მიზეზ-მიზეზ დოს მარილი ყოველთვის დააკლდება...

მიზეზ-მიზეზ დოს მარილი ყოველთვის დააკლდება...

ბატონმა შალვა პაპუაშვილმა გაგვაცნო საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც მთავრობასთან კონსულტაციის შედეგად არის შემუშავებული. საკითხი ეხება დემოკრატიული საარჩევნო კოდექსის ფუნდამენტურ განახლებას. კოდექსის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება ეხება არარეზიდენტი მოქალაქეების, უცხოეთში მყოფი პირების არჩევნებში ხმის მიცემის წესს. ცვლილება ეხება ხმის მიცემის პროცედურას და გულისხმობს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მსგავსად, საქართველოს პარლამენტის არჩევნებზეც ხმის მიცემას მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო საზღვრებში.
საქმე ის გახლავთ, რომ სულ უფრო ხშირად ისმის ბრალდებები არჩევნებში უცხოურ ჩარევასთან დაკავშირებით, იქნება ეს არჩევნები ამერიკის შეერთებული შტატებში თუ ევროკავშირის წევრ ქვეყანაში. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმაც კარგად აჩვენა, რამდენად ღია და უხეში შეიძლება იყოს ამომრჩეველზე საინფორმაციო და პოლიტიკური ზეწოლა უცხოეთიდან.
საქართველოს მოდელი სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და მოქმედებს ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ირლანდია, მალტა, ისრაელი, სომხეთი.
საქართველოს ყველა მოქალაქეს ექნება არჩევნებში ხმის მიცემის სრული უფლება და შესაძლებლობა, ერთადერთი პირობა არის ოთხ წელიწადში ერთხელ სამშობლოში ჩამოსვლა და ხმის მიცემა საქართველოში.
მეგობრის ინფორმაციით, საქართველოს 800 ათასი მოქალაქე ცხოვრობს საზღვარგარეთ (მეტნი არიან, მაგრამ ჩვენი მოქალაქეობა აღარ აქვთ). აქედან 100 ათასი არასრულწლოვანია, 700 ათასი კი ამომრჩეველი. ამ 700 ათასიდან 300 ათასი ცხოვრობს რუსეთში და 400 ათასი დანარჩენ მსოფლიოში.
2008 წლის შემდეგ რუსეთში მცხოვრებ 300 ათას ამომრჩეველს არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს იმ შემთხვევაში, თუ აქ ჩამოვლენ და ხმას მისცემენ სასურველ პარტიას. რა პრივილეგია აქვს დარჩენილ 400 ათასს, რომ მათთვის 67 უბანი იხსნება ყველა არჩევნებზე და მილიონები იხარჯება ბიუჯეტიდან? 
იმ 400 ათასიდან ბოლო, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა 99 ათასმა, მონაწილეობა მიიღო 34 ათასმა. 
ქართველები საზღვარგარეთ კომპაქტურად არ ცხოვრობენ და შეუძლებელია მოლდოვის ვარიანტის აქ გამოყენება ჩვენდამი მტრულად განწყობილი გარე ძალების მიერ. მოლდაველები კომპაქტურად ცხოვრობენ რუსეთში, რუმინეთსა და იტალიაში. რუსეთში მცხოვრებთ მაქსიმალურად შეუზღუდეს მონაწილეობა არჩევნებში, ხოლო ევროპაში მცხოვრები მოლდოველები ყველა მიიყვანეს საარჩევნო უბნებთან და ამ მეთოდით მოიგეს 4 არჩევნები და 1 რეფერენდუმი პროდასავლურმა ძალებმა. მოლდოვაში მცხოვრებნი არიან ნეიტრალიტეტის მომხრე, არ სურთ მაია სანდუს ხელისუფლება, მაგრამ საზღვარგარეთ მცხოვრები მოქალაქეების დახმარებით, ზოგი ნებით და ზოგიც შანტაჟით, გარე ძალებმა მოლდოველებს თავიანთი აგენტები დაუსვეს ხელისუფლებაში. 
ეს მეთოდი გამოიყენეს რუმინეთის ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებშიც, ხოლო საქართველოში მას ვერ იყენებენ და ვერც მომავალში გამოიყენებენ, მაგრამ ხელისუფლებაზე ემიგრანტთა ხმებით ზეწოლის მექანიზმებს გარე ძალები აქტიურად იყენებდნენ და დღეს ჩვენმა ხელისუფლებამ ეს ბერკეტიც გამოაცალა მათ. 
დარჩნენ სოცქსელებში აქტიურობის იმედად, რაც უკვე არაეფექტური გახდა, გარდა პერიოდულად რამდენიმედღიანი აჟიოტაჟის შექმნისა. 
