ყალბი „მენდლები“ და ჟღარუნ-ჟღურუნები

ყალბი „მენდლები“ და ჟღარუნ-ჟღურუნები

ალბათ, ხშირად გიკვირთ, რატომ არიან „ნაცები“ და მათთან გათანაბრებული პირები გაგიჟებულები, გაცეტებულები, გააკარაკებულები და, საერთოდ, ჭკუიდან გადასულები. ხომ შეიძლება, იყო ხელისუფლებაში, მერე სხვა მოვიდეს, შენ წახვიდე, იყო წყნარად, მშვიდად, დაელოდო მომენტს და ისევ მოხვიდე, ან ვერ მოხვიდე, სადამდეც იყავი, ეს იკმარო. წესით, ასე უნდა იყოს, ასეთი ისტერიკა, ნაკერავზე ხევა, პრეწვა და ჭინთვა რა საჭიროა? არა, „ნაცები“ და მათთან გათანაბრებული პირები ვერ ეგუებიან ძალაუფლების დაკარგვას და თან დააკვირდით (დაკვირვებაც არ უნდა), ზუსტად ის ხალხი აქტიურობს, ზუსტად ის ხალხი იხევა ნაკერავზე, რომელიც მიხეილ სააკაშვილის „საპატიო სიაში“ იყო შეყვანილი და ათასნაირი სიკეთით სარგებლობდა. სიკეთით რა, ამ შემთხვევაში ვგულისხმობ კაი ხელფასს, კაი გავლენას, ზედა ეშელონებში მისვლა-მოსვლას, ფუსფუსს, ხვევნა-კოცნას, მტლაშა-მტყუშს და ასე შემდეგ. მახსოვს, მე თვითონ მაქვს სტატიები გამოქვეყნებული ხელოვნების იმ ე. წ. მუშაკებზე, რომლებიც გაფორმებულები იყვნენ კაზრეთის ოქროს მომპოვებელ „კვარციტში“ (შემდეგ სახელი შეეცვალა) და ყოველი თვის ბოლოს ჩადიოდნენ „ხელფასების“ ასაღებად. აბა, თქვენ რომ გიკვირთ, ამ ხელოვნების ე. წ. მუშაკებს რა რჯით, რაზე იხევიანო, სწორედაც ეგ რჯით - სათქვლეფი აღარ აქვთ, მუქთა შემოსავლები შეუწყდათ, ზედა კაბინეტებში აღარ იღებენ დიდი სიყვარულით და პატივისცემით, რესტორნებსა და საბანკეტო დარბაზებში აღარ უხდიან დაბადების დღეებსა თუ ქორწილებს და, რაც მთავარია, ქვეყნის პრეზიდენტი აღარ ანიჭებს უმაღლეს ჯილდოებს. გაინტერესებთ, ვინ არიან ის „პატივცემული გვამები“, რომლებსაც მიხეილ სააკაშვილი ჯილდოებს აჭრევინებდა და ვედროებით არიგებდა? ჰმ... ზოგს ისეთი ჯილდო აქვს მინიჭებული, უბრალოდ, გაგიკვირდებათ და პირსაც დააღებთ. მეტიც, ამ სიაში ზოგიერთ ისეთ პიროვნებას ნახავთ, გაგეცინებათ და მხრებსაც აიჩეჩავთ, მაგრამ ფაქტია, მიხეილ სააკაშვილი ორდენებს ურიგებდა ყველას, ვისაც კი ამ მიწაზე გაუვლია და ჩაუხველებია. ზოგს არც გაუვლია, მაგრამ ორდენი იქ, თავის ქვეყანაში დააწიეს. 
დავით აღმაშენებლის ორდენი - სააკაშვილის დროს ეს ორდენი გაცემულია მხოლოდ ორჯერ, მიენიჭათ გიგი უგულავას და ლევან ვარშალომიძეს. წარმოგიდგენიათ? დავით აღმაშენებლის ორდენი გიგი უგულავას, ამავე დროს, ლევან ვარშალომიძეს. ერთმა ლამის ბოლომდე გამოხრა თბილისი, მეორემ კიდე ბათუმი - თავისი მამის ხელით. 
თამარ მეფის ორდენი (2013 წელი) - ელენე ხოშტარია, ეკა კვესიტაძე, ქეთი დევდარიანი, მაია ასათიანი, ნანა ჟორჟოლიანი, ხატია ბუნიათიშვილი, ინგა გრიგოლია, ნინო შუბლაძე, ნანა ჯანელიძე.
