განათლების რეფორმამ ტაძრამდე უნდა მიგვიყვანოს!

განათლების რეფორმამ ტაძრამდე უნდა მიგვიყვანოს!

(დასასრული. დასაწყისი იხ. „სგ“ N1-2)

გვესაუბრება ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი, სსუ-ის პროფესორი იური პაპასქუა:

_ რა აზრის ხართ უფასო სწავლებაზე. ცხადია, უფასო სწავლება კონკურენციას გაზრდის, სამაგიეროდ, სტუდენტების ჩარიცხვის რაოდენობა ხომ არ შემცირდება? თუ ბარიერს იმაზე მეტი სტუდენტი გადალახავს, ვიდრე ადგილებია გამოყოფილი, რამდენად აქვს სახელმწიფოს ყოველივე გათვლილი? განათლება საბჭოთა კავშირის დროსაც უფასო იყო, მაგრამ კორუფციას ვერ ასცდა სწორედ კვოტირებების გამო. ახლაც იგივე სურათს ხომ არ მივიღებთ?
- ოო, ეს საინტერესო შეკითხვაა, ამასთან, კითხვაში ჩანს პრობლემის სიღრმე და ნაწილობრივი პასუხიც. მე კი თანმიმდევრულად დავძენ:
რას ნიშნავს „უფასო სწავლება“ სახელმწიფო უნივერსიტეტში? _ უფასო დღეს არაფერია. უფასოა ყველი სათაგურში ანდა ჭია ანკესზე და იქაც ვიღაცა იხდის სატყუარას საფასურს. რეალურად „უფასო სწავლება“ არ ნიშნავს, რომ სწავლას არ აქვს ფასი. იგულისხმება, რომ სწავლის საფასურს იხდის არა სტუდენტი, არამედ სახელმწიფო – გადასახადების გადამხდელების ფულით; სტუდენტი პირდაპირ არ იხდის, მაგრამ საზოგადოება იხდის კოლექტიურად. ანუ ეს არის არა უფასო, არამედ სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული სწავლება.
როცა მეკითხებიან, უნდა იყოს თუ არა სწავლება უფასო, მე ვპასუხობ, დიახ. სწავლის ფულს არ უნდა იხდიდეს სტუდენტი და არც მისი მშობელი. ეს სხვა თემაა, თუმცა ვერ ვისვენებ, აქვე უნდა ვთქვა: მკურნალობისთვისაც ავადმყოფი არ უნდა იხდიდეს ფულს. ეს სახელმწიფომ უნდა გადაიხადოს. ამ ქვეყნად ადამიანის უზენაესობის გაცნობიერებიდან გამომდინარე, სახელმწიფოს უფრო დიდი საზრუნავი არ გააჩნია, ვიდრე ეს მისი მოქალაქეა. ადამიანები ქმნიან სახელმწიფოს, ირჩევენ ხელისუფლებას, ქმნიან დოვლათს ამ სახელმწიფოს ფუნქციების შესასრულებლად. ადამიანის სწავლა-განათლება, შემოქმედება, საქმიანობა, ასაზრდოებს სახელმწიფოს. ამიტომ სახელმწიფომაც ეს ხარჯები უნდა გაიღოს. მაგრამ ჩნდება მთავარი კითხვა: აქვს თუ არა სახელმწიფოს საკმარისი რესურსი, რომ ეს დაფინანსება იყოს სტაბილური; სამართლიანი, ხარისხზე ორიენტირებული? საკითხს თუ ამ პოზიციიდან შევხედავთ, განსხვავებული ვარაუდები გაჩნდება და ეს არ უნდა იყოს გასაკვირი.
გაზრდის თუ არა უფასო სწავლება კონკურენციას? _ დიახ, გაზრდის. როცა სწავლის საფასური აღარ არის ბარიერი, მეტი აბიტურიენტი შეეცდება ჩარიცხვას; გაიზრდება კონკურენცია გამოცდებზე; მაღალი ქულა გახდება გადამწყვეტი. მაგრამ კონკურენციის ზრდა ავტომატურად არ ნიშნავს სამართლიანობას. თუ შეფასების სისტემა სუსტია, მიკერძოებულია ან მანიპულირებადია, კონკურენცია გადაიქცევა ფორმალურ ბრძოლად, სადაც შედეგს არა ცოდნა, არამედ „სხვა გზა“ გადაწყვეტს. 
