მან დაგვავიწყა, რომ გისოსებში ვიყავით

მან დაგვავიწყა, რომ გისოსებში ვიყავით

ბეტონის ნაცრისფერი კედლები, მავთულხლართები, შეიარაღებული ბადრაგი, მკვლელობა, თვითმკვლელობა _ ეს ის გარემოა, სადაც სასოწარკვეთა და შიში სუფევს, მაგრამ 2020 წლის გაზაფხულზე, პარაგვაის დედაქალაქ ასუნსიონის მკაცრი რეჟიმის ციხეში, „აგროპასიონ ესპესიალიზადაში“, სრულიად სიურრეალისტური სურათი იხატებოდა. ეზოში, სადაც ნარკობარონები და მკვლელები სასჯელს იხდიდნენ, ისმოდა სიცილი, მუსიკა და იწვებოდა მწვადი, ხოლო ამ კარნავალის ცენტრში იდგა კაცი, რომლის ღიმილიც მსოფლიო ფეხბურთის სავიზიტო ბარათია. რონალდინიო გაუჩო _ „ოქროს ბურთის“ მფლობელი და ფეხბურთის ჯადოქარი საკნის „ნარზე“ იჯდა, თუმცა ამ ისტორიაში ყველაზე საინტერესო არა მისი დაპატიმრება, არამედ ის მიზეზი და პრიზი იყო, რისთვისაც მან ციხის ეზოში ითამაშა.
რონალდინიოს პატიმრობა აბსურდით დაიწყო. რონალდინიო და მისი ძმა, რობერტო, პარაგვაიში საქველმოქმედო ღონისძიებისთვის ჩავიდნენ. აეროპორტში მათ პასპორტები წარადგინეს, სადაც ეწერათ, რომ ისინი პარაგვაის მოქალაქეები იყვნენ. ეს იყო უხარისხოდ დამზადებული ყალბი დოკუმენტები. ირონია იმაში მდგომარეობს, რომ ბრაზილიის მოქალაქეებს პარაგვაში შესასვლელად ვიზა საერთოდ არ სჭირდებათ, რონალდინიოს შეეძლო მხოლოდ პირადობის მოწმობით გადაეკვეთა საზღვარი. მან, ფაქტობრივად, ჩაიდინა დანაშაული, რომელიც არაფერში სჭირდებოდა.
ციხეში მოხვედრილი „ჯადოქარი“ რონალდინიო პატიმრების კერპად იქცა. მას ექცეოდნენ არა როგორც დამნაშავეს, არამედ როგორც ღმერთს. ნარკობარონები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ, ვინ გადაიხდიდა მის გირაოს, ხოლო ციხის უფროსი მასთან ერთად „სელფებს“ იღებდა, მაგრამ კულმინაცია მაშინ დადგა, როდესაც ციხის ტრადიციული ფუტსალის ტურნირის დრო მოვიდა.
პატიმრებმა რონალდინიოს თამაში სთხოვეს. გავრცელებული ხმების თანახმად, კრიმინალურმა ავტორიტეტებმა, რომლებიც გუნდებს ადგენდნენ, ერთი პირობა წამოაყენეს: რონალდინიოს გოლის გატანის უფლება არ ჰქონდა, მას მხოლოდ პასები უნდა გაეკეთებინა, რადგან მისი დონე, უბრალოდ, უსამართლო იყო სხვებისთვის. თუმცა, როცა თამაში დაიწყო, ბრაზილიელმა თავი ვერ შეიკავა.
ციხის ბეტონის მოედანზე, სადაც წესები არ არსებობდა, რონალდინიო აკეთებდა იმას, რასაც „კამპ ნოუზე“ აკეთებდა. მან გამოიყენა თავისი საფირმო ფინტი „ელასტიკო“, ბურთი ფეხებშუა გაუძვრინა მკვლელობისთვის ნასამართლევ მცველებს და მეკარეს თავზე გადაუგდო. ფინალში მისმა გუნდმა 11:2 მოიგო. რონალდინიომ 5 გოლი გაიტანა და 6 საგოლე პასი გააკეთა.
ყველაზე სამხიარულო ამ ისტორიაში საპრიზო ფონდი იყო. რისთვის იბრძოდა მილიონერი ფეხბურთელი ასეთი ჟინით? ციხის ტურნირის მთავარი პრიზი იყო 16-კილოგრამიანი შემწვარი გოჭი. გოჭი თუ ეთქმის 16-კილოიან ბურვაკს...
როდესაც რონალდინიომ თასი (გოჭი) ჩაიბარა, ის იცინოდა. ეს იყო მომენტი, რომელიც იტევდა მის მთელ ფილოსოფიას: მისთვის სულერთი იყო, სად თამაშობდა, ჩემპიონთა ლიგის ფინალში 80 000 მაყურებლის წინაშე, თუ პარაგვაის ციხის ეზოში 16-კილოგრამიანი ბურვაკისთვის, მთავარი იყო ბურთი და თამაშის სიხარული.
მან ციხეში 32 დღე გაატარა, იქ შეხვდა თავის 40 წლის იუბილესაც, რომლის აღსანიშნავად პატიმრებმა მას ტორტი გამოუცხვეს. როდესაც ის გაათავისუფლეს, ერთ-ერთმა პატიმარმა ცრემლიანი თვალებით თქვა: „მან ჩვენ დაგვავიწყა, რომ გისოსებში ვიყავით. როცა ის ბურთს ეხებოდა, ჩვენც თავისუფლები ვიყავით“. 
ეს არის სევდიანი და მხიარული ისტორია ფეხბურთის ერთ-ერთ გენიოსზე, რომელმაც დაამტკიცა, რომ ბედნიერების განცდის უნარს ვერანაირი ხელბორკილი ვერ შეაკავებს...

მაკა ჯაყელი