ახალი სასურველი „პატარძალი“ სახელად ჩინეთი
პირადად მე, კარგად მესმის როგორც შიდა, ისე გარე მტრების გავეშებისა, როდესაც საქართველო რომელიმე ქვეყნის სასურველი პარტნიორი ხდება, ამ შემთხვევაში – ჩინეთისა. ჩინეთი პარტნიორი ქვეყნის სტატუსს დღეს შემთხვევით სახელმწიფოებს არ ანიჭებს. მით უმეტეს, გლობალური სავაჭრო ომების, ძველი ლოჯისტიკური ჯაჭვების დაშლისა და აზიასა და ევროპას შორის მარშრუტებისთვის მძაფრი ბრძოლის პირობებში. ამ დროს რომ აყენებს პეკინი საქართველოს აზიის ერთ-ერთი უმსხვილესი ტურისტული და საინვესტიციო პლატფორმის ცენტრში, ეს ნიშნავს, რომ ჩინეთი საქართველოს აღიქვამს როგორც მომავალი ევრაზიული დერეფნის ერთ-ერთ საკვანძო ელემენტს არა მხოლოდ სატრანსპორტო, არამედ ფინანსურ, კულტურულ და სერვისულ მიმართულებებშიც. მსოფლიოს უდიდესი ეკონომიკა, ფაქტობრივად, საკუთარ პოლიტიკურ პრესტიჟს სწორედ საქართველოს პოპულარიზაციაში დებს. ფაქტობრივად, ჩინეთი საჯაროდ აჩვენებს, რომელ ქვეყანას განიხილავს როგორც „შუა დერეფნის“ ყველაზე სტაბილურ კვანძს.
ჩინეთი უკვე „ეკონომიკური გიგანტია“, განსაკუთრებით, თუ ვსაუბრობთ მშპ-ს მოცულობაზე მსყიდველუნარიანობის პარიტეტით, სადაც ჩინეთი პირველია. რუსეთი ამავე მეთოდოლოგიით მაღალ პოზიციას ინარჩუნებს – მეოთხე ადგილზე ასახელებენ. მათი ტანდემით იქმნება ისეთი ძალა, რაც, უდავოდ, გასათვალისწინებელია – ეკონომიკურად უფრო ძლიერი ჩინეთი და სამხედრო-სტრატეგიულად გამორჩეული რუსეთი.
რუსულ-ჩინური სიმპათიები ახალი არ არის, მაგრამ ახლა ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მესამე ძლიერი ძალის, აშშ-ისთვის. ვლადიმირ პუტინისა და დონალდ ტრამპის ვიზიტები ჩინეთში სხვადასხვა მიზანს ემსახურებოდა. ტრამპი პეკინს მსხვილი გეოპოლიტიკური წინადადებით ეწვია – რაზეც ჯერ კიდევ შარშან ვსაუბრობდი. ტრამპი ორიენტირებული იყო იმაზე, რომ ჩინეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობა დაერწმუნებინა „დიდი ორეულის“ უპირატესობაში საკუთარი პერსონის მოაზრებით, მაგრამ მას შემდეგ, რაც სანაგვე ურნაში მოისროლეს ჩინური მხრისგან მიძღვნილი სამახსოვრო ნივთები, ოდნავი სიმპათიაც რომ ჰქონოდა ჩინეთის მხარეს მანამდე, ასეთი უპატივცემულო საქციელის შემდეგ, მათ მიმართ დამოკიდებულება შეეცვლებოდათ. ფაქტია, რომ ტრამპის გუნდისთვის ვიზიტი არცთუ ისე წარმატებული გამოდგა – ჩინეთი ამერიკას დათმობებზე არ წაჰყვა.