რა ხდება, თუ მსურველთა რაოდენობა მეტია, ვიდრე ადგილებია? _ აქ იწყება მთავარი რისკი. თუ მსურველი ბევრია და ადგილები შეზღუდულია, მაშინ საჭიროა მკაცრი, გამჭვირვალე და ობიექტური შერჩევის მექანიზმი, მკაფიო წესები, ვინ შედის და რატომ. მრავალფაქტორიანი გარემოებების გამო, ამისი გათვლა ადვილი არ არის. თუ სახელმწიფოს ეს არ აქვს გათვლილი, იწყება ხელოვნური კვოტირება; ჩნდება „გამონაკლისები“, საპატიო მიზეზები, დამსახურებები, შეღავათები; ძალიან ძნელია, არ დაუშვა სუბიექტური გადაწყვეტილებები და სწორედ აქ იბადება კორუფციის სივრცე.
საბჭოთა გამოცდილება – რატომ არ იყო „უფასო“ სამართლიანი? _ დიახ, საბჭოთა კავშირში, სწავლა იყო უფასო, მაგრამ ადგილები იყო შეზღუდული. მოქმედებდა კვოტები, პრივილეგიები, „რეკომენდაციები“. შედეგად, ადგილს ყოველთვის ვერ იკავებდა საუკეთესო. ამიტომ პრობლემა იყო არა უფასო სწავლა, არამედ შერჩევის უსამართლო სისტემა.
მივიღებთ თუ არა იგივე სურათს რეფორმის შედეგად? _ ეს დამოკიდებულია არა იდეაზე, არამედ მექანიზმზე. ბევრადაა დამოკიდებული იმაზეც, თუ ვინ მართავს. მესაჭეობა კი ხანგრძლივვადიანი და შეუცვლელი არაა. თუ იქნება გაუმჭვირვალე შერჩევა, არაკონტროლირებადი კვოტები, პოლიტიკური ან სოციალური პრივილეგიები, მაშინ მივიღებთ საბჭოთა მოდელის მოდერნიზებულ ვერსიას. თუ იქნება, ღია კონკურსი, ციფრული, გამჭვირვალე შეფასება, მკაცრი მონიტორინგი, საჯარო მონაცემები ჩარიცხვაზე, მაშინ უფასო სწავლება შეიძლება იქცეს სოციალური სამართლიანობის ინსტრუმენტად. მოკლედ, რომ შევჯერდეთ, უფასო სწავლება კარგია როგორც იდეა, მაგრამ სახიფათოა როგორც სისტემა, თუ არ ახლავს მკაფიო გათვლები, რეალისტური ბიუჯეტი, სამართლიანი შერჩევის მექანიზმი, კორუფციის საწინააღმდეგო დაცვა, სტაბილური განვითარება, ძლიერი ეკონომიკა, მკაცრი დისციპლინა. წინააღმდეგ შემთხვევაში, კონკურენცია გაიზრდება, მაგრამ სამართლიანობა – არა; სტუდენტების რაოდენობა შეიძლება შემცირდეს, ხარისხიც შეიძლება გაუარესდეს და მივიღებთ „უფასო“, მაგრამ არათანასწორ განათლებას. ანუ მთავარი კითხვა არ არის:
- გვინდა თუ არა უფასო სწავლა? განმსაზღვრელია ვიძლევით თუ არა სამართლიანი, გამჭვირვალე და სტაბილური, პოლიტიკური რყევებისგან დაცული სისტემის შექმნის გარანტიას?
- ნახეთ, რამდენი „თუ“ ჩნდება თქვენს კითხვებში და ჩემს პასუხებშიც. მით უფრო, ჩვენ ვერ შევეხეთ ძალიან მნიშვნელოვან ბევრ საკითხს. ეს იმიტომ, რომ გაცხადებულ „უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნულ კონცეფციას“ არ ახლავს არც განმარტება, არც კანონის ან კანონქვემდებარე აქტის პროექტი და არავინ იცის, რა მოხდება, ვიდრე ის საბოლოო სახეს მიიღებს. მანამდე კი არის ერთი ალიაქოთი, გაურკვევლობა, სამსახურის დაკარგვის შიში, დავა, ჭორაობა, ლანძღვა-გინება და კამათი იმაზე, რაზეც პასუხი ჯერ არავის, კონცეფციის შემქმნელებსაც კი არ გააჩნია. 
