"ოლე, ოლა" ჩელიაბინსკში
ცუდი არაფერი იფიქროთ, წუხელ სკუნსების გუნდის მეთაური მესიზმრა, ცალი თვალიდან ლურჯ ციალს აფრქვევდა, ცალიდან _ ნარინჯისფერს, პატარა თათუკაში კი `ნუვოს~ კაკაოიანი ნაყინი ეკავა. დასტურ, ეგრე იყო!
სკუნსი იმ თხუთმეტ ცხოველთაგანია, რომელსაც ვითომ ადამიანები ვერ იშინაურებენ, მაგრამ მე მაგეების არ მჯერა, ტკბილი ენით ხან გველი ამომყავს ხვრელიდან და ხან მთაში ირემს ვწველი...
თვალ-ყური მოვკარი, ორი ახალგაზრდა ქალი ჩიოდა, სკოლის პედაგოგები ვართ, არაფერი დაგვიშავებია, მხოლოდ `ოლე, ოლას~ ვმღეროდით და 5000-ლარიანი ჯარიმა გამოგვიწერესო. ნეტავი, რისი მასწავლებლები არიან, `ბუზიკისა~, გინა მათ-მათიკისა? _ ჯერ ვერ დავადგინე.
მალევე გავიგე, რომ `ოლე, ოლას~ მღერის გამო, შესაძლოა, სამ წლამდე პატიმრობა დაგემუქროთო. როგორც შიგევროპელ ჯენტლემენს შეშვენის, სწორედ ისე აღვშფოთდი, შევშფოთდი და გადავშფოთდი, ღრმად ჩავისუნთქე, ფილტვები მაქსიმალურად ავივსე ჰაერით და შემოვძახე, `ქართველო, ხელი ხმალს იკარ!~, მაგრამ მივხვდი, რომ ძალიან გოიმურ-აზიურად გამომივიდა და, ისე წარმოუდგენლად შემრცხვა, `ჟენსკი კაპრიზ~ ულვაშები ანგარიშმიუცემლად ამიცმაცუნდა.
ვერ დავიხსომე, მერამდენე დღე ეწერა, მაგრამ სიამაყით ამავსო ფრაზამ `აი, ამდენი დღეა, ამაყად და უდრეკად დგას ქართველი ხალხი რუსთაველზე!~ გავიჭიმ-ავიჭიმე ეს ორმეტრიანი რადიკულიტიანი კაცი და უცბადვე მოვიკუნტე სირცხვილით დახრუკული, მე ხომ ცნობისმოყვარეობის გამოც კი არ ვმდგარვარ რუსთაველზე `ოლე, ოლას~ მოსასმენად, რადგან ჩელიაბინსკელი ვარ და ჩელიაბინსკურ გაზეთში ვმუშაობ პაპა ათას დროიდან.
ჩემი ჩელიაბინსკი! როგორ მაგონებს ჩემს თბილისს...
აფსუს, რა დრო იყო, იმ ჩელიაბინსკში ერთმანეთის მიყოლებით რომ დაგვიძმობილდნენ თათრეთიდან ყაზანი, ისრაელიდან _ პამლე, ჩინეთიდან _ ურუნჩი, აშშ-იდან კოლუმბია და გაერთიანებული სამეფოდან ნოთინგჰემფშირი; ამ ჩელიაბინსკში _ ყველა ევროოხერი, ნანტის ჩათვლით.
როგორ მხცოვან `გაზეტჩიკს~, რა დამავიწყებს ჩელიაბინსკის ოლქის გაზეთ `Копейский рабочий~-ში უნიკალურად გამოცხადებული ფოტოები რომ გამოჩნდა _ ჰოლივუდის ვარსკვლავებს აღნიშნული გამოცემა უჭირავთ ხელში და პოზირებენ.
რა ვიცი, კაცო, გამოცემის ხელმძღვანელობა ყველა წინაპარს იფიცებდა, ფოტოშოპი არ არისო და მე სად ვდიო ჭეშმარიტებას ჰოლივუდის ორღობეებში _ მარცხი ელანძეა, სიმპათიური, ულვაშიანი `გრუზინი~ კაცი ვარ და ვინმემ ცუდად არ შემიპყროს იმ გათახსირებულ ამერიკებში.