რუსეთი კი, როგორც ჩინეთისთვის ნაცადი პარტნიორი, გეოპოლიტიკურ ამოცანებს არ ისახავდა. მოსკოვი პეკინში თავის მოკავშირესთან პოზიციებს აჯერებს მიმდინარე საერთაშორისო პრობლემებთან დაკავშირებით და პერსპექტიული ეკონომიკური პროექტების წინ წამოწევას ცდილობს. ზოგიერთში გარღვევა უკვე ახლავეა შესაძლებელი. სხვები კი, როგორიცაა გაზსადენი „ციმბირის ძალა - 2“, კვლავ საჭიროებს მოლაპარაკებებსა და დეტალიზაციას. ზოგადად კი, რუსეთ-ჩინეთის ურთიერთობებში გარღვევები საჭირო არ არის, რადგან ის სტაბილურად მაღალ დონეზეა, რასაც ვერ ვიტყვით ვაშინგტონისა და პეკინის ურთიერთქმედებაზე.
ცდილობს, არ ერიდება არაფერს, მაგრამ არ გამოსდის მედღეხვალიე ტრამპს, მით უმეტეს, როგორც სახელგატეხილ ამერიკის შეერთებულ შტატებს. არ აქვს კარგად საქმე აშშ-ს. საქმე ის არის, რომ აშშ არასდროს იყო ცალკე ძალა, მას მოკავშირეები ჰყავდა და მთლიანობაში „კოლექტიური დასავლეთი“ იყვნენ, ახლა კი, ეს „კოლექტიურობა“, ფაქტობრივად, დაიშალა. მიზეზები მოკლედ ასე ყალიბდება: პრაქტიკულად, NAთO-მ აჩვენა, რომ არ სურს „ამერიკულ ავანტიურებში“ ჩართვა, ხოლო აშშ-ს აღარ სურს ისეთი მოკავშირეები, რომლებიც მხოლოდ გამორჩენას ელიან მისგან.
ტრამპი, როდესაც აუგად მოიხსენიებს ბაიდენს, გულისხმობს მის ადმინისტრაციას, მაგრამ მაინც იმ საბრალო მოხუცზე ტეხს ჯოხს, რომელიც მოჩვენებებს დასდევდა ხელის ჩამოსართმევად. მარტივია, ტრამპმა გარედან დაინახა მსოფლიო სიძულვილი აშშ-ის მიმართ და ისიც, რომ მისი მოკავშირეები, მათ შორის, აღმოსავლეთაზიელები, ორმაგ თამაშს ეწეოდნენ და ეწევიან – არც ამერიკას იმდურებდნენ და არც რუსეთს. ტრამპი ვაჭარი კაცია-მეთქი, ბევრჯერ მითქვამს, ამდენად, მას ვერავინ გამოაპარებდა იმას, რომ ქათმები მასთან (აშშ-სთან) კაკანებდნენ, კვერცხს კი სხვის საბუდარშიც დებდნენ. აშშ-ს მოკავშირეები კი ჰყავს, მაგრამ, როგორც ვთქვი, ერთ ჰანგზე არ მღერიან, ხან პირველი ხმა ურევს, ხან – მეორე, ან – ბანი, ბირთვულ დაპირისპირებამდე მისვლა კი, საბედნიეროდ, არავის უნდა. თუმცა, რატომაც არა. როგორც ხმა გავრცელდა, აშშ-ის არმიის გაერთიანებული შტაბების ხელმძღვანელმა გენერალმა დენ კეინმა უთხრა უარი ბირთვული კოდების მიცემაზე „ცნობისმოყვარე“ ტრამპს, თორემ, ალბათ, მარცხენა ფეხზე ამდგარი, დედამიწას გადაბუგავდა კიდეც. რა ქნას, რუსეთ-ჩინეთის ურყევი პარტნიორობა ისედაც პრობლემა იყო აშშ-ისთვის, ახლა კი ყველაზე დიდი სტრატეგიული პრობლემა ხდება.
