მიწა, ვაზი, დაკარგული შაბიამანი და მოდური შხამქიმიკატები

მიწა, ვაზი, დაკარგული შაბიამანი და მოდური შხამქიმიკატები

წინა კვირის ერთ-ერთ დღეს, როცა თაკარა მზემ კაი გვარიანად დააჭირა, მეზობლის ბიჭმა შემომძახა, ვენახში წამლობის დროა, რამე ვიღონოთო. მანამდე გავრიგდით, პრეპარატები უნდა მეყიდა და თავის ვენახს ჩემსასაც მიაყოლებდა, შეწამლიდა. ვკითხე, რა პრეპარატი უნდა ვიყიდოთ, რომელია უკეთესი-მეთქი? არ ვიცი, მაღაზიაში გამყიდველი თვითონ გვირჩევს, წელს რა პრეპარატებია შემოსული, არ ვიციო. ჩავსხედით მანქანაში, მუსიკა ჩავრთეთ, ხმას ავუწიეთ და წავედით წნორში, სადაც მაგარი ქაოსია. თბილისთან შედარებით ძალზედ პატარაა, თორემ ტრანსპორტისა და სავაჭრო ობიექტების სიმრავლით თბილისი გეგონებათ. 
მივედით სპეციალურ მაღაზიაში, რიგია, ყველა რაღაც ფხვნილსა თუ სითხეს ყიდულობს და შესაწამლად გარბის. ზოგი ამბობს, დაგვიანდაო, ზოგი - არ დაგვიანდა, ნუ ღელავთო. არიან ისეთებიც, რომლებიც ამტკიცებენ, სწორედ ახლაა კარგი დრო, ვაზი ერთი-ორჯერ ყვავილობამდე უნდა შეიწამლოსო. კი, ბატონო, შეიწამლოს, ჩვენც ეგ გვინდა. როგორც იქნა, მოგვიწია რიგმა, გამყიდველმა პლანების რაოდენობა გვკითხა, მერამდენე წამლობააო, ჩაგვეკითხა და რაღაც პაკეტები გადმოგვილაგა, თან რაღაცა დაგვიწერა, ეს ამდენი გახსენით წყალში, ეს კიდე ამდენიო. ჰო, ისიც გვკითხა, ტრაქტორით უნდა შეწამლოთ თუ ზურგის აპარატითო? ამან, ამ მეზობლის ბიჭმა უთხრა, აპარატითო, ანუ ზურგითო. ვიყიდეთ, ოღონდ რა ვიყიდეთ, არ ვიტყვი, რეკლამა გამომივა. გერმანულიაო, ამაზე უკეთესი არ შემოსულაო. 15 პლანისთვის 108 ლარი გადავიხადე, პირველ წამლობაზე მეტი არ ყოფილა საჭირო, თურმე მეორეზე, მესამეზე, მეოთხეზე და ასე შემდეგ, უფრო მოიმატებს, წამალი უფრო მეტი დასჭირდება და ფასიც გაიზრდება. 
მოდით, ვიანგარიშოთ, მე 1 ჰექტარის მეოთხედის პირველი შეწამლვა მიჯდება 108 ლარი, შემდეგ ნელ-ნელა მოიმატებს და სავარაუდოდ ავა 200 ლარამდე. საჭიროა, მინიმუმ, 11-12 წამლობა. უხეშად რომ ვიანგარიშოთ, 1 ჰექტარის მეოთხედის მხოლოდ წამლობა მიჯდება 1500-2000 ლარი. აქ ვანგარიშობ მუშის გასამრჯელოს ყოველ წამლობაზე 50 ლარს. სხვათა შორის, უკვე გაჩნდა დრონები, რომელიც ტრაქტორზე და ზურგის აპარატზე იაფი ჯდება. ახლა ჩემი მეოთხედი ჰექტარი ვენახი ხომ უნდა გავამრავლოთ 4-ზე? ხედავთ, სად უტყამს 1 ჰექტარის მოვლის ფასები? ამას მიუმატეთ გასხვლა, შეყელვა, მწვანე ოპერაციები, მოხვნა, კულტივაცია და ასე შემდეგ. ვინც ამ ყველაფერს საკუთარი ხელით აკეთებს, ცოტა იაფად გამოდის, მაგრამ ეს ყველაფერი იმდენად შრომატევადია, სამაგიეროდ ჯანმრთელობას კარგავს და რაც მუშისთვის უნდა მიეცა, რომელიმე სამედიცინო კლინიკაში მიაქვს. 
