ზურაბ ქადაგიძე: „ნაცები“ 4 ოქტომბერს ფსკერზე საბოლოოდ დაეშვებიან
გვესაუბრება „ხალხის ძალის“ წევრი, პარლამენტარი ზურაბ ქადაგიძე:
_ ბატონო ზურაბ, სუს-მა ის პირები დააკავა, რომელთაც საქართველოში ასაფეთქებელი ნივთიერება ჰექსოგენი შემოჰქონდათ.
_ სუს-მა დაკავების ოპერაცია ოპერატიულად, უმაღლეს დონეზე ჩაატარა. ლიკვიდირებული იქნა მოსალოდნელი საფრთხე, რაც არამხოლოდ ჩვენს შიდა, არამედ გარე მტრებს ჰქონდათ დაგეგმილი. სამწუხაროდ, გეოპოლიტიკურად ისეთ ფეთქებადსაშიშ რეგიონში ვიმყოფებით, როგორიც კავკასიაა და აქ არეულობის, მათ შორის, პოლიტიკური ვითარების დაძაბვის მოსურნე ბევრია. ეს მხოლოდ სამხედრო ან გარედან მოწყობილი შეთქმულება არ არის საქართველოში დესტაბილიზაციის გამოწვევისთვის, არამედ პირდაპირ მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს უკავშირდება. ბუნებრივია, თუ აქციის მონაწილეების აგრესიულ ქმედებებს მსხვერპლიც დაემატებოდა, ამას სერიოზული შედეგები მოჰყვებოდა. გამოძიება უკვე დაწყებულია და მალე გაირკვევა ვინ იდგა ამ ყველაფრის უკან და რა იგეგმებოდა.
_ საყურადღებოა რომ, ორგანიზატორი უკრაინის უშიშროების სამსახურია და არა რომელიმე არაფორმალური რადიკალური ტერორისტული ჯგუფი.
_ უკრაინის უშიშროების სამსახურიდან წლებია, ადგილი აქვს საქართველოში არაერთ სიურპრიზად გამოგზავნილ არამხოლოდ ნივთიერება ტროტილს ან ჰექსოგენს, არამედ „პოლიტიკურ ტროტილებსაც“, როგორიც უკრაინის სპეცსამსახურების მიერ გამოგზავნილი ძებნილი დამნაშავე პრეზიდენტი სააკაშვილია. როგორც ვიცით, ზელენსკის ხელისუფლებამ თავის დროზე საქართველოს ძებნილი არაერთი დამნაშავე შეიფარა. მაშინ „პოლიტიკური ტროტილის“ _ სააკაშვილის განეიტრალება ჩვენმა სპეცსამსახურებმა შეძლეს. ჩვენ არ უნდა გვქონდეს ილუზია, რომ უკრაინის სახით მეგობარი ან პარტნიორი გვყავს. დიპლომატიური თუ პოლიტიკური თვალსაზრისით, ზელენსკის ადმინისტრაციის მიერ ჩვენ მიმართ გადმოდგმული ყველა ნაბიჯი მტრული იყო. ამიტომ, ამ საქმეში უკრაინის სპეცსამსახურების ჩართულობა არც გამკვირვებია.
_ ხელისუფლება წარმატებით განაგრძობს კორუფციასთან ბრძოლას. ამჯერად თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე დააკავეს.
_ კორუფციასთან ბრძოლა სამართლებრივი სახელმწიფოს საფუძველია. ვისაც დანაშაული დაუდგინდება, პასუხი მკაცრად უნდა აგოს. დიახ, კორუფციასთან ბრძოლის წინააღმდეგ ხელისუფლება შეუპოვარი იქნება, რადგან ერთი პატარა გადაცდომა, არასწორი ნაბიჯი ყოველთვის დომინოს ეფექტს იწვევს.
_ სუს-მა ხაბეიშვილი და ზოდელავაც დააკავა, რომლებიც დიდი ხანია, ღიად აანონსებენ, რომ რევოლუციას და ქვეყნის გადატრიალებას გეგმავენ.
_ ქვეყანა არჩევნებისთვის ემზადება. მჯერა, საზოგადოება სწორ, რაციონალურ გადაწყვეტილებას მიიღებს და მხარს იმ ძალას დაუჭერს, რომელმაც ქვეყანას დესტაბილიზაცია აარიდა. რაც შეეხება რადიკალურ ოპოზიციას, აშკარაა, პროცესები მის სასიკეთოდ არ ვითარდება. მათ აბსოლუტურად ყველა გზა მოიჭრეს, თავი კუთხეში მიიყენეს _ პოლიტიკური ავანტიურიდან ულტიმატუმზე და ღია სამართლებრივ, ფაქტობრივ დანაშაულებზეც კი გადავიდნენ. ხაბეიშვილი იქამდე მივიდა, რომ იმ პოლიციელებს, ვინც მას ინფორმაციას მიაწვდიდა, ქრთამის სახით 200 ათასი დოლარს ჰპირდებოდა. ზოდელავას საქციელი კი იმაზე მიუთითებს, რომ ხაბეიშვილის ტელეფონში არაერთი დანაშაული იმალება.
