უწმიდესის მოღვაწეობა ავტოკეფალიის აღდგენისკენ იყო მიმართული

უწმიდესის მოღვაწეობა ავტოკეფალიის აღდგენისკენ იყო მიმართული

ჩვენი პატრიარქი საოცარი ადამიანი იყო. მას ჰქონდა ურთიერთობის ისეთი სტილი, სადაც რელიგია მეორე პლანზე ინაცვლებდა და წინ ადამიანურობა იწევდა. მასთან ურთიერთობაში უფალმა მეც ანალოგიური განცდები მარგუნა. ჩვენი ურთიერთობა დიდი ხნის წინათ დაიწყო, ჯერ კიდევ 90-იან წლებში, როცა რუსეთთან, აფხაზეთის ომის მერე პრობლემები შეგვექმნა. უწმიდესი ხშირად გვიწვევდა ექსპერტებს: მე, მამუკა არეშიძეს, სოსო ცისკარიშვილს და საგარეო თემებზე ჩვენს მოსაზრებებს ისმენდა, ამბობდა, შეცდომა არსად მომივიდესო. მახსოვს, 2008 წელს, უწმიდესი რუსეთის პრეზიდენტთან წერილის გაგზავნას აპირებდა ომში დაღუპული ქართველი ბიჭების ცხედრების გადმოსვენების თაობაზე. მითხრა, გადახედე, როგორიაო. წერილს დავხედე და ტექსტი ბრწყინვალე რუსულით არის შედგენილი. გაოცებულმა ვკითხე: ვისი დაწერილია-მეთქი. თვალები პატარა ბავშვივით ეშმაკურად უცინოდა, ისე მიპასუხა, მე დავწერე, რა, გასაკვირია, რუსული კარგად რომ ვიციო. 
უწმიდესის მოღვაწეობა მკაფიოდ ავტოკეფალიის აღდგენისკენ იყო მიმართული. იგი ჯერ ქვეყნის შიგნით ცდილობდა ეკლესიის ავტორიტეტის და საერთაშორისო დონეზე ავტოკეფალიის აღდგენას. ნიშანდობლივია, რომ მან თორმეტი წელი გულზე ხელდაკრეფილმა კი არ იცადა, არამედ ავტოკეფალიის აღსადგენად დაუღალავად იბრძოლა. უწმიდესის 12-წლიანი ბრძოლა ავტოკეფალიის აღსადგენად, რეალურად, რუსეთთან ბრძოლა იყო. ოღონდ, გიორგი ბრწყინვალეს ბრძოლის მსგავსი. 
რუსები მას უდიდეს პატივს სწორედ იმიტომ სცემდნენ, რომ მათ არასდროს ლანძღავდა. პირიქით, პატივისცემით ეპყრობოდა, მაგრამ ავტოკეფალიის აღდგენას ჯიუტად ითხოვდა. 
ერთ ამბავსაც მოგიყვებით, რომელიც საოცრად ახასიათებს პატრიარქს, როგორც ღირსეულ პიროვნებას. გერმანელმა პროდიუსერმა ბრუკნერმა ილია მეორეზე ფილმის გადაღება გადაწყვიტა. 
ბრუკნერმა გვითხრა: ამ საღამოს ჩვენს ბიზნესმენებს შეგახვედრებთ, რათა მათ საქართველოში ინვესტიცია ჩადონო. შევხვდით ბიზნესმენებს და მათგან ასეთი ტექსტები გვესმის: ვიცით, რომ საქართველო გაჭირვებული ქვეყანაა, საბჭოთა კავშირიდან ძლივს გამოაღწიეთ და დახმარება გჭირდებათ. ჩვენც აუცილებლად დაგეხმარებითო. მოკლედ, როგორც მათხოვრებს, ისე გველაპარაკებოდნენ. ყველამ პატრიარქს გავხედეთ და ვატყობთ, რომ ნელ-ნელა სახე ეცვლება. უცებ, მას მიმართეს, რას იტყვით, თქვენო უწმიდესობავო. პატრიარქი წამოდგა, სახეზე ღიმილის ნიშანწყალი არ ეტყობოდა. 
მე ილია II ვარ, ილია I კი, მეხუთე საუკუნეში მოღვაწეობდაო. ამ შემთხვევაშიც საუბარი ამ ფრაზით დაიწყო და განაგრძო: მეხუთე საუკუნის მერე საქართველომ გაუძლო სპარსების, არაბების, მონღოლების შემოსევასო. მთელი ისტორია ისე მოყვა, არ გაუღიმია. იგრძნობოდა, რომ საქართველოს ისტორიას ყვედრებით ყვებოდა _ იცოდეთ, ვის ელაპარაკებითო. ბოლოს ასე დაამთავრა: ამ ყველაფერს ქვეყანამ იმიტომ გაუძლო, რომ ღირსების გრძნობა ჰქონდა, თორემ იმაზე ადვილი არაფერი იყო, ამხელა იმპერიებთან დათმობაზე წავსულიყავით და რჯულისთვის, ქვეყნისთვის გვეღალატაო და დაჯდა. იქ უნდა ყოფილიყავით და გენახათ, მერე რა მოხდა _ ეს ბიზნესმენები, ყველა წელში ოთხად მოკაკულები პატრიარქთან საბოდიშო ტექსტებით რიგრიგობით მირბოდნენ. 

რამაზ საყვარელიძე