მოსკოვი და პეკინი იდეალურად ეწყობიან ერთმანეთს, რადგან ისინი ერთმანეთისთვის ტვირთი კი არა, გამწევი ძალა არიან. ამდენად, მათი ლიდერების შეხვედრის შემდეგ გავრცელებული ერთობლივი განცხადება, რომ რუსეთი და ჩინეთი განაგრძობენ შეიარაღებულ ძალებს შორის მეგობრობის განმტკიცებას და ერთობლივად უპასუხებენ სხვადასხვა გამოწვევასა და საფრთხეს; განაგრძობენ ორი ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს შორის ტრადიციული მეგობრობის განმტკიცებას; სამხედრო სფეროში ურთიერთნდობის გაღრმავებას; თანამშრომლობის მექანიზმების გაუმჯობესებას; ერთობლივი წვრთნების; საჰაერო და საზღვაო პატრულირების პრაქტიკის გაფართოებას; ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში კოორდინაციისა და ურთიერთობის გაძლიერებას, სხვადასხვა გამოწვევებსა და საფრთხეებზე ერთობლივად რეაგირებას და გლობალური და რეგიონული უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შენარჩუნებას, – ფრიად უსიამოვნო მოსასმენი იქნებოდა სწორედ რომ „კრებსითი დასავლეთისთვის“.
ჯერ მხოლოდ ჩინეთისა და რუსეთის ექსპერტმა ადრიან გეიგესიმ აღიარა ღიად, რა უბედურების მომტანი იქნება პეკინი-მოსკოვის ძალაუფლების ღერძის გავლენა ევროპასა და, ცხადია, გერმანიაზეც – ის თავისას ჩივის. მან მტკიცებულებითი ფორმით განაცხადა: „გერმანია ნერვიულად რეაგირებს რუსეთის პრეზიდენტის ჩინეთში ვიზიტზე. შეშფოთება გამოითქვა „ციმბირის ძალა-2“ გაზსადენის მშენებლობასთან დაკავშირებით, რომელიც, საბოლოოდ, შეცვლის რუსული გაზის ექსპორტს დასავლეთიდან აღმოსავლეთში. ენერგიის ფასებზე შედეგები კოლოსალური იქნება. ევროპაში იაფი მილსადენური გაზი გაქრება და მის ადგილს ძვირადღირებული თხევადი გაზი დაიკავებს. რუსეთი დამოუკიდებელი გახდება დასავლეთის ბაზრისგან და აღარ დაექვემდებარება სანქციებს. ჩინური ნედლეულის რუსეთში მიწოდების ზრდა ასევე, გაზრდის წარმოების ხარჯებს გერმანიაში, რაც მას კიდევ უფრო მეტად დამოკიდებულს გახდის ჩინეთზე. ხოლო, თუ ამას ტაივანის კრიზისიც დაემატება, ჩინეთს გადაჭარბებული ფასებით გერმანიის სრული პარალიზება ან მისი გაკოტრება შეუძლია. ტაივანი მსოფლიოში ნახევარგამტარების 64%-ს აწარმოებს. მათ გარეშე ვერცერთი სამრეწველო საწარმო ვერ ფუნქციონირებს“.
რაც მნიშვნელოვანი იყო, უკვე მოხდა ორ აქტად ჯერ ტრამპის, შემდეგ კი პუტინის მონაწილეობით. განსხვავება ის არის, რომ ტრამპი სავაჭროდ შეხვდა სი ძინპინს, პუტინი კი კიდევ ერთხელ ესტუმრა მეგობარს.
სრულებით არ დავინტერესდებოდი, ჩინეთში ვინ რატომ ჩავიდა და უკან დაბრუნდა, მაგრამ ეს საქართველოსთან არის პირდაპირ კავშირში. საერთო ინტერესები რომ გვაქვს ამ ველურ სამყაროში გიგანტ ჩინეთსა და პატარა საქართველოს, ამაზე უფრო მეტად რამ უნდა დამაინტერესოს. სხვათა შორის, ძალიან მაინტერესებს, მრავალწლიან მოყვრებში რანაირად ვჯდებით საერთო სივრცეში ერთ მათგანთან მტრად მოკიდებულები. რა საინტერესოა, საქართველოს ერთმანეთის ეკონომიკურ კავშირებში რანაირად განიხილავენ? – ვკვდები ინტერესით. დავიჯერო, ჩინეთი არ ეტყვის, ხმელეთითაც მინდა მოკლე გზა, ამიტომ, მე დამაბრალე და დაუბრუნე პატარა, მაგრამ მხცოვან საქართველოს, აფხაზეთიო?
