შეღებილი ატამი და ნირწამხდარი ქლიავი

შეღებილი ატამი და ნირწამხდარი ქლიავი

წინა კვირის დასაწყისში ერთი ვიდეო გავრცელდა, სადაც ჩუმლაყელი გლეხი გიორგი უტიაშვილი „იაშიკში“ კოხტად ჩალაგებულ ატმებს პულვიზატორით ღებავს და თან ღლიცინებს, თბილისელები მეტის ღირსები არ ხართო. რა გამოდის? ტიპმა მკვახე ატამი მოკრიფა და შეღება, რათა მწიფედ გაესაღებინა? ზუსტად ეგრეა, მაგრამ როცა სურსათის უვნებლობის სამსახურიდან დაადგნენ და პასუხი მოსთხოვეს, უცებ ჩაიფუშა, წახდა:
„გადასაყრელ ატამზე, რატომღაც ცუდად დაგვარტყა თავში და ცუდი ხუმრობა წამოვიდა, დავასხით პულივიზატორი, ვითომ რაღაცა და რა ვიცი, ასეთი რაღაც გავაკეთეთ. მერე ის კი გადავდგით, არსად არ წასულა”.
ტყუის გამოქლიავებული უტიაშვილი, აშკარად ეტყობოდა, რომ ის გადასაყრელი ატამი არ იყო, როგორც ჩანს, ცოტაოდენი ფული იშოვა და თავში აუვარდა. რა აუვარდა, ამას აღარ დავაკონკრეტებ. 
ჩუმლაყი გურჯაანის რაიონს ეკუთვნის, ძალიან კარგი სოფელია და ძალიან მშრომელი ხალხი ცხოვრობს, ატმის ბაღების ნახვა თუ გინდათ, იქ უნდა ჩახვიდეთ. არ გაგიკვირდეთ, ერთი-ორი უხეირო ყველგან გამოერევა ხოლმე.
არა, მე გული იმაზე კი არ დამწყდა, რომ ვიღაცა შტერმა საკუთარ თავს ავნო, უბრალოდ ის მეწყინა, რომ მან მთელ სოფელს გაუტეხა სახელი - ამიერიდან ვინც ჩუმლაყელისგან ან სხვისგან ჩუმლაყური ატმის ყიდვას დააპირებს, ყოველთვის გაახსენდება, რომ შეიძლება შეღებილი იყოს და ყიდვაზე უარს იტყვის. ამ გამოქლიავებულმა ვერ გააცნობიერა, რომ ამხელა სოფელსა და დინგი-დუნიას თავისი უაზრო საქციელით ბიზნესი ჩაუგდო და მარტო ბიზნესი? 
ახლა მე, როგორც კახელმა კაცმა, რა უნდა გავაკეთო? ავდგები და ამ სირთაოზის ნაცვლად ბოდიშს მოვიხდი: ხალხო, ეს ერთი გამოგვერია ეგეთი უხეირო და არდასარჩენი, რომელმაც ატამი შეღება და გასაღება დააპირა. მაგასთან ნუღარ იყიდით, ეგ ღირსია, გაკოტრდეს და დახეული „ტრუსიკით“ იაროს, მაგრამ პატიოსანმა ჩუმლაყელებმა რა დააშავეს? ისინი არც ატამს ღებავენ და არც თბილისელებს აგინებენ, თავწახრილები მუშაობენ, რათა თბილისში გამოგზავნილი ბალღები არჩინონ. გვაპატიეთ, ასეთი უმსგავსობა აღარ განმეორდება.

გელა ზედელაშვილი