ყველა ქვეყნის ემიგრანტთა ხვედრი მძიმეა, მაგრამ თუ რამეს მიაღწიეს, – ნორმალური სამსახური იშოვეს, მაშინვე ადგილობრივი უშიშროების თვალთახედვის არეში ექცევიან და ორი არჩევანი აქვთ _ ითანამშრომლონ მათთან, ან დაადეპორტებენ, როგორ წესრიგშიც უნდა ჰქონდეთ საბუთები. 
ამიტომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება ბევრი ემიგრანტისთვის შვების მომტანი იქნება, მათზე ზეწოლას ადგილობრივი სპეცსამსახურებისგან აზრი აღარ ექნება, რადგან არჩევნების დროს, ხოლო ნებაყოფლობით აგენტებს ისევ გამოიყენებენ სოცქსელებში აქტიურობისთვის. 
როგორც ვიცი, რამდენიმე სახელმწიფომ, სახელისუფლებო გვერდებზე, ტექნიკური საშუალების გამოყენებით, შეზღუდა საზღვარგარეთიდან დაკომენტარება. თუ ეს მართლაც შესაძლებელია, აქაც უნდა გამოიყენონ. სამთავრობო გვერდებზე ან მის მომხრე ტელევიზიების გვერდებზე ნებისმიერი ინფორმაციის დადებისას ან ემიგრანტები აკომენტარებენ ან ტროლები, ანუ ყალბი გვერდის მფლობელები. როგორი პოზიტიური ინფორმაციაც უნდა იყოს, ნებისმიერზე იწყევლებიან და იგინებიან. 
გარედან დაკომენტარებაც თუ აიკრძალება ეს კარგი იქნება. სხვაგან მცხოვრებმა რა იცის, აქ ჩვენ რა გვიჭირს ან რა გვილხინს. შორიდან აგრესიულად ჭკუას გვასწავლიან, თვითონ არ აქვთ ჭკუა და სხვას ასწავლიან, თან ამაზრზენია, აგენტები პატრიოტიზმზე რომ გველაპარაკებიან, მასეთები აქაურებიც გვეყოფა, შორს მყოფებმა მაინც დაგვანებონ თავი.
როგორც ყველას, მეც არაერთი ახლობელი მყავს საქართველოს ფარგლებსგარეთ და რომ დავინტერესდი, ხმის მისაცემად თუ მიდიოდნენ, _ ყველამ უარყოფითი პასუხი გამცა. ისინი ორ ნაწილად დავყავი 1. არ მიდიან იმიტომ, რომ მათგან ძალიან შორს არის ადგილი, სადაც საარჩევნო უბანია გახსნილი, ან სულაც არ არის; 2. აზრს ვერ ხედავენ, რადგან არჩევნები მაინც იმ პარტიის სასარგებლოდ გადაწყდება, რაც არსებული ქვეყნის ხელისუფლებას აწყობს. სიტყვაზე ვამბობ _ მაგალითად, დღეს, უნგრეთიდან „ოცნების“ ხმები წამოვიდოდა ემიგრანტებისგან საქართველოში, „გერმანიიდან“ კი _ ოპოზიციის.
შორს რატომ წავიდეთ, აგერ ახლახან არ იყო, როცა ოფიციალურად გამოაცხადეს, რომ მოლდოვაში მაია სანდუმ ემიგრანტების ხმებით გაიმარჯვა? 
მე, როგორც საქართველოს ერთ რიგით მოქალაქეს მიმაჩნია, რომ ძალიან სწორი გადაწყვეტილებაა, რადგან დასავლეთმა დაინახა, რომ მის ძალადობრივ გეზს თავისიანებივე აუმხედრდნენ და საარჩევნო ხმების მიტაცებაზე გადასაწყობად დაიწყეს მზადება.
ყური მოვკარი, ვიღაც ქალბატონი ბობოქრობდა, რა სირთულეებთან არის დაკავშირებული დროის მხრივ საქართველოში ჩამოსვლა. ხომ იცით, ორი თვე მაინც იკარგებაო _ ასეთი შიშველი ტყუილი გაგონილა?
ახლა მაინც არ არის სადმე ჩაფრენა პრობლემა _ ვინც უნდა იყოს, 4 წელიწადში ერთხელ მაინც არ უნდა შეწუხება საკუთარი ქვეყნისთვის? აბა, საერთოდ რატომღა აწუხებს, საქართველოში საარჩევნო კოდექსში რა ცვლილებები იქნება? 
გულახდილად ვამბობ, მე, მაგალითად, იმ ემიგრანტებს, რომლებმაც ანრის კონცერტი ჩაშალეს და ახლა, თურმე, „ურსასი“, ან  ოცნებობენ და ცრუობენ, მხოლოდ იმიტომ, რომ მათ პოლიტიკურ ხედვას არ იზიარებენ, ხმის უფლებას კი არა, მოქალაქეობასაც ჩამოვართმევდი და ხმის მისაცემად საქართველოში ჩამოსვლაზეც აღარ იდარდებდნენ!
