ომი სახელწოდებით - „აბრაკადაბრა“
რა ხდება ირანში? რა ხდება ისრაელში? რა ხდება ჩვენს სამეზობლოში? კარგი არაფერი, ისევ იბომბება ირანი, ისევ იბომბება ისრაელი, ისევ ნადგურდება ახლო აღმოსავლეთი. ისრაელის მთავრობა ტრაბახობს, რომ გუშინ 350 ბომბი გაუშვეს, წუხელ - 270, ხვალ უფრო მეტს გაუშვებენ. ირანის მთავრობა ცალკე ტრაბახობს, რომ გუშინ 400 ბომბი გაუშვა, წუხელ - 300, ხვალ უფრო მეტს გაუშვებს. მოლაპარაკება არ იქნება, მშვიდობა არ იქნება, სანამ ან ერთი ქვეყანა იარსებებს, ან მეორე. პერიოდულად ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს აშშ-მ და ირანმა საიდუმლო არხებით მოლაპარაკების განახლებაზე დაიწყეს საუბარი. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ამ ფაქტს უარყოფს. დონალდ ტრამპი კვლავაც „შეუდარებელია“ თავისი პასუხებით:
„მეუბნებიან, საერთოდ რატომ უნდა ველაპარაკებოდეთ მათ? მე ვპასუხობ, ლაპარაკით უნდა ველაპარაკოთ ყველას. ხშირად ამ ლაპარაკით კარგი რაღაცები ხდება, მაგრამ მე არ ვიცი, მზად არიან ისინი სალაპარაკოდ? ჩვენ არ ვიცით, ვინ არის ამ ეტაპზე მათი ლიდერი. რაც ჩვენთვის ცნობილია, ყველა მათი ლიდერი მკვდარია. არ ვიცით, ვისთან გვაქვს საქმე, გავანადგურეთ პირველი ჯგუფი, მერე შეიკრიბა მეორე ჯგუფი, 88 ადამიანი. ჩვენ ეს მეორე ჯგუფიც გავანადგურეთ. შეიკრიბა მესამე ჯგუფი. ვფიქრობ, ისინი ცოტას ნერვიულობენ. ნერვილობენ კი? არ ვიცი, შეიძლება კი, შეიძლება არა. შეიძლება ისინი გიჟები არიან. თუ არ ნერვიულობენ, შეიძლება მართლაც გიჟები არიან. ოღონდ, ჩვენ არ ვიცით, ვინ არის მათი ლიდერი“.
ხვდებით, ვის ხელშია დედამიწა? ერთი პარტია გავანადგურეთ, მეორე პარტია გავანადგურეთ, მესამეც გავანადგურეთ და ახლა აღარ ვიცით, ვის უნდა დაველაპარაკოთო, მგონი, ირანში მომლაპარაკებელი აღარავინ დარჩაო. ტყუის მისტერ ტრამპი, თუ ასეა, მაშ, ყოველდღე ისრაელს ვინ ბომბავს? თელ-ავივს ვინ ანადგურებს? თურქეთის ტელევიზია უკვე პირდაპირ ეთერში აჩვენებს, რა ხდება ისრაელის დედაქალაქში - იქ ყოველღამ ბომბების წვიმაა, ე. წ. რკინის გუმბათი ვეღარ იცავს ამ ქვეყანას. რა თქმა უნდა, პასუხი იგივეა, ასევე, იბომბება თეირანი და სხვა ქალაქები. ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, ირანს ბომბები გაუთავდაო. ეს თავის მოტყუებაა, ზუსტად ისეთი, უკრაინელები რომ იტყუებდნენ, რუსეთს ბომბები გაუთავდაო. ამ სისულელეს აკია ბარბაქაძის მსგავსი სამხედრო „ექსპერტები“ ავრცელებდნენ და თან ამტკიცებდნენ, რუსებს 3000 ტანკი აქვთ, 3500 უკვე განადგურებულიაო. მე არ მომისმენია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, აკია ახლა ირანის ამბებს მიმოიხილავს აქუს ტელევიზიაში და ამბობს, ირანს ბომბები გუშინწინ გაუთავდაო. აკია პროამერიკელი მიმომხილველია, ის სულ „ნათელ“ მხარეს დგას. როგორც ვხედავთ, არავის არაფერი უთავდება, არც ირანს, არც რუსეთს, არც ისრაელს და არც ამერიკას, სამხედრო ინდუსტრია მთელ მსოფლიოში გამართულად მუშაობს, ოღონდ, ფული იყოს, ოღონდ, ერთმანეთი ვჟლიტოთ და იარაღი არასდროს გათავდება.
