ხანდაუზმელი თაღლითები კახა კალაძეს კონკურენციას ვერ გაუწევენ
ახალი და განსაკუთრებული არაფერი იქნება იმაში, თუ ვიტყვი, რომ მესამე ვადით თბილისის მერი კახა კალაძე იქნება. არა, მე არ გახლავართ წინასწარმეტყველი, უბრალოდ სიტუაციას აღვიქვამ რეალურად და მომავალს ვუყურებ ჯანსაღი თვალით. რას ნიშნავს ჯანსაღი თვალით ყურება? ჯერ ერთი, იმას, რომ კახა კალაძემ ძალიან ბევრი გააკეთა ჩვენი დედაქალაქისთვის და მეორეც - მოდით, „ჩამოვასახელოთ“, ვინ არიან მისი ე.წ. კონკურენტები? დავიწყოთ ვინმე ირაკლი კუპრაძით, რომელიც ისეთი მხიარული გამომეტყველებით დაცანცარებს ალეკო ელისაშვილთან ერთად თბილისის ქუჩებში, გეგონება უკვე განაღდებული აქვს თბილისის მერობა. დადის, დაცუნდრუკობს და თან ამტკიცებს, რომ თბილისი დღეს სავსეა პრობლემებით, ადამიანები ქუჩაში დაზაფრულები და ტკივილით სავსეები დადიან. თურმე დღეს ამ ქალაქის ხელისუფლება არ ზრუნავს ადამიანზე, არ იცავს ადამიანს და ეს უნდა შევცვალოთ. კუპრაძე ყველას ეუბნება, მე სწორედ ამისთვის ვიბრძვიო. რა შანსი აქვს კუპრაძეს თავისი წარსული ისტორიიდან და დღევანდელი ბეგრაუნდიდან გამომდინარე? არავითარი, თუ ის გვაჩვენებს რამეს გაკეთებულს, ან ერთ ხეს მაინც დარგულს, მაშინ ვიტყვი, რომ 1%-იანი შანსი მაინც აქვს, მაგრამ ის ვერაფერს გვაჩვენებს გარდა ჭუტაანთ ტელევიზიაში ყბედობისა. სხვათა შორის, მისთვის რომ არ დაევალებინათ, თბილისისთვის უნდა იბრძოლოო, მერობა არც კი დაესიზმრებოდა. პრინციპში, არც ახლა დაესიზმრება, მაგრამ მაინც. კაცი აქამდე იძახდა, მე თბილისელი ვერასდროს გავხდებიო და უცებ თბილისი მერობა მოუნდა? არა, უბრალოდ მოანდომებინეს.
სხვათა შორის, კუპრაძის ბიოგრაფიაშიც ჩავიხედე, ვიფიქრე, ეგებ რამე ისეთი ვნახო, რაც ხელჩასაჭიდი იქნება, ეგებ კალაძეს ღირსეული მეტოქე გამოუჩნდა და მე ვერ ვგრძნობ-მეთქი? ისეთი ვერაფერი ვიპოვე, 2014 წლამდე სტუდენტურ დონეზე ჩირთიფირთობდა, მერე რაღაც „მწვანე მუშტის“ წევრიც ყოფილა და ეგ არი, სხვა საინტერესო არაფერი იძებნება.
იცით, პოლიტიკაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რამდენად ქარიზმატული ხარ და რამდენად საინტერესო სახე გაქვს. წარმოგიდგენიათ? დაუყენეთ კახა კალაძეს ეს ახლადგამოჩეკილი სახე და ეგრევე მიიღებთ სასაცილო სურათს, ანუ ანეკდოტს.
