საქართველოს მეოხი...

საქართველოს მეოხი...

თბილი სიტყვის მთქმელი არ აკლია ჩემგან საქართველოს ლობად მონათლულ პიროვნებას, მაგრამ ერთხელაც რომ მივადევნე თვალი მის განვლილ ცხოვრებას და მის გარშემო არსებულ ურთიერთგამომრიცხავ შეფასებებს, დავრწმუნდი: ქართველებს მსგავსი ზეზეური გმირი ძალზე ცოტა გვყოლია. ეს არ არის დითირამბი!
დიახ, არაფერს ვაჭარბებ, დღევანდელი მერყევი სოციუმით, სავალალო დემოგრაფიითა და გეოსტრატეგიული დეზორიენტაციებით, გაგვიჭირდებოდა წინააღმდეგობათა კასკადების გადალახვა, რომ არა ბატონი ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი, რომ არა მისი განუხრელი სამშვიდობო ძალისხმევა! 
ყველასთვის ნათელია, თუ რამდენი ქველმოქმედება გასწია მან დღემდე...
ქართული კონიაკის მამამ, დავით სარაჯიშვილმა მწერლობას სასახლე რომ აჩუქა, ეს გვაკერია ენის წვერზე. მაჩაბლის 13-ში მდებარე სასახლე მერე ილია ხოშტარიამ რომ შეიძინა მწერლებისთვის, ნაკლებად ახსოვს დღეს ვინმეს.
დიახ, ქართული ქველმოქმედება ეფემერულ ხასიათს ატარებდა ბიძინა ივანიშვილის გამოჩენამდე, მაგრამ გლობალიზაციის დამქაშებს ხელს არ აძლევთ წარმატებული პატრიოტი ბიზნესმენი! ხელს არ აძლევთ ნიჭიერი მწერალი! ხელს არ აძლევთ საერთაშორისო რანგის მეცნიერი! მოკლედ, ზნეობამაღალი შემოქმედებითი ინტელეგენცია!
ბიძინა ივანიშვილს ჩვენ თანავუგრძნობთ და მივედევნებით კვლავაც, არა გაღებული მილიარდებისთვის; არა სამების საკათედრო ტაძრის აშენებისთვის; არა იოანე-ზოსიმეს „ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი“ ხელნაწერის შეძენისათვის; არა საქართველოში გადაშენებული, სალოცავი ხე-გვიმრების შემოტანისთვის ახალი ზელანდიიდან; არამედ უწინარესად საყოველთაო მშვიდობის შენარჩუნებისათვის ჩვენს ნაჭირდიდებ ქვეყანაში. მან სამშობლოს, ფაქტობრივად, ათასობით ახალგაზრდის სიცოცხლე აჩუქა და ამაზე დიდი დივიდენდი არ არსებობს საქართველოსათვის, სამყაროსთვის, ზოგადად!
მაგრამ არიან ე. წ. ოპოზიციური ძალები, სინამდვილეში „დიფ სთეითის“ დაქირავებული მეხუთე კოლონა, რომლებიც მისი გაკეთებული საქმეების ნიველირებას ცდილობენ და ყველაფერს კადრულობენ, რათა ეს დიდებული ადამიანი მწყობრიდან გამოიყვანონ, წონასწორობა დააკარგვინონ.
ჩვენ, საბჭოური სინამდვილიდან გამოღწეულები, მიუჩვეველი ვიყავით ოპონენტურ აზროვნებას, მაგრამ კონსტრუქციული ოპონირების ნაცვლად ქვეყნის გამყიდველურ, მტრულ დაპირისპირებას თუ მივიღებდით, ვერაფრით წარმოვიდგენდით.
მე მინდა მათი ყბადაღებული საწუწუნო გავაერთიანო რამდენიმე პოსტულატად და შევეცადო ავხსნა არსებული პირობების გათვალისწინებით, შეეძლო თუ არა ბატონ ბიძინას მათი განხორციელება.