ამერიკის შეერთებულ შტატებში ზოგიერთი თანამდებობის პირი აზრზე მოდის - მაგალითად, ირანში დაწყებული ომის გამო გადადგა ანტიტერორისტული ცენტრის დირექტორი ჯოზეფ კენტი:
„მე სუფთა სინდისით ვერ დავუჭერ მხარს ირანში მიმდინარე ომს. ირანი ჩვენი ერისთვის არანაირ გარდაუვალ საფრთხეს არ წარმოადგენს და ცხადია, ეს ომი დავიწყეთ ისრაელისა და მისი ძლიერი ლობის ზეწოლის გამო“.
ჯოზეფ კენტი დონალდ ტრამპს მიმართავს გამოცემა „გარდიანის“ საშუალებით: „მე ისევ იმ საგარეო პოლიტიკის მომხრე ვარ, რომლითაც 2016, 2020 და 2024 წლების კამპანიების დროს გამოდიოდით და რასაც პირველი ვადისას აკეთებდით. 2025 წლის ივნისამდე თქვენ ხვდებოდით, რომ ახლო აღმოსავლეთის ომები მახეა, რომელიც ამერიკელ პატრიოტებს სიცოცხლეს ართმევს და ქვეყნის რესურსებს ფიტავს. თქვენს პირველ ადმინისტრაციაში სხვა პრეზიდენტებზე უკეთ გესმოდათ, როგორ გამოგეყენებინათ სამხედრო ძალა ისე, რომ დაუსრულებელ ომებში არ გახვეულიყავით. ეს ყასემ სულეიმანის ლიკვიდაციითა და ISIS-ის დამარცხებით დაამტკიცეთ.
ამ ადმინისტრაციის მუშაობის დასაწყისში ისრაელის მაღალჩინოსნებმა და ამერიკული მედიის ნაწილმა დეზინფორმაციული კამპანია წამოიწყეს. ეს ყველაფერი იმისთვის გაკეთდა, რომ დაგეჯერებინათ, თითქოს ირანი აშშ-ს სასწრაფოდ ემუქრებოდა და დარტყმის შემთხვევაში იოლად გაიმარჯვებდით. ეს ტყუილია. ზუსტად იგივე ტაქტიკა გამოიყენეს ერაყის ომში ჩვენს ჩასათრევად, რასაც ათასობით ამერიკელის სიცოცხლე შეეწირა. ამ შეცდომის განმეორება არ შეიძლება. გთხოვთ, დაფიქრდეთ, რას ვაკეთებთ ირანში და ვისთვის. მოქმედების დროა. თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ კურსი და ქვეყანას ახალი გზა აჩვენოთ, ან ყველაფერი ისე დატოვოთ და დაუშვათ შემდგომი დაღმასვლა და ქაოსი. არჩევანი თქვენზეა. ჩემთვის პატივი იყო თქვენს ადმინისტრაციაში და ქვეყნის სამსახურში ყოფნა“.
როგორ ფიქრობთ, რით უპასუხა დონალდ ტრამპმა კენტის ახსნა-განმარტებას, თხოვნას და გადადგომას? მის წინააღმდეგ FBI-მ გამოძიება დაიწყო საიდუმლო ინფორმაციის გაჟონვის ბრალდებით, ანუ იმის გამო, რომ მან ირანთან ომის დამკვეთად ისრაელი დაასახელა. ავი ენები იმასაც ამბობენ, დონალდ ტრამპი მოსადს ჰყავს გამოჭერილი ეპშტეინის კუნძულზე „სეირნობისა“ და ბავშვებთან სექსუალური ურთიერთობის საკითხებზე. ასეა თუ ისე, მისტერ ტრამპი გაიჭედა, ნატო-ს წევრმა ქვეყნებმა სამი თითის კომბინაცია უჩვენეს:
„უმრავლესობამ შეგვატყობინა, რომ არ სურთ ირანის ტერორისტული რეჟიმის წინააღმდეგ ჩვენს სამხედრო ოპერაციაში ჩართვა, იმის მიუხედავად, თითქმის ყველა ქვეყანა სრულიად დაეთანხმა იმას, რასაც ვაკეთებთ, ირანს არანაირად არ უნდა შეეძლოს ბირთვული იარაღის წარმოება. გაკვირვებული არ ვარ მათი ქმედებით. ჩვენ ამ ქვეყნების დასაცავად წლიურად ასობით მილიარდ დოლარს ვხარჯავდით. მათ დავიცავთ, მაგრამ ისინი ჩვენთვის არაფერს გააკეთებენ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გვჭირდება. საბედნიეროდ, ირანის შეიარაღებული ძალები გავანადგურეთ, მათი საზღვაო ძალები აღარ არსებობს, საჰაერო ძალები აღარ არსებობს, მათი საჰაერო თავდაცვა და რადარები აღარ არსებობს და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მათი ლიდერები თითქმის ყველა დონეზე აღარ არსებობენ, აღარასდროს დაგვემუქრებიან. აღარ გვჭირდება, აღარ გვსურს ნატო-ს ქვეყნების დახმარება, არც არასდროს გვჭირდებოდა! იაპონიის, ავსტრალიის ან სამხრეთ კორეის მსგავსად. როგორც მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ქვეყნის პრეზიდენტი, ვიტყვი, რომ არავის დახმარება არ გვჭირდება“!
