ისე ერთიანდებიან და იშლებიან, თითქოს, სულ ერთნი არ იყვნენ
2 მარტს ე. წ. ოპოზიციურმა ნაყარნუყარმა პარტიებმა კრება ჩაატარეს და კიდევ ერთხელ გაერთიანდნენ. გაერთიანდნენ რა, რაღაც მანიფესტის მსგავსი დაწერეს, ხელი მოაწერეს და ფიცი დადეს, რომ ,,ქართულ ოცნებას“ ძირს გამოუთხრიან. დიახ, გიგა ბოკერიას ფედერალისტმა კნეინამ სწორედ ასე გამოაცხადა, დღეიდან ,,ქართულ ოცნებას“ ძირი უნდა გამოვუთხაროთ და გამარჯვებას ასე მივაღწიოთო.
რომელი პარტიები გაერთიანდნენ კიდევ ერთხელ? ესენი არიან: „ახალი“, „გირჩი-მეტი თავისუფლება“, „დროა“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ფედერალისტები“, „თავისუფლების მოედანი“ და „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“. ისე, მე ყველას ველოდი, ედპ-ს გარდა... რაღა დროს ირინე სარიშვილი და მისი პარტიაა? ბოლოს ამ პარტიას ცხონებული ბაჩუკი ქარდავა ხელმძღვანელობდა, მაგრამ ის მაინც სარიშვილთან ასოცირდება. ისე, ძალიან საინტერესო იქნება თამარა ჩერგოლეიშვილისა და ირინე სარიშვილის ერთ მაგიდასთან დაჯდომა. ამას წინებზე იყო, თამარა რომ ამბობდა, ეგ ქალი რუსეთის აგენტიაო. არ დავიზარებ და მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით მოგახსენებთ:
,,ირინა სარიშვილი, ვალერი გელბახიანი, თემურ ალასანია – ეს სამი გვარი და საღი აზრისგან სრულიად გამოფიტული „ნაცმოძრაობა“ ჩემთვის საკმარისია, ვიფიქრო, რომ სააკაშვილის პოლიტიკურ გვამს რუსული სპეცსამსახურები აკონტროლებენ და საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ იყენებენ“.
აი, ახლა ესენი უნდა დასხდნენ ერთად და ებრძოლონ ბიძინა ივანიშვილს? დიახ, ბიძინა ივანიშვილს, ასე უწერიათ გამოქვეყნებულ განცხადებაში - აუცილებლად უნდა დავასრულოთ მისი ავტოკრატიული რეჟიმიო. კიდევ რა უნდათ ამ ვითომ დაშლილ და ახლა ,,გაერთიანებულ“ ნაცებს? ესე იგი, მათი შეთანხმება ემყარება შემდეგ პრინციპებს: ერთობა ერთფეროვნების გარეშე. ისინი ინარჩუნებენ იდეოლოგიურ იდენტობას, თუმცა თანხმდებიან ერთიან საპროტესტო მოქმედებასა და საკომუნიკაციო სტრატეგიაზე. ამათი სტრატეგია არ გაიშვა სოფელ ყიზილაჯლოს გადასახვევამდე. თურმე ახლა ამათ, როგორც ქვეყნის შიგნით ქართველ ხალხს, ისე ქვეყნის გარეთ საქართველოს მოკავშირეებს უნდა დაანახონ, რომ წარმოადგენენ ივანიშვილის ოლიგარქიული და ავტოკრატიული რეჟიმის დემოკრატიულ ალტერნატივას. ხედავთ, როგორი პრეტენზიები აქვთ? ჯერ ერთი, ქართველმა ხალხმა ძალიან კარგად იცის, რა ალტერნატივასაც ესენი წარმოადგენენ და მეორეც - ქვეყნის გარეთ სირბილით რასაც მიაღწიეს, ესეც ვნახეთ. პრინციპში, ფაქტია, არანაირი საშინაო გეგმა და სტრატეგია ამათ არ გააჩნიათ, ამათი მიზანი მხოლოდ ევროკავშირის დერეფნებსა და აშშ-ში ჯო უილსონის კაბინეტში სურათების გადაღებაა.
ეს ნაყარნუყარები ასევე, მიზნად ისახავენ საზოგადოების ფართო ჩართულობით დიდი პოლიტიკური და საზოგადოებრივი თანხმობის მიღწევას, რათა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით დაამარცხონ ივანიშვილის რეჟიმი და ჩამოაყალიბონ დემოკრატიული კოალიციური ხელისუფლება, რომელიც გაატარებს აუცილებელ რეფორმებს. არ მოგეჩვენათ, ესენი ემზადებიან 2028 წლის არჩევნებისთვის. კი ამბობენ, სამართლიანი არჩევნებიო, მაგრამ იმას არ ამბობენ, ვადამდელი გვინდაო. წესით, ვადამდელი არ უნდა აწყობდეთ, რადგან ამ ეტაპზე მაგრად არიან გაპარტახებულები. არც 2028 წლისთვის იქნებიან ფორმაში, მაგრამ ახლა ნამეტნავად უჭირთ როგორც ფიზიკურად, ისე სულიერად და ფსიქიკურად.
რატომ აქამდე არ გაერთიანდნენ? ან როცა გაერთიანდნენ, მაშინ რა გააკეთეს? ბოლოსდაბოლოს, რამდენჯერ უნდა გაერთიანდნენ? რამდენი ფანჩატური და სარდაფი უნდა მოიარონ ამ ე. წ. გაერთიანების ძახილით? მას შემდეგ, რაც ,,ქართული ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაში, ერთიანდებიან-იშლებიან, ერთიანდებიან-იშლებიან, გეგონება, სულ ერთნი არ იყვნენ და სულ ერთნაირი პოლიტიკა არ ჰქონდეთ. დავუშვათ, დაიწყეს მზადება 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, რას გააკეთებენ, რა შეუძლიათ, რა ,,ბაგაჟი“ აქვთ? არაფერი, იქამდე თითქმის სამი წელიწადია დარჩენილი, ოდნავ ნაკლები, ამ დროში იმდენჯერ დაირევიან და იმდენჯერ დასცხებენ ერთმანეთს, ვეღარც დავითვლით. პრინციპში, ჩვენ რატომ უნდა დავითვალოთ, მაგრამ მაინც. გინდათ, ახლავე დაგიხატოთ ამათი მომავლის სურათი? მე ხომ ნოსტრადამუსი არ ვარ, მაგრამ, ვინაიდან კარგად ვიცნობ ამათ ჯიშსა და ჯილაგს, მაინც დავხატავ: მაგ ე. წ. გაერთიანებაში ბრძანებების გაცემას ცოტა ხანში დაიწყებს თინა ბოკუჩავა, რომელიც გამოაცხადებს, ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი მე ვარ და უნდა დამიჯეროთო. თინას ეგრევე აუხტება თამარა ჩერგოლეიშვილი და ისეთ დღეს დააწევს, შეიძლება, ცოცხით და აქანდაზით იხმალაონ. აი, ამის შემდეგ დაიშლება ბიძინა ივანიშვილის ,,რეჟიმის“ ,,დემოკრატიული“ ალტერნატივა. იცით, ეს როდის მოხდება? დაახლოებით, 2-3 თვეში, როცა საქართველოში კარგად დაცხება. დაველოდოთ, არ მგონია, რამე ახალი იყოს, მაგრამ საყურებლად მაინც კარგი იქნება.
გელა ზედელაშვილი
