დასრულდება თუ არა ძველი მსოფლიო წესრიგი გლობალური ომით?
გვესაუბრება საერთაშორისო ურთიერთობების მკვლევარი, პროფესორი თამარ კიკნაძე:
_ ქალბატონო თამარ, რა ფაზაშია სამხედრო კონფლიქტი ახლო აღმოსავლეთში? როგორც ამბობენ, ირანის საჰაერო სივრცეზე დომინაცია ისრაელს აქვს.
_ ვერ ვიტყოდი, რომ უპირატესობა ისრაელს აქვს, კი ბატონო, პირველი დარტყმა ირანზე ისრაელმა განახორციელა, რასაც ბევრი მაღალჩინოსანი, მათ შორის, სამხედროები და ფიზიკის დარგის მეცნიერები შეეწირნენ და რაღაც პერიოდი ირანში დაბნეულობა იგრძნობოდა, მაგრამ მობილიზება მოხდა და თანამდებობებზე ახალი პირები მალევე დანიშნეს. ჩემი აზრით, ისრაელს დარტყმების განხორციელების მიზეზი არ ჰქონდა, რადგან ბოლო დროს აბრაამის ხელშეკრულებები გაფორმდა, ისრაელი არაბეთის ბევრმა ქვეყანამ ცნო, დაიგეგმა გარკვეული სამშვიდობო პროცესებიც.
ირანს რაც შეეხება, იქ მოქმედებს სულიერი ლიდერის აიათოლა ჰამენეის გამოცემული ფეტვა, რაც გულისხმობს, რომ ატომური იარაღი გამოყენებული არ იქნება. ირანს ამ იარაღის გამოყენება არც აწყობს.
გარდა ამისა, საუბარია ურანის გამდიდრების პროცენტულობაზე. დასაშვები ნორმა 3,7-ია და დავა მიდის იმაზე, რომ პროცენტულობა 60-ზე მეტია. ირანს ამჟამად არ აქვს ატომური იარაღი, მაგრამ შეუძლია, უცებ დაამზადოს. ანუ, ფეტვას იცავს _ იარაღს არ ამზადებს, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში, ამას უცებ მოახერხებს.
აქვე აღსანიშნავია, რომ ირანის ატომური პროგრამა ამერიკელებმა დაიწყეს, შემდეგ პაკისტანელები და ჩრდილოეთ კორეა დაეხმარნენ. ახლაც, საჭიროების შემთხვევაში, ჩრდილოეთ კორეა ირანს ატომურ იარაღს მიაწოდებს. ბირთვული ფიზიკის ბევრი სპეციალისტი რუსეთში მომზადდა. იგივე, გერმანელების დაპროექტებული ბუშერის ატომური ენერგოსადგურის მშენებლობა რუსებმა დაასრულეს. საინტერესო მომენტია, რომ დარტყმების განხორციელების საფუძველი არ იყო. ისევე, როგორც იმ საომარი მოქმედებების აუცილებლობა, რაც ისრაელ-პალესტინას შორის 8 ოქტომბერს დაიწყო. ისრაელს არაერთი სპეცსამსახური ჰყავს და ამ დარტყმების შესახებ რომ არ იცოდა, ძალიან დიდ ეჭვს იწვევს. ამით იმის თქმა მინდა, რომ ეს პროცესები გარკვეული ძალების მიერ არის პროვოცირებული.
_ საუბარია ამერიკის კონფლიქტში ჩართვაზე. ეს რამდენად არის ტრამპის ინტერესში?
_ ტრამპს არ აწყობს აღნიშნული საომარი მოქმედებები. ჯერ ერთი, ცალსახად იმის თქმა, რომ ისრაელი ამ ომს მოიგებს, არასერიოზულია. მართალია, ისრაელი ამერიკის პროქსი ქვეყანაა, მაგრამ ირანი 100-მილიონიანი, დიდი ტერიტორიის მქონე ქვეყანაა, რომელსაც ისეთი გეოგრაფიული მდებარეობა აქვს, რომ მტრისთვის იქ საომარი მოქმედებების წარმოება ძალიან ძნელია. გარდა ამისა, მხოლოდ საჰაერო დარტყმებით მიზნის მიღწევა, სახმელეთო ოპერაციების გარეშე, შეუძლებელია, რაც სამხედროებმა კარგად იციან. გარდა ამისა, ისრაელი ბალისტიკური რაკეტებით დაბომბვას მარტო ვერ განახორცელებს. თვითონ ამ რაკეტებს არ აწარმოებს, მას ამერიკა უნდა დაეხმაროს. ირანი ბალისტიკურ და ფრთოსან რაკეტებს თავად აწარმოებს. ასე რომ, ბევრი კითხვის ნიშანი ჩნდება. აღსანიშნავია ისიც, რომ კონფლიქტში ჩართვასთან დაკავშირებით, ამერიკაში აზრი ორად გაიყო _ დიდ ნაწილს საომარ მოქმედებებში ჩაბმა არ სურს. ეს ომი შიდა ელიტების განხეთქილების შედეგია.
