ყველა რელიგია იმ უფლის რწმენაა, რომელიც კაცობრიობის შემოქმედია
(გაგრძელება. დასაწყისი ი.ხ. „სგ“ N7)
ცალკე რელიგიურ ნიადაგზე აშლილების ამბავი მაწუხებს _ გამოდგებიან შარაზე და ამბობენ, რომ მობილური ტელეფონით პირდაპირი კომუნიკაცია აქვთ უპირველესად ღვთისმშობელთან, ზოგადად კი მთელ ანგელოზთა დასთან. ამას რა ეშველება, არ ვიცი! ფსიქიატრიული საავადმყოფოები კი არ უნდა დაეხურათ, პირიქით, უნდა მოამრავლონ. არ ვხუმრობ! დღეს რომ სათნო სახით მორჩილად მიდგას წინ, მიქელ-გაბრიელი რომ დაურეკავს მობილურზე და ეტყვის, წადი ახლა და ის მოკალიო, შუა წირვაზე ზურგიდან ჩამასობს დანას... არაპროგნოზირებადობის გამო შიზოფრენიის ყველა ფორმა ძალზე საშიშია...
ან კიდევ _ ჩემო შვილო, ჩემ წინ რომ ემხობი და საკოცნელად მეტანები ხან ანაფორაზე, ხან ჯვარზე და სამჯერ ფორთხვით უვლი ეკლესიას მამლით ხელში, ამის გამო ვისგან და რა სიკეთეს ელი, ღმერთი საიდანმე სარკმელს გააღებს და გადმოგხედავს?
ღმერთი არც ცაშია და არც მიწაში! ღმერთმა ხატად თვისად რომ შეგქმნა და არ გესმის, ეს ფრაზა რას ნიშნავს, მხოლოდ ქათამი და მღვდელზე კოცნა გგონია ღვთის სასუფეველი, იმიტომ ხარ დაგლახაკებული!
ღმერთმა ხატად თვისად რომ შეგქმნა ადამიანი, იმდენს უნდა მიხვდე, რომ ღმერთი შენშია და შენვე უნდა გახსნა შენში ღმერთი... დღემდე ვერ გამოვიდა ადამიანი თავისი ან სხვისი შექმნილი ზღაპრებიდან და ფანტაზიებიდან!
_ „რელიგია არის ხალხის ოპიუმი“, _ თქვა მარქსმა და მოგვიანებით ლენინმა ასე დაამახინჯა: „რელიგია არის ოპიუმი ხალხისთვის“, ორივე იმის იქით წასულა, სადაც არიან _ შენ რას მეტყვი, მამაო?
_ „შენობით“ რომ მივმართავთ ერთმანეთს, ჯერ ეს განმარტოთ, თორემ ორივე უზრდელი ვეგონებით ყველას, _ გულიანად გაიცინა ჩემმა რესპონდენტმა.
_ ვეგონოთ, იქნებ, ამის გამო მაინც ჩაეძიონ ჭეშმარიტებას...
_ მართალი ხარ! კმარა მზამზარეულის მიწოდება!.. შენ რომ თქვი, ეკლესიებში ფარისევლების ტევა არ არის აღდგომა დღესო, გული მიკვდება, ამდენმა ფარისეველმა უცბად რომ იბარტყა...
ყველა რელიგია იმ უფლის რწმენაა, რომელიც კაცობრიობის შემოქმედია. სამყაროს შემოქმედი ერთია, ღმერთი ერთია! ამიტომ უნდა გვყვარებოდა ყველა ერთნაირ ქმნილებას ერთმანეთი და მხოლოდ ერთმანეთის კეთილდღეობაზე გვეზრუნა. გავიგონეთ შემოქმედის? _ არა!
