ქართული ბეჭდური მედია და რამერუმე
გაგრძელება. დასაწყისი იხ. „სგ“ N29
აკაკი წერეთელს ჰკითხეს, ახალგაზრდა პოეტებზე რა აზრისა ბრძანდებითო?
- რა გითხრათ, - მიუგო აკაკიმ, - სტუდენტობის დროს ერთი პროფესორი გვყავდა, დიდი განათლებული კაციაო, ამბობდნენ, მაგრამ ჩვენ, სტუდენტები მისი წაკითხულიდან ვერას ვგებულობდით. იგივე ითქმის ზოგ ახალგაზრდა მგოსანზე, შეიძლება ძალიან კარგებიც იყვნენ, მაგრამ ერთი ნაკლი აქვთ, როგორც მე, ხალხსაც არა გაეგება რა მათი.
რაღა დაგიმალოთ და იგივე ითქმის ჩვენს დღევანდელ ახალგაზრდა მომწერლო ელემენტებზე, რომლებსაც აუჩემებიათ, ჟურნალისტები ვართო. აკაკიმ ახალგაზრდა მოპოეტო ელემენტებზე თქვა, მგოსნებად მათი მოხსენიება ცოტა უხერხული კი იქნებოდა, მაგრამ კაცმა ზრდილობა გამოიჩინა. დღევანდელებს არ ჰქვიათ ჟურნალისტები, ამათ კორესპონდენტებსაც ვერ ვუწოდებთ, კორესპონდენციის წერასაც ნიჭი უნდა, მეც ზრდილობას გამოვიჩენ და უფრო „ჩიტკორებს“ დავუძახებ, რომლებიც მირბიან, მორბიან, ყველგან ძვრებიან, სულელურ შეკითხვებსაც სვამენ, ამოჩემებულ პერსონებს ენაგადმოგდებულები დასდევენ, შეურაცხყოფენ და ასე აცხობენ ე. წ. სიუჟეტებს. კი, ბატონო, რაღაცას ცოდვილობენ, მოვლენებს ასკანდალებენ, მაგრამ, აკაკის თქმისა არ იყოს, არც ჩვენ გვესმის მათი და არც, ზოგადად, მოსახლეობას. ნებისმიერი მიკროფონიანი ე. წ. ჟურნალისტი რომ დასვათ და ხელში კალამი შეაჩეჩოთ, განცხადებას ვერ დაგიწერთ. თუ დაგიწერთ, შიგ უამრავი შეცდომა იქნება. ახალგაზრდებმა კი არა, დღეს „სტაჟიანმა“ ჟურნალისტებმაც არ იციან ხეირიანად წერა, ის თაობა, რომელსაც საგაზეთო სკოლა აქვთ გავლილი, მწერალ-ჟურნალისტების იმიჯი მოიპოვეს და სიტყვის დამორჩილება შეუძლიათ, ნელ-ნელა მიდიან. სამწუხაროდ, ამჟამად ესტაფეტა გადასულია მოლაყბე თაობის ხელში, რომელსაც გამართულად ლაყბობაც არ შეუძლია, აღარაფერს ვამბობ ვიზუალურ მხარეზე, მეტყველებასა და წერა-კითხვის ცოდნაზე. შეხედეთ ნანუკა ჟორჟოლიანის, ინგა გრიგოლიას, ეკა მიშველაძისა და სხვების „მოღვაწეობას“, ამაში უცებ დარწმუნდებით. ეს ეროსი კიწმარიშვილის სკოლაა, რომელიც ღიად ამბობდა, მე პროფესიონალები არ მჭირდება, მე ჯერ კიდევ გამოუძერწავებს ვასაქმებ, რათა ჩემს ჭკუაზე აღვზარდოო. აღზარდა, ასწავლა, როგორ უნდა შეუვარდე ადამიანს საწოლში, როგორ უნდა დააბრალო ათასნაირი სიბინძურე, როგორ უნდა მოსპო და გაანადგურო. შევარდნაძის დროის კულტურის მინისტრი ვალერი ასათიანი გახსოვთ, ხომ? მაშინ კიწმარიშვილის „აღზრდილი“ აკაკი გოგიჩაიშვილიც გემახსოვრებათ, რომელმაც ასათიანს ორი ადამიანის მკვლელობა დააბრალა და ლამის თვითმკვლელობამდე მიიყვანა. შემდგომში დაზარალებულმა კი უჩივლა გოგიჩაიშვილს, 10 მილიონი დოლარიც მოითხოვა, მაგრამ სასამართლომ გოგიჩაიშვილს მხოლოდ 50 ათასი ლარის გადახდა და ბოდიშის მოხდა დააკისრა. რა არის ასეთი ბინძური დარტყმისთვის 50 ათასი ლარი და ბოდიში? არც არაფერი.