ამას წინებზე კალაძეს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, კუპრაძე კორუფციაში გადანაშაულებთ, ამაზე რას იტყვითო? კალაძემ მხრები აიჩეჩა, ეგ ვინ არისო? მართლაც, ვინ არის კუპრაძე? არავინ! გინდათ, გითხრათ, რა იქნება ამა წლის 5 ოქტომბერს, ანუ არჩევნებიდან მეორე დღეს? გამოვა კუპრაძე, დაიყენებს ფონად უსახურ არსებებს და დაიწყებს ჯღნავილს, რომ ივანიშვილმა მას არჩევნები გაუყალბა, თორემ მოიგებდა, მთელმა თბილისმა მას მისცა ხმა. ერთი ეგ იქნება, რომ ხაზარაძისა და კუპრაძის პროტესტის გამო ქუჩაში არავინ გამოვა. შეიძლება რასა იუკნევიჩიენემ გააკეთოს განცხადება, ან კიდევ იმან, ერთი ამერიკელი სენატორი რომ გვყავს მეგობრად გადაკიდებული... ღმერთო, გამახსენე, სულ მეგობრულ აქტზე რომ ლაპარაკობს და მტრულ რაღაცებს წერს... ჰო, ჯო უილსონმა, ბებერმა ქოფაკმა. რა თქმა უნდა, გამოაცხობენ თავიანთებურ განცხადებებს, სალომე სამადაშვილს და გრიშა გეგელიას აცნობებენ, რომ საქართველოში დემოკრატიული პროცესები გაუარესებულია და აუცილებელია ცვლილებები.
ვინ არის თბილისის მერობის მეორე კანდიდატი, რომელიც ცდილობს, კახა კალაძეს ბუზი აუფრინოს?
კარგი იქნებოდა, რომელიმე ისეთი კანდიდატი გამოჩენილიყო, კალაძისთვის ბუზი მართლა რომ აეფრინა, არჩევნები უფრო საინტერესო და აზარტული იქნებოდა, მაგრამ ასეთი არც იაგო ხვიჩიაა, გირჩი ზურაბას განაყოფი. როგორც ხვიჩიას ძმაკაცმა ჰერმან საბომ განაცხადა, ეს გადაწყვეტილება პრაიმერიზის შედეგად მიიღეს. რას ნიშნავს პრაიმერიზი 4-წევრიან პარტიაში? გამოკითხვა ჩაატარეს? ეგებ პარტიაში შიდა არჩევნები ჩაატარეს და იაგომ გაიმარჯვა? ვაშაააა! აბა, ვინ გაიმარჯვებდა? იგი ხომ ერთადერთი და განუმეორებელია პარტიაში? იაგო ხვიჩიას განცხადებით, პარტიის საარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელი და ვიცე-მერობის კანდიდატი სანდრო რაქვიაშვილი იქნება. იცით, ახლა მინდა, თვალები დახუჭოთ და წარმოიდგინოთ იაგო ხვიჩია მერად, სანდრო რაქვიაშვილი ვიცე-მერად და დანარჩენები კიდევ მის ხელქვეითებად. რატომ იცინით, განა ასეთი სასაცილოა? დიახ, გეთანხმებით, მეც მეცინება, ეს ნამდვილად სასაცილოა და მეტიც, ძალიან არასერიოზული.
ხვიჩიას თქმით, „გირჩი“ მზად არის დებატებში მონაწილეობისთვის ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიასთან და კანდიდატთან, თუკი განხილვის თემა თბილისის კეთილდღეობა იქნება. ხვიჩიას განცხადებით, თბილისი უნდა გახდეს მეგაპოლისი და კავკასიის ეკონომიკური ცენტრი:
„მადლობა მათ, ვინც ღირსად ჩამთვალა აქ ვმდგარიყავი. რატომაც უნდა ამირჩიოთ, არის ეს გუნდი, რომლითაც წარვდგები თბილისელი ამომრჩევლის წინაშე. არავის ჰყავს სანდრო რაქვიაშვილი, ჰერმან საბო, დათო ფანჯაკიძე, გიორგი გვენეტაძე, ეკა ონიანი. აქ ხალხი შერჩეულია საკუთარი პრინციპების და მორალის, კვალიფიკაციის მეშვეობით“.
ხედავთ, როგორი გუნდი ჰყავს იაგო ხვიჩიას? პრინციპული, მორალური და რაც მთავარია, კვალიფიკაციური. კარგი, ჰო, მორალზე არ ვლაპარაკობ, ჯანდაბას, მაგრამ რა კვალიფიკაცია აქვთ, გუშინ ქვეყანას მართავდნენ და დიდი გამოცდილება მიიღეს? ეგებ წვევამდელებს რომ აძლევდნენ ე.წ. სასულიერო პირების ცნობებს და ჯარიდან იხსნიდნენ, მაშინ მიიღეს ნამეტნავი კვალიფიკაცია? ეგებ პლანის გაფუილებაში ხედავენ მორალსა და სინდისიერებას?
