პეტრე მამრაძე: კლინიკური იდიოტი ან თაღლითია, ვინც ამბობს, რომ საქართველოს უსაფრთხოების გარანტი ევროკავშირში გაწევრიანებაა

პეტრე მამრაძე: კლინიკური იდიოტი ან თაღლითია, ვინც ამბობს, რომ საქართველოს უსაფრთხოების გარანტი ევროკავშირში გაწევრიანებაა

გვესაუბრება პოლიტიკოსი  პეტრე მამრაძე:

_ ბატონო პეტრე, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის, ამერიკის შუამავლობით, ისტორიულ შეთანხმებას მოეწერა ხელი. რას ავალდებულებს მხარეებს ეს შეთანხმება?
_ დიახ, შეთანხმების პირველი პუნქტი სომხეთისა და აზერბაიჯანის ე. წ. ეუთო-ს მინსკის ჯგუფიდან ერთობლივ გასვლას ითვალისწინებს. ამ ჯგუფს ვითომ ყარაბაღის კონფლიქტი უნდა მოეგვარებინა, თუმცა, ამ მიმართულებით არაფერი გაკეთებულა. ბაქოში აცხადებდნენ, რომ ყარაბაღის კონფლიქტის ხსენება რეალობას არ შეესაბამებოდა, რადგან ის აღარ არსებობდა. ახლა ყარაბაღი აზერბაიჯანის ტერიტორიაა და ამაზე არც არავინ დავობს. მეორე პუნქტი ე. წ. ზანგეზურის დერეფნის პრობლემის მოგვარებაა. ეს გახლავთ 42-კილომეტრიანი სატრანსპორტო კომუნიკაცია, რომელიც სომხეთის ტერიტორიაზე გადის და აზერბაიჯანს ისევ მის ტერიტორიასთან _ ნახიჩევანის ავტონომიასთან შეაერთებს. ნახიჩევანის ავტონომია აზერბაიჯანისთვის ექსკლავია, სომხეთისთვის კი _ ანკლავი. მას მცირე საზღვარი აქვს თურქეთთან, რომელმაც ყარაბაღის კონფლიქტის ძალის გამოყენებით გადაწყვეტაში გეოპოლიტიკური, სტრატეგიული როლი შეასრულა. 
ზანგეზურის დერეფანთან დაკავშირებით შეთანხმებას ხელი 2020 წელს მოეწერა, როცა ყარაბაღში და მიმდებარე ტერიტორიაზე საომარი მოქმედებები დასრულდა, თუმცა, ის პუნქტი დღემდე არ ამოქმედებულა. საქმე ის არის, რომ სომხეთი მის ტერიტორიაზე საბაჟოს პუნქტის განთავსებას კატეგორიულად ითხოვდა. აშშ-ის ჩართულობის შედეგად ამ დერეფანს „ტრამპის მარშუტი საერთაშორისო მშვიდობისა და აყვავებისთვის“ ეწოდა. ამ დოკუმენტში კორიდორი ნახსენები აღარ იქნება. სამშვიდობო ხელშეკრულებით სომხეთი და აშშ და არა აზერბაიჯანი, პირდაპირ ერთობლივ სომხურ-ამერიკულ კონსორციუმს ქმნიან. შედეგად, სომხეთის ტერიტორიული მთლიანობა ხელუხლებელი იქნება, მაგრამ აშშ ინვესტიციას განახორციელებს. აშშ და სომხეთი კონსორციუმს ერთად უხელმძღვანელებენ, მათ შორის, ამერიკის წარმომადგენლები ამ გზის ამოქმედებას მოემსახურებიან. 
მესამე პუნქტი ჩარჩო-ხელშეკრულებაა, რომელიც სომხეთსა და აზერბაიჯანს ავალდებულებს, საბოლოო მშვიდობის მისაღწევად მუშაობა კვლავ განაგრძონ. სამშვიდობო შეთანხმების 17 მუხლზე მზაობა უკვე არსებობს. ჩნდება შეკითხვა: რატომ არ მოეწერა და არც ამჟამად რატომ არ ეწერება ხელი ამ სამშვიდობო ხელშეკრულებას? ახლა ხელი მოეწერა იმას, რომ 17 პუნქტის შესრულებაზე უარს არ იტყვიან. საქმე ის არის, რომ დამოუკიდებლობის გამოცხადბის შემდეგ, კონსტიტუციაში ნახსენებია, რომ მთიანი ყარაბაღი თავის სამშობლოს _ სომხეთს უნდა შეუერთდეს. აზერბაიჯანი პრეამბულიდან ამ ნაწილის ამოღებას ითხოვს, რაზეც ფაშინიანი უარს არ ამბობს, თუმცა აცხადებს, რომ რეფერენდუმის ჩატარებას დრო სჭირდებაო. ამჯერად მხარეები ვალდებულებას იღებენ, რაც შეთანხმებულია, უკლებლივ შეასრულონ. რჩება ერთადერთი _ სომხეთმა კონსტიტუცია შეცვალოს, რის შემდეგაც ჩარჩო-ხელშეკრულებას ხელი მოეწერება. 