მოკლედ, მე თავიდანვე ბეჭდური მედიის პრობლემებით უნდა დამეწყო, მაგრამ ცოტა გადავუხვიე, რათა გაჩვენოთ, დღეს რა „სასტავი გრიმიტობს“ და ვის ხელში ღაფავს სულს ქართული ჟურნალისტიკა.
როდის დაიწყო საქართველოში ბეჭდური მედიის დაცემა? შეიძლება არც ადრე იყო ევროპულ დონეზე, მაგრამ წინა წერილშიც აღვნიშნე და ვიმეორებ: იყო დრო, როცა დღის საინფორმაციო წესრიგს ბეჭდური მედია ადგენდა და არა ელექტრონული აბრაკადაბრა, ტელევიზიები საზრდოობდნენ გაზეთებიდან ამოღებული მასალებით. დაცემა კი დაიწყო, როცა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჟურნალისტიკის ფაკულტეტი დახურეს, „მიმართულება“ დაარქვეს, ბატონი ნოდარ ტაბიძე დეკანის თანამდებობიდან გააგდეს, კათედრის გამგე ნიკო ლეონიძე გაუშვეს და იქ „უმფროსად“ დავით პაიჭაძე დანიშნეს. შემდეგ გამოაცხადეს გაუგებარი კონკურსები, რათა „მიმართულებად“ გადაკეთებული ფაკულტეტი თავიანთი დონის „მოაზროვნეებით“ დაეკომპლექტებინათ. არ ვიცი, რატომ, მაგრამ ყოფილ დეკანს, ბატონ ნოდარ ტაბიძეს, დიდი გალაკტიონის ძმისშვილს, ჟურნალისტთა არაერთი თაობის აღმზრდელს, ჩემს ლექტორს მოუნდა, ახალი ტიპის კონკურსში მიეღო მონაწილეობა და მშობლიურ უნივერსიტეტში დაბრუნებულიყო. გავიდა, გამოცდა ჩაუტარეს, ჰკითხეს, ჟურნალისტიკის ხერხემალი რა არისო? ამან დაუფიქრებლად უპასუხა, ჟურნალისტიკის ხერხემალი პუბლიცისტიკააო. ჰა, ჰა, ჰა, რას ამბობთ, ბატონო ნოდარ, ამხელა კაცი ხართ, ამხელა გამოცდილება გაქვთ და როგორ არ იცით, რომ ჟურნალისტიკის ხერხემალი ინფორმაციააო? ჩაჭრეს, ფაქტობრივად, გამოაგდეს, თან სიცილი დააყარეს, თქვენი დრო წავიდაო. როგორ ფიქრობთ, რა მოხდებოდა ამის შემდეგ? ასაკოვანმა ნოდარ ტაბიძემ ინერვიულა, ასეთი შეურაცხყოფა ვეღარ აიტანა და გარდაიცვალა. სხვათა შორის, იგივე პრობლემა ჰქონდა ილია ჭავჭავაძეს, კაცი მთელი ცხოვრება კარგ „რეპორტერს“ ეძებდა და ვერ იპოვა ორი მიზეზის გამო: ჯერ ერთი, „კასაში“ საკმარისი ფული არ ჰქონდა და მეორეც - კარგი „რეპორტერები“ ქუჩაში არ ეყარნენ. ამოუვიდა ერთხელაც ილიას ყელში და „ივერიაში“ პირდაპირ დაწერა:
„სხვა ტიფლისურს ამბებზე უკაცრავად გახლავართ, რეპორტერის ფული არ გახლავთ კასაში. ერთი იაფ-ფასიანი რეპორტერი ვიშოვე, მაგრამ სულ დამპალ-დუმპალი ამბები მოაქვს: ამან ეს დაჭრა, იმან ის მოკჰლაო, აქ მთვრალი კაცი იპოვნეს, იქ გაფიჩხებულიო. ვისთვის რა საინტერესოა ესეთი ამბები? ავდექი და დავითხოვე“.