არ დაგავიწყდეთ, 2013 წელს ხელისუფლებაში უკვე „ქართული ოცნებაა“, მაგრამ პრეზიდენტად ჯერ კიდევ მიხეილ სააკაშვილი დევს. წასასვლელად გამზადებულმა მიხეილმა დრო იხელთა და ჩამოარიგა თამარ მეფის ორდენი ვედროთი. თქვენ კიდე გიკვირთ, რატომ იჭაჭება ინგა გრიგოლია ასე და ამდაგვარადო.  
ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი (2010 წელი), სულ დაჯილდოვდა 55 პირი, მათ შორის: მამუკა ხაზარაძე დავით დარჩიაშვილი, გია მურღულია, ნინო სურგულაძე, ზურაბ ბუცხრიკიძე, ილიკო სუხიშვილი, ნინო სუხიშვილი, რისმაგ გორდეზიანი, ლევან ალექსიძე, ნინო ანანიაშვილი, როლანდ ახალაია, ნანი ბრეგვაძე, იულონ გაგოშიძე, პაატა ბურჭულაძე, ნიაზ დიასამიძე, ნიკა ვაჩეიშვილი, ეკა ზღულაძე, ლადო გურგენიძე, რამაზ ნიკოლეიშვილი. 
ამავე ორდენით შემდეგ წლებში დაჯილდოვდნენ: გელა ჩარკვიანი, რაფაელ გლუქსმანი, ნინო ქათამაძე, გიორგი ვაშაძე, დავით საყვარელიძე, კახა ბაინდურაშვილი, ზაზა კორინთელი (ზუმბა), გიორგი უშიკიშვილი, დავით გოგიჩაიშვილი, დონალდ ტრამპი, თემურ იაკობიშვილი, ლევან ვარშალომიძე, ცეზარ ჩოჩელი, აკაკი ბობოხიძე, ვიტალი კლიჩკო, ზაალ უდუმაშვილი, აკაკი გოგიჩაიშვილი, გიორგი ლიფონავა, პავლე კუბლაშვილი, ნიკა ტაბატაძე, დავით კიკალიშვილი, ზურაბ ჭიაბერაშვილი, ნათია ბანძელაძე, ირმა ნადირაშვილი, ზაალ სამადაშვილი, ნიკა გვარამია, დავით კირკიტაძე, ბაიარ შაჰინი, ალექსანდრე ლუკაშენკო , ვიქტორ იანუკოვიჩი, მეჰრიბან ალიევა, დონალდ ტუსკი, მანანა მანჯგალაძე, გიორგი ტუღუში, შოთა მალაშხია, გიორგი კარბელაშვილი, გიორგი კანდელაკი, ალექსანდრე კვიტაშვილი.
ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით დაჯილდოვდნენ: თენგიზ გუნავა, გიორგი გრიგალაშვილი, რომან შამათავა ზაზა ჭაია, კოხტა კოდუა, ლევან ქარდავა, გიორგი კალანდაძე, გიგა ბოკერია, ნიკოლოზ რურუა, გიორგი თარგამაძე, გიორგი ბარამიძე, რამაზ ნიკოლაიშვილი, გრიგოლ ვაშაძე, გელა ბეჟუაშვილი, ლეონიდ კუჩმა, თეიმურაზ ჯანაშია.
წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენი: ერეკლე კოდუა, ვლადიმერ გურგენიძე, ვახტანგ კიკაბიძე, ნიკოლოზ ძებნიაური, შალვა ჯანაშვილი, ვალდის ზატლერსი, ვიქტორ იუშჩენკო, ვიტაუტას ლანდსბერგისი, რონალდ ასმუსი, ჯონ ფრენსის ტეფტი, პეტრას ვაიტიეკუნასი,  ჯოზეფ ბაიდენი, დევი ჭანკოტაძე, დავით ნაირაშვილი, დავით ახალია, დავით ჩხარტიშვილი, რიჩარდ ჰოლბრუკი, ვანო ხუხუნაიშვილი, ტოომას ჰენდიკ ილვესი, მარტ ლაარი, ჯოზებ ლიბერმანი, ქშიშტოფ ლისეკი, ვაცლავ ჰაველი, ნიკოლა სარკოზი, ალექსანდრე ლომაია, ანრი დე რენკური, მათიას იორში, ანდრის ბერზინში, რამაზ ნიკოლაიშვილი, ივანე მერაბიშვილი, 
გიორგი კარბელაშვილი, დავით ბაქრაძე, ალექსანდრე ხეთაგური, ანდრო ბარნოვი, კახა ბენდუქიძე, გიორგი პაპუაშვილი, კონსტანტინე კუბლაშვილი,
ნიაზ დიასამიძე, დავით ბეჟუაშვილი, ილჰამ ალიევი, გელა ჩარკვიანი.