მდინარე სათავიდან იმღვრევა. კატასტროფულად გავერანებული საქართველოს ჩაბარება 2012 წელს, არ დასრულებულა „ქართული ოცნების“ სრული გამარჯვებით. მას ომის პარტიის უხეში ზეწოლით, რომელსაც კოაბიტაციაც კი უწოდეს, ყველა მიმართულებით ხელ-ფეხი ჰქონდა შეკრული ქმედითი გარდაქმნების განსხორციელებლად. „ნაცბანდის“ დესტრუქციული კადრების შენარჩუნების გამო ვერ მოხერხდა საკუთარი ერთგული ამომრჩევლის მასობრივი დასაქმება, ისინი განზე დარჩნენ ცხოვრების ორომტრიალისგან და, ამდენად, ბევრ შემთხვევაში განაწყენებულებიც.
მოვიდა კულტურის მინისტრად მებრძოლი ბუნების ქალბატონი თეა წულუკიანი, მაგრამ მან ვერაფერით მოუხერხა იქ არსებული კადრებს, ნებისმიერი გადაადგილება აშშ-ის ელჩის დემარშებს იწვევდა და სასაცილო სიტუაციაში აგდებდა მინისტრს, როცა თავისი სიტყვა უკან წასაღები ჰქონდა. ამ დროს ქართული მწერლობის სახელით პარპაშებდა ევროპაში სუროგატი კალამგირების ვაიშემოქმედება. მილიონები იხარჯებოდა მათი დეგრადირებული იწილობიწილო ნაღვაწის წარმოსაჩენად. მანანა ჩიტიშვილის ანკარა პოეზია „პატრიოტული“ ირონიული დამღის მიკერებით ბლოკირებული იყო. ვერაფრით გადაილახა მწერალთა კავშირის შენობის მისი კანონიერი მემკვიდრისთვის დაბრუნების საკითხი, როცა ამ მწერალთა კავშირს ეროვნული მთავრობისა და თვით მისი დამამხობელი პუტჩისტებისგან ბრძანებით ჰქონდა გადაცემული კომკავშირის „ცეკას“ შენობა მაჩაბლის 11-ში. არაფერს ვამბობთ მწერლობის დაუცველობაზე, მისი სასიცოცხლო ფონდის იგნორირებაზე. დიახ, „დიფ სთეითის“ ანტიეროვნული ძალები ყველაფერს აკეთებდნენ ქართული სულიერების დასათრგუნად და აქ რაიმე ქმედითი ღონისძიებების გატარება ბატონ ბიძინა ივანიშვილს, „ქართულ ოცნებას“ ნამდვილად არ შეეძლო.
ბიძინა ივანიშვილი ვერ შეძლებდა შევარდნაძის გასხვისებული აფხაზეთის დაბრუნებას საქათველოსთვის და ვერც სააკაშვილის მიერ დათმობილ ტერიტორიაზე საქართველოს იურუსდიქციის აღდგენას. ბატონმა ბიძინამ თავი გადადო ამ მოცემულობაში, ამ „სტატუს ქვოში“ შეენარჩუნებინა სამშვიდობო ძალისხმევა, რაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ლამის ორი წლის შემდეგ მოახერხა, როცა მიყოლებით გააუქმა და დაასანქცირა დესტრუქციული ორგანიზაციები, რომლებიც მკვდარ სულებს - პესიონრებს ყავის საფასურად მილიონებს ურიცხავდნენ. 
არავინ მალავს სამხედრო-სამშენებლო კომპლექსის კოლოსალურ ფინანსურ რესურსებს და ამ დრაკონულ ძალასთან გამკლავება ლამის თავზე გადახტომის ტოლფარდი იყო ერთი მოკვდავი ადამიანის, ბატონი ბიძინა ივანიშვილისთვის. დიახაც, მათი ლობისტური სამსახურები დღემდე დეზინფორმაციული ბილიკებით დაატარებენ ამერიკულ პოლიტიკას, მაგრამ სანთელ-საკმეველი თავის გზა-სავალს არ დაჰკარგავს და ქართულ-ამერიკული ურთიერთობა ღირსეულ, თანასწორ, პარტნიორულ თემშარაზე გავა ადრე თუ გვიან!
მეტროპოლიტენ „ახმეტელის“ სადგურთან ამისთანა სცენას შევესწარი. ორი ახალგაზრდაა აპარატთან. თვალში მხვდება ეკრანზე 3500 ლარი. არ უნაღდებს აპარატი. ჩაიწერება 2500. აიღებს გოგო. გადასცემს ვაჟს. ჩაიცურებს ტკიცინა ბანკნოტებს ჯინსის შარვალში ეს გაჯგიმული და ასე განმეორდება კიდევ სამგზის. 
