რას გულისხმობს რუბიოს „დავალებები“ და რა დაიწუნა პრემიერმა

რას გულისხმობს რუბიოს „დავალებები“ და რა დაიწუნა პრემიერმა

საერთო გაზეთთან საქართველო ამერიკის ამჟამინდელი ურთიერთობა პოლიტოლოგმა არჩილ სიხარულიძემ შეაფასა.

- ბატონო არჩილ რა დავალებები მისცა აშშ სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ საქართველოს?
- არა მგონია, რომ ამ დავალებებში, როგორც ბევრს მიაჩნია, შიდა პოლიტიკურ ცხოვრებაზე რუბიოს მოსაზრებები იყოს. ეს არის სუფთა გეოპოლიტიკური ფაქტორი და პირველი შეკითხვა, რომელსაც მეც დავუსვამდი კობახიძეს: 
ბოლოსდაბოლოს, საითკენ მიდის საქართველო? ამიტომ, ერთი მხრივ, „ქართულ ოცნებაში“ საუბრობენ პრაგმატულ პოლიტიკაზე, მეორეს მხრივ, იმაზე, რომ საქართველო ამერიკის და ევროპის ერთგულია, თუმცა მესამეს მხრივ, აღრმავებენ ურთიერთობას ჩინეთთან და ანაკლიის პორტს აშენებენ ჩინეთის დახმარებით. ეს ურთიერთსაწინააღმდეგო მოსაზრებებია, როგორც არ უნდოდეს „ქართულ ოცნებას“ ამის არაღიარება. ჩემი აზრით, „დავალება“ ეს არ არის, შეკითხვა იქნებოდა, საითკენ მიდიხართ, ბოლოსდაბოლოს და რა არის თქვენი მკაფიო ხედვა. 
- რატომ გაბრაზდა პრემიერი და თქვა, საქართველო არ არის სკოლის მოსწავლე, რომ საშემოდგომო გამოაყოლოო?
- რაც შეეხება კობახიძის გაბრაზებას, ეს გაბრაზება კი არა, ეს უფრო ოპოზიციისთვის გაცემული პასუხია, რადგან ოპოზიციას მიაჩნია, რომ მარკო რუბიო მხოლოდ იმაზე ფიქრობს, როგორ გაათავისუფლოს ის მსჯავრდებულები, ვინც მათ პოლიტპატიმრებად გამოაცხადეს. არ ვიცი, რა „დავალებებზე“ შეიძლება იყოს საუბარი, როდესაც საქართველო არც ევროკავშირის და არცერთი სხვა კავშირის წევრი ოფიციალურად არ არის და ჩვენ დავალებებს ვერ მოგვცემენ. ამას ამბობენ ჩვენი კოლეგებიც. არის რაღაც კონკრეტული ხედვები, ამ ხედვებს თუ არ ეთანხმებით, მაშინ ვერ შევთანხმდებით, თუ ეთანხმებით - მაშინ შევთანხმდებით. სიტყვა „დავალებები“, ჩემი აზრით, შიდა პოლიტიკური დაპირისპირებებისთვის არის გამოყენებული. როგორ შეიძლება მარკო რუბიომ რაიმე დაავალოს კობახიძეს? რუბიო არის სხვა ქვეყნის წარმომადგენელი და არა კობახიძის ხელმძღვანელი.
- ზოგადად, რა ნიშნულზეა საქართველო-ამერიკის ურთიერთობები და როგორია თქვენი პროგნოზი?
- ჩემი პროგნოზით, ოპოზიციას ძალიან ეშინია იმისა, რომ მარკო რუბიო ბოლოს იტყვის, კობახიძე ჩემი მეგობარიაო, ქართულ შიდა პოლიტიკაში კი უპირატესობა ენიჭება იმას, რას ამბობენ და არა იმას, რას აკეთებენ. და სწორედ ამის ეშინიათ. ამიტომაც არის ასეთი ბრძოლა და კამათი იმაზე, ვინ ვის შეხვდება, რას იტყვის რუბიო და ვის რა “დავალებას” მისცემს. თუ რუბიო იტყვის, რომ კობახიძეს ვაღიარებო, ოპოზიციისათვის ეს არის უზარმაზარი დარტყმა, რადგან მათი ხედვა, რომ ამერიკა მათ გვერდითაა, უპირველესად დაინგრევა ამომრჩევლის წინაშე. “ქართული ოცნებისთვის” ეს იმისთვის არის საჭირო რომ მისი ხედვა, რომლითაც საქართველომ აირჩია, ეგრეთწოდებული პრაგმატული პოლიტიკა და ჯიბრში ჩაუდგა ჯერ ჯო ბაიდენის მთავრობას და შემდეგ ევროკავშირის დღევანდელ ბიუროკრატიას, მართებულია. ამით “ქართულ ოცნებას” სურს, რომ მიიღოს ამერიკული ლეგიტიმაცია და თქვას, მე მართალი ვიყავიო.
თუმცა, როცა ურთიერთობებზეა საუბარი, ეს ურთიერთობები ყოველთვის იყო გეოპოლიტიკური და რიტორიკული. საქართველო-ამერიკის ურთიერთობებში არაფერი წერია არც უვიზო მიმოსვლაზე, არც რამე შეღავათებზე, ეს იყო გეოპოლიტიკური ერთობის საბუთი, სადაც ჩვენ ვაცხადებდით, რომ ერთმანეთი გვიყვარს. დღეს კობახიძეს სურს, რომ რეალურ ურთიერთობებში რუბიომ არა მხოლოდ თქვას, მე მიყვარს კობახიძე და მისი მოკავშირე ვარ, არამედ მიიღოს დამატებითი მექანიზმები. მაგალითად, მარტივი სავიზო საკითხი, პირდაპირი ფრენები. რაღაცა ბენეფიტი უნდა მოჰქონდეს ამას, გარდა ნომინალური საუბრისა. ჩვენი ურთიერთობები ყოველთვის იყო ნომინალური - ჩამოვიდნენ ჯორჯ ბუში, ჯო ბაიდენი და ორივემ გვითხრა, საქართველო მიყვარსო და წავიდნენ. ამის მიღმა ჩვენ არაფერი რეალური არ გვქონდა. კობახიძის მიზანია, რომ რუბიომ არა უბრალოდ „მწვანე შუქი“ აგვინთოს: გესაუბრებით და გაძლევთ უფლებას, თქვათ, რომ ამერიკა გაღიარებთო, არამედ ის, რომ “ქართული ოცნების” პოლიტიკამ დადო რეალური შედეგი - უვიზო მიმოსვლის თემების წამოწევა, შეღავათები პირდაპირ ფრენებზე, პირდაპირი კაპიტალი. ამის ნაწილია „ტრამპ თაუერის“ მშენებლობის პროცესი.

ნაზი ბერიძე