ხელს არ ჩამოგვართმევენ? აი, დარდი!
გასულ კვირას იტალიაში ზამთრის ოლიმპიური თამაშები დაიწყო. 6 თებერვალს გახსნის ცერემონიაზე სხვა ქვეყნების ლიდერებთან ერთად, საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილიც დაპატიჟეს. ვინაიდან, ეს მიპატიჟება საკმაოდ მნიშვნელოვანი გახლდათ არა მხოლოდ სპორტული, პოლიტიკური თვალსაზრისითაც, ყაველაშვილი მილანში მეუღლესთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან, მაკა ბოჭორიშვილთან ერთად ჩავიდა. იტალიაში სტუმრობა მართლაც ნაყოფიერი გამოდგა. აი, რას ამბობს თავად პრეზიდენტი:
„პირველი დღე, როცა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიღებას დავესწარით, აღვნიშნე კიდევაც, რომ ბევრი ქვეყნის ლიდერი ესწრებოდა. სწორედ ამისთვის იყო ეს ვახშამი ორგანიზებული, რომ ჩვენ გვქონოდა ერთმანეთთან გასაუბრების საშუალება და ამ ფორმატში, გვქონდა შესაძლებლობა, გავსაუბრებოდით ამერიკის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს. ძალიან თბილი შეხვედრა იყო. იცით, რომ არსებული ადმინისტრაცია იმ ღირებულებით ნაწილში, რომელსაც ჩვენ უკვე წლებია ვადგავართ, ეროვნულ ინტერესზე, ოჯახურ ღირებულებებზე... სხვათა შორის, აღნიშნა ქრისტიანული, ისტორიული საკითხები - ჩვენი ქვეყნის ასეთი დამოკიდებულება იცოდა ვიცე-პრეზიდენტმა და საკმაოდ კარგი სიტყვები არ დაიშურა. ჩვენი პატრიარქიც ახსენა, თბილი, კარგი ურთიერთობა გვქონდა. ხაზი გაესვა ჩვენს საერთო ღირებულებებს და ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი ურთიერთობები მომდევნო წლებში გაგრძელდება დინამიკურად, როგორც ამ თბილი შეხვედრის შემდეგ დარჩა შთაბეჭდილებები ერთმანეთის მიმართ”.
როგორც მოსალოდნელი იყო, აკაცუკებმა და მათთან გათანაბრებულმა პირებმა ყიჟინა დასცეს, ჯერ იმის გარკვევა დაიწყეს, მარკო რუბიომ და ჯეი დი ვენსმა მარტო ყაველაშვილს ჩამოართვეს ხელი თუ მაკა ბოჭორიშვილსაც? ნეტავ, მართლა ჩამოართვეს? ხომ არ იყო ეს „ქართული ოცნების“ მიერ დამზადებული ფეიკი? ეგებ, არ ჩამოურთმევიათ და „ქოცებს“ მოეჩვენათ? აბა, როგორ ჩამოართმევდნენ, როცა ყაველაშვილი თვითმარქვიაა? არა, არა, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ივანიშვილის ხელისუფლებას არ ცნობს, ტყუილია, ყველაფერი ტყუილია. როცა დარწმუნდნენ, რომ არაფერი არ იყო ტყუილი, მერე წამების გაზომვა დაიწყეს, სულ რაღაც 30 წამი დაელაპარაკნენ ეგენი ამათ, ეგ ხომ არ ითვლებაო? არა, ის ითვლებოდა, სალომე ზურაბიშვილი დონალდ ტრამპს რომ მიეპარა ზურგიდან, მკლავზე დაეჯაჯგურა და კაცი იძულებული გახადა, ხელი ჩამოერთმია. თან ისე, იმან ვერც კი გაიგო, „აგი ქალი ვინ იყო“. რამდენის გახსენება შეიძლება, მაგრამ ისეთი პროპაგანდა აქვთ გაჩაღებული, მაგათი ბამბაც ჩხრიალებს, ხოლო „ოცნების“ კაკლებს ხმა საერთოდ არ აქვს. უფრო სწორად, ცდილობენ, რომ თავიანთი ბამბაც აჩხრიალონ, ყალბად, მაგრამ მაინც აჩხრიალონ, განა მართლა ჩხრიალებს?
ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ქართველმა მოციგურავეებმა გვასახელეს, ფინალში გავიდნენ. წარმოგიდგენიათ? საქართველოში სპორტის ეს სახეობა არასდროს ყოფილა პოპულარული, ჩვენ ხომ ყინულის ნორმალური მოედანიც კი არ გაგვაჩნია? ამაზეც ატეხეს ერთი ამბავი, მიდის მოციგურავეების ბულინგი და მასხრად აგდება, ოლიმპიადის გახსნაზე ლურჯი სამოსი რატომ გეცვათ, „ქოცები“ ხართო? ესენი მალე ლურჯი ტანსაცმლის აკრძალვასაც მოითხოვენ, ნახავთ, თუ არა.
ჩვენ ისღა დაგვრჩენია, წარმატებები ვუსურვოთ ქართველ სპორტსმენებს და სრულიად საქართველოს. რაც შეეხება ხელის ჩამორთმევა-არჩამორთმევაზე მსჯელობას და კრიტიკას, ეს მონების ფსიქოლოგიაა, რომელთა აზრით, თუ ამერიკელმა ხელი ჩამოგვართვა, ესე იგი კარგადაა ჩვენი საქმე, თუ არა, მაშინ დავიღუპებით.
წესით, ასე უნდა იყოს: ჩამოგვართმევენ ხელს? - ძალიან კარგი. არ ჩამოგვართმევენ? - აი, დარდი!
გელა ზედელაშვილი