_ გასაგებია თქვენი პოზიცია და არის ამაში სიმართლე. მაინც, საუბრის დასასრულს უნდა შეგეკითხოთ, რა საფრთხეებს ხედავთ ამ რეფორმის განხორციელების განზრახვაში?
- რამდენიმე თეზის განმეორება მომიწევს: ხელისუფლებამ სწორად დაინახა განათლების სისტემის რეფორმის აუცილებლობა. გამოწვევებისა და მათი გადაწყვეტის ამოცანების ძირითადი ნაწილი საყურადღებოა და იმსახურებს მხარდაჭერას. სავსებით ბუნებრივია, როცა მთავრობა იღებს ასეთ ამბიციურ, კარგ და საჭირო გადაწყვეტილებას, მას, სავარაუდოდ, აქვს გათვლები და თავის რეპუტაციას ეჭვქვეშ უბრალოდ არ დააყენებს. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ხელისუფლებამ არ იცის, რა წამოიწყო, თუმცა არც ისაა გამორიცხული, რომ საქმე გვქონდეს ავანტურასთან, შეგულიანებასთან, გაუცნობიერებელ ამჩატებასთან. ამ პროექტის განხორციელება უზარმაზარ შესაძლებლობებთან და ძალისხმევასთან არის დაკავშირებული. ჩვენ ბევრი რამე არ ვიცით, ვერ ვხედავთ და ამის გამო, იქმნება გაურკვევლობები, რომლებიც ჩვენი გადასახედიდან, აჩენენ რისკებს. მათ შორის, მიამიტობა იქნება ვერ შენიშნო, რომ გაცხადებულ კონცეფციის მასშტაბურობასა და განხორციელების რესურსებს შორის ძლიერი დამოკიდებულებაა. ამ მხრივ, ხედვის დონეზე ყველაფერი შთამბეჭდავად ჟღერს. მაგრამ რეალური განხორციელებისთვის მნიშვნელოვანია საკმაოდ დიდი ფინანსური, ადამიანური და ადმინისტრაციული რესურსი, ინფრასტრუქტურის განახლება მთელ ქვეყანაში. რეგიონების სამ საუნივერსიტეტო კერად გადაქცევა - ეს ძალიან დიდ ინვესტიციას და ხანგრძლივ პროცესს მოითხოვს. ქვეყანა, რომელიც პენსიების გაზრდისთვის სახსრებს ეძებს, ძნელია ირწმუნო, რომ გამონახავს შესაძლებლობებს განათლების რეფორმისათვის, მით უფრო, გარედან დახმარების შანსი თითქმის ნულია.
- „ერთი ქალაქი – ერთი ფაკულტეტის“ მოდელი, შესაძლოა, იდეაში განხორციელებადად წარმოიდგინო. მაგრამ პრაქტიკაში უნივერსიტეტებსა და ფაკულტეტებს შორის გაჩნდება ინტერესთა ძლიერი კონკურენცია. ფაკულტეტების დარგობრივი პრიორიტეტების გადანაწილება, საკადრო უზრუნველყოფა, სტუდენტების გადინება - ამ ყველაფერს ექნება პოლიტიკური, ადმინისტრაციული რყევები და არა მხოლოდ სასწავლო პროცესისა და ხარისხის გაუმჯობესებასთან დაკავშირებული გავლენა. ამასთან, ეს ისეთი იდეაა, არსებულის პირწმინდად შეცვლას, ახალ მშენებლობებს მოითხოვს. ბუნებრივია, არსებობს საფრთხე, რომ ძველი დაინგრეს და ახლის აწყობა ვერ მოხერხდეს. არასტაბილურ, დაპირისპირებულ და რესურსებით შეზრუდული შესაძლებლობის პირობებში, რა გარანტიები გვაქვს, რომ ყველაფერი კარგად იქნება?
