამოძიებო კომისიის კვალდაკვალ

ია მეტრეველი: პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო: ძალიან მოხარული, კმაყოფილი ვარ, რომ ქალბატონი თეა საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის სხდომებს უძღვებოდა, რადგან ნამდვილად პრინციპული, მცოდნე, პროფესიონალი ადამიანია, რაც ჩემთვის მნიშვნელოვანია. კომისიაზე ბევრი დაზარალებული ოჯახის საკითხი განიხილეს, სამწუხაროდ, ყველა შემთხვევის განხილვა ვერ მოხერხდა. საქმე ისაა, რომ სააკაშვილის რეჟიმის პირობებში, უამრავი ადამიანია გაუბედურებული. ალბათ, ფიზიკურად შეუძლებელი იყო, ორი წელიც არ ეყოფოდა იმ დაზარალებული პირების საქმეების სრულად განხილვას, რაც სააკაშვილის პერიოდში ოჯახებს თავს დაატყდათ. თუმცა ის რისი განხილვაც კომისიამ მოასწრო, დასტურია, თუ რა ხდებოდა მიშას ზეობის ხანაში. ეს დასკვნა საშუალებას მოგვცემს, მსოფლიოს დავანახოთ, როგორი სასტიკი რეჟიმი მართავდა ქვეყანას სააკაშვილის დროს. თავად ქართველმა ხალხმა შესანიშნავად ვიცით რასაც წარმოადგენდა სააკაშვილის რეჟიმი, რადგან ფაქტობრივად, ოჯახი არ დარჩენილა, ვისაც მისი მსახვრალი ხელი არ დაეტყო. ეს დასკვნა მსოფლიოს უნდა წავაკითხოთ, რომელიც დღეს ამ ე.წ. ლიბერალების გამო გვერჩის, გვებრძვის. დასკვნაში ფაქტებით იქნება დასაბუთებული ყველაფერი, რაც მნიშვნელოვანია. მეორეც, მაქვს მოლოდინი, რომ პროკურატურა ამ ფაქტებზე დაყრდნობით ყველა საქმეს შეისწავლის და დაზარალებული ოჯახებისთვის სამართალი იზეიმებს. კერძოდ, პროკურატურამ სამართალი უნდა აღასრულოს, დამნაშავეები დასაჯოს და ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას. რაც შეეხება კომისიის დასკვნას, ველოდები სამართლიანობის აღდგენას, ყველა დამნაშავე პასუხს აგებს და პროკურატურა სათანადო რეაგირებას მოახდენს. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო: ე.წ. მაშინდელ ლიდერებს უზარმაზარი თანხები, ქონებები აქვთ მითვისებული არამარტო კერძო პირების, არამედ სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ველოდები, რომ მათ ამ ქონებებს ჩამოართმევენ და კერძო პირებს, სახელმწიფო ბიუჯეტს დაუბრუნებენ. ზოგი მათგანი ქვეყნიდან არის გაქცეული და სხვა ქვეყნებს აფარებს თავს. ვერ შევეგუები, რომ მათ ქვეყნის ძარცვა შერჩათ, დაწყებული სააკაშვილის დედიდან, რომელმაც უამრავი ქონება, მილიონები მიიტაცა და ამ თანხებს დღეს ევროპარლამენტარებს უხდის, მისი შვილის ციხიდან დასახსნელად. ამ ვაჟბატონმა, კრიმინალმა სააკაშვილმა, რომელსაც არამარტო ადამიანების გაუბედურება აწევს კისერზე, არამედ უშუალოდ ქვეყნის წინაშე აქვს უდიდესი დანაშაული ჩადენილი, ყველაფერზე პასუხი უნდა აგოს _ ტერიტორიების დაკარგვიდან დაწყებული ომით დამთავრებული. იმედი, მაქვს ეს დასკვნა შედეგს გამოიღებს და იმ სათქმელს იტყვის, რასაც ქართველი ხალხი წლების განმავლობაში ველოდებით. 
კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი აუცილებლად უნდა დადგეს. მარტო ის არ კმარა, რომ პოლიტიკაში ყოფნა და მოღვაწეობა აეკრძალოთ. ხალხი მათ გასამართლებას ითხოვს, ამის მოლოდინი აქვს. ეს არის მთავარი მოთხოვნა, როს გამოც „ქართული ოცნების“ ხელისუფლება აირჩია. ჩემთვის და ჩემისთანა გაუბედურეებული ოჯახებისთვის, კომისიაზე მისვლა და იმ ტრაგედიების გახსენება, საშინელება იყო.