ევროკავშირი - „ფოსტის ვაგონი“ ამერიკისთვის

ევროკავშირი - „ფოსტის ვაგონი“ ამერიკისთვის

გვესაუბრება ანალიტიკოსი გია აბაშიძე:

_ ბატონო გია, პრემიერმა მდგრადი განვითარების ფორუმზე მშვიდობის მნიშვნელობასა და რეგიონში, სოციალ-ეკონომიკური განვითარების კუთხით საქართველოს როლზე ისაუბრა. როგორია თქვენი მოლოდინი? 
_ რუსეთ-უკრაინის ომის მაგალითზე აშკარაა, რომ ქვეყნის მშვიდობას, სტაბილურ განვითარებას ალტერნატივა არ აქვს. თუმცა, შიდა თუ გარე უსინდისო ძალები დღემდე რუსეთთან საქართველოს კონფლიქტში ჩართვას მოთხოვენ, თან არც უფიქრდებიან, რა შედეგით შეიძლება დასრულდეს კრემლის გაღიზიანება, თუ ნაცებისა და მათი ევროპელი, ამერიკელი მფარველების ე. წ. მეგობრულ რჩევებს გავითვალისწინებთ. თბილისის განვითარების ფორუმზე კობახიძის აქცენტები მშვიდობის, სტაბილურობის მნიშვნელობაზე ამერიკელმა, ბრტანელმა, ნორვეგიელმა, ირლანდიელმა და სხვა ევროპული ქვეყნების ცნობილმა ანალიტიკოსებმა, ახლანდელმა და ყოფილმა პოლიტიკურმა წრეებმა უნისონში გაიზიარეს. მშვიდობა დღევანდელ ეპოქაში იმდენად უძვირფასესია, რომ ის არამხოლოდ საქართველოში, არამედ სრულიად სამხრეთ კავკასიაში უნდა დამყარდეს. შედეგად, სამხრეთ კავკასია დიდი მოთამაშეების ვასალი და ინსტრუქციების შემსრულებელი აღარ იქნება.
მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარება უფრო და უფრო აქტუალური ხდება. სახეზეა რიგი საერთაშორისო ინიციატივები, მათ შორის, 3+3 ფორმატი, თუმცა აქ საქართველოს თავისი ლეგიტიმური პრეტენზიები აქვს. კერძოდ, რუსეთთან ამ ფორმატში მონაწილეობა ოკუპაციის პირობებში წარმოუდგენელია. მაგრამ დასავლელი წონადი პოლიტიკოსების ჩართულობით, თუ მშვიდობაზე, განვითარებასა და დეოკუპაციაზე დიალოგი გაიმართება, ვფიქრობ, ამ მიმართულებით საქმე წინ წაიწევს. აქვე არსებობს სხვა ფორმატებიც. ავიღოთ თუნდაც უნგრეთი, რომელსაც უსინდისო ევროკრატია არ წყალობს _ ის რუსეთის მეგობარი არ არის, მაგრამ მისი ძალიან კარგი მოკავშირეა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ჩინეთი და საქართველო, ასევე, რუსეთი და ჩინეთიც სტრატეგიული პარტნიორები არიან. ბოლო სამ წელიწადში რუსეთს ჩინეთის პოლიტიკურ-ეკონომიკური დახმარებაც კი დასჭირდა. 
