გრიგოლ გაგნიძე: გრანტების შესახებ კანონში ცვლილებები ქვეყნის შიდა უსაფრთხოების გარანტიაა
გვესაუბრება უფლებადამცველი,
„პოლიტიკისა და სამართლის
ობსერვერის“ დამფუძნებელი
გრიგოლ გაგნიძე:
_ ბატონო გრიგოლ, გრანტების კანონში ცვლილებები შედის, რომელთა თანახმად, არარეზიდენტ იურიდიულ პირებს გრანტის მიღება მხოლოდ მთავრობის თანხმობით შეეძლებათ.
_ ფაქტობრივად, გრანტების კანონი ფარას გაგრძელებაა. ხელისუფლება ცდილობს, არარეზიდენტი იურიდიული თუ ფიზიკური პირებისთვის უცხოეთიდან თანხების გადმორიცხვის მიზნობრიობა მაქსიმალურად გააკონტროლოს. დღეს, ზოგადად, მსოფლიოში არასტაბილური ვითარებაა, რაც საქართველოზეც აისახება. განსაკუთრებით, ბოლო ორი წელია, დასავლელი რიგი აქტორები ქვეყნის შერყევას, დესტაბილიზაციური პროცესების გამოწვევას ცდილობენ იმ დაფინანსებით, რასაც ადგილობრივ „საყრდენებს“ უცხოეთიდან უგზავნიან.
ბუნებრივია, სახელმწიფომ პრევენციული ღონისძიებები უნდა გაატაროს. სწორედ ამისთვის შედის ცვლილებები გრანტების კანონში, რათა ქვეყანაში დესტრუქციული ძალების დასაფინანსებლად გამოყოფილი თანხები მკაცრად გაკონტროლდეს.
_ ირაკლი კირცხალიამ აღნიშნა, რომ კანონში ცვლილებების თანახმად, გარე ლობიზმი დასჯადი ხდება. აქ რა იგულისხმება?
_ ეს ცოტა გადამეტებულად მეჩვენება. მაგალითად, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს, რომელიც საქართველოში გრანტს ლობირებს, დასჯიან? ან თუნდაც, შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, რომელიც გარკვეულ გრანტს ლობირებს, საქართველოში რომ ჩამოვიდეს, დააპატიმრებენ? ეს შეუძლებელია, რადგან ეს დიპლომატიურ სკანდალს გამოიწვევს. თუმცაღა, თუ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე შემოვა, შეგვიძლია დავაპატიმროთ, მაგრამ მის მიმართ სამართლებრივ რეაგირებას, თუ ის თავის ქვეყანაში იმყოფება, ვერ განახორციელებ _ მას არც არავინ გადმოგცემს და არც თავისთან დააპატიმრებს ვინმე. კი ბატონო, აქ თუ შემოვიდა, შეგიძლია ლობიზმში ბრალი დასდო და დააპატიმრო. თუმცა ჩემი რეკომენდაცია იქნება, „საგარეო ლობიზმი“ _ ეს ტერმინი შეცვალონ ან საერთოდ ამოიღონ.
თუ უცხოეთის მოქალაქე ქვეყნის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებას სჩადის, ქართულმა მხარემ დანაშაულის შესახებ მისი ქვეყნის საელჩოს უნდა შეატყობინოს. ამის მერე შესაძლებელია ბრალის წაყენება და გარკვეული სამართლებრივი ღონისძიებების განხორციელება, თუმცა, ვიმეორებ, ეს დიპლომატიურ სკანდალს გამოიწვევს. აი, ამერიკის ან რუსეთის შემთხვევაში კი, მას სულ სხვა ძალა ექნება. ამერიკას, რუსეთს და სხვა დიდ სახელმწიფოებს, მსგავსი ხისტი ღონისძიებების გატარება შეუძლიათ. რუსეთს შესწევს ძალა, თქვას, რომ აგენტი დაიჭირა. იქ ასეთ დამნაშავეს პირდაპირ აგენტს არქმევენ. ასევე, ამერიკის სახელმწიფოს წინააღმდეგ განწყობილი პირი, აშშ-ში თუ ჩავიდა, მასაც დაიჭერენ და ბრალს აგენტობაში დასდებენ. საქართველოში კი გარე ლობიზმი მკვდარი ტერმინი იქნება და განუხორციელებელი დარჩება. განა, რა რესურსი გვაქვს, რომ შვედეთის, გერმანიის ან საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრები, რომლებიც ნჯო-ებს აფინანსებენ, დავაკავოთ? მოგეხსენებათ, ორგანიზაციებმა რომლებიც ევროპიდან ფინანსდებიან, მაგალითად, პრესა.ჯი-მ და სხვა ელექტრონულმა მედიებმა იურიდიული რეგისტრაცია ესტონეთში გადაიტანეს. ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რომ ჩამოვიდეს, დავიჭერთ?!
