კამალა ჰარისი: აშშ-ირანის ომში მთავარი გამარჯვებული რუსეთია

კამალა ჰარისი: აშშ-ირანის ომში მთავარი გამარჯვებული რუსეთია

ვითარება მსოფლიოში კვლავ ბუნდოვანი და ფეთქებადსაშიშია. მართალია, სპარსეთის ყურეში ფართომასშტაბიანი ბრძოლები აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის შემდეგ შეჩერებულია, მაგრამ ახალი ძალით როდის იფეთქებს, არავინ იცის.
უნდა ვაღიაროთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ცდილობს ახლო აღმოსავლეთში მის მიერვე წამოწყებული ომის შეჩერებას. რაც მთავარია, უპირატესობას დიპლომატიას ანიჭებს. თუმცა რეგიონში აშშ-ის შეიარაღებული ძალების კონტინგენტი არ შემცირებულა, პირიქით, გაიზარდა კიდეც.
ამასობაში ორმუზის სრუტის ბლოკირება ორმხრივად გრძელდება: ერთი მხრიდან აშშ-ს აქვს ჩაკეტილი, მეორე მხრიდან – ირანელებს. აქედან გამომდინარე, ხდება ლოკალური შეტაკებები, მაგრამ, საბედნიეროდ, ფართომასშტაბიან ბრძოლებში ჯერ არ გადაზრდილა. გასულ კვირას აშშ-ის სამხედრო ფლოტმა ირანული ნავთობის გადამზიდი ოთხი ტანკერი დააზიანა ბლოკირების რეჟიმის დარღვევისთვის. ამის შემდეგ ირანელებმა განაცხადეს, რომ ორმუზის სრუტეში ნაოსნობის რეჟიმში ნებისმიერ ჩარევას ცეცხლის შეწყვეტის პირობების დარღვევად განიხილავენ.
ირანის არმიასა და აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ფლოტს შორის ორმუზის სრუტეში პერიოდულ შეტაკებებს პორტალი „ფარსი“ ადასტურებს. ტელეკომპანია „ფოქს ნიუსის“ ჟურნალისტის, ჯენიფერ გრიფინის ინფორმაციით, გასულ კვირას აშშ-ის სამხედრო ძალებმა დარტყმა განახორციელეს ირანის პორტ კეშმიზე და ქალაქ ბენდერ-აბასზე. ცენტრალურ სამეთაურო შტაბში განმარტეს, რომ შეტევა აშშ-ის გემებზე თავდასხმის საპასუხოდ განახორციელეს.
როგორც მოგვიანებით ირანის მხარემ განაცხადა, მათ ტანკერებზე შეტევის გამო უპასუხეს, რისთვისაც ბალისტიკური ფრთოსანი რაკეტებითა და ძლიერი ასაფეთქებელი მუხტით აღჭურვილი დრონებით აშშ-ის სამ გემს შეუტიეს. თუმცა დონალდ ტრამპის მტკიცებით, ირანთან ზავი გრძელდება. მისივე თქმით, მხარეებს შორის მოლაპარაკებები გრძელდება და „ძალიან კარგად“ მიმდინარეობს.
გამოცემა „აქსიოსი“, რომელიც თეთრი სახლის ჩინოვნიკებთან არის დაახლოებული, გასულ კვირას იუწყებოდა, რომ, შესაძლოა, ტრამპს საბრძოლო მოქმედებები განეახლებინა. „ცალკეული ამერიკელი და ისრაელელი ჩინოვნიკები მიიჩნევენ: თუ დიპლომატიური ჩიხი გაგრძელდება, შესაძლოა, ტრამპმა საბრძოლო მოქმედებების განახლების ბრძანება გასცეს“, – ნათქვამია პუბლიკაციაში.
სენსაციური განცხადება გააკეთა ჯო ბაიდენის ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა. მისი თქმით, „აშშ-ირანის ომში მთავარი გამარჯვებული რუსეთია, უკრაინა კი ერთ-ერთი დაზარალებული ქვეყანაა. ტრამპმა რუსეთს სანქციები მოუხსნა, რომელმაც ნავთობის გაყიდვით უდიდესი შემოსავალი მიიღო. ამის გარდა, ირანთან ომის გამო აშშ ახლო აღმოსავლეთში აგზავნის იარაღს, რომელიც უკრაინაში უნდა გაეგზავნათ“, – ციტირებს მის ნათქვამს „ფოქს ნიუსი“.
მოლაპარაკებები აშშ-ირანს შორის შუამავლების მეშვეობით მიმდინარეობდა. გასულ კვირას კონფლიქტის დარეგულირების პირობების განსახილველად ამერიკაში კატარის პრემიერ-მინისტრი ჩავიდა, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელს, მარკო რუბიოს და ტრამპის სპეცწარმომადგენელს, სტივ უიტკოფს შეხვდა. დიალოგის დეტალები არ გასაჯაროებულა. პაკისტანის წარმომადგენლებმა აშშ-ს გადასცეს ირანის პირობები, რომლებიც ტრამპისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. ამ ეტაპზე შეიძლება ითქვას, რომ ისედაც მყიფე მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა.
დაძაბულ ფონზე საერთო ინტერესი ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს საჯარო სატელევიზიო გამოსვლამ გამოიწვია. გასულ კვირას მან განაცხადა, რომ ირანთან შეიარაღებულმა კონფლიქტმა სასურველი შედეგი ვერ გამოიღო და ამიტომ საქმე ბოლომდეა მისაყვანი. ანუ, სავარაუდოდ, სპარსეთის ყურეში მოსალოდნელია საომარი მოქმედებების ახალი ძალით განახლება. ამ ფონზე ნავთობის ფასი კვლავ გაიზარდა.
