ასაკრძალი უნდა აიკრძალოს!

ასაკრძალი უნდა აიკრძალოს!

„ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო სასამართლოს სამი პარტიის აკრძალვის მოთხოვნით, უფრო სწორად, სარჩელით მიმართა. ამის თაობაზე პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ოფიციალურად განაცხადა. უკაცრავად, აქ ერთ შესწორებას შევიტან, სამი პარტიის აკრძალვას მხოლოდ „ქართული ოცნება“ კი არა, საქართველოს მოსახლეობის 80% ითხოვს. რატომ? ამაზე ცოტა ქვემოთ მოგახსენებთ, ჯერ ის პარტიები დავასახელოთ, რომლებიც დაახლოებით 9 თვეში (ეს დრო აქვს გადაწყვეტილების მისაღებად საკონსტიტუციო სასამართლოს) გაუქმდებიან. ესენია: „ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ძლიერი საქართველო - ლელო“. ამ ასაკრძალებთან დაკავშირებულნი არიან „ელენე ხოშტარია - დროა“ და „გირჩი - მეტი თავისუფლება“, რომლებიც სინამდვილეში „კოალიცია ცვლილებისთვის, გვარამია, მელია, გირჩი, დროას“ შემადგენლობაში არიან, თუმცა, ფორმალურად, დამოუკიდებელ პარტიებადაც არიან რეგისტრირებულნი. ამ ე. წ. პოლიტიკურ ბაკქანალიაში გადიან „კი ევროპას - სტრატეგია აღმაშენებელი“, „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“, „ფედერალისტური პარტია“, „რესპუბლიკური პარტია“ და სხვა ფიქტიური, ერთ-ორკაციანი პარტიები. თუმცა, ვინაიდან ეს ნაყარ-ნუყარა გაერთიანებები პოლიტიკურ ამინდს ვერ ქმნიან და არც საარჩევნო ბარიერის გადალახვის პერსპექტივა გააჩნიათ, მათი აკრძალვის აუცილებლობა არ არის. მე თუ მკითხავთ, ზოგიერთი ე. წ. პარტია არ უნდა ავკრძალოთ, ბოლო-ბოლო, თუ ყველა გაუქმდა, ჩვენ რიღათი უნდა გავერთოთ? მაგალითად, ძალიან დიდი დანაკლისი იქნება თამარა ჩერგოლეიშვილის გაჩერება. გიგა ბოკერიას კნეინამ გადაწყვიტა, რამდენიმე წელიწადი უდაბნოში გვატაროს და როგორმე აღთქმულ მიწამდე მიგვიყვანოს. ზუსტად ასე თქვა აქციაზე, მიკროფონის წინაშე, ჩვენ უნდა მიგიყვანოთ აღთქმულ მიწაზეო. 
რა გახდა ამ სამი ე. წ. პარტიის აკრძალვის მიზეზი? „ნაციონალურმა მოძრაობამ“ რაც დააშავა, იცით, იმ სიბინძურეების ჩამოთვლით თავს აღარ შეგაწყენთ. ეს სულწაწყმედილთა ხროვა ახლა კი არ უნდა უქმდებოდეს, 2012 წელსვე უნდა გაუქმებულიყო. ამ შემთხვევაში იმ ფრაზას გამოვიყენებ, ჩვენში წამდაუწუმ რომ იყენებენ: სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. 
ახლა კი იმაზე, რატომ ითხოვს საქართველოს მოსახლეობის 80% ე. წ. ოპოზიციური პარტიების აკრძალვას და უპირველესად, „ნაციონალური მოძრაობის“ საერთოდ გადაშენებას? ჯერ ერთი, ყველა ე. წ. ოპოზიციური პარტია არის დამნაშავე „ნაცმოძრაობის“ ან განაყოფი, ან ანასხლეტი, ან კიდევ მიმდევარი. დიახ, ყველა დამნაშავე პარტია იშვა „ნაციონალური მოძრაობიდან“ იმ იმედით, რომ ასე უფრო იოლად დაბრუნდებოდნენ ხელისუფლებაში, ანუ ჯერ გაიშლებოდნენ, ხოლო კრიტიკულ მომენტში ისევ შეკავშირდებოდნენ. გადავავლოთ თვალი უახლოეს წარსულს, ისინი იშლებოდნენ, ვითომ ცალ-ცალკე „მოღვაწეობდნენ“, როცა ხელისუფლებაზე შტურმის მიტანა იწყებოდა, ეგრევე ერთიანდებოდნენ. 