მევენახეები ჩივიან, რომ ახალი პრეპარატები, რომელიც უცხოეთიდან შემოდის, უმეტესწილად უხარისხოა, ყოველ შემთხვევაში, ხშირად ვენახს კი არ რგებს, პირიქით, აზიანებს. ვერც იმას ვიტყვით, რომ საერთოდ არ ვარგა, მაგრამ არის შემთხვევები, როცა ვადაგასულს ასაღებენ, ან დაფასოებული ბრენდირებულ პარკებშია, სინამდვილეში კი საქმე გვაქვს გაყალბებულ ფხვნილთან. მევენახეები იმასაც ამბობენ, რომ საჭიროა შემოტანილი პრეპარატების გაკონტროლება, ზოგი ამტკიცებს, საერთოდ არ კონტროლდებაო, მაგრამ ასე არ არის, ქვემოთ მოგითხრობთ, რა ხდება ამ მხრივ და რა პრობლემებია საერთოდ. მე საგანგებოდ მოვიძიე მასალები, ზოგი მეცნიერებს დავესესხე, ზოგი მევენახეებს და ვფიქრობ, სრულყოფილი პუბლიკაცია უნდა გამომივიდეს. 
დავიწყოთ იქიდან, რომ საქართველოს აუცილებლად სჭირდება მევენახეობა-მეღვინეობის კვლევითი ინსტიტუტი. გვქონდა ჩვენ ასეთი ინსტიტუტი, რომელსაც, თავის მხრივ, ჰქონდა საცდელი სადგურები, მაგრამ მოვიდა თუ არა მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებაში თავისი ხროვით, ეგრევე დაეტაკა სამეცნიერო ინსტიტუტებს, გააუქმა, გაყიდა და თავისიანებს დაურიგა. იცით, მევენახეობა-მეღვინეობის რამდენი ინსტიტუტია საფრანგეთში? 54 გახლავთ. იტალიაში - 36. ბევრს ეგონა, რომ „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე აღადგენდა მათ, მაგრამ რატომღაც ასე არ მოხდა. თუ ჩვენ ვამტკიცებთ, რომ ღვინისა და ვაზის სამშობლო ვართ, მაშინ ეს აუცილებელია. არ დაიჯერებთ, თურმე ყოფილა დრო, როცა ვაზს შეწამლვა საერთოდ არ სჭირდებოდა, მეცხრამეტე საუკუნის 50-იანი წლებიდან ევროპულ ვაზს ამერიკული დაავადებები შეეყარა, ჯერ ფილოქსერამ დაიწყო ვაზის განადგურება, ხოლო მოგვიანებით სხვა დაავადებებმა იჩინა თავი. აი, აქ აღმოჩნდა მეცნიერება ვენახების სადარაჯოზე და ასე შეიქმნა შხამქიმიკატები. 
რატომ არის საჭირო დღეს საქართველოში ვაზის შეწამლვა 12-ჯერ, ხან 15-ჯერ, როცა კომუნისტების პერიოდში შაბიამნით 4-5 შეწამლვაც საკმარისი იყო? მე მახსოვს, ვენახი იწამლებოდა შაბიამნით და კირით, წინა დღეს ჩაჰკიდებდნენ წყლით სავსე კასრში ერთსაც, მეორესაც, კარგად გადნებოდა და მეორე დღეს მზად იყო. სპეციალისტების თქმით, ევროპაში დღესაც ხარისხიანი მოსავალი 4-5 შეწამლვით მოჰყავთ. რა გამოდის? ევროპაში ხარისხიანი პრეპარატები აქვთ, ჩვენ კი უახარისხოს გვიგზავნიან? ფაქტია, ასე გამოდის. იგივე სპეციალისტები ამბობენ, რომ დროა, ვაზის შესაწამლი სასუალებები საქართველომ თვითონ აწარმოოს. ევროპიდან, ძირითადად, ძველი პრეპარატები შემოდის. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, აკადემიკოსი ჟორა გაბრიჭიძე წერს, საქართველოში გაზეთები გამოდის, მაგრამ ყველა მათგანი მხოლოდ პოლიტიკაზე წერს, სოფელზე, სოფლის მეურნეობაზე მწერალი გაზეთი არ არსებობს:
„კომუნისტების დროს გამოდიოდა გაზეთი „სოფლის ცხოვრება“, რომლის გამოწერა სავალდებულო იყო სოფლის მაცხოვრებთათვის და სწორედ იქიდან იღებდა გლეხი ბევრ ინფორმაციას. დღეს კი ასეთი გაზეთი არ არსებობს, სამაგიეროდ გვაქვს „სოფლის მეურნეობის სამინისტრო“. საინტერესოა, რა არხებით აწვდის გლეხს სამინისტრო თავის გადაწყვეტილებებს და მათთვის საინტერესო ინფორმაციას? თუ არ აწვდიან, მაშინ რად გვინდა ასეთი სამინისტრო, რომელსაც სოფელთან და გლეხთან კავშირი არ აქვს? მართალია, არსებობს ელექტრონული საინფორმაციო საშუალებები, მაგრამ ჯერჯერობით ქვეყანაში არ არის ცხოვრების ის დონე, რომ სამინისტრომ სოფლის მეურნეობა კომპიუტერული ტექნიკით მართოს“.