ვეუბნები: მაგარი ხელფასი გქონია, რუსთაველის პროსპექტზე სასიარულოდ-მეთქი. 
მიმოიხედავს ქალიშვილი. 
– შენ რა გინდაო. 
– რა და ქვეყნის დამამხობლები რომ ხართ, იმისი თქმა, მხილება-მეთქი. 
– სხვაც ხომ არაფერი გინდაო – და გამეცალება აჩქარებული ნაბიჯებით. 
ამ არხების ამოქოლვა ხელისუფლებას ძალზე გაუჭირდება. იმდენი ხვრელია დატანებული ჩვენს სახელმწიფო სხეულში, იმდენი ჭუჭრუტანა, რომ მათ აღკვეთას ძნელად შეძლებ. 
გზა ერთადერთია: ბანკების გაკონტროლება და გზავნილების სოლიდური დაბეგვრა.
ბიძინა ივანიშვილს ვერ დაადანაშაულებ, ქარხნებს რომ ვერ ვაშენებთ. საბჭოეთის პერიოდში არსებულის და შემდგომ გავერანებულის აღდგენას ერგასი (50) წელიწადი არ ეყოფა თვინიერ პირობებში.
მე მივესალმები მთავრობის იმ ძალისხმევას, რაც ჩვენი სახელმწიფოს ღირსეული შვილების მობილიზაციაში ჩანს და იმ პასუხისმგებლობაში, წარამარა რომ ვაწყდებით ჩვენი მამაცი, დიდსულოვანი და გმირი სამართალდამცველებისგან.
ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა, დიახაც, ოჯახური თავგადადებით შეძლო უმთავრესი, საერთო მშვიდობის შენარჩუნება, რომელიც გარანტიაა დანარჩენი აუცილებელი მიმართულებების ეტაპობრივი დამკვიდრებისა. 
თავის დროზე ჩვენ ფოლადს ვადნობდით, ფერად მეტალურგიას; ვაწარმოებდით ფართლეულს, ჩაის, კონსერვებს, რძის პროდუქტებს... ყველაფერი დავიწყებას მიეცა „მარტინ ბაუერის“ ფეხის ხმას აყოლის პირობებში. და მაინც, მინდა ბატონ ბიძინას და მის გუნდს გულღიად გავუმხილო აქამდეც მრავალგზის გაცხადებული: საქართველოს თუ რამე გადაარჩენს - უწინარესად ქართული მიწა, მისი მოვლა და პატრონობა, მისგან მიღებული პროდუქციის ადგილზე გადამუშავება და მზა პროდუქციის სახით მიწოდება დანარჩენი მსოფლიოსთვის. 
არ არის ბაზარი ჭარბი საქონლის გამო? ეკოლოგიურად სუფთა ქართულ პროდუქციას წინ ვერაფერი დაუდგება წლების მერმე. 
ჩვენ ტურიზმს, ცხადია, ზურგის ვერ შევაქცევთ, მაგრამ გეოსტრატეგიულ მიმართულებად აგრარული ინდუსტრალიზაცია რომ უნდა დავამკვიდროთ, ეჭვსგარეშეა. 
ჩვენ ხომ გეორგიანელები ვართ, მიწის მოყვარული ხალხი. ჩვენი მეტაფორული სახე ანთეოსის მითშია მოცემული. ჰერაკლე ამაოდ ეჭიდება მას, ეს გმირთაგმირი ვერაფრით ერევა ანთეოსს, რადგან მისი სხეული მიწისგან იმუხტება, მისგან იღებს ენერგიას. ეტყვიან ამის შესახებ ჰერაკლეს და ისიც ჰაერში აიტაცებს ანთეოსს და ჰაერშივე მოგუდავს უპრობლემოდ. 
დიახ, ჩვენ ქვეყანს გადაარჩენს ერთადერთი - აგრარული ინდუსტრალიზაცია, მაგრამ გადაარჩენს ბატონი ბიძინასნაირი თავდადებული ხალხის მსოფლიო მშვიდობის შენარჩუნების პირობებში. მისი ძალისხმევა ხომ მაგალითის მიმცემია მრავალთათვის. ამიტომაც არის იგი ერთ-ერთი ყველაზე საშიში ფიგურა ჩვენს სინამდვილეში გლობალისტების თვალთახედვით.