_ შუამავლად აშშ-ის ჩართულობას, რუსეთისთვის სილის გაწვნად აფასებენ. რეგიონიდან რუსეთის გაძევება და მისი ამერიკით ჩანაცვლება ხდება?
_ რუსეთს რეგიონიდან არავინ აძევებს. შევარდნაძემ რუსეთის დელეგაციას ჩემი თანდასწრებით უთხრა: ასე თანმიმდევრულად რატომ გინდათ დატოვოთ კავკასია, სადაც შეუძლებელია, თქვენი ინტერესები არ იყოს. რატომ ისწრაფვით, რომ კავკასიიდან საკუთარი თავი თავად გაიგდოთო. რასთან გვაქვს საქმე? _ სომხეთი აკონტროლებდა როგორც მთიან ყარაბაღს, ისე აზერბაიჯანის შვიდ მიმდებარე რაიონს, ჯამში, 20%-ს. რუსეთის შუამავლობით 1994 წელს ხელმოწერილი დოკუმენტიდან 26 წელი გავიდა და კონფლიქტის მოგვარების საკითხი ადგილიდან არ დაძრულა.
2020 წლის მერე 5 წელი გავიდა, მაგრამ ზანგეზურის დერეფნის საკითხი ვერ დაიძრა. ახლა, უკვე აშშ-ის შუამავლობით „ტრამპის მარშუტს“ ხელი მოეწერა. ანუ, რუსეთს სამხრეთ კავკასიიდან არავინ აძევებდა. ვიმეორებ, მან საკუთარი თავი თავად გააძევა. სომხები დარწმუნდნენ, რომ რუსეთი ის მოკავშირე არ არის, რომელსაც შეუძლია საერთაშორისო არენაზე მოლაპარაკებების დროს სომხეთისთვის სასარგებლო რამ გააკეთოს. დღევანდელი რეალობა ასეთია _ რუსეთს გეოპოლიტიკურ ძალთა ახალი თანაფარდობის პირობებში, რაიმე ფუნქციის შესრულება, უბრალოდ, არ შეუძლია. ამიტომ გამოჩნდა ძალა, რომელიც ორივე მხარისთვის მისაღები აღმოჩნდა და შედეგად, ისტორიულ ხელშეკრულებას ხელი მოეწერა. 
_ რეგიონში უმნიშვნელოვანესი გეოპოლიტიკური ძვრები ხდება. ამ დროს სად არის საქართველო?
_ სად ვიქნებით?! _ „კაგებე“-ს აგენტ სააკაშვილისა და ბიძამისის შემოყვანილი რუსული ტანკები და არტილერია დგას როგორც აფხაზეთში, ისე ცხინვალის რეგიონში _ თბილისიდან 30 კმ-ში და არ არსებობს არანაირი ძალა, რომელიც მათ შეკავებას შეძლებს, თუ თბილისის მიმართულებით გადაადგილებას მოინდომებენ. მსოფლიოში არ არსებობს ძალა, რომელიც აუკრძალავს პუტინს, ხელი არ მოაწეროს ბრძანებულებებს, რითაც ცხინვალის რეგიონს იქაური მოსახლეობის თხოვნით ჩრდილოეთ ოსეთს შეუერთებს, ხოლო აფხაზეთი გამზადებულია იმისთვის, რომ რუსეთთან ერთად სამოკავშირეო სახელმწიფოს სუბიექტი გახდეს. ეს ყველაფერი ნებისმიერ დროს შეიძლება მოხდეს, რითაც სულ სხვა რეალობას მივიღებთ. ისევე, როგორც სხვა რეალობა დადგება, თუ რუსეთი აქ შემოსვლას გადაწყვეტს. 
მადლობა ღმერთს, მიშას და ნაცების დასავლელი ლობისტების მიერ მართული მრავალი პროვოკაციის მიუხედავად, ხელისუფლება ღირსეულად ახერხებს, ამას არ წამოეგოს და ომში არ ჩაერთოს. 2022 წელს, ხელისუფლებამ თავიდან აირიდა ის საფრთხე, რაც რუსეთისგან, შესაძლოა, ნებისმიერ წამს მოგველოდეს. ამ დროს, ნაცების _ ბოკუჩავების და სხვათა მხრიდან გვესმის: საქართველოს უსაფრთხოების ერთადერთი გზა ევროკავშირში გაწევრიანებააო. კლინიკური იდიოტი ან თაღლითი უნდა იყო, რომ მსგავსი რამ თქვა. სანამ ჩვენი ორი დიდი რეგიონი ოკუპირებულია, საქართველოს ევროკავშირში ან ნატო-ში გაწევრიანებაზე არავინ იფიქრებს. რუსეთი ამ რეგიონებს ცალკე სახელმწიფოებად ცნობს და იქ სამხედრო ბაზებიც აქვს. მინდა, განსაკუთრებული ყურადღება გახარიაზე შევაჩერო,  როცა რუსეთმა უკრაინაში საომარი მოქმედება დაიწყო, გახარიამ განაცხადა: ჩვენ გვინერგავდნენ, რომ უძლურნი ვართ, არაფერი შეგვიძლია. აი, თუ არ შეგვიძლია. ახლა უკრაინა იმის მაგალითია, რომ ბრძოლა შეგვიძლიაო. მაშინ ვთქვი: ეს ადამიანი კლინიკური იდოტი არ არის. მაშინ, როგორ უნდა გძულდეს შენი ხალხი, სამშობლო, რომ უკრაინაზე, სადაც ამხელა ტრაგედია ტრიალებს, თქვა _ ჩვენთვის მაგალითიაო. აი, რაზე წამსვლელნი არიან ნაცები, რომელთა დიდი ნაწილი რუსეთის ყველაზე რეაქციულ ძალასთან _ სპეცსამსახურებთან არის დაკავშირებული.