ჯერ კიდევ კონფლიქტის დაწყებისთანავე დონალდ ტრამპი არ გამორიცხავდა ისლამურ სახელმწიფოში სახმელეთო ოპერაციის დაწყებასაც. როგორც ცნობილი გახდა, საბრძოლო მოქმედებების განახლების შემთხვევაში, პენტაგონმა შეიძლება დაიწყოს სახმელეთო ოპერაცია. თუმცა სამხედრო ანალიტიკოსები აშშ-ის მხარეს არ ურჩევენ ირანში ქვეითი ჯარების შეყვანას, რადგან ქვეყანაში აუტანელი სიცხეები იწყება, რაც ამერიკელი სამხედროების მოქმედებას ნაკლებად ეფექტურს გახდის და უპირატესობას ირანელები მოიპოვებენ. თუმცა, ვნახოთ, განახლდება თუ არა სპარსეთის ყურეში საბრძოლო მოქმედებები. იმედი ვიქონიოთ, რომ დონალდ ტრამპი კვლავ მოთმინებას გამოიჩენს და განაგრძობს დიპლომატიური გზით უკიდურესად დაძაბული ვითარების განმუხტვას.
აქვე სათქმელია, რომ თუ ვინმეს აწყობს საბრძოლო მოქმედების მალე დასრულება, დონალდ ტრამპია. ჯერ ერთი, მას ჩანიშნული აქვს ჩინეთში ოფიციალური ვიზიტი. ივნისის თვეში მას 80 წლის იუბილე აქვს, 4 ივლისს კი აშშ-ის სახელმწიფოებრიობის 250 წლის აღსანიშნავი თარიღია და, რაც მთავარია, ნოემბრის დასაწყისში საკანონმდებლო ორგანოებში არჩევნებია და უმრავლესობის დაკარგვის შემთხვევაში რესპუბლიკელები პოლიტიკური თვალსაზრისით მნიშვნელოვნად დაზარალდებიან.
გასულ კვირას ფაშიზმზე გამარჯვების 81-ე წლისთავი აღინიშნა. ძირითადი ღონისძიება, თავისთავად, რუსეთში გაიმართა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გასულ წლებთან შედარებით სამხედრო აღლუმი მოკრძალებულად ჩატარდა – არ გამოიყვანეს სამხედრო ტექნიკა. თუმცა 9 მაისის ღონისძიებას ერთგვარი საფრთხეც შეექმნა. სომხეთის დედაქალაქ ერევანში ევროკავშირის გაფართოებულ სამიტზე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტრიბუნიდან განაცხადა, რომ წითელ მოედანზე გამართულ აღლუმში მისი ქვეყნის უპილოტო საფრენი აპარატებიც მიიღებდნენ მონაწილეობას. სამწუხაროდ, მისი მკვეთრი და პროვოკაციული მუქარისთვის დამსწრეთაგან ყურადღება არავის მიუქცევია.
როგორც მოსალოდნელი იყო, რუსეთის მხარემ მწვავე განცხადება გააკეთა. თავდაცვისა და საგარეო საქმეთა სამინისტროებმა უკრაინა ღიად გააფრთხილეს, რომ მსგავსი პროვოკაციის შემთხვევაში დაბომბავდნენ კიევს, განსაკუთრებით – სამთავრობო კვარტალს. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი დონალდ ტრამპს ესაუბრა, რომელმაც მოიწონა დროებითი ზავის იდეა, რომელიც რუსეთმა შესთავაზა უკრაინას და დაგმო ზელენსკის განცხადება. ამის შემდეგ უკრაინამაც დროებითი ზავი გამოაცხადა.
არასტაბილური ვითარებაა ევროპაში. განვლილ უქმეებზე ბრიტანეთში ადგილობრივი არჩევნები გაიმართა. ხელისუფლებაში მყოფი ლეიბორისტული პარტია დამარცხდა. ახლა უკვე ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერის გადადგომაზე საუბრობენ, რომელსაც მოსახლეობაში საკმაოდ დაბალი რეიტინგი აქვს. მართალია, საპარლამენტო არჩევნებამდე კიდევ არის დრო, მაგრამ ლეიბორისტული პარტიის დაბალი რეიტინგიდან გამომდინარე, რაც ადგილობრივ არჩევნებშიც აისახა, მოსალოდნელია სამთავრობო ცვლილებები.
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი ზუსტად ერთი წელია ქვეყნის სათავეშია, მაგრამ მისი ავტორიტეტი ისტორიულად დაბალ დონეზეა. მოქალაქეების შეკითხვაზე, რა გააკეთა, რა გააუმჯობესა ქვეყანაში ამ ერთი წლის განმავლობაში, მერცმა უპასუხა: „ჩვენ შევინარჩუნეთ ნატო“. სოციალური საკითხების მოგვარების ნაცვლად, მისი ყურადღება ქვეყნის შეიარაღების გაზრდაზეა გადატანილი.
საგულისხმო განცხადება გააკეთა ორიოდე დღის წინ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა: „მაბრალებენ, ტერიტორიები დაკარგეო. ყარაბაღი სომხეთის არასოდეს ყოფილა. მითხარით, რა გავაკეთეთ, რა ავაშენეთ ყარაბაღში? ის ჩვენი არასოდეს ყოფილა“, – განაცხადა ფაშინიანმა საჯარო გამოსვლისას.
სავარაუდოდ, მსოფლიოში ბევრი რადიკალური ცვლილება მოხდება – კარგი თუ ცუდი, ძნელი სათქმელია.

გია ბურდული