ხედავთ? ის იაფ-ფასიანი „რეპორტერები“, ილიამ რომ დაითხოვა, შემდგომში ეროსი კიწმარიშვილმა მიიღო, დააკვალიანა და თავისებურად გამოიყენა. მეტიც, ეროსიმ ისინი საკუთარ თარგზე მოჭრა, მაძებარი ძაღლის სული შთაბერა და ვინც მის „კუტოკს“ არ მოეწონებოდა, იმას მიუქსევდა. აი, ასე გაჩნდა მედიასფეროში უვიცთა მთელი პლეადა, რომლის წევრებმაც არათუ წერა-კითხვა არ იციან, აზროვნებაშიც კაი გვარიანად ჭედავენ და როგორც ილია იტყოდა, სულ დამპალ-დუმპალი ამბები მოაქვთ, - ამის საუკეთესო მაგალითები გახლავთ ტელევიზიები, რომლებიც ავანტიურისტებმა დააფუძნეს და თავიანთებურად ამოქოქეს. ამას ნელ-ნელა მოჰყვა ბეჭდური მედიის ჩაჩოჩება და დასუსტება, ქართველი მკითხველი ისედაც ზარმაცი იყო და ახლა უფრო გაზარმაცდა, მას ურჩევნია, მობილურ ტელეფონში „სქროლოს“, ვიდრე იკითხოს. ქართული პრესის დასუსტება ინტენსიურად დაიწყო მიხეილ სააკაშვილმა - როგორც კი ხელისუფლებაში მოვიდა, ტელევიზიით გამოეთრია და განაცხადა, მე გაზეთებს არ ვკითხულობო. ამას მოჰყვა გაზეთების გამოწერის აკრძალვა სახელმწიფო უწყებებში. მახსოვს, შევარდნაძის მმართველობის პერიოდში არა მხოლოდ პარლამენტში, ნებისმიერ სამინისტროში, ნებისმიერ განყოფილებაში ყოველდღიურად მიდიოდა გაზეთები. ხშირად მინახავს არაერთ მისაღებში დახვავებული ქართული პრესა. სააკაშვილის განცხადების მერე ეს ყველაფერი გაქრა. არ ვიცი, სააკაშვილს გაზეთები ასე რამ შეაძულა, ალბათ, ის ვერ აიტანა, რომ მას არ ვინდობდით და სიმართლეს პირში ვახლიდით. არადა, სანამ პრეზიდენტად დაიწყებდა მუშაობას, რედაქციიდან რედაქციაში დარბოდა, თავის ჩიქორთულ წერილებს ასწორებინებდა, აბეჭდინებდა, მერე ხინკალსა და ლუდზე ეპატიჟებოდა და თან ღადაობდა, ხომ მაგარ წერილებსა ვწერო? ბაბუას ემსგავსა, მიხეილ სააკოვს, რომელიც თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის კათედრის გამგე გახლდათ. ერთ დღესაც სააკოვი ცეკაში დაიბარეს და თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის რექტორობა დაავალეს, ოღონდ, ერთი პირობით - გვარი უნდა გამოეცვალა. იმანაც გამოიცვალა, სააკაშვილად დაეწერა და გახდა კიდევაც რექტორი. ეს კაცი ხშირად ბეჭდავდა წერილებს „ლიტერატურულ საქართველოში“, როცა ამ გაზეთის რედაქტორი ალიო მირცხულავა იყო. ერთხელ, სტატია რომ მიუტანია, რედაქტორი არ დახვედრია, სტატია დაუტოვებია და თან მინაწერიც გაუკეთებია: „ძმაო ალიო, სტატიას რომ გაეცნობი, დარწმუნდები, რომ მე, სომეხი გაცილებით უკეთესად ვფლობ ქართულს, ვიდრე ბევრი ქართველი მწერალი“.
მე არ ვიცი, როგორ ფლობდა ქართულს მიხეილ სააკოვი, მაგრამ ნამდვილად შემიძლია გითხრათ, რომ მიხეილ სააკაშვილი წერა-კითხვასთან მწყრალად გახლავთ. რასაკვირველია, ადამიანს, რომელსაც არც კალიგრაფია უვარგა, არც წერა ეხერხება და ვერც წინადადებას მართავს, ბეჭდური მედია ვერ ეყვარება. სააკაშვილის საყვარელი სფერო იყო და არის ელექტრონული მედია, ანუ ტელევიზიები, სადაც სულ ტყუიან, სულ ფალსიფიცირებულ სკანდალებს იგონებენ და სულ დამპალ-დუმპალ ამბებს ჰყვებიან.
გელა ზედელაშვილი
გაგრძელება იქნება
