ქართველო, შენ არ მიხედავ და გადაბუგავ? მაშინ არაბი მოვა და ის მიხედავს!
დღეს ჩვენში არაბების „შემოსევაზე“ ერთი ამბავია ატეხილი. ზოგი ამბობს, რომ მოვა დოლარების ურდო და ერთ კვირაში გადავშენდებით, ზოგი ეთნიკური ბალანსის დარღვევაზე მსჯელობს, ზოგი კიდევ, უბრალოდ, სახეს იხოკავს და მოსთქვამს, რომ მალე ქუჩაში ვეღარ გავალთ, არაბები ეგრევე ან დაგვხოცავენ, ან გაგვაუპატიურებენ. მოკლედ, ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, ჩვენი საზოგადოების ერთი ნაწილი პანიკაშია და ცდილობს, ეს პანიკა ყველგან დათესოს. სინამდვილეში რა ხდება? სინამდვილეში ის ხდება, რომ ერთმა უმსხვილესმა არაბულმა ჯგუფმა გადაწყვიტა, საქართველოში 6 მილიარდი დოლარი დახარჯოს და სახლები ააშენოს, სადაც თურმე მხოლოდ არაბები შესახლდებიან. არ დამავიწყდება, თითქმის იგივენაირი პანიკა იყო ჩინელებთან დაკავშირებით, ალბათ, იცით, მათ ვარკეთილში საცხოვრებელი კომპლექსიც კი ააშენეს. მერე? მგონი, იქ ახლა ჩინელს იშვიათად ნახავთ, ამჟამად თითქმის მთელი კომპლექსი ქართველების ხელშია. ასეთივე პანიკაში ვიყავით, როცა კახეთში ინდუსები ჩამოვიდნენ და სახნავ-სათეს მიწებს შეესივნენ. მახსოვს, ბიძინა ივანიშვილს ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე ამის შესახებ ვუთხარი, უკვე პრემიერ-მინისტრი იყო და დაგვპირდა, მიწების გაყიდვა აიკრძალებოდა. შემდგომში ასეც მოხდა. ახლა კახეთში ერთი-ორი ინდური ოჯახიღაა დარჩენილი და ისე მუშაობენ მიწაზე, ქუჩაში საერთოდ არ გამოდიან. თუ სადმე გადაეყრებით, ქართულად ზოგიერთ ქართველზე უკეთესად ლაპარაკობენ.
მე არ ვამბობ, რომ არაბული ინვესტიციის ქვეში რისკები არ არსებობს. რასაკვირველია, არსებობს, თუ გვინდა, ამ საქმიდან ხეირი ვნახოთ, ყველაფერი წინასწარ უნდა გავთვალოთ. არ შეიძლება, ტყუილად ან ბიძინა ივანიშვილს დავაბრალოთ, ან კობახიძეს, რომ თურმე არაბულმა Eმაარ ჯგუფმა და Eagle Hills-ის დამფუძნებელმა, მმართველმა დირექტორმა, მოჰამედ ალაბარმა საქართველოში მილიარდები მათთვის საჩუქრად შემოიტანა. სხვათა შორის, წინა კვირას თბილისის საკრებულოს პირველივე სხდომაზე „კონსერვატორების“ წარმომადგენელმა კახა კალაძეს ჰკითხა, თბილისთან ახლოს სახლები რომ უნდა ააშენონ არაბებმა, საფრთხეებს ხომ არ შეიცავსო? კალაძემ მშვიდად მიგო, რომ საპანიკო არაფერია, ჩვენში დამატებით შეიქმნება სამუშაო ადგილები და ადამიანები უფრო იაფად იყიდიან ბინებსო.
ამჯერად ამ თემის ფართოდ გაშლას არ ვაპირებ, სულ სხვა კუთხით მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო. ფაქტობრივად, მცირე რეპლიკა უნდა დამწერა, მაგრამ არ გამომივიდა, მერე იტყოდით, არაბებზე წერ და მთავარს არ ამბობო. რასაც ახლა გეტყვით, ეს ჩვენს ხასიათზე, ზერელობასა და გულგრილობაზე მიუთითებს: თქვენ წინაშეა 3 სურათი, პირველ სურათზე აღბეჭდილია კინოთეატრ „რუსთაველის“ ფასადი, ხოლო შემდეგ 2 სურათზე - საქართველოს ეროვნული მუზეუმის ფასადი. ბევრმა არ იცის, რომ კინოთეატრი „რუსთაველი“ Eმაარ ჯგუფმა შეისყიდა, გაარემონტა, ოაზისად აქცია და ამიერიდან იქ მათი ოფისი იქნება. ამ შენობის გვერდით, ჩემზე უკეთესად იცით, არის ჩვენი ეროვნული მუზეუმი, შელახული, ჭუჭყიანი, დაჯღაბნილი და გაუბედურებული. ახლა შეადარეთ ერთმანეთს არაბების ოფისი და ჩვენი ეროვნული საუნჯე, ხომ მაგრად ვუფრთხილდებით? ვისი ჩაბანძებულია ეს ადგილი? იმათი, ყოველდღე ამ ადგილას რომ დაწანწალებენ და 15 წუთით გზას კეტავენ. აშკარაა, არაბების მიერ გაკრიალებულ აქაურობას შელახული შენობა აღარ უხდება (არც მანამდე უხდებოდა), საჭიროა მისი გარემონტება და „მეზობლების“ დონეზე მოყვანა. ახლა არ მითხრათ, აგერაა ბიძინა ივანიშვილი, ეგ მიხედავსო. კი, ბატონო, არ ვარ წინააღმდეგი, მიხედოს, მან უამრავ რამეს მიხედა, მაგრამ საქართველოში მილიონერების ცვენაა, განა არ შეიძლება, სხვამაც გაიკრას ჯიბეზე ხელი? ბოლო-ბოლო, სახელმწიფოსაც შეუძლია ამისი გაკეთება, მადლობა უფალს, ჩვენი ბიუჯეტი ფეხზე მყარად დგას. ვიმეორებ: არაბების მიერ გარემონტებული შენობის გვერდით აშკარად ყვირის მუზეუმის შენობა იმაზე, როგორი გულგრილები, უპასუხისმგებლოები და ზერელეები ვართ საკუთარი ისტორიისა თუ კულტურის მიმართ. ამის მერე რაღაზე ვწუხვართ და რაღაზე ვვიშვიშებთ, უცხოტომელები მოდიან, არიქა, გადავშენდებითო? როცა შენსას არ უვლი, შენსაზე არ ზრუნავ და მეტიც, ლამის ყოველდღე ანადგურებ (გაიხსენეთ, რამდენჯერ წაუკიდეს ცეცხლი რუსთაველის გამზირს), სხვა მოვა და იზრუნებს. გასაგებია? ნუ ჯღნავიხარ, არაბები მოდიანო, შენ თუ არ მიხედავ, არაბიც მოვა, ჩინელიც, მონღოლიც, რუსიც, თურქიც და ისინი მიხედავენ.
გელა ზედელაშვილი