- სასკოლო და უმაღლესი განათლებების პროგრამების კოორდინაციის და დატვირთვათა გადანაწილების გარეშე, 3+1 სისტემის დანერგვა ბაკალავრიატში და ვერც მაგისტრატურაში საკმარისი ცოდნის მიღებას ვერ წაადგება. სკოლიდან აბიტურიენტი უმაღლესი განათლების მიღების მისიისთვის მოუმზადებელი მიდის და იქ ახვედრებენ საფუძვლების შესწავლას მაშინ, როცა ეს უკვე სტუდენტს სკოლიდან უნდა მიჰყვებოდეს. იმის მაგივრად, რომ მეტი ვასწავლოთ, აზროვნება ავუმაღლოთ, დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მისაღებად მოვამზადოთ, ამ პროცესისთვის დროს ვამცირებთ. მოქმედ პრაქტიკაში სტუდენტები ისედაც არასაკმარის ცოდნას იღებენ. 3+1 ნიშნავს ვიწრო სპეციალიზაციაზე ორიენტირებას, სასწავლო დისციპლინების, საათების და პრაქტიკის შემცირებას. რამდენად რეალურია ან მისაღებია ასეთი ალტერნატივა, ვინმემ გამოიკვლია? 
- იდეა, რომ კვოტები განისაზღვროს ბაზრის მოთხოვნებთან და ანალიზიდან გამომდინარე, ძალიან მიმზიდველია, თუმცა რეალურად სამუშაო ბაზარი მუდმივად იცვლება, რითაც უნივერსიტეტების პროგრამების და კურსების წინასწარ დარეგულირება რთულდება. თუ უნივერსიტეტი ზედმეტად „ბაზარზე მორგებასა“ და წინასწარ განსაზღვრულ მოთხოვნებზე დაყრდნობას დაიწყებს, შესაძლოა, უზრუნველყოფილი არ იყოს იმ სავალდებულო ძირითადი უნარების განვითარება, რაც გრძელვადიანია (მაგალითად კრიტიკული აზროვნება, პრობლემის გადაჭრა, გადაცემადი უნარები).
არსებობს სისტემური დესტაბილიზაციის რისკიც. თუ რეფორმა ფაქტორთა გათვალისწინების გარეშე განხორციელდება, მოხდება არსებული სტრუქტურის დანგრევა — ფაკულტეტების დახურვა, შერწყმა, გაყოფა, სტუდენტებისა და ლექტორების იძულებითი გადაადგილება. ეს გამოიწვევს მასწავლებელთა და სტუდენტთა მიგრაციას, ადმინისტრაციულ ქაოსს და ხარისხის ვარდნას ისე, რომ მის აღდგენას მერე უფრო მეტი ძალისხმევა დასჭირდება. მაგალითად, როდესაც პოლონეთმა 2000-იან წლებში სცადა მსგავსი „კონსოლიდაცია“, პირველ ორ წელიწადში უნივერსიტეტებიდან წავიდა 12 %-ზე მეტი აკადემიური პერსონალი - ნაწილი ვერ მოერგო ახალ მოდელს და დატოვა პროფესია. ვინ ჩაანაცვლებს მათ? უცხოეთიდან ჩამოყვანილი პროფესურა? წამოგიდგენიათ, რა გაუგებრობები უნდა მოჰყვეს ასეთ გადაწყვეტილებას?
- ანგარიშგასაწევია ის გარემოება, რომ საქართველოში თითოეულ უნივერსიტეტს აქვს ისტორიული პროფილი და აკადემიური იდენტობა. თუ ყველა ქალაქში მხოლოდ ერთი ფაკულტეტი დარჩება, ეს გამოიწვევს აკადემიური მრავალფეროვნების შემცირებას და კონკურენციის გაქრობას, რაც ხარისხის მთავარ მამოძრავებელ ძალას წარმოადგენს.
- კონკურენცია უნივერსიტეტებს შორის ყოველთვის აუმჯობესებს ხარისხს. მის გარეშე წარმოიქმნება მონოპოლია ცოდნაზე.
ეს მხოლოდ ნაწილია იმისა, რაც ამ კონცეფციის შესრულებას, შესაძლოა, აედევნოს. სულაც არ მაქვს იმის განწყობა, რომ პროექტის მხოლოდ მუქი ფერები წარმოვადგინო. მაგრამ ამ მოცემულობაში არც გაჩუმება ვარგა.

თამარ შველიძე