ჩემი მეგობარი ექიმების მხიარული ამბები

ჩემი მეგობარი ექიმების მხიარული ამბები

ნ. ს. (სტომატოლოგი):  „ე.წ „მხედრიონის“ დროა, მძინავს სახლში და მოურიდებელმა ბრახუნმა ფეხზე წამომაგდო. ნამძინარევმა და თან გაბრაზებულმა გავაღე კარი და ვხედავ, ყელამდე შეკრულ ქურთუკში გამოწყობილი ჯიჯგვი მამაკაცი დგას, დროზე, კბილი ამომიღეო. ცივა, შუქი არ არის, თან ასე თავხედურად რომ მომმართა, ანტიპათია გამოიწვია, მაგრამ არ ვაგრძნობინე, წყნარად ვუთხარი, ჯერ ერთი, დენი არ არის და, რაც მთავარია, ხან ვინ მოვიდა, ხან _ ვინ და არც ერთი იარაღი აღარ დამრჩა, აბა, რა გიშველო-მეთქი, _ ვიგულისხმე, რომ სტომატოლოგიური დანიშნულების იარაღები არ მქონდა გამოხარშული. კაცმა უცბად გაიხსნა ქურთუკი და კინაღამ გული გამისკდა, კბილებამდე შეიარაღებული იყო _ იარაღის მეტი რა მაქვს, აი, „ნაგანი“ წავაო? _ მე კი მეგონა, უარის გამო მოკვლას მიპირებდა.

სამხიარულო არაა, მაგრამ კურიოზია. ერთ დღეს ჩვენი თანამშრომელი, ოცდაათწლიანი მუშაობის სტაჟის მქონე უძლიერესი სტომატოლოგი, გოგა მოვიდა და ძლივს ამოთქვა დანაღვლიანებულმა, რაღაც მჭირსო. დავფაცურდით, რა მოგივიდა, ბატონო გოგაო. მეორე ცვლაში ვმუშაობდით. თურმე სამსახურში წამოსვლამდე პაციენტი მისულა პროთეზის გასაკეთებლად. დასვა გოგამ, გაუკეთა, რაც საჭირო იყო და ჯერი ზომის აღებაზე მიდგა. გაამზადა გოგამ თაბაშირი, ჩაუდო პირში და, როგორც წესია, ხელით დააჭერინა. ამ დროს გახსენებია, რომ მეორე ოთახში ინსტრუმენტები ედგა სტერილიზაციისთვის და გამოსართავად გავიდა. გამორთო, მიდგა, მოდგა, გაახსენდა, რომ ბაზარში იყო წასასვლელი და წავიდა. გზად ნაცნობიც შეხვდა, ელაპარაკა კაი ხანს, დაბრუნდა სახლში და რას ხედავს, ზის კაცი თაბაშირით გატენილი პირით და დორბლი ჩამოსდის. სამი საათი მაინც იქნებოდა გასული და პაციენტს თაბაშირი პირში ჩაუქვავდა. ერთი საათი ბორმანქანით აჭრიდა თაბაშირს, პირი კი გაუთავისუფლა, მაგრამ პაციენტს ღრძილები, ტუჩები და ლოყის კიდეები მთლად დაეჭრა _ პაციენტი ნაცნობი იყო და ამან გადაარჩინა. 
ე. ჭ. (ექთანი): „ახალგაზრდა გოგონა მოვიდა სააბორტოდ. ექიმმა გასინჯა ნაყოფის სიდიდე და შემოიყვანა გასამზადებლად. რა ვიცი, აბორტი რა ეგონა, მაგრამ არაფრით არ ადის გინეკოლოგიურ სავარძელზე, სანამ ექიმი არ მოვა ასე ვიდგებიო. შემოვიდა ექიმი და კატეგორიულად გამოუცხადა: იცით, რა, მე ქალიშვილი ვარ და იმ საშინელ ინსტრუმენტს (სარკე) არ ჩავიდგამო. ექიმს კინაღამ ენა გადაეყლაპა გაოგნებისგან. 
ნ. ბ. (სამხედრო ექიმი):  „არამიანცში“ სასწავლო პრაქტიკა გვქონდა. ერთ საღამოს ავადმყოფი შემოვიდა, ახალგაზრდა სოფლელი ბიჭი. ჩვენ ვუთხარით, რომ დილას ანალიზებისთვის შარდი უნდა გაემზადებინა და ჩაებარებინა. დილას მივედით და შესასვლელთანვე დაგვხვდნენ ჩვენი ბიჭები, ჩვენ არ გვაძლევს, გოგოებს უნდა მივცეო და ჰა, დროზე გამოართვით იმ ბიჭს ღვინო, ლექტორი შევიპირეთ და საღამომდე ჩავაციებთო. ვერ მივხვდით, რა ღვინოზე გვეუბნებოდნენ _ თურმე იმ ბიჭს მთელი ღამე უგროვებია შარდი და სამლიტრიანი ქილა გაუვსია, რომ ჩვენთან პირი არ შეერცხვინა.