ვერ შევედავებით ბატონ ჟორას, ახალი ტექნოლოგიები კარგია, მაგრამ დღეს სოფელში მაცხოვრებლების უმეტესობას ხელი ნამდვილად არ მიუწვდება ინტერნეტზე, უფრო სწორად, შეიძლება მიუწვდება კიდეც, მაგრამ არ იყენებს. სოფლად უამრავი ადამიანი ისევ ბეჭდვითი გამოცემების იმედზეა და მათი უფრო სჯერა. ეგ კი არა, „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ ერთი კინკილა გადაცემა ჰქონდა სოფელზე („ფერმა“) და ისიც დახურა. რატომ? ძალიან საინტერესო იყო, ბევრი უყურებდა, ბევრს მოსწონდა, ბევრი რაღაცას სწავლობდა. არა, მაინც დახურეს. როგორ შეიძლება. აგრარულ ქვეყანას არ ჰქონდეს გაზეთი სოფლის შესახებ და არც ტელევიზიით გადაცემები ამავე თემაზე? სულ რუსეთს რომ ვაკრიტიკებთ, ერთი ამ კუთხითაც შევხედოთ, არა მხოლოდ გაზეთები და სატელევიზიო გადაცემები აქვთ, მხატვრულ ფილმებსაც იღებენ და დოკუმენტურსაც, ამ მხრივ ძალიან სერიოზული ინდუსტრია აქვთ. 
სპეციალისტების მტკიცებით, ამჟამად საქართველოში ყოველწლიურად 2000 სახის პესტიციდები შემოდის, ხელშეკრულება პესტიციდების იმპორტზე მწარმოებელ, დისტრიბუტორ კომპანიებსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შორის არ ფორმდება. შესაბამისად, იმპორტირებული პროდუქციის ხარისხსა და ვარგისიანობის მონიტორინგი არ ხორციელდება. არადა, ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს სწორედ იმპორტირებული პროდუქციის შემოწმება და გამოცდა. 
ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის, ლეილა თარალაშვილის აზრით, უამრავი დასახელების პროდუქციაში ერთბაშად გარკვევა გლეხისთვის ურთულესია, პრეპარატი შესაძლოა, ვარგისია, მაგრამ კახეთის ნიადაგზე ვერ გაამართლოს, ამიტომ მიაჩნია, რომ პრეპარატების გამოცდა და შემოწმება ყოველი მიზეზის გარეშე უნდა ხდებოდეს. ზოგიერთი კი ამბობს, საქართველოში პესტიციდები ისე შემოდის, არავინ აკონტროლებსო, მაგრამ მთლად ასეც არ ყოფილა საქმე - აგერ, აღმოვაჩინე, რომ სურსათის ეროვნული სააგენტო ატარებს პესტიციდების რეგისტრაციას შემდეგი პრინციპებით: საჭიროა დოსიეს შემოწმება, ასევე საჭიროა დამადასტურებელი დოკუმენტაცია, გამოცდილია თუ არა ევროკავშირის ქვეყნებში, საქართველოს მსგავს კლიმატურ ზონაში - ბულგარეთი, უნგრეთი, რუმინეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, ხორვატია. ასევე არსებობს საქართველოში გამოსაყენებლად ნებადართული პესტიციდების სახელმწიფო კატალოგი, სადაც 80-მდე პრეპარატია ჩამოთვლილი თავისი მონაცემებით. კი, ბატონო, ეს კარგია, მაგრამ ხომ ამბობენ, 2000-მდე დასახელების შხამქიმიკატი შემოდისო? ეს ერთი და მეორეც - რატომ აღარ ვიყენებთ სუფთა შაბიამანს? აქაც ვაწყდებით პრობლემას - როგორც ამბობენ, სუფთა შაბიამანი სპილენძს შეიცავს და, ფაქტობრივად, ბუნებაში აღარ არსებობს. თურმე „სამთო ქიმია“ უშვებს და ძალიანაც აქებენ, მაგრამ ცოტაა, ვერც კი იშოვითო. მცოდნე ადამიანების თქმით, ურალის შაბიამანს არაფერი სჯობს, მაგრამ ვერც ამას იშოვით. 
ფაქტობრივად, რა გამოდის? დღეს მევენახეები წამლობის მხრივ ლატარიას თამაშობენ - ყიდულობენ შესაწამლ პრეპარატებს, შეიძლება ვენახი სულ გადაიბუგოს, შეიძლება - გაამართლოს. ამ საკითხს მიხედვა უნდა და ნეტავ, ვინ უნდა მიხედოს? მე მგონი, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ. 

გელა ზედელაშვილი