ნამდვილი არჩევნები თუ ევროპული ფანდი სომხურად?

ნამდვილი არჩევნები თუ ევროპული ფანდი სომხურად?

7 ივნისს სომხეთში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. როგორც მოსალოდნელი იყო, ნიკოლ ფაშინიანის პარტის „სამოქალაქო კონტრაქტმა“ გაიმარჯვა. დიდი ანგარიშით ვერა, მაგრამ მაინც გაიმარჯვა. რატომ დადო ასეთი შედეგი იმ პრემიერ-მინისტრის პარტიამ, რომელიც სომხეთს რუსეთთან დაპირისპირებისკენ და ფაქტობრივად ომისკენ მიაქანებს? რომელმაც, სომსხთა ერთი ნაწილის აზრით, ყარაბახი დაკარგა და ოპოზიციას ბოლო მოუღო? ჯერ ერთი, იმიტომ, რომ „ბულკივით“ ფაშინიანმა არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ოპოზიციის ექვსი ლიდერი დააპატიმრა და ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის აკრძალვაც უნდოდა, მაგრამ ბოლომდე ვეღარ გარისკა, შემდეგ 200-მდე „დამრღვევიც“ ზედ მიაყოლა. მიზეზად ქრთამის აღება, ფულის გათეთრება და საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა სახელდება. კიდევ ერთი საკითხი, რომელმაც ჩვენთან დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია, ეს არის ემიგრანტების მონაწილეობა არჩევნებში - სომეხმა ემიგრანტებმა, ვისაც ხმის მიცემა უნდოდათ, ნება იბოძეს და სამშობლოში დაბრუნდნენ. ეს კანონი საქართველოს ხელისუფლებამ რამდენიმე თვის წინ მიიღო და როგორც გითხარით, ე.წ. ოპოზიციაში დიდი მითქმა-მოთქმაც გამოიწვია. ეგ კი არა, ევროკავშირელმა ჩინოვნიკებმაც გააკეთეს განცხადებები, თურმე ეს არადემოკრატიულია. იგივე ევროჩინოვნიკები არც სომხეთში დაპატიმრებულ ოპოზიციონერებზე ლაპარაკობენ, პირიქით, ფაშინიანს რუსეთში აკრძალული პროდუქტების ზარალის სანაცვლოდ 400 მილიონ ევროს პირდებიან. შეიძლება ეს საარჩევნო ხრიკია და მოგვიანებით ეს უბრალოდ პროცენტიანი სესხი აღმოჩნდეს, მაგრამ ხომ პირდებიან? 
არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ასევე გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს რუსეთიდან ასი ათასობით სომეხი აპირებდა სამშობლოში დაბრუნებას და პაშინიანის წინააღმდეგ ხმის მიცემას. თითქოს ისინი რუსეთის ხელისუფლებამ მსუყედ დააფინანსა. ფაშინიანმა განაცხადა, ვინც რუსეთიდან ამ მიზნით ჩამოვა, ყველას 2-თვიან ჯარში გავამწესებთო. მოკლედ, რაც წინასაარჩევნოდ და არჩევნების დღეს სომხეთში მოხდა, ასეთი რაღაცები ჩვენთან რომ მომხდარიყო, „დაუძინებელი მეგობრები“ რუსთაველზე აკაცუკებთან ერთად ჩამოგვიდგებოდნენ და ხელისუფლების დამხობას მოიწადინებდნენ. 
„კონტრაქტი მოქალაქეებთან“ - რა პარტიაა, რა შექმნა ნიკოლ ფაშინიანმა თავის ქვეყანაში? ეს ე.წ. ევროპიული გაკვეთილი ჩვენ გავლილი გვაქვს, ოღონდ არა პარტიის სახით. გაიხსენეთ, ბოლოსწინა არჩევნებისას, ანუ 2012 წლამდელ არჩევნებზე „ნაციონალურმა მოძრაობამაც“ გააფორმა ხელშეკრულებები მოსახლეობასთან, სადაც ათასნაირი სისულელე ეწერა, მაგრამ ამ ფანდმა რაღაც შედეგი მაინც დადო.
რას უპირებს ფაშინიანი დაკავებულებს? როგორც ერევნიდან იტყობინებიან, უპირებს გასამართლებას და ქონების კონფისკაციას. დაკავებულია ერევნის ყოფილი მერი გაგიკ ბეგლარიანი. ის ერევანს 2009-2010 წლებში მართავდა, ხოლო შემდეგ ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრი იყო. ბრალად ედება უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება და ფულის გათეთრება. 2016 წლის ამბები ახლა გაუხსენეს. სომხეთის სამართალდამცავი ორგანოების განცხადებით, ბლოკ „ძლიერი სომხეთის“ წარმომადგენლებმა ამომრჩევლები მოისყიდეს და ისინიც დააპატიმრეს. ასევე დააკავეს გიუმრის ყოფილი მერი, სასულიერო პირები, შინაპატიმრობაში რჩება ფაშინიანის მთავარი მოწინააღმდეგე, მილიარდერი სამველ კარაპეტიანი, ხოლო მისი კიდევ ერთი გავლენიანი ოპონენტის, ყოფილი პრეზიდენტის რობერტ ქოჩარიანის პარტიის შტაბ-ბინაში უშიშროების სამსახურის თანამშრომლებმა გაჩხრიკეს. ამაზე ფაშინიანი ასეთ განცხადებას აკეთებს: „რობერტ ქოჩარიანი ციხეში წავა, გაგიკ წარუკიანი ციხეში წავა, სამველ კარაპეტიანი ციხეში წავა“!
