გოგა ხაინდრავა: ევროპის დღევანდელი ლიდერებისთვის საქართველოს პრემიერისთვის ხელის ჩამორთმევა დიდი პატივია

გოგა ხაინდრავა: ევროპის დღევანდელი ლიდერებისთვის საქართველოს პრემიერისთვის ხელის ჩამორთმევა დიდი პატივია

გვესაუბრება კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა:

_ ბატონო გოგა, პრემიერი კოპენჰაგენში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მეშვიდე სამიტზე იმყოფებოდა. როგორ შეაფასებთ ამ ვიზიტს?
_ ვერ გეტყვით, რომ ამას ჩვენი ქვეყნისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა, ვიდრე თავად ევროპისთვის. დიახ, ჩვენთვის ეს ნაკლებ მნიშვნელოვანია, რადგან დღეს ევროკავშირი, ფაქტობრივად, ჩამოშლილია. აბსოლუტურად გადაგვარებული, გახრწნილი ევრობიუროკრატია თავის ქვეყნებს ღუპავს. ბრიუსელი, რომელსაც დემოკრატიაზე, ევროპულ ღირებულებებზე პრეტენზია გააჩნია, ის ქალაქია, სადაც, როცა ოთხი წლის ვიყავი _ 1959 წელს, ოფიციალურად ადამიანების ზოოპარკი არსებობდა. აშშ-ში კი, 1960 წლამდე, სანამ ხუთი წლის გავხდებოდი, ზანგებს უფლება არ ჰქონდათ, იმ სკამებზე დამჯდარიყვნენ, სადაც თეთრკანიანები სხდებოდნენ და ტრანსპორტით ესარგებლათ. პორნოლიბერალიზმმა, რომელმაც მთელი ევროატლანტიკური სივრცე მოიცვა, განსაკუთრებით, ევროპა, მთლიანად გაანადგურა საფუძველი, რაზეც ევროკავშირი უნდა მდგარიყო. ბრიტანეთის ამ სტრუქტურიდან გასვლა, ევროკავშირის განადგურების, დაღუპვის პირველი სიგნალი იყო. 
ამიტომ ახლა ევროკავშირის დღევანდელი ხელმძღვანელების სიტყვას ჩვენთვის იმდენად აქვს მნიშვნელობა, რამდენად შეძლებენ იმ უმძიმესი კრიზისიდან გამოსვლას, რომელშიც იმყოფებიან. რა თქმა უნდა, სავაჭრო-ეკონომიკური კუთხით თანამშრომლობა მნიშვნელოვანია. პოლიტიკა ყველა დროში იცვლებოდა, იყო ომები, უბედურება, მაგრამ ქვეყნებს შორის ვაჭრობა გრძელდებოდა. აგერ, ევროპული ქვეყნები სიტყვიერად რუსეთს გმობენ, მაგრამ მისგან 34 მილიარდი დოლარის ენერგომატარებლები იყიდეს. ეს თვალთმაქცობა, სამარცხვინო ტყუილია და მეტი არაფერი. ჩემი აზრით, ევროკავშირს პერსპექტივა არ აქვს, თუმცა ევროპულ ქვეყნებთან ურთიერთობა მნიშვნელოვანია, რასაც სამიტზეც გაესვა ხაზი. 
_ სამიტზე ევროპელმა ლიდერებმა საქართველოსთან ურთიერთობის გადატვირთვაზე მზაობა გამოთქვეს.
_ მართალი გითხრათ, მე დღეს ევროპელ ლიდერებს ვერ ვხედავ. მაკრონი, შოლცი ან სტარმერი ვინმეს ლიდერები ჰგონია? გერმანიაში, საფრანგეთში, ზოგადად, ევროკავშირის წამყვან ქვეყნებში რაც ხდება, იმ ფონზე ლიდერობა ხმამაღლა ჟღერს. თავისთავად, ევროპის ცალკეულ ქვეყნებთან ურთიერთობა მნიშვნელოვანია. აშშ-სთანაც შესაძლებელია ურთიერთობების გადატვირთვა, მაგრამ ევროკავშირთან ურთიერთობების გადატვირთვა გადახედვას არ ექვემდებარება. დაჩაჩანაკებულ ევროკავშირთან გადასახედი რა გვჭირს?! მასთან საერთო არაფერი გვაქვს. პირველი, რაც საქართველოს პარლამენტმა უნდა გააკეთოს, კონსტიტუციიდან ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების მუხლი ამოიღოს, რადგან მალე არც ერთი იარსებებს და არც _ მეორე.