ასე რომ, პერსპექტივები ვრცელია. სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზებიდან გამომდინარე, საქართველოში ამერიკელი ინვესტორები თუ არ ჩამოდიან, სამაგიეროდ, ჩვენით უმდიდრესი არაბული ქვეყნები დაინტერესდნენ. მათ უკვე გამოთქვეს მრავალმილიარდიანი ინვესტიციების განხორციელების სურვილი. პროექტების განხორციელების პირველი ეტაპი დაწყებულია. პერსპექტივაშია ჩრდილოეთ-სამხრეთის ავტომაგისტრალის დასრულება. ანუ, რაც უფრო „დასერილია“ მშვიდობიანი ქვეყანა ავტომაგისტრალებით, სარკინიგზო ხაზებით, ტვირთების მოძრაობებით, ეს უფრო მეტად აისახება ეკონომიკასა და ხალხის კეთილდღეობაზე. აქვე ინტერესი გაუჩნდება დროებით დაკარგული ტერიტორიების მოსახლეობასაც. მაგალითად, მათ ანაკლიის პორტში თუ სხვა სამშენებლო პროექტებში ჩართვის შესაძლებლობა გაუჩნდებათ. ასე რომ, როგორც აღვნიშნე, მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს. ამას გლობალური პრიზმიდან თუ შევხედავთ, უკრაინაში ომის დასრულება ბევრ გლობალურ საკითხს სხვაგვარად განავითარებს. 
გეოპოლიტიკური მოცემულობა ასეთია _ დედამიწაზე გავლენის სფეროებს სამი ზესახელმწიფო: აშშ, ჩინეთი და რუსეთი ინარჩუნებს. უკრაინაში მშვიდობის დამყარების შემდეგ როგორ გადანაწილდება მათ შორის გავლენები, მოვლენები იმის მიხედვით განვითარდება. აღსანიშნავია, რომ სამივე ზესახელმწიფოსთვის სამშვიდობო კუნძული _ საქართველო, სამხრეთ კავკასია ნამდვილად საინტერესო და მომგებიანია. არ დაგვავიწყდეს, რომ რუსეთმა არაერთხელ განაცხადა მზაობა საქართველოსთან მოლაპარაკებების გამართვაზე. კონფლიქტის მოგვარება ისტორიულად ურთულესი პროცესია, ეს ერთ ღამეში ვერ გადაწყდება. თუმცა, როცა წინაპირობად გვაქვს ის, რომ საქართველოს არჩეულ ხელისუფლებას ომი არ სურს, არამედ მშვიდობაზე, განვითარებასა და მოსახლეობის კეთილდღეობაზეა ორიენტირებული, მაშინ ყველაფერი შესაძლებელია.
_ პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ ტრამპმა განაცხადა, რომ ომის შეჩერება სწრაფად ვერ ხერხდება და რუსეთი აეროდრომების დაბომბვას მკაცრად უპასუხებს...
_ სამწუხარო ის არის, რომ ტრამპის სამშვიდობო პოლიტიკას, ღიად თუ ფარულად ევროკრატია _ ომის წამქეზებელი პარტია ეწინააღმდეგება. მათ სურთ, თავი გეოპოლიტიკურ მოთამაშეებად წარმოაჩინონ. რეალურად, როგორც ავტორიტეტული დასავლური კვლევითი ცენტრები აცხადებენ, ევროკავშირი გეოპოლიტიკურად უხერხემლო ბლოკია, რომელსაც ფინანსები აქვს, თუმცა სამხედრო-პოლიტიკური გავლენები _ არა. იგი ვერ პასუხობს იმ გამოწვევებს, რომლებიც ევროპის კონტინენტზე და გლობალურადაც არსებობს. აქედან გამომდინარე, ის დაბომბვები, რაც ზელენსკიმ განახორციელა, წმინდა წყლის ევროპული წამქეზებლური პოლიტიკაა, რადგან მათ მშვიდობის დამყარება არ სურთ. მით უმეტეს, ტრამპის შუამავლობით, რომელმაც ევროპელი პოლიტიკოსები მოლაპარაკების პროცესიდან თავიდანვე ჩახსნა. შესაბამისად, ევროკრატიის მხრიდან ეს ჭირვეული, დროებითი ურჩობა აუცილებლად დასრულდება, რადგან ევროკავშირი იყო, არის და ყოველთვის აშშ-ის ე. წ. ფოსტის ვაგონი იქნება. 