ფაშინიანს ჯერ ხელახლა თავის კაბინეტში ფეხი არ შეუდგამს და უკვე თამაშობს. ნუ გამოვრიცხავთ, იგი უნგრეთის ახალი პრემიერ-მინისტრის პეტერ მადიარის ტაქტიკით მოქმედებდეს, გამოიყენოს ევროჩინოვნიკების ე.წ. კეთილგანწყობა და შემდეგ ისევ მიუცუცქდეს პუტინს. ჩვენს მოუშორებელ „პღეზიდანს“, სალომე ზურაბიშვილს კიდევ ერთხელ ჩაუვარდება კოვზი ნაცარში - მისი მტკიცებით, 7 ივნისს საქართველოს ბედი სომხეთში წყდებოდა და დადებითად გადაწყდა. რამდენიმე თვის წინ უნგრეთში წყდებოდა, მანამდე მოლდოვაში გადაწყდა. აღარაფერს ვამბობთ იმაზე, როგორ წყდებოდა და წყდება 2022 წლის თებერვლიდან საქართველოს ბედი უკრაინაში. მერე ესენი დგანან და სხვებს ეძახიან მონებს. 
იცით, რატომ თამაშობს ფაშინიანი? იგი სომხეთ-რუსეთის ურთიერთობებში დაძაბულობას ვერ ხედავს და ამაზე საუბარს ხელოვნურად მიიჩნევს:
„ვერ ვხედავ ვერანაირ დაძაბულობას, ეს ხელოვნური დაძაბულობაა. ჩვენი ურთიერთობები რუსეთთან ინსტიტუციურია და ურთიერთპატივისცემაზეა დაფუძნებული. სომხეთში მოქმედი ზოგიერთი ძალა ცდილობს დაძაბულობის შექმნას სომხეთ-რუსეთის ურთიერთობებში. ეს დაძაბულობა არ იქმნება იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ჩვენ ძალიან მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან“.
თუ ფაშინიანი არჩევნებამდე ევროკავშირში გაწევრიანებაზე ლაპარაკობდა და ამტკიცებდა, ჩვენი ხილი თუ ბოსტნეული ევროკავშირის ქვეყნებში გავა, რუსები თუ აკრძალავენ, მაგაზე საერთოდ არ ვდარდობთო, ახლა იძახის, რომ სომხეთი ევროკავშირში გასაწევრიანებლად ჯერ მზად არ არის. თუმცა აქვე ცდილობს, არც მწვადი დაწვას, არც შამფური. 
პუტინს არ ახსენებს, ჯერ არ აწყობს, როგორც კი ზურგს მოიმაგრებს, ეგრევე ჩავარდება კრემლში, ამათთვის ყველაფერი დასაშვებია, ჩვენთვის - არა. 
დღეის შედეგებით პაშინიანმა პარლამენტში 61 პარლამენტარი გაიყვანა. 
რა ხდება სომხურ ოპოზიციაში? რას აცხადებენ დაპატიმრებულები და ჯერაც დაუპატიმრებლები? 
„თუ ნიკოლ ფაშინიანი არ წავა, ეს ძალიან ცუდად დასრულდება“ - განაცხადა სომხეთის მეორე პრეზიდენტმა რობერტ ქოჩარიანმა. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენი აკაცუკური ე.წ. მედიასაშუალებები ფაშინიანის ყველა კონკურენტსა და მოწინააღმდეგეს პრორუსს ეძახიან. მათთვის ფაშინიანი არის პროევროპელი ლიდერი. კი, მაგრამ რანაირად არის პროევროპელი, როცა 2024-2025 წლებში 9 მაისს პუტინის გვერდით იჯდა წითელ მოედანზე? აბა, წარმოიდგინეთ, კობახიძე რომ მჯდარიყო პუტინის გვერდით და ამავე დროს საქართველო იყოს ევრაზიის კავშირის წევრი, რა მოხდებოდა? მეტიც, როგორც სააკაშვილის დროის ე.წ. დიპლომატი ვალერი ჩეჩელაშვილი აცხადებს, თურმე ნიკოლ ფაშინიანი ყალიბდება როგორც ისტორიული ფიგურა არამარტო სომხეთისთვის, არამედ სამხრეთ კავკასიისთვის. სასაცილო რაღაცებს ვისმენთ და ვკითხულობთ, ზოგს ჰგონია, ფაშინიანი პირველად მოდის ხელისუფლებაში და 4 წლის განმავლობაში არ მართავდა სომხეთს. რა იყო, რით ვეღარ ჩამოყალიბდა ისტორიულ პიროვნებად? ან ეს რა უბედურებაა, მთელ ევროპულ იმედს ფაშინიანზე რომ ამყარებენ? მოკლედ, აკაცუკურ აზროვნებას და ფანტაზიას საზღვრები საერთოდ არ გააჩნია. ერთი თვის წინ მადიარზე ამყარებდნენ იმედს, უნგრული წყალი უნდა გადმოგვსხმოდა... უფრო სწორად, აკაცუკებს უნდა გადასხმოდათ, ახლა სევანის წყალზე ოცნებობენ, ალბათ ამ დღეებში აქვე სადმე ბოთლებს აავსებენ, რუსთაველზე მიიტანენ და იწუწავებენ. 