იყო თუ არა ბარონი მიუნჰაუზენი მისტერ დონალდ ტრამპთან შედარებით არიფი და დამწყები მატყუარა? იყო, ის ასეთ სერიოზულ მასშტაბებზე ვერ გადიოდა, ომებს ვერ იწყებდა და რამდენიმე დღეში ვერ ამთავრებდა, მას 11 არარსებული ომი არ დაუსრულებია, პრეზიდენტებს ვერ იტაცებდა, მთავრობებს მათივე რეზიდენციებში ვერ ანადგურებდა. კაცი გამოდის, აცხადებს, ომი დავასრულე, ყველა გავანადგურეო და ომი არ მთავრდება, როგორც ზემოთ მოგახსენეთ, ერთ მხარესაც და მეორე მხარესაც ქალაქები ინგრევა. მერე ეს გაავებული ირანი გარშემო ყველა ქვეყანას ბომბავს, სადაც კი ხელი მიუწვდება, ყველგან ბომბებს ყრის.
ტრამპს შეუძლია, ერთდროულად იყოს გამანადგურებელიც და კეთილი ძიაც - თურმე ბენიამინ ნეთანიაჰუსთვის უთხოვია, ირანის ენერგეტიკული ობიექტები არ დაბომბოო და იმან მაინც დაბომბა. არა, ტრამპი და ნეთანიაჰუ ერთმანეთს კარგად უგებენ, მაგრამ ეს ნეთანიაჰუ ხანდახან ისეთ რაღაცებს აკეთებს, რაც არ მოსწონს. კი, ბატონო, ხალხი დახოცოს, პრობლემა არ არის, ენერგეტიკულ ობიექტებს შეეშვას.
ბოლო ინფორმაციის თანახმად, ისრაელმა ირანის დედაქალაქ თეირანში საჰაერო დარტყმების ახალი ტალღა დაიწყო. მათი აზრით, ეს ძალზე საამაყო მოვლენაა. ისრაელს არც ირანი ჩამორჩა და იქით ბალისტიკური რაკეტებით დაარტყა. ესეც ძალზედ საამაყო მოვლენაა. ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციების ცნობით, ირანში დაღუპულთა რიცხვმა 3100-ს გადააჭარბა. მეტი იქნება, საერთაშორისოებმა საიდან დაითვალეს? თუმცა ესეც არ არის ცოტა. ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ირანს ურანის გამდიდრება და ბალისტიკური რაკეტების წარმოება აღარ შეუძლია. მე მგონი, ესეც აკია ბარბაქაძის ტალღაზეა, ირანს შეიარაღება აღარ აქვს, გაუთავდა, მაგრამ მაინც ისვრის. ე, ბიჯო, თუ აღარ შეუძლია, შეეშვი, რაღას ბომბავ? ირანი თუ არ გეცოდება, შენი ქვეყანა მაინც ხომ უნდა დაინდო? არა, მცოდნე ხალხი იტყვის ხოლმე, ომი ისეთი აზარტულია, თუ დაიწყე, იოლად ვეღარ დაამთავრებო. ჰოდა, ეტყობა, ესენი აზარტში არიან. თუმცა, ეს ხომ ომი არ არის? ეს სრული აბრაკადაბრაა!
გელა ზედელაშვილი