_ რა სასჯელი დაეკისრება ორგანიზაციას, თუ ის გრანტს მთავრობის ნებართვის გარეშე მიიღებს?
_ როცა თანხა 50 ათას ევროს აჭარბებს, პირდაპირ კონტროლდება, თუ რა მიზნობრიობით შემოდის ქვეყანაში. თანხის გამოყენების მიზნობრიობის დაუსაბუთების შემთხვევაში, ნჯო-ს ანგარიშს დაუყადაღებენ, ხოლო აღნიშნული თანხა ბიუჯეტს მოხმარდება. კონკრეტულმა ორგანიზაციამ, ვისაც უცხოეთიდან თანხა გადმოერიცხება, დაინტერესებულ უწყებას უნდა აუხსნას, ვთქვათ, რა კუთხით ხმარდება აღნიშნული თანხა ადამიანის უფლებებს, გარემოს დაცვას...
_ როგორც ითქვა, გრანტების კანონი ეხება მათაც, ვინც გამოცდილება მესამე სექტორში დააგროვა და მერე ამის პოლიტიკაში გამოყენება განიზრახა. რა შეზღუდვები წესდება ამ მიმართულებით?
_ ეს ცვლილება განუხორციელებლად მიმაჩნია. არასამთავრობო ორგანზაციიდან სამთავრობო უწყებებშიც და ოპოზიციაშიც, არაერთი პირია წარმოდგენილი. რიგი ცვლილებები პრევენციული ღონისძიებების ხასიათს ატარებს, რათა იმ ძალებს, ვინც რევოლუციის, დესტრუქციული გზებით ხელისუფლების შეცვლის მომხრეა, კიდევ ერთხელ შეახსენონ, რომ მათ სახელმწიფო აკონტროლებს. ის ნჯო-ები, რომლებიც უცხოეთიდან გადმორიცხულ თანხებს ქვეყნის გადატრიალებისთვის იღებენ, განსაკუთრებული კონტროლის ქვეშ მოექცევიან. თუმცა ჯერ მხოლოდ კანონპროექტის ინიცირება მოხდა, ბევრი რამ, ალბათ, გაიფილტრება.
ვხედავთ, რომ რეგიონში არასტაბილური ვითარებაა. ირანი, რომელიც დაძაბულობის მთავარი კერაა, ჩვენგან 600 კმ-შია, აქვეა რუსეთ-უკრაინის ომიც. ეს პროცესები საქართველოზეც აისახება, ხელისუფლების მიმართ არაკეთილგანწყობილი საერთაშორისო ინსტიტუტების მხრიდან, რომლებიც ჩვენს ოპოზიციას ქვეყნის ნგრევისკენ აქეზებენ. შესაბამისად, ეს საკანონმდებლო ცვლილებები, ხელისუფლებამ შიდა პროცესებზე გონივრული დაკვირვების შედეგად დააინიცირა, რათა ქვეყნის შიდა უსაფრთხოება დაიცვას. უსაფრთხო გარემო თუ არ გვექნება, ინვესტორებიც დაბრკოლდებიან და ეკონომიკური კოლაფსი შეიქმნება. აქვე, ისიც უნდა გავიხსენოთ, რა განაცხადა, ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში მარტა კოსმა, რომ ეძებს გზებს, როგორ შემოიტანონ, კანონმდებლობის გვერდის ავლით მათი ნჯო-ებისთვის გამოყოფილი მილიონები. ასე რომ, ცვლილებები დროულია.
_ როგორ ფიქრობთ, ევროკომისიის მხრიდან რა რეაქციები მოჰყვება ამ კანონპროექტის დამტკიცებას? მუდმივად გვიმეორებენ, რომ რეპრესიული კანონები უკან გავიწვიოთ.
_ მათი მხრიდან გამორიცხული არაფერია. მათ გასულ წელს ქართველი მაღალჩინოსნების ნაწილი გარკვეული სანქციების ქვეშ მოაქციეს. არც ის გამიკვირდება, უკანასკნელი ბერკეტი გამოიყენონ და უვიზო მიმოსვლა სრულიად ქართველ ხალხს შეუჩერონ, რაზეც ბოლო ხანებია, გამალებული საუბრობენ. თუმცა იმასაც ხვდებიან, რომ საქართველოს მოქალაქეებზე მასობრივად მსგავსი სანქციის დაწესებამ, შესაძლოა, უკურეაქცია გამოიწვიოს. თუ ხელისუფლების წინააღმდეგ ხარ განწყობილი, ქართველი ხალხი რა შუაშია?!