ამ დროს სომხეთს თავისი გასჭირვებია, იქ არც თუ სახარბიელო მდგომარეობაა. მაგალითად, რობერტ ქოჩარიანი აცხადებს, რომ თუ ფაშინიანი არ წავა, სომხეთში ცუდი ამბები დატრიალდება. თუ ფაშინიანი განაგრძობს იმ გზას, რომელსაც ბოლო თვეების განმავლობაში მიუყვებოდა, რასაკვირველია, ცუდი ამბები დატრიალდება. ის, რასაც სომხეთის თავკაცი აკეთებს, ჩვენთვის ძალიან ნაცნობია. კინაღამ დამავიწყდა, სხვათა შორის, მან თავისი ქვეყნის პატრიარქიც გადაიკიდა, პირველ წრეზე მისი დაჭერა ვეღარ მოასწრო, ახლა ალბათ დაიჭერს და უცხოელი „მეგობრები“ თავებს ქვიშაში წარგავენ. 
ბატონმა ნიკოლმა ანკესი ჩვენც გადმოგვიგდო - ჩვენაო, დაინტერესებული ვართ, რომ საქართველო ევროკავშირთან და აშშ-სთან შევარიგოთო. რა გვჭირს შესარიგებელი? ჩვენ ხომ არავის გავებუტეთ? ჩვენ ვითხოვთ ელემენტარულ პატივისცემას და ესენი მაინც განდიდების მანიით არიან შეპყრობილები, გვეუფროსებიან. აგერ, 11 ივნისს ვიზალიბერალიზაციის გაუქმების საკითხი გააქვთ კრებაზე, უნდა იმსჯელონ, უნდა გაგვიუქმონ თუ არა. ყოველ სულელურ რეზოლუციაში ქართველ ხალხზე ლაპარაკობენ, სიყვარულს გვიხსნიან და ახლა გაუქმებას აპირებენ. არა მგონია, ამჯერად რამე გადაწყვიტონ, მაგრამ როცა კრებაზე გააქვთ, ესე იგი მაინც ჩვენი დასჯა აქვთ უზურში. 
მოკლედ, სომხეთში სიტუაცია ასე ლაგდება: ნიკოლ ფაშინიანს პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა არ ჰყავს. შესაბამისად, ის ვერ რიცხავს ყარაბახს სომხეთის შემადგენლობიდან, კონსტიტუციით ისევ რჩება მის ფარგლებში, რაც აზერბაიჯანთან ბოლომდე შერიგებას ხელს არ უწყობს. ეს ერთი და მეორეც - იმ პარტიების ლიდერები, რომლებიც პარლამენტში შედიან, ერთხმად აცხადებენ, რომ ეს არჩევნები არის გაყალბებული, იყო აგრესია, ძალმომრეობა, დაპატიმრებები და ფაშინიანი არის არალეგიტიმური. სხვათა შორის, არჩევნებს აკვირდებოდა დსთ-ს დამკვირვებელთა ჯგუფი, რომელმაც დადო დასკვნა, რომ სომხეთში არჩევნები ჩატარდა კანონის სრული დაცვით, არ ყოფილა დარღვევები. მთელ მსოფლიოს რომ ჟამკარი აქვს არეული, ამას ვხედავთ, მაგრამ ნეტავ ამ დსთ-ს ჯგუფს რა დაემართა, ხომ არ გადაუხადეს? ვნახოთ, დაველოდოთ, რაც მთავარია, ევროკავშირიდან უკვე გაკეთდა განცხადებები - მოუთმენლად ველოდებით, როდის ჩამოვალთ სომხეთშიო. ჩავლენ, კონფერენციებს გამართავენ და თან სომხებს დააბოლებენ, რომ მათი ქვეყანა აზიიდან ევროპამდეა გადაჭიმული, გარშემო ზღვა აკრავს და მთელი მსოფლიოსთვის მნიშვნელოვან ხიდს წარმოადგენს. 

გელა ზედელაშვილი