ვიმეორებ, ზელენსკის სამხედრო-ფინანსური თვალსაზრისით არაფრის თავი არ აქვს, მაგრამ იგი წააქეზეს. ყველამ ვიცით, რა ბედი ეწევა ხოლმე საბოლოოდ ასეთ ხელისუფლებებს. ევროკავშირი ხელებს დაიბანს და მისი წევრი ქვეყნები ზელენსკის საჯაროდ უარყოფაში ერთმანეთს დაასწრებენ. აი, ეს არის ფარისევლური ავაზაკური საგარეო პოლიტიკა. მსოფლიო მოლოდინშია, რომ პუტინი უკრაინას აუცილებლად დაბომბავს. იმედი ვიქონიოთ, რომ მსხვერპლი მინიმალური იქნება. სამიზნედ, ალბათ, სამხედრო ობიექტებს აირჩევს და არა მოსახლეობას. თუმცა ომის დროს მშვიდობიანი მოსახლეობა ყოველთვის ზარალდება. საბოლოოდ, ყველა ომი მშვიდობიანი მოლაპარაკებით სრულდება. ასე ვეღარ გაგრძელდება. ევროპის ეკონომიკური განვითარება შეჩერებულია. როცა ეკონომიკურად გიჭირს და საკუთარი მოსახლეობის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებ, საგარეო ფლანგზე მეტიჩრობა ზედმეტია. რაც უფრო გაიწელება კონფლიქტის მოგვარება, მით მეტად დაზარალდება უკრაინელი ხალხი. პუტინი უკან არ დაიხევს, ის საწყის პოზიციას არ დაუბრუნდება _ რეგიონებს, რომელთა აღიარებასაც ითხოვს, აუცილებლად მიიღებს. ასეთია სამწუხარო რეალობა.
_ ტრამპსა და მასკს შორის არსებული კონფლიქტი რა სირთულეებს გამოიწვევს?
_ ზოგადად, დასავლელი მილიარდერები, განსაკუთრებით ამერიკაში, კონსერვატიულ-პატრიოტული გრძნობებით არ გამოირჩევიან. ამერიკელი პოლიტიკური აქტორები თავიდანვე ამბობდნენ, რომ ილონ მასკი ბოლომდე რესპუბლიკური კონსერვატიული პარტიის პრინციპების ერთგული არ დარჩებოდა. მას საკუთარი ინტერესები ჰქონდა. ვითარება იმ კანონპროექტმა გაამწვავა, რომლის დამტკიცებაც ტრამპს სურს. ეს არის მასობრივი საშეღავათო გადასახადი ამერიკელებისთვის, რასაც იგი საარჩევნო კამპანიის დროს ხალხს დაჰპირდა. ასევე, იგი აპირებს, თავდაცვის ნაწილში ბიუჯეტი გაზარდოს. ბიუჯეტში მასკის ბიზნესინტერესები გათვალისწინებული არ არის, რამაც ურთიერთდაპირისპირება გამოიწვია. ეს უპრეცედენტო ფაქტი ისტორიაში ჩაიწერება, როგორც პირველი ზესახელმწიფოს ლიდერისა და პლანეტის პირველი მილიარდერის საჯარო დაპირისპირება. ასეთი რამ შუა საუკუნეებშიც არ მომხდარა _ როცა მეფეებს შორის მწვავე მიმოწერა იყო, უსტარებს ვეზირებსაც კი არ აცნობდნენ, არათუ ხალხს. ამ დაპირისპირებით ტრამპმაც და მასკმაც საერთაშორისო საფონდო ბირჟებზე ზარალი განიცადეს, 
იმედია, ტრამპი მუქარას არ აღასრულებს და მასკის კომპანია „ტესლას“ სახელმწიფო სუბსიდირებას არ შეუზღუდავს. მასკი თავის მხრივ დაიმუქრა, რომ კოსმოსურ პროგრამა „ნასა“-ში საკუთარ მონაწილეობას შეაჩერებს. ასე რომ, ამ დაპირისპირებიდან სარგებელს ვერცერთი ვერ მიიღებს. ურთიერთობის გამწვავებამ აჩვენა, რომ მასკის მხარეს მყისიერად დადგა ფსევდოლიბერალური ე. წ. დიფ სთეითის მომსახურე მედიაც და პოლიტიკური ისტებლიშმენტიც. 