როდესაც ჩემს ახლობლებს აეროპორტის გამოსასვლელში ველოდები, ყველა რეისიდან უამრავი ქართველი ჩამოდის და დამხვედრებთან ხვევნა-კოცნით ვხვდები, მათგან საკმაო ხნის უნახავები რომლები არიან. ეს სიტუაცია მრავლდება ზაფხულის თვეებში _ ანუ სამშობლოში „ბარემ-ბარემ“ დასასვენებლად ჩამოდიან. ჰოდა, ამიერიდან, ოთხ წელიწადში ერთხელ შემოდგომაზე დაისვენებენ საქართველოში _ შემოდგომაც ძალიან კარგი დროა საქართველოში დასასვენებლად...
იცით თუ არა, რომ ყველა ხელისუფლების დროს ემიგრანტების პირველი „კოზირი“ ცრუ პოლიტიკური დევნაა? 
ვინაობას ვერ დავასახელებ, რადგან ის მამაკაცი ახლაც იმ ქვეყანაშია „დევნილად“ _ მისი მეუღლე იმდროინდელი ხელისუფლების ოპოზიციურად განწყობილ ბეჭდურ მედიაში მსახურობდა და პოლიტიკური დევნის მტკიცებულებებად მეუღლის გამოქვეყნებული წერილები და მისი ჟურნალისტის მოწმობა დაუდო იქაურ სასამართლოს. როდესაც მოსამართლემ შეკითხვა დაუსვა, მერე, შენ რა შუაში ხარო, ადვოკატმა „კავკასიურ წესებში“ ჩაახედა, ოჯახის წევრის საქმიანობა ოჯახის სხვა წევრებზე პირდაპირ აისახება, განსაკუთრებით – მამაკაცებზეო და მოსამართლემ დააკმაყოფილა მისი თხოვნა. 
ცრუ დევნილების გარდა, მრავლადაა ემიგრანტთა ჯგუფები, რომლებიც ღიად აცხადებენ თავიათ ანტისახელისუფლებო მხარდაჭერას და როგორც წესი, ხმას აძლევენ „მიშისტებს“ არჩევნებზე მიგრაციის ადგილზე. 
ერთ რამეს დავაკვირდი და დავასკვენი _ ჩამოსვლაზე რომ მიდგება საქმე, მხოლოდ გულანთებული „მიშისტები“ ჩამოვლენ და მისცემენ ხმას, სხვა არავინ!
ამჟამად საბერძნეთში მყოფმა მეგობარმა მითხრა, ახლა ბევრი ამბობს, ჩავალო, მაგრამ ოპოზიცია ჩავა და არა პოზიცია. აქ, არჩევნებზე, ოპოზიცია ყველაფერს აკეთებს, რომ ხმა მისცეს ე. წ. პოზიცია კი აქა-იქ, ან არც კი გამოდიან და მეორე _ ოპოზიციას 90% საბუთებიანია, მესამე _ ამდენი ხალხია გარეთ, ნახევარი საქართველო, სამსახურს დატოვებენ და არჩევნებისთვის ვინმე წამოვა საქართველოშიო? 
ამ ცრუ კაკაფონიას მაშინ ჩავთვლიდი საგულისხმოდ, რუსეთში რომ მილიონზე მეტი ხმის უფლებითა არიან და ისინი ვერასდროს ხმას ვერ აძლევენ, ამაზე რატომ არ იყო და არ არის პროტესტი. რუსეთში მყოფი ქართველი (საქართველოს მოქალაქე) ემიგრანტი არ არის თუ ქართველი?
ერთი რამ ნათელია, _ როგორ გვანჯღრევს „მეგობარი“ დასავლეთი, ვხედავთ და კიდევ რას გვიმზადებს, ეშმაკმა უწყის მაგათი თავი. ბევრი კარგი ადამიანია გულნატკენი ამ გადაწყვეტილებით, მაგრამ ასეა ახლა საჭიროო. 
დიახ, დასავლეთი უხეშად ერევა საქართველოს შიდა საქმეებში. ამიტომ ყველა ბერკეტი უნდა წაართვას საქართველომ დაუძინებელ მეგობრებს. მათი ხმების მითვისების პრაქტიკა უკვე ვნახეთ მოლდოვასა და რუმინეთში!
უნდათ ემიგრანტებს, რომ მიიღონ მონაწილეობა ქვეყნის არჩევნებში? ჩამობრძანდნენ საქართველოში და მათი ხმაც დაფიქსირდება!
ვისაც სამშობლო დასანახადაც აღარ უნდა, ეს აღიაროს, თორემ მიზეზ-მიზეზ, დოს მარილი ყოველთვის დააკლდება...
ზოგადად კი, იმ აზრზე ვდგავარ, რომ რაზეც ოპოზიციას ააყვირებენ, მნიშვნელობა არ აქვს, რას ეხება, ის კარგია საქართველოსთვის!
 მაკა ჯაყელი