თუშეთში, ომალოში ექიმად მუშაობდა რომანოზ სისაური, რომელმაც რამდენიმე დასამზადებელი წამლის რეცეპტი გამოუწერა მამას და უთხრა, სახლიდან პატარა ჭურჭლები აიღე, აფთიაქში წადი და ჩაგისხამენო _ შუშის ფლაკონების დეფიციტი იყო. რომანოზის მამა თუნგით (სპილენძის დოქი) მიადგა აფთიაქის სარკმელს, ბოთლაკები ვერ ვიპოვე, ამაში ჩამომისხით ყველა, ერთიანად გავჰკრავ და მუცელში თვითონ წავლ-წამოვლენ თავის გზაზეო.
ნ. ფ. (თერაპევტი): „70 წელს გადაცილებული პაციენტი გავსინჯე, დანიშნულებას ვუწერ. ამ დროს ახალგაზრდა ქალი დაუკითხავად შემოცქრიალდა კაბინეტში და დადგა. ქალბატონო, გაბრძანდით, დანიშნულებას გამოვუწერ და მერე შემობრძანდით, ხომ ხედავთ, ადგილი არ არის-მეთქი. ქალმა კაცისკენ გაიშვირია ხელი, მაგრამ სახისკენ ხომ არ მიაშვერდა, ფეხებისკენ მიმართა, „დაველოდები, ეს რომ ადგება მე დავჯდებიო“. კაცმა დაიხედა კალთაზე და სავსებით სერიოზულად უთხრა: „ქალბატონო, თქვენ ამის იმედზე აქ ნუ დადგებით, არასდროს აღარ ადგებაო.
ე. გ. (გინეკოლოგი): „ქალბატონი მოვიდა, გამსინჯეთ, თუ დანამდვილებით ფეხმძიმედ ვარ, აბორტი უნდა გავიკეთო, ოღონდ, იქნებ, ცოტა დაუჩქაროთ, ქმარმა არ უნდა გაიგოს, სად ვარ, რაშია საქმე, თორემ გამაჩენინებსო _ ქმარს ეგონა, ქალი საცხოვრებელ კორპუსში შევიდა. მაშინ ექოსკოპია არ იყო, ხელით ვსინჯავდით. ჩამოხტა სავარძლიდან, დაგვემშვიდობა და გავარდა. ორიოდე წუთში გაფითრებული ისევ შემოვარდა, უკან კაცი მოჰყვებოდა მრისხანე სახით. თურმე სიჩქარეში საცვალი ჩვენთან დარჩენია და მანქანა რომ დაუძრავს ქმარს, უნებლიედ უკივლია, ვაიმე, ტრუსიკი იქ დამრჩაო. ქალო, ვისთან იყავი, ახლავე მიმიყვანე, ტრუსიკი სად დაგრჩაო?! _ გადარეულა ქმარი.
ნ. კ. (პედიატრი): „ბავშვთა პოლიკლინიკაში ახალი დაწყებული მაქვს მუშაობა, თან ახალი გათხოვილი ვარ, უბანს არ ვიცნობ, ამიტომ ჩემი მეუღლე მეხმარება, სამსახურში რაღაცას იმიზეზებს და მე მემსახურება. 
ერთხელ კოლეგამ მთხოვა, დაკრძალვაზე მივდივარ, ვეღარ ვასწრებ და ჩემ ნაცვლად ხომ შეგეძლება გამოძახებაზე წასვლა, აქვეა, შენი მეუღლის სახლთან ახლოს, ნაფარეულის ქუჩაზეო. კი-მეთქი. სართული მითხრა და დააზუსტა, რადგან რემონტი აქვთ, მათ კართან ცემენტის ტომრები დევსო. ჩემი მეუღლისთვის დიდი დრო რომ არ წამერთმია, მუდმივად ვჩქარობდი. 