კი დავფიქრდი, ხო იცით, რამ გადარია ჩემი თანამედროვე ბრიუს უილისი, ანჯელინა ჯოლი, ლეონარდო დი კაპრიო, ტომ ჰენკსი, სტივენ სპილბერგი, რიჩარდ გირი, ჯონი დეპი, მეთ დაიმონი, ჯასტრინ ტიმბერლეიკი, ჰარისონ ფორდი, დენზელ ვაშინგტონი, ემა უოტსონი, ქეით უინსლეტი, ნაომი უოტსი, ქეით ჰადსონი, ამანდა სეიფრიდი და ჰელენ მირენიო, მაგრამ ამიხსნეს, ამ უჩვეულო ფოტოების ავტორები კოპეისკის ყოფილი მკვიდრი და ამჟამად აშშ-ში მცხოვრები მარგარიტა და მისი მეუღლე ჯეკ ტიუკსებერი არიან, `დიდი გეთბსისა~ და `კერკეტი აკალი-5~-ის პროდიუსერი, რა გასაკვირია, ჰოლივუდის ვარსკვლავებისთვის გაზეთი შეეჩეჩებინათ ხელშიო.
არ ვიცი, არ ვიცი! ყველანაირი უცნაურობა ყველანაირ ჩელიაბინსკში რანაირად ხდება...
ახლა ამაზე ფიქრი ამეკვიატა და, ჩემი აზრით, ჭეშმარიტებასთან არცთუ შორსმდგომი დასკვნა ამედევნა _ კაცო, ამ ჩვენს ჩელიაბიკურ რუსთაველზე არ იყო, კუბო რომ მიიტანეს და დაწვეს? ვუდუს სტილში თოჯინას რომ ნემსებს არჭობდნენ? რაღაც სამსალიან ქვაბს რომ ათუხთუხებდნენ და შელოცვების თანხლებით აბდაუბდა რიტუალს ატარებდნენ? ჩემი შთაგონების დიდი წყარო, ქათმისფეხებსროლია ჯადოქარი რომ ჩამოიყვანეს თურქეთიდან და, მართალია, რუსთაველზე არა, ავჭალაში ისროდა იმ ქათმის ფეხებს, მაგრამ წინასწარი დაკავების იზოლატორის მოჯადოების გავლით, ფინალში ხომ რუსთაველის პროსპექტზე მდებარე სამთავრობო შენობაზე უნდა მოეხდინა გავლენა. ჰოდა, ბევრი ფიქრი აღარ დამჭირვებია, დავასკვენი, რომ ამ მთელმა მაგიურმა რიტუალებმა უკუღმა შედეგით გამოიხმეს ის, `ვისი სახელიც არ ითქმის.~
არ ითქმის და, ნუ ითქმის, იმას ხომ ვხედავთ რომ მაგრად ერთობა _ უსახლკარო გლახაკი `ბეზდომნი~ `ვივამედის~ კლინიკაშია, ხოლო გზააბნეულები, ქალები – სოპრანოთი გაჰკივიან `ზღვა დიდებული ბაიკალისა...~ კაცები კი ბარიტონით – `გემი, ომულით სავსე კასრები~-ო დუდუნებენ. ვიღაცის ოქტავა `ჰე, ბარგუზინო, მალე ხალისით~ და მასზე ერთი ოქტავით მაღლა `ზღვა ლურჯ ტალღებში ჩაიკარგება~-ს აჰანგებს. ტენორი ცოტა ურევს, მაგრამ `შილკა და ნერჩინსკი~ გაირჩევა. მიხეილ ბულგაკოვი `იქიდან~ გადამერია, შენ რა საეჭვო კაცი ხარ, რამ გაგახსენა ეგ ამბებიო...
მოკლედ, ამათი `ოლე, ოლა~ იგივეა, რაც იმათ დაემართათ, რადგან ეშმაკი გვერდებში რომ შეუჯდათ და ბარემ სულიც მიჰყიდეს, ეგ საქმე სიმღერის აკვიატების გარეშე არ გამოდის. რამდენიც უნდა იყვიროს `ექიმმა~, შეწყვიტეთ სიმღერა, თორემ ჯარიმა იქნება დიდი და შესაძლოა, ციხეც დაერთოსო, არაფერი ეშველებათ.
