ამოუხსნელი ფაუნა - „შავლეგოს ანდერძი“
ძაღლი თუ უმიზეზოდ ყმუის - ავის, სიკვდილის მომასწავებელია, კატა თუ პირს იბანს - სტუმრები მობრძანდებიან... ნუთუ ცხოველებს მართლაც შეუძლიათ მომავლი უბედურების ან სიხარულის წინასწარმეტყველება?
საკუთარ ძაღლზე გეტყვით _ ერთხანს მიწისძვრა რომ შემოგვეჩვია, მიწისძვრამდე 15-20 წუთით ადრე მეცემოდა ყეფით და კბილებით გარეთ მიპირებდა გაყვანას. მეუღლის ბინაში, ჩვენს ზემოთ მცხოვრებ მეზობელს ძალიან ეშინოდა მიწისძვრის, ამიტომ, გაფაციცებული იყო, „როკი“ რომ ტირილნარევ ყეფას ატეხდა, ისიც ჩამორბოდა კიბეებზე, იცოდა რომ მიწისძვრა იქნებოდა.
ამავე დროის შუალედში ხვდებოდა, როცა სახლში მოვდიოდი _ კარებთან ჯდებოდა უძრავად. ასევე იქცეოდნენ ჩემი კატები და ასევე იქცევა კატა, რომელიც ახლა მყავს. სწორედ გასულ კვირას შევესწარი დედაჩემისა და ჩემი კატის ჩხუბს, _ ღია კარებში დამხვდა დედაჩემი, კატას ეუბებოდა, რას წამოვარდი გიჟივით და ათჯერ გამაღებინე კარები თუ გარეთ გასვლა არ გინდაო. გამეცინა, მე უნდა შემგებებოდით და მაგას გეუბნეოდა-მეთქი. შევედი სახლში, მოვეფერე და ბედნიერად დაიძინა.
ყველა დროში ასე იყო: თუკი მეზღვაურები შენიშნავდნენ, რომ ზღვაში გასვლამდე ვირთაგვები გემიდან გარბოდნენ, ეს ცუდ ნიშნად ითვლებოდა. მღრღნელების მიტოვებული გემი აუცილებლად საშინელ ქარიშხალში ხვდებოდა, ან რიფებს აწყდებოდა.
საინტერესოა, როგორ გრძნობენ ცხოველები ხიფათს. თანამედროვე მეცნიერებას ამის ახსნა ჯერჯერობით არ შეუძლია. ერთ-ერთი ვერსიით, ვირთაგვები დაბალი სიხშირის რხევებს გრძნობენ, რომლებიც ზღვაში ქარიშხლის დაწყებამდე წარმოიშობა. ამის უნარი მედუზებსაც აქვთ _ თაღის კიდეზე მათ სმენის ორგანოები აქვთ განთავსებული, რომლებიც რხევებს აღიქვამენ. დაბალი სიხშირის რხევებს თაღი აძლიერებს, რაც მედუზებისთვის უსაფრთხო სიღრმეში ჩასვლის გამაფრთხილებელი ნიშანია, მაგრამ, ვირთაგვების შემთხვევაში ყველაფერი ასე ცხადი არ არის.
დედაჩემს სტენტები აქვს გულში _ ყველა ჩემი კატა გულზე აჯდება დედაჩემს, უკეთებენ მასაჟს და მაქსიმალურად ხმამაღლა გამოსცემენ ღუღუნის მსგავს ბგერებს...
კატების „ექიმობას“ შეჩვეული ვარ _ ყველა მათგანი უშეცდომოდ პოულობს იმ ადგილს, რაც იმ დროისთვის პრობლემურია და იწყებენ მკურნალობას. სხვათა შორის, თუ უცხო ადამიანი მოეწონათ, არც მას ამადლიან „მკურნალობას“...