გავიხსენოთ, რაზე აპელირებდა `დემოკრატიული პარტია~ ტრამპის მოსლამდე? _ მისი გაპრეზიდენტება არ შეიძლება, რადგან იგი იმპულსური, არასანდო ადამიანია და ატომური იარაღის გამოყენების ქეისის მის ხელში აღმოჩენა სახიფათოა, თავისი ქმედებებით, შეიძლება ომში ჩაგვითრიოსო.
მანამდე, 2015 წელს ირანთან ენერგო პროგრამაზე მოლაპარაკებები ბარაკ ობამამ დაიწყო. მასში უშიშროების საბჭოს წევრები, გაერო და გერმანია მონაწილეობდნენ. მოლაპარაკება გარკვეულ კონდიციამდე მივიდა, მაგრამ ამერიკის კონგრესმა მისი რატიფიცირება არ მოახდინა. მეტიც, `რესპუბლიკელმა~ კონგრესმენებმა ცალსახად თქვეს, რომ ირანთან მსგავსი მოლაპარაკებები გამართლებული არ არის, რომ მალე მოვა `რესპუბლიკელი~, რომელიც ამ მოლაპარაკებების შედეგებს გააუქმებს. ასეც მოხდა _ 2016 წელს ტრამპმა აღნიშნული ხელშეკრულებები გააუქმა.
_ რა საფრთხეს შეუქმნის მსოფლიოს, მათ შორის, საქართველოს, ატომური იარაღის გამოყენება?
_ ჩვენ უნდა ვილოცოთ, რომ ატომური იარაღი არ გამოიყენონ. ღმერთმა დაგვიფაროს, რადგან ეს ეკოლოგიურ კატასტროფას გამოიწვევს. გარდა ამისა, საქართველოს მიმართულებით დევნილები დაიძვრებიან. არც ის არის გამორიცხული, რომ საქართველო საომარი მოქმედებებისთვის პლაცდარმად გამოიყენონ. ჩვენთვის არასახარბიელი სიტუაცია იქმნება, ამიტომ მოლაპარაკებას ალტირნატივა არ აქვს.
ტრამპი გამოუვალ მდგომარეობაშია. მას სერიოზულ პრობლემებს უქმნიან, იგივე, კალიფორნიაში განვითარებული მოვლენების კუთხით. ტრამპი იძულებული გახდა, ეროვნული გვარდია გამოეყენებინა, რაც უპრეცედენტო შემთხვევაა, რადგან ჩვეულებრივ, აშშ-ში ამგვარ პრობლემებს ადგილობრივი ხელისუფლება აგვარებს გუბერნატორის დონეზე. ცდილობენ, ტრამპს ავტორიტარული მმართველის სახელი დაერქვას. მას ბევრი არაკეთილმოსურნე ჰყავს. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია შემდეგი გარემოება: ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკური რუკის თავიდან ფორმირება იგეგმება. ზოგი ექსპერტი ამბობს, რომ ახალი მსოფლიო წესრიგის ფორმირების პროცესში ვართ და ძველი გლობალური ომით უნდა დამთავრდეს. თუ მსოფლიო წესრიგების ცვლილებების არსებულ პრაქტიკას გადავხედავთ, მართლაც ასეა _ ყველა წესრიგი გლობალური ომის შედეგად შეიცვალა. თანაც ჩვენ არ ვიცით, რისთვის კეთდება ეს ყველაფერი, იქნებ, ისრაელის სახელმწიფოს დანგრევისთვისაც? გავიხსენოთ კისინჯერის სიტყვები: ისრაელს არსებობის ბოლო წლები დარჩა. ერთი რამ ფაქტია, რომ ომი ამ ქვეყნების ეროვნულ ინტერესში არ არის. უბრალოდ, აქ ის ძალები მოქმედებენ, რომელთაც ზოგი დიფ სთეითს ეძახის. ისინი არად დაგიდევენ არც ამერიკის და არც ისრაელის კეთილდღეობას, გაღებული მსხვერპლიც არაფრად მიაჩნიათ.
_ თქვენ თქვით, ისრაელს ირანზე დარტყმის მიზეზი არ ჰქონდაო. იქნებ, მიზეზი რელიგიურ საფუძვლებზე მდგომი რეჟიმის ჩამოშლაა?