მოდი, ახლა გავაანალიზოთ, რაში სჭირდებოდა საქართველოს ვიტაუტას ლანდსბერგისის დაჯილდოება, ანუ მისთვის წმინდა გიორგის სახელობის ორდენის მინიჭება? ან ვინ ოხერია რონალდ ასმუსი? ვინ მუდრეგია პეტრას ვაიტიეკუნასი? ჯოზეფ ბაიდენი კიდე ჰო, ვიცით, გაგვიგია, ვარაუდზე დადიოდა, ცაში ანგელოზებს ელაპარაკებოდა, ეს რიჩარდ ჰოლბრუკი ვინ მუდრეგია-მეთქი? ყველას ვერ ჩამოვთვლი, სია წაიკითხეთ ხელახლა და მიხვდებით, რომ აქ უამრავი მუდრეგია, რომელთაც ამ ქვეყნისთვის არაფერი გაუკეთებიათ. ამათგან ზოგი ელჩი იყო, ზოგი - ევროპარლამენტარი, ზოგი - სხვა ქვეყნის პრეზიდენტი, ზოგი პოლიტიკური ჩინოვნიკი, სააკაშვილი მათ იმიტომ ურიგებდა ორდენებს, რომ მერე თავის ნებაზე აეოხრებინა ეს ქვეყანა და ხმა არავის ამოეღო. თქვენ გგონიათ, საქმე მხოლოდ ორდენებშია? არა, აქედან ყოველწლიურად 20 მილიონი დოლარი მიედინებოდა უცხოელი დიპლომატებისა თუ პოლიტიკოსების ჯიბეებში. ესენი ქრთამს ლობისტობას ეძახდნენ და კარგადაც კეთდებოდნენ. 2012 წლიდან ეს „კანალი“ ჩაიჭრა, 20 მილიონი დოლარი გაჩერდა, ვეღარ წაიღეს და ამიტომაც მივიღეთ ის, რასაც დღეს ვუყურებთ და გვიკვირს. გაცოფებულები არიან, აქედან ზოგიერთი უკვე მკვდარია, მაგრამ ვინც ცოცხალი დარჩა, როგორც შეუძლიათ, ისე აზიანებენ საქართველოს. რომელი საბჭოთა კავშირი, სადაური დიქტატურა? ამათ რომ ვუყურებ, ასე მგონია, საბჭოთა კავშირს ანგელოზები მართავდნენ. კაი, დავანებოთ თავი ამ მუდრეგებს და გადავიდეთ შემდეგ მუდრეგებზე: მაგალითად, ლეონიდ კუჩმასთვის რატომ უნდა მიენიჭებინათ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენი? რა იყო, კუჩმამ გორგასლის დაარსებული თბილისი გააუმჯობესა? არც ვიცი, ეგ კაცი თბილისში ნამყოფია? 
ლუკაშენკო? ახლა ამათ რომ ჰკითხო, ბოლარუსის პრეზიდენტი დიქტატორია და საქართველო ბელარუსისკენ მიექანება. როცა ბრწყინვალების ორდენს ჰკიდებდა სააკაშვილი, მაშინ არ იყო ლუკაშენკო დიქტატორი, რუსეთუმე და პუტინის მონა? იქნებ ვიქტორ იანუკოვიჩი იყო დემოკრატიის შუქურა და მერე გახდა ჩამოსაგდები დიქტატორი? არა, აი, დონალდ ტუსკი ნამდვილად უნდა დაეჯილდოებინა სააკაშვილს, თბილისში უმაგისოდ არაფერი გაკეთებულა. ჰო, მეჰრიბან ალიევასაც ეკუთვნოდა, ვალში ვიყავით და გადავიხადეთ.
მოკლედ, სია, რომელიც წარმოგიდგინეთ, არ არის მხოლოდ სია - ეს არის ფარისევლობისა და უზნეობის ნიმუში. რასაკვირველია, იგი არ გახლავთ სრული, მე მხოლოდ წარმოგიდგინეთ ცნობილების გვარ-სახელები, უცნობები ამოვშალე, აზრი არ აქვს. ისე, რაღა დაგიმალოთ და... მიკვირს, ისეთი რა ვალი გვქონდა ამ ახალაიებისა, რომ მთელ ოჯახს თავზე ვაყარეთ ორდენები? ან სხვებისა რა ვალი გვქონდა, რომ ზოგიერთს ყველა სახის ორდენი აქვს მინიჭებული? ალბათ ხედავთ, სააკაშვილს არაერთისთვის არაერთი ორდენი ჩამოუკიდნია და დაჯილდოებულთაგან არც ერთი არ გაწითლებულა. 
და თქვენ ამის მერე გიკვირთ, რატომ დარბიან ცოცხლად დარჩენილები რუსთაველზე? ნუ გიკვირთ, ეს მათი ვალია!

გელა ზედელაშვილი