ადრეც ვთქვი და ვიმეორებ: ამ ქვეყანაში ყველაზე დიდი პრობლემა ის გახლავთ, რომ ბევრმა არ იცის თავისი ადგილი და ეტენება იქ, სადაც ფეხი არ ჩაუვა. დავიჯერო, იაგო ხვიჩიამ არ იცის, რომ მას თბილისის მერად არავინ აირჩევს?
ალბათ იცის, მაგრამ მაინც ცდოლობს, ვიღაცების ცნობიერებაში იტივტივოს...
ამას წინებზე ერთმა ქალბატონმა დამირეკა და მითხრა, რომ ხვიჩიას მოზარდებში მაღალი რეიტინგი აქვს. რატომ-მეთქი? იმიტომ, რომ მოზარდების უმეტესობა პლანს ეწევაო. ანუ, რა გამოდის? იაგო ხვიჩია გაიგივებულია პლანთან? აკი თვითონაც ამბობს ხვიჩია, თბილისი მეგაპოლისი უნდა გახდესო. მე არ ვიცი, კონკრეტულად რას გულისხმობს მერობის კანდიდატი, მაგრამ ფაქტია, მეგაპოლისი ნიშნავს თბილისის გადაქცევას მეგაქალაქად, ანუ უფრო გაზრდას და უფრო მეტად განაშენიანებას. მაშ, კაცო, ჩვენი რეგიონები ისედაც დაცლილ-მიტოვებულია და სწორედაც თბილისი უნდა გადავაქციოთ მეგაქალაქად. დარწმუნებული ვარ, ხვიჩიამ იფიქრა, ნეტავ ამ საარჩევნოდ რა უნდა დავაბრეხვოო, მხოლოდ ეს მოიფიქრა და დააბრეხვა კიდევაც.
თბილისის მერობის მესამე კანდიდატი გახლავთ ზურაბ მახარაძე „ალტინფოდან“, იმ პარტიის წევრი, სადაც ყველა ერთნაირი ტემბრით, ერთნაირი სტილით, ერთნაირი ხმით და ერთნაირი მიხვრა-მოხვრით ლაპარაკობს. არ შეგიმჩნევიათ?
როდესაც „ალტინფოელებმა“ მოღვაწეობა (შეიძლება მოღვაწეობა ხმამაღლა ნათქვამია, მაგრამ არაუშავს) დაიწყეს და ეროვნულ ფასეულობებს მიაწვნენ, ცოტა არ იყოს, სიმპატიით განვეწყვე მათ მიმართ, მაგრამ როცა ,ქართული ოცნების“ ლანძღვა დაიწყეს და წამდაუწუმ იძახდნენ, ბიძინა ივანიშვილი, როგორც პოლიტიკოსი არ შედგაო, ერთადერთი ძალა ჩვენ ვართ, ვისაც უმრავლესობით მოსვლა შეუძლიაო, ეგრევე წამეშალა შთაბეჭდილება და ვუწინასწარმეტყველე, რომ ისინი „პატრიოტთა ალიანსის“ ბედს გაიზიარებდნენ. რა, არ გაიზიარეს? იმის ნაცვლად, ხალხისთვის თავიანთი გეგმები გაეცნოთ, ბიძინა ივანიშვილს დაუწყეს გინება და ამ გზით ხმების მოპოვება. არ გამოდის ამ გზით რეიტინგის გაზრდა, ეს გზა წამგებიანია და ვერც პარლამენტთან მიიყვანს ვინმეს. რომ გითხრათ, ესენი უჭკუო ბიჭები არიან-მეთქი, არ ვიქნები მართალი, მაგრამ როგორც ჩანს ოდნავმა წარმატებამ ამათაც თავბრუ დაახვია და აკი განაცხადეს კიდევაც, კახა კალაძეს რომ ჰგონია, კონკურენტი არ მყავსო, არც მთლად ეგრეა საქმე, ჩვენ მას შევუქმნით დისკომფორტს და გავუწევთ მაგარ კონკურენციასო. შვილო, ძმაო თუ მამიდაშვილო, ღირსება