მსოფლიოში რამდენი რელიგიაა და რომელიმე რელიგიაში თუ გსმენია მეორედ მოსვლის შესახებ? არა! იმიტომ, რომ მათთან პირველად არავინ მისულა და მეორედ მოსვლა როგორ ექნებათ? ეს მხოლოდ ჩვენ გვაქვს, ქრისტიანებს, იმიტომ, რომ ერთხელ უკვე იყო და მეორედაც უნდა მოვიდეს. არავინ არსაიდან არ ჩამოვა, ვისაც საკუთარ გონში ღმერთის დანახვა შეუძლია, ერთობლივად გახსნიან გულებს და კიდევ ერთხელ გააბრწყინებენ როგორც ერთმანეთს, ისე საქართველოსაც...
ასე რომ, სანამ ადამიანი საკუთარ გულს არ გახსნის გონების თვალით და არ გამოუშვებს მასში ჩამწყვდეულ ღმერთს, რაგინდ თავი არახუნოს ტაძრის კედელზე, უღმერთო იქნება, ღმერთის დამატყვევებელი!
უფალს არ უთქვამს, მეთაყვანე, იშიმშილე, რაღაცები მომიტანე და, საერთოდ, გაისარჯე ჩემთვისო. უფალმა სიტყვა და საქმე ღიად დაგიტოვა _ შეგქმნა თავის მსგავსად და მოგცა თავის უფლება. ვერ გაიგე, რა გაგაკეთა, რა მოგცა და ვის ჩაუვარდი მერე ხელში _ შენვე რომ გაგიხდა სადარდებელი, მე რას შემომჩივი შენს უკეთურობას? საქმე ის არის, რომ არც არავის ჩავარდნიხარ, გულში რომ ღმერთის კოდი გაქვს დამღად, იმ კოდს დევნი შენგან და გლახაკდები, წამდები, საკუთარივე თავი გსჯის.
„უფალმა დასაჯაო“, „უფალმა მოუვლინა განსაცდელიო“, _ იციან უფალზე გადაბრალება. უფალი ეგზეკუტორად კი არ ზის სადმე, საკუთარი თავის დამსჯელი თვითონვეა ადამიანი საკუთარი ტოქსიკური არსით, ან საკუთარივე ხორცს ვნებს ან საკუთარ ხორცისმიერსა და სულ-ხორციელ ახლობელს.
რელიგია სწავლებაა, რომელიც სხვადასხვა დროს წერილობითი ფორმით შექმნეს და შეავსეს კონკრეტული რწმენის მიმდევრებმა საკუთარი ინტერპრეტაციებით _ შემოქმედს უსტარი არ დაუტოვებია, რა ჩაიცვა, დაიხურო და მენიუში რა უნდა გქონდეს, ეს შენ დაგტოვა თავის ნაწილად _ ღმერთის რწმენა ისაა, რაც შენ შიგნით გაქვს და გწამს...
სამწუხაროდ, ასეთი ამბებია, მაგრამ სანამ „სიცოცხლე ასე ნავარდობს“, შენ ვალდებული ხარ, მოიხადო შენი ვალი სამშობლოს წინაშე!
მე მესმის, როგორ მდგომარეობაშია მთელი ქართველი ერი. მისი უდიდესი უმრავლესობა ქართველობის სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზეა, დაკნინებული, შეურაცხყოფილი, დამცირებული...
ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, კლავს იმ ულამაზეს იდეალებს, რისთვისაც სიცოცხლე ღირს...
სხვა გზა არ არის, თუ არ განვეწყეთ იმ გაბედულებისთვის, რომ ვართ ქართველი ადამიანები, საერთოდ გავქრებით...
აღიღეთ ჯვარი! აღიღეთ ჯვარი და იტვირთეთ ხვედრი უბედური საქართველოსი! დაივიწყეთ თავი თქვენი და ყოველი ნიჭი, ყოველი ძალი, რაიცკი გაგვაჩნია, შევწიროთ დიდებული და მშვენიერი საქართველოს ხატს!