_ ეს მთელი რიგი ქვეყნების გაღიზიანებას იწვევს. შიდა საქმეებში ჩარევა არავის ესაქმება. რეჟიმ-ჩეინჯი იგივე ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში ძალიან ცუდად დამთავრდა. სადაც რევოლუცია და რეჟიმ-ჩეინჯი მოხდა, არცერთი ქვეყანა წარმატებული არ არის, არც ხალხი ცხოვრობს იქ კარგად. ავიღოთ თუნდაც ლიბია, ერაყი. მეტიც, დასავლური სოციოლოგიური კვლევებით, მოსახლეობაშიც კი, რომელიც ირანიდან რეჟიმს გაექცა, ერთგვარი განწყობა იქაც არ არის. ზოგი ამბობს, რომ დაბრუნდება და ირანის სასარგებლოდ იბრძოლებს. რა შედეგი დადგება, არავინ იცის. ვიმეორებ, რეჟიმ-ჩეინჯი არავის მოწონს, რადგან ამან არსად გაამართლა.
_ როგორც აღნიშნეთ, მოლაპარაკებას ალტერნატივა არ აქვს. როგორ უნდა აიძულონ ირანი, მოლაპარაკების მაგიდას მიუჯდეს?
_ ირანმა განაცხადა: ისრაელმა დაბომბვა შეწყვიტოს და ამის შემდეგ წავალთ მოლაპარაკებებზეო. ისრაელი არ ჩერდება, რაც ჰვაფიქრებინებს, რომ ამის უკან გარკვეული ძალები დგას. ტრამპიც იძულებულია, ამ სიტუაციაში, რაღაცნაირად იმოქმედოს. თავად იგი ევანგელისტია და ისრაელის სიონისტებთან იდეოლოგიური თანხვედრა აკავშირებს. თუმცა, მიმაჩნია, რომ აშშ-ისთვის ომის წარმოება მომგებიანი არ არის.
_ ტრამპის მიერ ბირთვულ ობიექტებზე დარტყმებს რა შედეგი მოჰყვება?
_ ბირთვული ობიექტები ირანს ღრმად მიწის ქვეშ აქვს განლაგებული. ჯერჯერობით, აშშ-მ ირანის სამ ბირთვულ ობიექტს დაარტყა. ტრამპმა განაცხადა: ან იქნება მშვიდობა, ან ირანში იმაზე დიდი ტრაგედია დატრიალდება, რაც ბოლო რვა დღის განმავლობაში ვიხილეთო. ირანმა ბირთვულ ობიექტებზე დარტყმები დაგმო და საპასუხოდ ისრაელს დაარტყა. ვითარება ურთულესია.
_ რამდენად არის საფრთხე, კონფლიქტი მასშტაბურ ომში გადაიზარდოს?
_ დიდი საფრთხეა, რადგან ვინ ვის მხარეს დაიჭერს, არავინ იცის. აგერ, ირანს პაკისტანი უჭერს მხარს, ჩრდილოეთ კორეამაც განაცხადა, რომ მას ატომურ იარაღს მიაწოდებს. საომარი მოქმედებების დაწყებისას არავინ იცის, ძალები როგორ გადანაწილდება. ამიტომ ჩვენ ძალიან დიდი რისკის წინაშე ვართ. საკმაოდ არაპროგნოზირებადი სიტუაციაა.
_ ამ რთულ ვითარებაში ხომ არ დადგა დრო, მეზობლებთან სამშვიდობო ხელშეკრულებები გავაფორმოთ?
_ რა თქმა უნდა, პირველ რიგში, რეგიონის ქვეყნებთან თანამშრომლობაა საჭირო. მით უმეტეს, იმ ფონზე, როცა ჩვენი ინტერესები ევროკავშირის ქვეყნების ინტერესებს არ ემთხვევა და არავინ იცის, ჩვენ მიმართ როგორ იქცევიან. აგერ, კიდევ მიიღეს რეზოლუცია, რასაც საფუძველი არ აქვს, გვაშანტაჟებენ ვიზა-ლიბერალიზაციის შეჩერებით და ა.შ. მათ ჰგონიათ, რომ ეს მოსახლეობის აღშფოთებას და შედეგად, ხელისუფლების შეცვლას გამოიწვევს. ვერ ხვდებიან, რომ ვისაც მხარს უჭერენ, მათ ხელისუფლებაში მოსვლის არანაირი შანსი არ აქვთ.
_ ტრამპი G7-ის სამიტზე ზელენსკის არ შეხვდა. ეს რაზე მიუთითებს?
_ ტრამპის მთელი საარჩევნო კამპანია მშვიდობის დამყარებაზე იყო ორიენტირებული. მაგრამ, სამწუხაროდ, ისეთი სინამდვილე დაახვედრეს, რაც მისთვის პრობლემურია. რისთვის უნდა შეხვდეს ზელენსკის, როცა იცის, რომ ამ უკანასკნელს ომის შეწყვეტა არ სურს და აპირებს უკანასკნელ უკრაინელამდე იომოს?!
თამარ შველიძე