შეინარჩუნე, უამრავი საქმეები რომ უკეთებიათ, იმათ ნუ გაეტოლები, სულ ცუდს ნუ ილაპარაკებ, კარგიც აღნიშნე, როგორ ფიქრობ, 2012 წლიდან დღემდე კარგი არაფერი გაკეთებულა? საერთოდ არაფერი? უმადურობა არც პოლიტიკაში ვარგა, არც მეგობრობაში, არც ოჯახში და არც არსად, ეს არის პირველი დამღუპველი მოვლენა. რამდენიმე დღის წინ ვიდეოს ვუყურე, დამდგარა ეს ზურაბ მახარაძე ახლად აშენებულ კორპუსებთან და ნახეთ, ხალხო, რას დაამსგავსა კალაძემ თბილისიო, აღარც ჰაერია, აღარც ბუნებაო. ჯერ გაარკვიე? ბოლო-ბოლო, რამდენი გასხვისებული ტერიტორია უნდა გამოისყიდოს კალაძემ? ადრეც ვთქვი, მე 2003 წლამდე ვიყავი თბილისის არქიტექტურისა და მშენებლობის ინსპექციის პრესსამსახურის უფროსი, რაც მაშინ ტერიტორიები გასხვისდა, გაჩუქდა და გაიყიდა, იმ ტერიტორიებზე დღეს შენდება კორპუსები. ბიჭო, ვიღაცას მაშინ აქვს გაჩალიჩებული, ვიღაცას ნაყიდი, ყველას ვერ წაართმევ, ქალაქს ვერ ააწიოკებ, ნუთუ ეს რთული გასაგებია? რაც შევარდნაძის დროს ტერიტორიები გაიყიდა თუ გაჩუქდა თბილისში, მერე უგულავამ და სააკაშვილმა დაუმატეს და მივიღეთ ის, რაც მივიღეთ. ეს კალაძე კიდევ დგას და აკეთებს ამ სკვერებს, ბაღებს, დასასვენებელ ადგილებს, რომ როგორმე სიტუაცია გამოასწოროს, მაგრამ ამას ვერ ვხედავთ, ამას არ ვიმჩნევთ. დგანან და აკრიტიკებენ, თბილისში საცობებიაო, კალაძემ კოლაფსი მოგვიწყოო. ეგერ, წნორშიც აღარ ეტევა მანქანები, იქაც კალაძეა? ხალხს ფული გაუჩნდა, ხალხმა მოიკეთა, მანქანები მომრავლდა, რესტორნებში დასაჯდომი ადგილი აღარ არი და... თუ ეს კალაძის ბრალია, მაშინ ჯილდო მას.
იცით, რატომ წააგებს ე.წ. ოპოზიცია ამ არჩევნებს სუფთაზე? ხაზარაძის მონა გრიშა გეგელია გამოდის და ამტკიცებს, რომ თბილისი და რეგიონები ინგრევა, „ქართული ოცნება“ გადასაგდებია. არადა, ამდენი ალბათ საქართველოს ისტორიაში არ აშენებულა, თუ არ ჩავთვლით კომუნისტების პერიოდს. რა ინგრევა, ბიჭო, ღმერთმა ქნას, მშვიდობა იყოს და კიდევ ბევრი აშენდება. ვინც კარგს ვერაფერს ხედავს და მშენებლობა მისთვის ნგრევაა, ის ყოველთვის წააგებს. ახლა შემიძლია, კახა კალაძის გაკეთებული საქმეები ჩამოვთვალო, მაგრამ ამით აღარ გადაგღლით, სულაც მომდევნო ნომრისთვის გადავდოთ და ნახავთ, რომ ამათგან ბუნდღა აღარ დარჩება. არა, ბუნდღა არც ახლაა, მაგრამ ფაქტების დადება მაინც სულ სხვაა.
კიდევ არიან კანდიდატები? მე მეტი ვერ გავიხსენე, თუ გამოჩნდებიან, მათზეც მოგახსენებთ.
გელა ზედელაშვილი