ჩვენში პოპულარული გახდა შეკითხვა: „რატომ?“ _ ეს სასო და იმედდაკარგული კაცის შეკითხვაა, რომელიც ვერ გარკვეულა იმ უბედურების მიზეზებში, რომელიც წამისწამად ატყდება თავს. ვერაფრით მოხერხდა, გვეფიქრა იმაზე, როგორ დავამხოთ ციტადელი უზნეობისა, უგუნურებისა და წვრილფეხა ეგოიზმისა.
მცირე გადახვევას გავაკეთებ, თუმცა ეს გადახვევა პირდაპირ კავშირშია იმასთან, რამაც ხმა ამომაღებინა.
იდგა 1943 წელი. სტალინს სულისმოსათქმელად მეორე ფრონტის გახსნა ესაჭიროებოდა, მაგრამ ამ საშურ საქმეს ხელს უშლიდა საბჭოთა წყობა. ამ ხარვეზის გადასაფარად სტალინმა კრემლში დაიბარა მიტროპოლიტი ტიხონი, რომელიც მაშინ სინოდის თავკაცი იყო. დამფრთხალმა და შეშინებულმა ტიხონმა დიდხანს იფიქრა, რა სამოსელით წარმდგარიყო პროლეტარიატის დიდი ბელადის წინაშე. გაიღო სტალინის კაბინეტის კარი და გამოჩნდა კოსტიუმში გამოწყობილი ტიხონი. სტალინმა იქედნურად გაიღიმა, საჩვენებელი თითი ზეაღმართა და ტიხონს წასჩურჩულა: მეუფევ, თქვენ ჩემი უფრო გეშინიათ ვიდრე იმისი?!
სტალინმა ტიხონი სრულიად რუსეთის პატრიარქად დანიშნა და დაავალა ეკლესიების გახსნა. რა თქმა უნდა, სტალინი იმ ჭკუაზე არ იყო, საბჭოთა ხალხისთვის ახალი ბელადი გაეჩინა. როგორც კი ტიხონი კაბინეტიდან გავიდა, სტალინმა ბერიას მოუხმო და თავისი მზაკვრული გეგმა გააცნო. იდეა ასეთი იყო, საეკლესიო იერარქიის კიბეზე უნდა დაეწინაურებინათ გონებაჩლუნგი, უპოტენციო, წვრილფეხა კრიმინალები და მამათმავლები, რაც დასჯადი იყო, ანუ „კაგებეს“ დაწინაურებული მღვდელმთავრები მთვარობის მიმართ მორჩილნი იქნებოდნენ. ამით ეკლესიამ სრულად დაკარგა საზოგადოებრივი ფუნქცია, წირვა-ლოცვისა და საეკლესიო წესების საამქროდ იქცა. ამიტომ იყო, რომ ზოგი ჩვენგანი ბალღობიდან მოდიოდა, ზოგი _ ოჯახიდან, ზოგი კი „კაგებედან“. ახლა „კაგებე“ სხვადასხვა ქვეყნის სპეცსამსახურებმა და ორგანიზაციებმა ჩაანაცვლეს. ასეთ ადამიანებს ჭკუა და პასუხისმგებლობა არ ესაჭიროებათ, მათ სხვები მართავენ, ისინი, ვინც მათ ნაცვლად ფიქრობენ...
_ ერს რომ რაღაც უცნაურად ცუდი დაემართა, ფაქტია...
პროვინციალიზმია ჩვენი საზოგადოების უკურნებელი სენი! უმალ მოგიგებენ, „მაშინ სხვა დრო იყოო“. მხდალი, მედროვეს „სიბრძნეა“ ეს მოსაზრება, რადგან გმირს, ქრისტეს ჯვრის მტვირთველს ასეთი სიბრძნე არ გააჩნია. სიბრძნე არის არა ფაქტის კონსტატაცია, არამედ ახალი რეალობის შექმნა. ჩვენი ზოგიერთი მღვდელმთავრებივით რომ ეაზროვნა კაცობრიობას, არც ქრისტე ავიდოდა ჯვარზე და არც ილია მოაკვლევინებდა თავს ბოლშევიკებს.