_ ნაცები ღიად აცხადებენ, რომ არჩევნების ნაცვლად რევოლუციისთვის ემზადებიან. ამის რესურსი რამდენად გააჩნიათ?
_ დესტაბილიზაციის მცდელობა ექნებათ. ისინი ვა-ბანკზე მიდიან, ბოლო გაფართხალება აქვთ. არჩევნების მერე კოლექტიური ნაცების მომავალი ბუნდოვანი იქნება. ასეთმა ოდიოზურმა, გამარგინალებულმა ძალამ პოლიტიკაში ოპერირება როგორ უნდა შეძლოს?! რაც შეეხება მათ მიზანს _ ქვეყნის მშვიდობიან დამხობას, არაფერი გამოუვათ. ახლა პარალელებს ვარდების რევოლუციასთან ავლებენ და დროშების რევოლუციით გვემუქრებიან. 2003 წელს რევოლუცია კი არა, სპექტაკლი იყო, რაც მაშინდელმა პოლიტიკურმა ისტებლიშმენტმა შემოგვთავაზა _ ხელისუფლების ჩვეულებრივი გადაბარება.
ზოგადად, ყველაფერს თავისი საზომი აქვს. დეტალურად, პროცენტულად შემიძლია გითხრათ, რა დროს შეიძლება მოხდეს ამა თუ იმ სოციუმში, სახელმწიფოში რევოლუცია. როცა რევოლუციის წინაპირობაა, ეს გამოისახება როგორც სოციუმში, ისე სახელმწიფო ინსტიტუტებში, სასამართლო სისტემაში. დღეს კარდინალურად სხვა ვითარებაა. აქედან გამომდინარე, ოპოზიცია ერთი დღისთვის, ერთი ჰაერის გამოშვებისთვის ემზადება. ასე რომ, მათი მცდელობა ისევე კრახით დასრულდება, როგორც შარშან იყო.
_ არადა, გვიმტკიცებენ, საქართველოს გადარჩენისთვის ვიღვწითო. რეალურად, რისთვის ირჯებიან?
_ საკუთარი თავის გადასარჩენად. მათ პოლიტიკური ხარაკირი ჩაიტარეს _ რეალობას აბსოლუტურად მოწყდნენ, სრულიად გამარგინალდნენ, ერთადერთი, რაც დარჩათ, ან ზედაპირზე ამოყვინთავენ ან ფსკერისკენ დაეშვებიან. თუმცა, ზედაპირიდან იმდენად ღრმად არიან, რომ ეჭვი მაქვს, ამოყვინთვას ვეღარ შეძლებენ და ფსკერზე დაეშვებიან.
ამ პროცესს ხელს შეუწყობს საპარლამენტო დასკვნაც, სადაც დეტალურად არის აღწერილი ის დანაშაულები, რაც ნაცებმა, მათმა სატელიტებმა თუ ხელისშემწყობმა ბიზნესმენებმა ჩაიდინეს. ეს საკმაოდ მძიმე, ნიშანდობლივი დასკვნაა, რაც ხვალ და ზეგ ისტორიის ის ფურცელი გახდება, რომელიც ქვეყანამ უნდა გადაფურცლოს და ასეთი რეჟიმის დაბრუნების ყველანაირი გზა მოჭრას. ველოდებით სასამართლოს გადაწყვეტილებას, რაც იმის დასტური იქნება, რომ რადიკალიზმი „ნაცმოძრაობასთან“ ერთად დასრულდება.
_ „გორბის“ კვლევებით, „ქართულ ოცნებას“ ამომრჩევლის 65% უჭერს მხარს, რაც საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით, 10%-ით გაუმჯობესებული მაჩვენებელია. რეალურად, რა შედეგს ელით?
_ „გორბი“ კვლევებს 2013 წლიდან ატარებს. ყველა არჩევნებზე ცდომილება, მაქსიმუმ, 2-3% იყო. შესაბამისად, ამ კვლევებში ეჭვის შეტანა ყველანაირ საფუძველს მოკლებულია. რადიკალიზმმა, კოლექტიურმა „ნაცმოძრაობამ“ ოპოზიციური პოლიტიკური დღის წესრიგი იმდენად შთანთქა, რომ ხელისუფლების რეიტინგი ავტომატურად გაიზარდა. გარდა ამისა, რეიტინგის ზრდაზე სხვა ფაქტორებმაც იმუშავა, ესენია: სწორი, გათვლილი ნაბიჯები, რაციონალური მიდგომები, ზუსტი საგარეო პოლიტიკა. ერთი განსაკუთრებული მომენტი, რაც ამ კვლევებმა აჩვენა, ის არის რომ რეალურად, საზოგადოება რადიკალური დღის წესრიგისგან დაიღალა და მშვიდობა, სტაბილურობა, განვითარება სურს.