ახლა იმას ვფიქრობ, `ოლე, ოლას~ ტექსტს რომ დაამატონ, `უსიერ ტყეში გადაურჩა ნადირის კლანჭებს და ცხელი ტყვიაც ასცდა მადევარისო~, მაშინ რა მოხდება, არამომღერლებმა უნდა ვარკვიოთ, შავ კატას ხომ არ ჩამოუვლია აქეთაცო?
`იმისი~ არ ვიცი, მაგრამ მე კი კარგად გავერთე, ახლა იმასღა ველოდები, როდის წარმოჩინდება და ვინ იქნება ის ლოტბარი, რომელიც ყველას გამოათრევს, ვინც კარადების უკან დაიმალა, არ მემღერებაო და აიძულებს, `ზღვა დიდებული~ იმღერონ.
ჩემს მაგიურ-კრიმინალურ აზრებში ეჭვმიტანილად ჩვენი ძვირფასი ბანი წარმომიდგა, მხოლოდ ის მაბნევს, დიდი ეჭვი მაქვს, ტელეფონით მართლა აპირებს სიმღერას? ნეტავ, ეგ ამბავი როგორ იქნება, ამდენს როგორ იმღერებს? ან, ვისაც სიმღერა არ ემარჯვება, ამომრჩევლად საკუთარ ხმას ვერ დააფიქსირებს?
გადავხედე ლოტბარობის პოტენციურ შემთავსებლებს და სახარბიელო სურათი ვერ დავინახე _ დიდი ნაცგურუები სიხარულითა და გამიზნულად მირბიან ციხეში, თან ერთმანეთს აქებენ, _ ისე ვიქცევით, როგორც სამშობლოსთვის ბრძოლის გამო დატყვევებულ პატრიოტებს შეეფერებათო.
ესეც ჩემი სადარდებელი გახდა _ ვის დარჩება უთავო გუნდი და როდემდე, სანამ სატვირთო მანქანებით ყველას სტრავინსკის კლინიკაში არ გადაიყვანენ ქალაქგარეთ? ნუ, როგორც ვხედავთ, ზოგი ვასილ სტეპანოვიჩის ბედს სიხარულით გაიზიარებს _ ადგილზე დაეპატიმრინება აელვარებული უცხოური ფულების ფონზე, მერე გინდა `გაიხარე~ იძახონ, გინდა _ გაგიხარია-გახარია და ხაზარ-ჯაფარა...
ამაზე გამახსენდა _ ე. წ. შევარდნაძის დრო იყო და რომელიღაც მიტინგზე დარბეული ქალი ამბობდა ცხონებულ თემურ მღებრიშვილზე, `დუბინკა~ მირტყაო. მღებრიშვილის კომენტარი იყო, რა `დუბინკა~ ვურტყი, `დუბინკა~ ერთხელ მაინც რომ დამერტყა, ფეხზე ადგებოდა და ლაპარაკის თავიღა ექნებოდაო?
ეს `ოლე, ოლა~ ნაკრები რომ ზუზუნებს, `ტკივილი განვიცადეო~, ნეტავ, სად, რომელ ქვეყანაში განიცდიან დარბევის დროს ნეტარებას?
ბიჯო, შიშზე იმდენია ნათქვამი, როგორც ვრცლად და ნაშრომებად, ისე აფორიზმებად, რომ, თუ უხამსად გემღერება, ვიღაცის, რაღაცის, ან ორივესი ერთად უნდა გეშინოდეს. რაგინდ `მშვიდობიანი ბავშვი~ გეძახონ, როცა დანამდვილებით იცი, რომ ბავშვი აღარ ხარ კი არა, იმდენად გაზრდილი ხარ, გამოცდილებასთან ერთად, გაშლილ ქოლგას გადაახტები, ან საკუთარ თავში შიშსაც უნდა გადაახტე, ან სახლში დაჯდე და ბელას მოტანილი `პონჩიკი~ ჭამო, ბიჯოს!..
კაი, პერფორმანსი ნიღბებით და პერფორმანსი თხის კურკლით, იმ ნაზი ქალბატონისა არ იყოს, გაგების დონეზე გავიგე, მაგრამ კოცონს რაღას გადაჰკიდებიან, ხომ ნახეს, რომ `ცეცხლი ოლიგარქიას!~ ყვირილისგან ისეთი ცეცხლი გაუჩნდა მათ ოლიგარქს, რომ ჯეფ-ვინტზე ნაჯდომივით, უკუღმა ალაპარაკდა მკივან გრიგოლიასთან პირდაპირ ეთერში. ნუ, მერე შვიდი თვით `კურორტი~ მიუსადაგეს, მაგრამ მაინც...