დაინგრა ტაძარი თავისუფლებისა, მიწასთან გასწორდა დემოკრატიის ილუზია, თავზე დაგვეცა ტაძარი სულიერებისა...
მავანთ უნდა შევახსენოთ, რომ სახედ და ხატად თვისსა შექმნა უფალმა ადამიანი. იგია გვირგვინი სამყაროსი, შემოქმედი ისტორიისა და კულტურისა. სწორედ ამიტომ, ქრისტემ პირველ რიგში, ეს გაახსენა ადამიანებს: „შენ ხარ ნათელი ამა ქვეყნისა და თუ განქრი, რითღა გაინათოს ქვეყანამა; შენ ხარ მარილი ამა ქვეყნისა და თუ განქარდი, რითღა გაიმარილოს მომავალმა; შენ თუ არა, _ ვინ, დღეს თუ არა _ როდის; „დაივიწყე თავი შენი და აღიღე ჯვარი“! „ეგრემც ბრწყინავდეს ნათელი შენი წინაშე კაცთა, რათა იხილონ საქმენნი შენნი“.
ამის ნაცვლად, უმაღლესი ამბიონიდან დღენიადაგ ისმის ერთი და იგივე ფრაზა: „ჩვენთან არს ღმერთი!“
ღვთითგანბანძნობილნო მამანო, უხერხული ხომ არ არის ასეთი რამის თქმა დღეს საქართველოში? დედას გაფიცებთ, არ დაგვიმალოთ, რაზე შეატყვეთ, რომ ჩვენთან არს ღმერთი? ქართველ კაცს დღეს არ აქვს სამშობლო, არაფრად ადგია სინდის-ნამუსი, არ აქვს არავითარი შესაძლებლობა საკუთარი თავის რეალიზებისა, _ სად ხედავთ ღმერთს?
იმ უბედურებას, რომელიც ჩვენს თავს ტრიალებს, გვიხსნიან, ღმერთი იმათ სჯის ასე სასტიკად, ვინც ძალიან უყვარსო ე. ი. ქართველებს. ძალზე ძლიერ ხომ არ შევუყვარდით უფალს, ძვირფასო მამანო? _ ამგვარი „სიყვარულის“ სანაცვლოდ, ადამიანმა, შეიძლება, ასეთი ღმერთიც შეიძულოს და მისი მოციქულებიც...
ყველა სისაძაგლე, რაც ამ ქვეყანაში ხდება, თურმე, ღვთის ნებით წინასწარ ყოფილა განსაზღვრული. ღალატი, სულმოკლეობა, ძმათა კვლა, ადამიანთა ღირსების შელახვა, _ ეს ყველაფერი ღვთის ნება ყოფილა, ამიტომ ქრისტიანებმა მხოლოდ უნდა ვილოცოთ, რომ უფალმა, ვთქვათ, პუტინს, მედვედევს, შინაურ თუ გარეულ მტერს, ყველა მტარვალს სათნოების კარი გაუღოს და დაგვიბრუნონ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთად წოდებული საქართველო, _ ნუთუ მართლა ასე ფიქრობთ, ღვითგანბანძნობილნო?
მე ვერ ვიფიქრებ ასე, რადგან „ხემან, რომელმან არ გამოიღოს ნაყოფი კეთილი, ძირში უნდა მოიჭრას და ცეცხლსა უნდა დაედვას“. სწორედ ასე მოიქცა უფალი იესო, როდესაც მამის სახლი სავაჭრო დუქნად გადააქციეს უმეცრებმა. მან სარტყელით გალახა ვაჭარნი და გაჰყარა. ასე უნდა მოიქცეს ყოველი ერი, რომელიც სასიცოცხლოდ მოსულა ამ ქვეყნად!
ესაუბრა
მაია ჭელიძე