მე ასე მინდა და თან ერთი ძველი ანეკდოტი გამახსენდა.
როდესაც ხრუშჩოვი გადააყენეს, მან ორი კონვერტი დაუტოვა თავის მემკვიდრეებს და უთხრა: თუ გამოუვალ სიტუაციაში ჩავარდებით, პირველი კონვერტი გახსენით - და თუ მეორედაც იგივე სიტუაციაში ჩავარდებით, მეორე კონვერტი გახსენითო.
მალე მის შემცვლელს მოუწია პირველი კონვერტის გამოყენება. გახსნა და იქ ეწერა: „ყველაფერი მე დამაბრალე“. მართალაც ასე მოიქცა და გამოძვრა სიტუაციიდან.
შემდეგ ისევ აღმოჩნდა კუთხეში და მეორე კონვერტი გახსნა. იქ ეწერა: „ახლა დაჯექი და ასეთივე ორი წერილი დაუწერე შენს შემცვლელს“.
ჰოდა, იქნებ, დაიბრალოს ჩინეთმა და საკუთარ თავზე აიღოს, იხსნას პუტინი გამოუვალი მდგომარეობიდან და ჩვენც გავიხაროთ...
მე, ბედნიერ და გალაღებულ საბჭოთა ახალგაზრდას, იმდენად გაუბედურებული და მშიერი ჩინეთი მახსოვს, რომ მეგონა, ბედნიერი ჩინელი მდიდრები მხოლოდ ბრინჯს ჭამდნენ, მაგრამ გაძღომამდე და სხვადასხვა ვარიაციებით, ღარიბები კი ჭაობებში დაძვრებოდნენ ბრინჯის მოსაპოვებლად, მხოლოდ მოხარშული ბრინჯი ჰქონდათ და ჯავრიან გულზე ბრინჯისავე არაყ „საკეს“ აყოლებდნენ. მაშინ როგორ წარმოვიდგენდი ჩინეთის იმ დონეზე აღზევებას, რომ „ამერიკის მეფე“ ეახლებოდა „ჩინეთის მეფეს“ და ის იმასაც არ იკადრებდა, რომ შეგებებოდა, ან გაეცილებინა...
მართალია, ყოყლოჩინა ტრამპი ყველაფერს ეჩოსავით თავისკენ მიითლის, მაგრამ მართლა ასე ხომ არ არის.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, თუ რას ფიქრობდა პუტინისა და სი ძინპინის შეხვედრაზე, ტრამპმა ყურადღება საკუთარ ვიზიტზე გაამახვილა. „ვფიქრობ, ეს კარგია. მე ორივესთან შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს. თუმცა, არ ვიცი, იყო თუ არა დახვედრის ცერემონია ისეთივე ბრწყინვალე, როგორიც ჩემი. მე ვუყურე მას. ვფიქრობ, ჩვენ მათ ვაჯობეთ,“ - განაცხადა ტრამპმა.
ეს თუ ვინმეს არ გაეჯიბრა, არ შეუძლია! პუტინს საგარეო საქმეთა მინისტრი დახვდა ტაშ-ფანდურით, მას კი - კოლმეურნეობის თავმჯდომარე... და სულაც, მე თუ მკითხავთ, ირაკლი ღარიბაშვილს უფრო გრანდიოზულად და მეფურად დახვდნენ, ვიდრე მეფე-ტრამპს!
რა უცნაურ ეპოქაში მომიწია ცხოვრებამ – მსოფლიო სუფრის ერთ-ერთ ცენტრალურ ადგილზე ჩინეთი ზის და ეს ის ჩინეთია, მე რომ მეცოდებოდა, მან კი სამხრეთ კავკასიაში თავის ძირითად სტრატეგიულ პარტნიორად საქართველო დაასახელა.
მაია ჭელიძე