თუ აიკრძალება „ნაციონალური მოძრაობა“, უნდა აიკრძალოს ყველა მისი ანასხლეტიც. ეს ერთი და ახლა მეორე - მაგალითად, ხაზარაძის „ლელომ“ რით გამოიჩინა თავი? რატომ მოხვდა ასაკრძალთა სიაში? ჩვენ ხომ ყველამ კარგად ვიცით, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ ე. წ. პარტია იმისთვის შექმნეს, რომ მთელი რიგი დანაშაულების გამო ციხეში არ მომხვდარიყვნენ? სულ მცირე, სამჯერ დაინდო „ქართულმა ოცნებამ“ ხანდაზმული თაღლითები: პირველი იყო ფულის გათეთრება, დიდი თაღლითობა საკუთარი ბანკის მეშვეობით. მეორე იყო დიდი აფიორა, ვითომ ანაკლიის პორტის მშენებლობა. რაც შემდეგ იყო, ეს უკვე ცალკე განსჯის საგანია - როგორც შეეძლო, ისე იწვალეს ხაზარაძემ, ჯაფარიძემ და მათთან შეკრებილმა „ფუფლოებმა“ (გრიშა გეგელიამ, სალომე სამადაშვილმა, ალეკო ელისაშვილმა და სხვებმა), საქართველოსთვის ბევრი გაეფუჭებინათ და რაღაც დონეზე გააფუჭეს კიდევაც, მაგრამ მთავარი აქ მათი აგენტურული საქმიანობაა. ჰო, კინაღამ დამავიწყდა, ხაზარაძე იმ მხრივაც დაინდო ამ ხელისუფლებამ, რომ სააკაშვილის ზეობის ხანაში ჩადენილი არაერთი დანაშაული არ „ამოუწია“ და მიტაცებული ქონება არ დაათმობინა. აქ მე არ ვგულისხმობ ბინებიდან გამოყრილ მოსახლეობას, საქმე ეხება ღამის 3 საათზე ნოტარიუსთან გადაფორმებულ ობიექტებს და ციხეში გამომწყვდეულ ბიზნესმენებს. ალბათ, ადევნებდით თვალს პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომებს, თითქმის ყოველი მეორე დაკითხული თითს ხაზარაძისკენ იშვერდა, მაგრამ მერე? ჯერ არაფერი, თუ ამ ჩვენებების თანახმად პროკურატურა საქმეებს გამოიძიებს, იგივე ხაზარაძე ციხეს ვერ უნდა გადაურჩეს. ვნახოთ, დაველოდოთ. ჰოდა, ამათი პარტია რატომ უნდა აიკრძალოსო, კიდევ იკითხავს ვინმე? მარტო პარტია კი არა, თვით ამ ხანდაზმულ თაღლითებს უნდა აეკრძალოთ პოლიტიკაში ბოდიალი. 
აი, ნახეთ, „ქართული ოცნება“ კიდევ ერთ შემთხვევაში ინდობს იმ ადამიანებს, რომლებმაც ადგილობრივ არჩევნებში „ლელოდან“ იყარეს კენჭი და საკრებულოებში მოხვდნენ - საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელი „ლელოს“ 59 წევრზე არ ვრცელდება. შალვა პაპუაშვილის თქმით, „ქართული ოცნება“ ამ გადაწყვეტილებით პატივს სცემს ამომრჩევლის ნებას:
„ამით გვსურს, პატივი ვცეთ მათ ამომრჩევლებს და განსხვავებით თავად პარტია „ლელოსგან“, რომელმაც მისი ამომრჩევლისგან მინიჭებული საპარლამენტო მანდატების მიღებაზე უარი თქვა, საკრებულოებში შევინარჩუნოთ ამომრჩევლის მიერ გაცემული მანდატი. ასევე, ჩვენი სარჩელი არ შეიცავს არაკონსტიტუციურ პოლიტიკურ პარტიასთან დაკავშირებული პირებისთვის პოლიტიკური საქმიანობის შეზღუდვის მოთხოვნას“. 