ვაჰ, კიდე კოცონი და ყვირილი `ასე დაიწვება `ქართული ოცნება!~
ქართულ ოცნებას რატომ მიწვავ, ჩემთვის ვფანტაზიორობ ქართულად და საქართველოსთვის, კუალალუმპურული ოცნება მაინც დამიწვი...
ვინმემ უთხარით: შვილებო, მომღერლებო, ოხუნჯებო, ჯალიან შიგევროპელებო, `ანონიმუსის~, იგივე გაი ფოქსის ნიღაბი რა სპორტია, ბერიკაობა მაინც წამოიწყეთო...
მე ხომ ფიქრებით მსხმოიარე ვარ და მივხვდი _ გაი ფოქსი ხომ, როგორც ესენი, თვითონ არაფერს წარმოადგენდა, ერთი დიდგვაროვანი კათოლიკე იყო, რომელიც სხვის ხელზე წამოცმულ თოჯინად იქცა? და სულაც, გაი ფოქსის ღამე 5 ნოემბერს აღინიშნება და არა ივნისში... ელაპარაკე, გაიგებენ?
ვააა, თქვენ რა გინდათ, რევოლუცია გვინდა და ვერ უნდა ვთქვათ, რა გვინდაო? სიტყვა `რევოლუცია~ ჩვენთვის ტაბუდადებული არ არის, რადგან ამის გამომწვევი არის მხოლოდ და მხოლოდ ბიძინა ივანიშვილიო. რა და რისი `გამომწევევია~, სიტყვები და აზრები სწორად მაინც დაალაგონ...
ქათამმა რომ თქვა, ხარი დაკლეს _ მე წამაკლესო; ძროხა დაკლეს _ მე წამაკლესო და ა. შ. ჩამონათვალი, იმისი არ იყოს, ამ ერთ კაცს ხომ ვერ გასცდნენ _ მეტეორი რომ დაგვეცეს `ტაბურეტკასთან~ ერთად, იმასაც ბიძინა ივანიშვილს მიაწერენ...
ჭიჭიკაანთ არჩილასი არ იყოს, ამოტონა ხალხს ვერა გვხედამენ? ერთი რო ჩაიხვიეს, გარგლიკურკიტოლა და ჭერმიკურკიტოლა, ატმიკურკიტოლამდე ავიდნენ. ესენი ისე იზამენ, შუა ჩელიაბინსკში კომბოსტოს მწნილის ტალავერს გამაშენებინებენ და იმის კურკებს დამათვლევინებენ _ ნეტა, არ გავგიჟდებოდე და, ჩემს ყორნისფერ ულვაშს ცალ მხარეს ყვითლად შევიღებავ და მეორე მხარეს _ ლურჯად...
ამათ, ეტყობა, უნდა უმღერო, სხვანაირად არ ესმით, მე კიდე, რომელი პატიკო-ანიკო, სოფო-ლელა ან სტეფანე ვარ, რომ ნიკოლოზამ მიდირიჟოროს, დოიმ სცენა მათხოვოს და მე კიდე ბულბულივით ავგალობდე: `შვილებო, ისმინეთ მამა-მიშას შეგონებანი...~ ქართულად კიდევ რამეს მოვუხლაფორთებდი, ავჩხავლდებოდი ანგინაშეყრილი ყვავივით, მაგრამ ეს `ოლა-ოლე~ აკაცუკების არმია, საქართველოს გარდა, სხვაგანაც გამოუჩეკიათ და, პოლიგლოტი კი არ ვარ...
ეჰ, წავიდე, ერთი კარგი შელოცვის რიტუალი მასწავლა სულეიმან იბნ დაუდმა და ის მაინც ჩავატარო, ვინმეს ჩამორჩენილი `რუსეთუმე გრუზინი~არ ვეგონო _ ქათმის წინაპარი დინოზავრი იყოო და, სანამ ქალბატონი ელენე თევდორაძისა არ იყოს, მთლად გამოვკვლვებულვარ, იმას მაინც გამოვიკვლევ, იმ კვერცხზე ადრე დაბადებულმა ქათამ-დინოზავრმა `ოლე, ოლას~ ჰანგზე სიმღერა და კარგი ქართული გასმაც თუ იცოდა...
ზურა ოშხერელი