მმართველმა ძალამ უკვე ცხრაჯერ იზეიმა გამარჯვება. „ქართულმა ოცნებამ“ მეათე, საიუბილეო არჩევნები უკვე მოიგო. უბრალოდ, ამის ფორმალურად გაფორმებაღა დარჩა. საზოგადოების განწყობა, მოლოდინები ორიენტირებულია უსაფრთხოების, ეკონომიკის, განათლების სფეროს განვითარებაზე და არა ქვეყნის დამხობაში მონაწილეობაზე. რადიკალური ოპოზიცია საზოგადებას იმ დღის წესრიგს სთავაზობს, რაც ხალხისთვის მიუღებელია.
რაც შეეხება 4 ოქტომბერს ქვეყნის მშვიდობიან დამხობას, ეს სასაცილოა. როგორც ზემოთ აღვნიშნე, არანაირი მაჩვენებლებით ქვეყანა რევოლუციურ ზღვარზე არ დგას. სახელმწიფო ყველა პარამეტრით მდგრადობას ინარჩუნებს. აქვე, პარადოქსია ის, თუ ვინ აანონსებს ამ რევოლუციას, თანაც მაინცდამაინც 4 ოქტომბერს უნდა დავამხოთ ხელისუფლებაო, სხვა თარიღს რატომღაც არ განიხილავენ. თუ ხელისუფლების მიერ დანიშნულ არჩევნებს და პრეზიდენტის დადგენილებას არ აღიარებენ, მაშინ 4 ოქტომბერი რა შუაშია?! აი, ასეთ საცოდავ დღეში არიან _ პოლიტიკურად გაკოტრებულები, საზოგადოების მხარდაჭერაც განულებული აქვთ, ინტელექტუალურ დეფიციტზე აღარაფერს ვამბობ.
_ როგორ ფიქრობთ, რას შეცვლის არჩევნების შედეგები ევრობიუროკრატების დამოკიდებულებაში?
_ ევრობიუროკრატების დამოკიდებულების შეცვლის იმედი არ მაქვს, რადგან იქაც პარადოქსებს ვაწყდებით. ვხედავთ, რომ რეალურად, ევროპულ ქვეყნებში სრულიად სხვა განწყობა, პოლიტიკური მოლოდინებია. ევრობიუროკრატები კი არ იცვლებიან, ისევ ლიბერალურ რელსებზე დგნან და სრულიად ევროპას სიგიჟისკენ მიაქანებენ. აქედან გამომდინარე, არ მგონია, ურსულა ფონ დერ ლაიენმა რიტორიკა შეცვალოს. სამწუხაროდ, ჩვენთან ურთიერთობაში რუსეთ-უკრაინის ომი ტრიგერი აღმოჩნდა. თუ კონფლიქტი მალე დასრულდება, შეიძლება რიტორიკა ოდნავ შეიცვალოს, თუმცა დამოკიდებულებები არ შეიცვლება _ კუბილიუსი ისევ მიშას მეხოტბედ დარჩება. ჩვენ ჩვენი გზა, ჩვენი უსაფრთხოება, ეკონომიკა გვაქვს მისახედი. ევროპამ თავის რეცესიებს, ეთნიკური კონფლიქტების ზღვარზე ყოფნას მიხედოს. შეიძლება, მალე რელიგიური კონფლიქტების ზღვარზეც აღმოჩნდეს. ხომ ვხედავთ, რა ხდება საფრანგეთში, გერმანიაში, ბრიტანეთშიც გაჩნდა გარკვეული დაპირისპირბების კერები. ასე რომ, სჯობს, ევროპამ საკუთარი თავის გადარჩენაზე იზრუნოს, ჩვენ საკუთარ თავს თავად მივხედავთ.
_ ეუთო/ოდირი თვითმმართველობის არჩევნებს არ დააკვირდება. ეს იმის საბაბი ხომ არ გახდება, ოპოზიციამ არჩევნები ეჭვქვეშ დააყენოს?
_ კი, ეს ოპოზიციისთვის მიზეზია, რომ რაიმე თემაზე სპეკულაციები ააწყოს. საერთოდ არ არის ამ ეტაპზე საჭირო დაკვირვება, რადგან საპარლამენტო არჩევნები ამ ორგანიზაციამ უკვე უმაღლეს დონეზე შეაფასა. არჩევნები ამჯერადაც იმავე სისტემით ტარდება. ეუთო/ოდირს მისია რომც გამოეგზავნა, ეს ფორმალობა იქნებოდა. შარშან ეუთო/ოდირმა არჩევნებს კონკურენტუნარიანი უწოდა, მაგრამ ამით რამე შეიცვალა რადიკალური ოპოზიციისთვის?! რაც უნდა თქვას ამ ორგანიზაციამ, ოპოზიცია ყურს მაინც თავის სასარგებლო მხარეს მოაბამს.
თამარ შველიძე

