ნეტარი ირმა

ნეტარი ირმა

ამ ქალს, ქალბატონ ირმა სოხაძეს პოლიტიკისა არაფერი გაეგება, მაგრამ მაინც ლაპარაკობს. პრინციპში, დიდად არც სიმღერისა გაეგება რამე, მაგრამ მაინც მღერის. ჰოდა, არის ამ ცხოვრებასთან სრულ ჰარმონიაში, თავი პოლიტიკოსიც ჰგონია და მომღერალიც. 
რატომ წამოვიწყე ამ ქალზე ახლა, ამ დროს საუბარი? იმიტომ წამოვიწყე, რომ ვიკა ბუკიასთან „ჭუტავიზიის“ ეთერში ასეთი რამ თქვა: 
„ამბობენ, ოღონდ ომი არ იყოსო, ომი რატომ უნდა იყოს? სად არი ომი, რომელ ქვეყანაში, სადაც პოლიტიკური ძვრები ხდება? აგერ სომხეთი, აგერ აზერბაიჯანი, იგივე მოლდოვა, ვის ეომებიან, ვის ბომბავენ, მარტო ჩვენი ჯინი აქვს ამ „დიფსთეითს“?
არ გააღვიძოთ ქალბატონი ირმა, უცებ არ გაიგოს, რა ხდება უკრაინაში, ისრაელში, ირანში, სირიაში, ღაზას სექტორში და ელდა არ ეცეს, არ დაბნედიანდეს. იგი ისეთი ფაქიზი გრძნობების ადამიანია, ვერ გადაიტანს ამდენ უბედურებას. 
ისე, თუ მაინც არ დაიშლით და გააღვიძებთ, ჯერ შორიდან მოუარეთ და მერე ფრთხილად შეაპარეთ, პოლიტიკას შეეშვი და ისევ „მუზიკანტობას“ მიაწექი-თქვა. შეიძლება თავიდან გაღიზიანდეს, შეიძლება უცებ სიტუაციაში ვერ გაერკვას, მაგრამ აუხსენით, დაარწმუნეთ, სამშობლოს დღეს ასე სჭირდება-თქვა. როგორც კი სამშობლოს უხსენებთ, ეგრევე ყველაფერს დათმობს და დაგიჯერებთ. 
ისე, სადღაც მაინც, დასაფასებელია ქალბატონი ირმა, რომ მხოლოდ პოლიტიკას მოჰკიდა ხელი და არა ქირურგიას, ალბათ, წარმოგიდგენიათ, როგორი შედეგებით დასრულდებოდა მის მიერ ჩატარებული ყველა ოპერაცია. მადლობა უფალს, რომ ეს მაინც აგვარიდა.
გელა ზედელაშვილი