ხედავთ, უკვე მერამდენედ დაინდო „ქართულმა ოცნებამ“ ე. წ. ოპონენტები? პოლიტიკურ საქმიანობას არ გიზღუდავთო, შეგიძლიათ, სხვა პარტიიდან ან დამოუკიდებლად განაგრძოთ „მოღვაწეობაო“. ეს სიტყვა იმიტომ ჩავსვი ბრჭყალებში, რომ მაგათი მოღვაწეობა არ გაიშვა სოფელ ცლუნკაანის გადასახვევამდე. ახლა არ მკითხოთ, ცლუნკაანი სად არიო. ადრე სოფელ ოზაანს ერქვა და რატომ გადაარქვეს, არ ვიცი, მშვენიერი სახელია. ოზაანი მირზაანის მიმდებარე სოფელია, სადაც დაიბადა ფიროსმანი. ნიკალა გახლდათ ჩემი დიდი ბებიის დეიდაშვილი. მახსოვს, 98 წლის დიდი ბებია იტყოდა ხოლმე - სუ ვეჩხუბებოდით, ნიკალ, ცოლი მაიყვანე, ნიკალ ცოლი მაიყვანეო... უარზე იყო, ხალხნო, რო მოვიყვანო, რა ვაჭამოო? მეც მშიერი ვკვდები და ისიც მოვკლაო? ამას ბავშვობის პერიოდში ვისმენდი და კარგად ვერ ვაცნობიერებდი, რაზე ლაპარაკობდა. ცოტა მოზრდილი რომ ვყოფილიყავი, უფრო ბევრს ვალაპარაკებდი. ნეტავ, ნიკალა ცოცხალი რომ იყოს, რომელ პარტიაში იქნებოდა? არაა, ის იგეთი თუქსუსი ყოფილა, სოფელსაც არ უხელმძღვანელებდა. აი, სიტყვა გამექცა კი არა და... განგებ გავაქციე, რათა თქვენთვის მეთქვა, რომ დღეს ნიკალასნაირები, ილიასნაირები, აკაკისნაირები და ვაჟასნაირები აღარ არიან, წავიდა გენიოსების თაობა და მოვიდა თაღლითების თაობა, რომელიც აუცილებლად უნდა აიკრძალოს. 
ნეტავ, როგორ მიიღეს ასაკრძალებმა თავიანთი აკრძალვის გადაწყვეტილება? ოჰ, ძალიან რთულად, ძალიან მწარედ, ფაქტობრივად, უკვე დაწყებული აქვთ ჭინთვები. მაგალითად, ნიკუტა გვარამიამ განაცხადა, თუ „ქართული ოცნება“ აგვკრძალავს, ჩვენ მას დავკრძალავთო. ნიკუტა მაინც რომანტიკული ტვინის პატრონია და ეს ჩანს მის ყოველ გამოხდომაში. სამაგიეროდ, მამუკა ხაზარაძე გახლავთ ნამეტნავად ბანალური და არაპოეტური - ისაო, სწორად გეშინიათ „ძლიერი საქართველოსი“, მაინც გაგისტუმრებთო. ხაზარაძე ბიძინა ივანიშვილს დღეებს რომ უთვლიდა, რუსეთში მის გაქცევამდე ამდენი და ამდენი დღე დარჩაო, გახსოვთ, ხომ? ეს არჩევნებამდე იყო. რავი, ბიძინა ისევ აქ არი, ეს კიდე გასაუქმებელთა სიაშია. ეს ამბავი უყურადღებოდ არ დატოვა ელენე ხოშტარიამაც - ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე განაცხადა, საქართველოში თანამედროვე ორჯონიკიძეები არასდროს დაავიწყდებათო. მე მგონი, მამამის გოგიაზე ამბობს, მაგრამ თან ეჭვი მეპარება, დავიჯერო, საკუთარ მამაზე ეგეთ რაღაცას იტყოდა? არ ვიცი, არადა, თანამედროვე ორჯონიკიძეა მამამისი გოგია, რომელიც ზვიად გამსახურდიას მთავრობაში საგარეო საქმეთა მინისტრიც კი იყო. არ დაიჯერებთ, მაგრამ ასეთებიც ხდებოდა საქართველოში. თინა ბოკუჩავას მიაჩნია, რომ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ივანიშვილის კენგურუ სასამართლო რომელ პარტიას გააუქმებს. თურმე, ერთადერთი, რაც ნამდვილად და უტყუარად აიკრძალებიან, იქნებიან პაპუაშვილი და ივანიშვილის სხვა ამფსონები.
აუუუ... თბილისის მერობის კანდიდატი ირაკლი კუპრაძე გახსოვთ? ეს ადამიანი კალაძის გაშენებულ სკვერებსა და პარკებში დადიოდა, თან ყველის ვაჭარივით იკრიჭებოდა, ვიღაცებს ხელს ართმევდა და თავი უკვე მერი ეგონა. ეგ ამბობს, ანტიქართულმა „ოცნებამ“ გადაწყვიტა, დემოკრატიას მიაყენოს გადამწყვეტი დარტყმა, რუსული რეჟიმის მიმართ წინააღმდეგობა იქნება უკომპრომისო, ვდებთ პირობას, რომ ეს ბრძოლა არ გაჩერდება, სანამ არ იქნება გამარჯვებაო. ნეტავ, ვისთან დებს პირობას და რომელ გამარჯვებაზე ლაპარაკობს? აშკარაა, ამათ ვერც ადგილობრივი არჩევნების შედეგებმა ასწავლა ჭკუა და ალბათ, ვერც აკრძალვა ასწავლის ჭკუას, რა ჯიუტი აბდლებიც არიან, ის ჯიუტი აბუეტები დარჩებიან. აბუეტი აბდალს ნიშნავს კახურად. ეგ არი და გორის ციხე!

გელა ზედელაშვილი