_ ევროპიდან მუდმივად გაისმის კრიტიკა საქართველოში დემოკრატიის უკუსვლასთან დაკავშირებით.
_ ეს კრიტიკა კი არა, ცილისწამება, ტყუილი, საკუთარი სისუსტის, დეგრადირების დამადასტურებელი განცხადებებია. კარგად ვხედავთ, დემოკრატიის უკუსვლა სადაც არის. „ესენგე“-ს ყოფილ ქვეყანას ევროინტეგრაციის ლიდერად რომ წარმოაჩენ, აი, ეს არის უკუსვლა. დემოკრატიის უკუსვლის მეტი მაგალითი რაღა გინდათ, როცა ბრიტანეთის შს მინისტრი აცხადებს, საზოგადოება კონტროლქვეშ უნდა იყოსო. უკუსვლა და დეგრადაცია ევროპელებმა იკითხონ, თორემ საქართველოში მსგავსი არაფერია. პირიქით, საქართველო ასეთი დამოუკიდებელი, სუვერენული არასდროს ყოფილა. ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლაზე კი, რომლის მსგავსი ევროპაში არავის აქვს, თავად მსოფლიო ბანკი, ევროპის განვითარებისა და აზიის ბანკები საუბრობენ.
_ ბრიუსელი ჯიუტად ითხოვს, უვიზო მიმოსვლის სანაცვლოდ გამჭვირვალობის და ოჯახური ღირებულებების დაცვის კანონების გაუქმებას. რა კომპრომისისთვის შეიძლება იყოს მზად ხელისუფლება?
_ ამ მიმართულებით არავითარი კომპრომისი არ იქნება. ეს მხოლოდ ქართველი ხალხის გადაწყვეტილებაა. ოჯახი ქალისა და კაცის კავშირია და ამის წინააღმდეგ მთელი ევროპა ყალყზე რომ დადგეს და ზედ ამერიკა დაემატოს, მაინც არაფერი შეიცვლება. 
_ ტელეკომპანია „ფორმულამ“ დანიაში წერილი გაგზავნა, თქვენ ხომ ჩვენს ხელისუფლებას აკრიტიკებთ და კობახიძე სამიტზე რატომღა დაუშვითო.
_ უპირველესად, თავად დანიისგან მაინტერესებს, ასე სახე როგორ დაკარგეს _ როცა შენი ქვეყნის მეფე და დედოფალი პრემიერს დიდი პატივით იღებენ, ამ დროს „ფორმულასთვის“ პასუხის მოწერა, EPჩ ევროკავშირის ფორმატის შეხვედრა არ არის და ჩვენ თქვენთან გაუარესებული მდგომარეობით ისევ შეშფოთებულნი ვართო, ეს ხომ საკუთარი ქვეყნის ღირსების შეურაცხყოფააა. „ფორმულას“ რაც შეეხება, ეს ხომ ტელევიზია არ არის. მისი პერსონალი კეზერაშვილის „შნირები“ არიან. თავად კეზერაშვილზე ვერ იტყვი, მოღალატეაო, რადგან ამ ქვეყნის მოქალაქე არ არის, არც ყოფილა. ერთადერთი შემთხვევა იყო ისტორიაში, როცა თავდაცვის მინისტრი სხვა ქვეყნის მოქალაქე იყო. სააკაშვილის ბანდაში ყველაფერი შესაძლებელი იყო. დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და „ფორმულას“ შორის განსხვავება არაფერია _ ერთნი მეფეს ღალატობენ, შეურაცხყოფას აყენებენ, მეორენი _ საქართველოს არ წარმოადგენენ.