_ ბატონო გრიგოლ, თქვენ მოქმედი ადვოკატი ბრძანდებით. და ბოლოს, შეაფასეთ, როგორ ჩატარდა ადვოკატთა ასოციაციის არჩევნები?
_ დიახ, 2025 წელს ადვოკატთა ასოციაციაში ახალი თავმჯდომარე ავირჩიეთ. მინდა ხაზი ერთ მნიშვნელოვან დეტალს გავუსვა: არჩევნები ზუსტად იგივე ტექნოლოგიებით ჩატარდა, როგორც საპარლამენტო. ასოციაციას აპარატურა, მარკერები, ბიულეტენები ცესკო-მ მოგვაწოდა. არჩევნების სამართლიანად ჩატარებაზე პრეტენზია არავის გამოუთქვამს, არც არავის უყვირია, გაყალბდაო. ადვოკატთა ასოციაცია ათი ათასამდე წევრს აერთიანებს. კოლეგებს შორის არიან ადვოკატები, ვინც ოპოზიციურ ფლანგზე აქტიურობენ, ანუ, ისინი, ვინც ამბობდა, რომ საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა და ამ მიმართულებით გარკვეული სამართლებრივი პროცედურებიც ჩაატარეს. იგივე ტექნოლოგიებით ჩატარებულ ადვოკატთა ასოციაციის არჩევნებზე კი მსგავსი არაფერი წამოსცდენიათ. რამდენიმე მათგანს ვკითხე, არჩევნები გაყალბდა, მარკერმა თუ გაჟონა-მეთქი და კრინტიც არ დაუძრავთ, პრეტენზია არავის გამოუთქვამს. იმ დღეებში ამის თქმა არ მინდოდა, მაინტერესებდა, ოპოზიციონერი ადვოკატები სარჩელებს თუ აღძრავდნენ „გაყალბებულ“ არჩევნებზე, მაგრამ ხმაც არავის ამოუღია. ამიტომ ამის შესახებ ახლა „საერთო გაზეთის“ ფურცლებიდან პირველად ვსაუბრობ. ანუ, ხომ საინტერესოა, ეს არჩევნებიც იგივე ტექნოლოგიებით ჩატარდა და აქ რატომ არ ატეხეს ერთი ამბავი, მარკერმა გაჟონაო?! ადვოკატთა ასოციაციის არჩევნები ყველამ აღიარა, მათ შორის, ოპოზიციურად განწყობილმა ადვოკატებმაც. მინდა, მადლობა ვუთხრა ცესკო-ს კვალიფიციური, სამართლიანი არჩევნების ჩატარებისთვის.
ბოლოს, თქვენი ნებართვით, კიდევ ერთ საკითხზე გავამახვილებ ყურადღებას, კერძოდ, მივესალმები ხელისუფლების გაათმაგებულ ბრძოლას ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ.
ასევე, ვემხრობი კორუფციასთან ბრძოლის დაწყებას. ჩემი აზრით, საპარლამენტო არჩევნების მიჯნაზე ხელისუფლებას დიდი ამნისტიის გამოცხადება მოუწევს. გაერო-ს სტანდარტებით, პატიმართა რიცხვი 8-10 ათასს არ უნდა აღემატებოდეს. ჩვენ, ამჯერად რვა ათასზე მეტი პატიმარი გვყავს, რადგან ყოველ კვარტალურად, მხოლოდ ნარკოდანაშაულზე სამას ადამიანს იჭერენ. ჩემი აზრით, აუცილებელია, ამ კუთხით ხელისუფლებამ სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში საგანმანათლებლო, პედაგოგიური, შემეცნებითი პროგრამები გაააქტიუროს, ასევე აგიტაცია-პროპაგანდა ნარკოტიკების მოხმარების სიავეზე. დანაშაული სრულად ვერ აღმოიფხვრება, მაგრამ ახალგაზრდებისთვის თუნდაც ბუკლეტების დარიგებით, საჭირო ინფორმაცია მათ ქვეცნობიერში ჩაჯდება. მოკლედ, ანტინარკოტიკული კამპანიის წარმოებით, ახალგაზრდობა უნდა გადავარჩინოთ და მათ გამრავლებაზე ვიზრუნოთ.
თამარ შველიძე