ჩემი კატა „შავლეგო“, რომელიც ერთი წელია, რაც მოკვდა, რანაირი კატა იყო, არ ვიცი _ თაგვებთან და ჩიტებთან მეგობრობდა. კერძო, ლამის საუკუნის სახლში ვცხოვრობ. თაგვი და წრუწუნა არ მიკვირს, მაგრამ ერთ დღეს ისეთი პატარა წრუწუნა გამოზვრა, გაოცებული ვუყურებდი _ ხორცისფერი, პატარა გამჭვირვალე კუდი ჰქონდა და მგონი, პირველად ნახა სამყარო. გამოიარა, გადამიარა ფაჩუჩზე, ჩაძვრა და „შავლეგოსკენ“ წავიდა. ჩემს შვილს გავძახე, კატა დაიჭირე-მეთქი. ის რომ შეეჭამა „შავლეგოს“, კატას შევიძულებდი. წრუწუნა „შავლეგოზე“ ავიდა, თავზე გადაუარა და გზა განაგრძო. „შავლეგო“ ჩემსავით გაოცებული უყურებდა. წავიდა კარებამდე, უკანვე მოტრიალდა, გადმოუარა კატას და ისევ ჩემი ფაჩუჩისკენ წამოვიდა. კატას სახეზე სათნოება ისე ნათლად ეწერა, რომ ჩემს შვილს ვუთხარი, გაუშვი კატას ხელი, აბა, რას იზამს-მეთქი. „შავლეგო“ დაბალ ხმაზე რაღაც ბეგერებს გამოსცემდა, თან ხან მე შემომხედავდა, ხან _ წრუწუნას, მეკითხებოდა, ეს რა არისო. მოგვიკითხა წრუწუნამ და საიდანაც მოვიდა, ისევ იქ წავიდა.
იმდენი ქუჩის კატაა უბანში, რომ ჩიტებს პურს იშვიათად ვუყრი, მეშინია, ჭამაში გართულები კატის კერძი არ გახდნენ. ერთ პერიოდში ძალიან დაცოტავდნენ და ჩიტებიც მომეჩვივნენ. ორმოცდაატამდე ჩიტი ირევა პურს ვუფშხვნი და გავხედე, „შავლეგო“ მოდის არხეინად. ჩიტებმა ყასიდად შეიფრთხიალეს და ჭამა განაგრძეს.
ვერ მივხვდი რა ხდებოდა, ჩიტები ხომ ძალიან ფრთხილები არიან და ეს რას ნიშნავდა, დიდი ხანია მეგობრობდნენ?
„შავლეგო“ ჩიტებს წამოუწვა ყარაულად, ჩიტები კი ისე არხეინად კენკავდნენ, რომ ხეზე არც მზვერავი ჩიტი დატოვეს და არც ყარაული, აბსოლუტურად მიენდვნენ „შავლეგოს“. აი, ეს ამბავი როგორ უნდა ახსნა მეცნიერულად...
„შავლეგოს“ სიკვდილის წინა დღეს, სახლის ღია კართან ვიდექი და ვხედავ, „შავლეგო“ მოდის და ორი ნაბიჯით უკან, ნაცრისფერი გულთეთრა კატა მოჰყვება. გამიკვირდა კატების ასეთი სვლა. მოვიდა, მომეკრუტუნა, იმ კატას რაღაც უთხრა და ახლა ის კატა გამეგლასუნა.
იმ ღამეს „შავლეგო“ მოკვდა, ის კატა კი დარჩა და დარჩა ჩემთან. კატა, რომელმაც კნავილი არ იცის, თითქოს ფრანგულად მელაპარაკება, ამიტომ „კრუჟინა“ დავარქვი. ისეთი ურთიერთობა გვაქვს, თითქოს მე გავზარდე, არადა, ასაკოვანი კატაა და დიდი მკურნალი.
რანაირად ამიხსნის რამენაირი მეცნიერება „შავლეგოს“ სიკვდილისწინა მოქმედებას და „კრუჟინას“ მორჩილებას „შავლეგოს ანდერძისადმი“...
პ.ს. რატომ შექმნა ღმერთმა კატები _ წმინდა წერილის მიხედვით
როდესაც დედამიწა უკვე სიცოცხლით სავსე იყო, ღმერთმა შეამჩნია, რომ აკლდა ქმნილება, რათა ადამიანებისთვის რაღაც განსხვავებული ესწავლებინა. და მან შექმნა კატა არა მხოლოდ ცხოველად, არამედ როგორც ბალანსის ცოცხალ შემხსენებელად დამოუკიდებლობასა და სიახლოვეს შორის.
კატა არ შექმნილა იმისთვის, რომ მუდმივად იცავდეს ბრძანებებს. თავისუფლად სიარულით ის აჩვენებს, რომ ცხოვრებაში ყველაფრის კონტროლი არ არის საჭირო. მისი მშვიდი, მაგრამ ყურადღებიანი გზა ასწავლიდა ადამიანებს გაჩერებას, დაკვირვებას და სიმშვიდის პოვნას სიჩუმეშიც კი.
კატები თან ატარებენ ამ დანიშნულების ანარეკლს. მუდმივად ყურადღებას არ ეძებენ, მაგრამ ურთიერთობისას სიმშვიდეს, ამხანაგობასა და სიყვარულს გადმოსცემენ. მათი არსებობა ნიმუშია იმისა, რომ ხმაურით სავსე სამყაროშიც კი უძრაობასა და თავისუფლებას ფასი აქვს.
მაკა ჯაყელი