_ რადიკალები მუდმივად გაიძახიან, ევროპაში ხელს აღარავინ გვართმევს, საქართველო რადარებიდან ქრებაო. ამ დროს ვხედავთ, პრემიერი კოპენჰაგენის სამიტს ესწრება, პრეზიდენტი გაერო-ში გამოდის სიტყვით. რას ეფუძნება საუბრები იმის შესახებ, თითქოს ვქრებით?
_ ევროპის დღევანდელი ლიდერებისთვის დიდი პატივია საქართველოს პრემიერისთვის ხელის ჩამოართმევა. დიახ, ისინი აქით ეძებენ შესაძლებლობას, რათა ხელი ჩამოართვან იმ ქვეყნის პრემიერს, რომელმაც მთელ მსოფლიოს ღირსების, დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის დაცვის მაგალითი აჩვენა. და ეს მაშინ, როცა ევროკავშირის წამყვანი ქვეყნების პირველი პირები, როგორც დასჯილი ბავშვები, ისე სხედან ტრამპის წინაშე თავჩაქინდრულნი და მისგან აბსოლუტურად შეურაცხმყოფელ ეპითეტებს ისმენენ.
_ საქართველოს რადარებიდან გაქრობის „არგუმენტად“ რადიკალებს მარტა კოსის სამხრეთ კავკასიაში ტურნე მოჰყავთ, რომელიც საქართველოში არ ჩამოვიდა.
_ მარტა კოსი ვინ არის? _ ადამიანი, რომელმაც ქართველ ხალხს მოუწოდა, ოთხ ოქტომბერს არჩევნებზე არ მიხვიდეთ და რევოლუცია მოაწყვეთო. ასეთ პერსონას რა უნდა საქართველოში?! კოსის ადგილი საქართველოში არ არის. მას აქ არ ელიან.
_ საპარლამენტო ასამბლეა ევროსაბჭოსგან ითხოვს, რომ „ქართულ ოცნებას“ ადამიანის უფლებების დარღვევისთვის ევროპულ სასამართლოში უჩივლოს.
_ კი, 12%-მა დაუჭირა მხარი ამ მოითხოვნას. ჯერ ის ვთქვათ, ამ ასამბლეას და მის რამდენიმე წევრს რა ფასი აქვთ, რომლებიც 50 ცენტად იყიდებიან. ჩვენმა დელეგაციამ „პასე“ დატოვა და სწორადაც მოიქცა, რადგან ღირსების მქონე დელეგაციები იქ არ სხდებიან, სადაც ყველაფერი ტყუილზე, ქრთამის აღებაზეა აწყობილი. დღეს ევროსტრუქტურებში ღირსეული, პატიოსანი კაცის პოვნა სანატრელია, მექრთამე და უვარგისი, იცოცხლე, რამდენიც გინდა. ხომ გვახსოვს, ევროკავშირის 540 დეპუტატმა ისე მისცა ხმა რეზოლუციას, წაკითხულიც არ ჰქონდა. ევროსტრუქტურების წარმომადგენლებს სინდისი, ღირსება, თავმოყვარეობა დაუმთავრდათ _ რასაც სოროსელები უბრძანებენ, იმას აკეთებენ. ჩვენ საკუთარი სამიათასწლოვანი გზა გვაქვს. ეს რთული გზაა, ხშირად სერიოზული წინააღმდეგობების, უსამართლობის, ძალმომრეობის მსხვერპლი ვხდებით, მაგრამ მაინც წინ მივიწევთ. დღემდე მოვედით და ევროკავშირის ქვეყნებზე ბევრად დამოუკიდებელი, თავისუფალი, სუვერენული, ღირსეული ქვეყანა ვართ. ისინი მონობაში არიან, ჩვენ _ თავისუფლებაში. აქედან გამომდინარე, ჩვენი გზები დიდი ხანია, გაიყო. 
გასაგებია, რომ საქართველოში არეულობის მოწყობა სურთ, მაგრამ არ გამოსდით. მათი რეზოლუციები საქართველოში არ მუშაობს. 