იმ დღესაც, სართული არ დამითვლია, ისე ავირბინე კიბეები და სადაც ტომრები ეწყო, იქ დავრეკე ზარი. კარი ახალგაზრდა სიმპათიურმა კაცმა გააღო. ხმის ამოღება არ ვაცადე, გამარჯობა-მეთქი, შევვარდი, შემოსასვლელშივე გავიხადე ქურქი, იქვე სარკეში ცოტა გავიკეკლუცე კიდეც და შევცინე, ახლა საით წავიდე-მეთქი. მე კი ქვეცნობიერად ვეპრანჭებოდი, მაგრამ მისგანაც ვიგრძენი, რომ მოვეწონე. კაცმა ხელით მიმანიშნა, მისაღებისკენ და დაბრძანდითო.
კაცი ოთახიდან გავიდა. ცხადია, ჩავთვალე, რომ ან ბავშვს აწესრიგებდა, ან ბავშვი მწოლიარე არ იყო და საუზმობდა _ ყველა შემთხვევაში, ბავშვთან იყო დაკავშირებული მისი გასვლა. ცოტა ხანში შემობრუნდა კაცი და ძვირფასი კონიაკი, ხილი და ტკბილეული გაჩნდა მაგიდაზე. 
ჯერ საქმე! _ მოვთხოვე კატეგორიულად. კაცი თავის მხრივ შემეწინააღმდეგა, ერთი ჭიქა ავწიოთ და საქმე მხოლოდ მას შემდეგო. კეკლუცად დავეთანხმე და სადღეგრძელოს თქმაც მე ვითავე _ ექიმი ვარ და რას ვიტყოდი, ღმერთმა ჯანმრთელად გვამყოფოს-მეთქი, ცოტა მოვსვი და წამოვდექი. 
ახლა ერთს მე ვიტყვიო და ჩვენი გაცნობის სადღერძელო დალია და ისიც ჩაურთო, ვინც მე იქ გამაგზავნა. არ გამკვირვებია, ის იყო მათი უბნის ექიმი და, ბუნებრივია, შვილის ექიმის მიმართ პატივისცემას გამოხატავენ. ისევ წამოვდექი და ისევ დამსვა, ღმერთი სამებითააო, თან ისე იღიმებოდა, ვერც ვუძალიანდებოდი. წიოკს ხომ ვერ დავიწყებდი თავმომწონე გოგო, ე, ბიჯო, დაბლა ქმარი მელოდება, სამსახურში აგვიანდება-მეთქი. თან ვფიქრობდი, ეტყობა, მეუღლე პრანჭია ვინმეა, მოსაწესრიგებელი იყო და, ალბათ, დროის გაყვანა სთხოვა და თვით მეუღლე სანამ არ შემოვა, აქ ეს მაყოვნებს-მეთქი. მეოთხე და მეხუთე ჭიქა რომ მოჰყვა და ერთი-ორი ფილმიც რომ გავარჩიეთ, უკვე მართლა შევწუხდი და კატეგორიულად მოვითხოვე საქმე, თან დავძინე, ჩემთვის არანაირი პრობლემა არ არის, თუ მოულოდნელად მოვედი და რამე ისე არ გაქვთ ოჯახში-მეთქი. 
კი, შევნიშნე, რომ კაცს რაღაცნაირი გამომეტყველება ჰგონდა, მაგრამ მე თავაზიანობაში ჩავუთვალე, თუმცა საძინებელში რომ შემიყვანა და იქ ავადმყოფი ვერ დავინახე, ცოტა შევფიქრიანდი, ეს რას ნიშნავს-მეთქი?
თურმე ცემენტი იქ იმ დღეს მიუტანიათ, მე ერთი სართულით მაღლა უნდა ავსულიყავი, კაცს კი, თავის მხრივ, ეგონა, რომ მეგობრებმა ჩემი სახით ცოცხალი სიურპრიზი გამოუგზავნეს. აქეთ ამ კაცს აუტყდა სიცილი, მე იქით ვეხეთქებოდი სიცილისგან კედელს, მაგრამ ერთი სართულით მაღლა რომ ავინაცვლე, ჯერ ხომ იქ მისაყვედურეს და მერე დაბლა, ჩემმა მეუღლემ. როგორ ვიტყოდი სრულიად უწყინარ სიმართლეს, არადა, რეალურად, უცხო მამაკაცთან კონიაკს ვწრუპავდი“. 

შეაგროვა
მაკა ჯაყელმა