ბატონი ბიძინას სამშვიდობო ფაქტორი მედალიონის ერთი მხარეა, ავერსი, მაგრამ მას, წესით, ზურგს უნდა უმაგრებდეს მეორე მხარე, რევერსი, რომელიც ჭეშმარიტ ცოდნასთან უნდა იყოს წილნაყარი. ამისთანა შემთხვევაში საქართველოს 14 წლის განმავლობაში რამენაირად უნდა განესაზღვრა თავისი გეოსტრატეგიული მიმართულებანი, ანუ უნდა დაყრდნობოდა ჩვენი ქვეყნის აღორძინების უმთავრეს პრიორიტეტს - აგრარულ ინდუსტრიალიზაციას და სასოფლო-სამეურნეო პოტენციალით გასვლას მსოფლიო ბაზარზე. 
ზუგდიდში ქარხანა „გემუანის“ ჩიპსები „ნასა“-ში მიდიოდა შეუფერხებლად წლების წინათ, ეს პირველი მერცხალი იყო ჩვენს სინამდვილეში და არნახული აღორძინების მოლოდინში ვარ დღესაც, როგორც გამოუსწორებელი ოპტიმისტი ყველგან და ყველაფერში. 

P.S. 30 წელიწადზე მეტია, რაც აკადემიკოსმა რამაზ გახოკიძემ გამოიგონა კონგენიალური ბიოაქტივატორი, რომლის შემწეობით ჩვენს ქვეყანას შეუძლია, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის უალტერნატივო ექსპორტიორი გახდეს არა მხოლოდ ჩრდილო-სამხრეთ კავკასიაში, არამედ თვით ევროპაში, აზია-ავსტრალიასა თუ აფრიკა-ამერიკაში. 
ხე-მცენარე ფსტას, Fistacia vera-ას მეშვეობით საქართველოს შესაძლებლობა ეძლევა, 3000-ზე მეტი მეწყერსაშიში ზონა მწყობრში ჩააყენოს შინ, ახალი სიცოცხლე მიანიჭოს საგარეჯოს უდაბნოსა თუ მსოფლიოს მილიონობით ჰექტარ ქვიშროვანს, რომელთა საერთო ოდენობა დედამიწის ხმელეთის ერთი მესამედია. 
ეს მცენარე ძვირფას საკონდიტრო პროდუქციასაც იძლევა - კაკალს, ჭარბ ჟანგბადთან ერთად. ხელს უწყობს ქვიშროვანი ადგილების გამიწიანების პროცესს. დიახ, არსებობს ასეთი კაცობრიული სიკეთე, მაგრამ ახლა ჰკითხეთ იმ გლობალიზაციის დამქაშებს და მათ გაწვრთნილ მეხუთე კოლონას, ენდომებათ თუ არა საქართველოს სოფლის მეურნეობას აღორძინება, როცა თავად დედამიწას უქადიან იავარქნას ავმოსაქმეობით?! 
 ზუგდიდში ქარხანა „გემუანის“ (დირექტორი ნონა თორდია) ჩიპები „ნასა“-ში მიდიოდა შეუფერხებლად წლების წინათ, ეს პირველი მერცხალი იყო ჩვენს სინამდვილეში და არნახული აღორძინების მოლოდინში ვარ დღესაც.
  ერთსაც ვიტყვი მოკრძალებით, რომ ამ ყველაფრისთვის ბელეტრისტული წიგნი მიმიძღვნია - „სინერგია პლანეტარული სიცოცხლისათვის“. მისი გმირები არიან თანამედროვეობის პროგრესული ადამიანები - ჯონ კენედი, დონალდ ტრამპი, ილონ მასკი, ვიქტორ ორბანი, ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი კობახიძე; ჩემს მესამე რომანში „ANT MILL“ („ჭიანჭველების კარუსელი“) გარკვეული ადგილი ეთმობა ხეების იშვიათ მცოდნეს და მოამაგეს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს. 
სამოცდაათი წლის იუბილეს ვულოცავთ საქათველოს ჭეშმარიტ ლობს, მის ზეზეურ გმირს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს! 


გური ოტოიბაია 
მწერალი 
16.02.2026