_ ბატონო გოგა, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა მოსახლეობას წერილობით მიმართა, სადაც აღნიშნა, რომ ბრძოლის ხაზი მშვიდობის, სტაბილურობის შენარჩუნებაზე გადის.
_ ეს, როგორც ყოველთვის, საეტაპო წერილია, სადაც ივანიშვილმა აბსოლუტურად სწორი აქცენტები დასვა. საქართველომ ბეწვის ხიდზე გაიარა _ უთავმოყვარეო ბოროტ ძალებს ჩვენი ომში ჩართვა, გამოყენება უნდოდათ ისევე, როგორც ეს უკრაინაში გააკეთეს. ჩვენ ამის საშუალება არ მივეცით. მცდელობები გაგრძელდება. ქვეყნის ცალსახა ლიდერმა, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ ქვეყანა უმძიმესი კრიზისიდან გამოიყვანა და ეკონომიკური თუ სხვა თვალსაზრისით, განვითარების გზაზე დააყენა. სხვადასხვა კომპეტენტური ევროპული ორგანიზაციები აქვეყნებენ კვლევებს, სადაც არაერთი ინდექსით მოწინავე ადგილებზე ვართ, მათ შორის, ეკონომიკური წინსვლით, კორუფციასთან ბრძოლის კუთხით და ა. შ., რაც იმაზე მეტყველებს, რომ ევროპელი ფსევდოპოლიტიკოსები უსინდისოდ იტყუებიან. ევროატლანტიკური სივრცის დღევანდელი რეალობა, სტაგნაცია, დეგრადაცია, გარყვნილებაა, რაც ამ პორნოლიბერალიზმმა მოიტანა. ჩვენ ამას გადავრჩით, სამწუხაროდ, უკრაინა ვერ გადარჩა, რადგან ბოროტი მასხარა დაუსვეს. ზელესკის უკრაინასთან, უკრაინელებთან არავითარი კავშირი არ აქვს. იგი გარედან დასმული ბოროტი მასხარაა, რომელსაც დავალება ჰქონდა, ქვეყანა მოესპო და ასეც მოიქცა. იმიტომაც არის ყველგან ასე მიღებული _ ქვეყნიდან ქვეყანაში დადის, ტაშით ხვდებიან...
_ თქვენ ახსენეთ, კორუფციასთან ბრძოლის კუთხით, ევროპული ორგანიზაციების კვლევებში მოწინავე ადგილს ვიკავებთო. ხელისუფლების პრიორიტეტიც სწორედ ეს არის.
_ ყველაზე დიდი პრობლემა, რაც ხელისუფლების შიდა ეშელონებში კორუფციის არსებობას უკავშირდება ის არის, რომ მას ოპონენტი არ ჰყავს. ჩვენ არ გვყავს ოპოზიცია, რაც ქვეყნისთვის დიდი საფრთხეა. დიახ, ხელისუფლების რიგ მაღალჩინოსნებს, რომელთაც ოპონენტი არ ჰყავთ, ჰგონიათ, ყველაფერი ეპატიებათ. პოლიტიკური კონტროლი არ არის. ამიტომ კონტროლის განხორციელება გუნდის შიგნით უწევთ, რაც რთულია. წესით, ოპოზიცია იმისთვის უნდა არსებობდეს, რომ მმართველი პარტიის ნაბიჯი, ქმედება გააკონტროლოს. მადლობა ღმერთს, ხელისუფლებამ საკუთარ თავში იპოვა ძალა, კორუფციას შიგნიდან ებრძოლოს. თუმცა ასე დიდხანს ვერ გაგრძელდება. იმედია, არჩევნების მერე პოლიტიკური ველი ამ ვითომ ოპოზიციური ნაგვისგან გაიწმინდება და ჯანმრთელი პოლიტიკური ძალები გამოჩნდებიან, რომლებიც ქვეყანას კი არ გაუწევენ მტრობას, არამედ მმართველი პარტიის ოპონენტები იქნებიან.

თამარ შველიძე