_ აგვისტოს ომიდან ჩვიდმეტიწელი გავიდა, როცა მიშამ მარცხი გამარჯვებად გაასაღა და გამოგვიცხადა, რუსეთს ნიღაბი ჩამოვხსენიო.
_ აღსანიშნავია, რომ ხელისუფლებამ 2022 წლის მერე, თანმიმდევრულად შეძლო ისეთი პოლიტიკის გატარება, რომ კრემლისთვის საბაბი არ მიეცა, საქართველოში კიდევ ერთი ოპერაცია ჩააეტარებინა. არადა, ამაზე ლაპარაკი სულ იყო _ უსუფაშვილები, ხიდაშელები რომ დაიყვირებდნენ, მაპი გვინდაო, ლავროვები აცხადებდნენ: ჭკუით, თორემ სულ სხვა რამეს მიიღებთო. ნატო-ს მასშტაბური სწავლება, რასაც ათასზე მეტი ამერიკელი ჯარისკაცი და ასზე მეტი გენერალი ესწრებოდა, ვაზიანში გაიმართა _ 2008 წლის 15 ივლისს დაიწყო და 31 ივლისს დასრულდა. სწავლებას „დაუყოვნებლივი პასუხი“ ერქვა, რაც საქართველომ მისი დასრულებიდან ერთი კვირის თავზე იწვნია. 9 აგვისტოს აშშ-ს თავდაცვის მდივანმა განაცხადა: საქართველოში ყველაფერი დასრულებულია, მის ცას მთლიანად რუსეთის 50 თვითმფრინავზე მეტი აკონტროლებსო. ხოლო 10 აგვისტოს სააკაშვილმა ბაქრაძის პირით შემოგვითვალა (თვითონ რეზიდენციის ბუნკერში იმალებოდა), მოსახლეობა შემოსულ მტერს დანა-ჩანგლით შეებრძოლოსო. მოსახლეობის ნაცვლად, რატომ ჯარს არ მოუწოდა ბრძოლისკენ?! _ იმიტომ, რომ ჯარი მის ბრძანებას აღარ ასრულებდა! მაშინ პარლამენტში ვიყავი, როცა მიშამ თქვა: რაც უფრო მეტ ხალხს დახოცავენ რუსები, მით უკეთესიო. კარგია, რომ პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ ამ ფაქტს მიაკვლია და წულუკიანმა ამ საკითხს დიდი ყურადღება დაუთმო. მოსახლეობის ევაკუაცია იმიტომ არ უნდოდათ, რომ გეგმა ასეთი იყო: რუსებს რაც შეიძლება მეტი ქართველი დაეხოცათ. ალბათ, იკითხავთ, რატომო? _ სააკაშვილს აწყობდა, მერე ეყვირა, ბოროტმოქმედმა რუსებმა მშვიდობიანი მოქალაქეები დახოცესო, რათა ამ თემით გადაეფარა ის, რაც თვითონ ჩაიდინა _ სამხედრო-პოლიტიკური სისხლიანი ავანტიურა, რაც ქართულ მიწაზე ძირძველი ქართული ქალაქის _ ცხინვალის დაბომბვით განახორციელა.
_ ევროკავშირის ულტიმატუმს ვადა ორ კვირაში ეწურება. რა მოლოდინი გაქვთ?
_ იმის ალბათობა, რომ ამ პერიოდში უვიზო მიმოსვლის შეწყვეტას შეძლებენ, მცირეა. იტალიის ხელმძღვანელობით, კიდევ შვიდი სახელმწიფო საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების წინააღმდეგია. თავად ევროკავშირის, ევროპარლამენტარების ქცევა, სამარცხვინოა. ისინი საქართველოს მიმართ ღიად ცილისმწამებლურ პროპაგანდისტულ კამპანიას აწარმოებენ. ჯერ კიდევ 2013 წელს ბელგიის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, შემდგომში ევროპარლამენტარმა დაწერა, როგორ ამოვაშროთ ევროკავშირის ჭაობიო. ამის მერე ეს ჭაობი კი არ ამოშრა, არამედ უფრო გაღრმავდა და გაფართოვდა.

თამარ შველიძე