მასკიც უნდა მიხვდეს, რომ ე. წ. დიფ სთეითს, რომელსაც რევანშის წყურვილი კლავს და ნებისმიერი საშუალებით შეეცდება, ტრამპის სავარძელი შეარყიოს, თავი არ უნდა გამოაყენებინოს. ვფიქრობ, მასკი ხვდება, რომ ტრამპის იმპიჩმენტის მოთხოვნა და ვენსის გაპრეზიდენტება მის ინტერესში არ იქნება. 
_ დანიგანმა განაცხადა, პენსიაზე გავდივარო. რას ცვლის მისი წასვლა და როგორ გაგრძელდება აშშ-სთან ჩვენი ურთიერთობა დიპლომატიური კუთხით?
_ დანიგანის ბოლო ქმედებებმა, ტრამპის გაპრეზიდენტების მიუხედავად, აჩვენა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტში ჯერ კიდევ არიან დიფ სთეითის ის წარმომადგენლები, რომლებიც საქართველოს თავისუფლებისმოყვარეობას და სუვერენიტეტის განმტკიცების სურვილს ვერ ეგუებიან. აშშ-ის ბიუროკრატიული სისტემა არ არის ისეთი, რომ ის ადამიანები, რომლებიც მოქმედი ხელისუფლების პოლიტიკურ კურსს არ ეთანხმებიან, სამსახურიდან ერთი ხელის მოსმით დაითხოვოს. 
აქვე შეიძლება გავავლოთ პარალელი უკრაინის შემთხვევასთან. აპრილში უკრაინაში ამერიკის ელჩი ბრიჯიტ ბრინკი, რომელიც ანტიქართული სულისკვეთებით გამოირჩევა, ელჩობიდან გადადგა. ერთი თვე დუმდა, მაისში კი საჯაროდ თქვა, რომ უკრაინასთან მიმართებით თეთრი სახლის პოლიტიკას არ ეთანხმებოდა. გამორიცხული არ არის, პენსიაზე გასვლიდან რაღაც პერიოდის შემდეგ დანიგანი ან წააქეზონ, ან თავად თქვას, რომ პენსიაზე იძულებით გავიდა, რადგან მას რუბიოს სახელმწიფო მდივნობის პირობებში არანაირი კარიერული პერსპექტივა არ ექნებოდა. მეორეც, ის არ ეთანხმებოდა საქართველოსთან მიმართებით ურთიერთობების გადატვირთვის კურსს. ასე უცებ, ვადის ამოწურვამდე წელიწად-ნახევრით ადრე, ელჩის პენსიაზე გასვლა არ ხდება. მით უმეტეს, საქართველო კონფლიქტური ქვეყანა არ არის, აქ ბომბები არ ცვივა და დანიგანი თავს მშვენივრად გრძნობდა, სხვა ცხელ წერტილში მყოფი ელჩებისგან განსხვავებით. ასეთი მოულოდნელი გადადგომა, თან მდაბიო მაწაკობით _ ისე გავიდა „პენსიაზე“, რომ თავისი ტოპუფროსის, ტრამპის მილოცვაც არ გამოაქვეყნა, მეტყველებს, თუ როგორი დაბალი დონეა თუნდაც ამერიკულ პოლიტიკაში, დიპლომატიაში, საკანონმდებლო ორგანოში. 
ხშირად გაიგონებთ, სახელისუფლო შტოები სავსეა ნაცებითო. ამერიკაშიც ასეა _ სახელმწიფო დეპარტამენტი სავსეა ულტრამემარცხენე ფსევდოლიბერალებით, რომელთაც პირობითად დემოკრატები ჰქვიათ, მაგრამ რეალურად ასე არ არის. ისინი ნეოფაშისტები არიან. ასეთად მოიაზრება დანიგანი. შეიძლება ის მალე რომელიმე იმ უნივერსიტეტში ვიხილოთ, ეს ულტრამემარცხენეები რომ აკონტროლებენ. 


თამარ შველიძე